ფიოდორ დოსტოევსკი - ყმაწვილი

გასაგებად რომ დაწერო კაცმა, მგონი, ამის მარტო სურვილი არ კმარა. იმასაც ვიტყვი, რომ მგონი, არც ერთ ევროპულ ენაზე ისე ძნელი არ არის წერა, როგორც რუსულად.

როგორ ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება?!

დაბნეული და დარცხვენილი, ხამი მოსწავლე პირველად რომ მივა სკოლაში (რომელშიც გნებავთ), საყოველთაო მსხვერპლი ხდება: მასზე მბრძანებლობენ, აჯავრებენ, ლაქიასავით ეპყრობიან. ჯანიანი და ჩასკვნილი ბიჭი უცბად წინ გამოეჭიმა თავის მსხვერპლს და რამდენიმე წამს მკაცრი და ამპარტავნული თვალით აკვირდება. ახალმოსული ხმაამოუღებლად დგას მის წინ, თუ გულდედალი არ არის, უბღვერს და ელის, რა მოხდება.

გარყვნილი კაცებისგან გამიგონია, მამაკაცი დედაკაცს რომ შეეყრება, ძალზე ხშირად სრულიად ხმაამოუღებლივ იწყებსო, რაც, რა თქმა უნდა, ყოველად საშინელი და გულისამრევი რამაა;

ფულის მოთხოვნა, თუნდაც ჯამაგირისა - უსაძაგლესი ამბავია, თუ სადღაც, სინდისის კუნჭულებში გრძნობ, რომ მაინცდამაინც არ დაგიმსახურებია ეს ფული.

ვიდრე ეს ოქროსკულულებიანი, უმანკო პაწია ბავშვები დაფარფატებენ შენ თვალწინ და შემოგცქერიან თავიანთი ნათელი სიცილითა და ნათელი თვალებით, - ასე გგონია, ღვთის ანგელოზები ან უცხო ჩიტუნიები არიანო; მერე კი... მერე ხანდახან ისეც ხდება, ნეტავი სულაც არ გაზრდილიყვნენო!

რასაც უნდა ქადაგებდეს ქალი, მთელი მისი ცხოვრება არის მარადიული ძალა იმისა, თუ ვის დაემონოს - ასე ვთქვათ, წყურვილი დამონებისა. არ დაგავიწყდეს - გამონაკლისი არც ერთი ქალი არაა.

ძლიერების იდუმალი შეგნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა.

როგორ შეიძლება კაცს უთხრა, გასაკეთებელი არაფერიაო? ვერ წარმომიდგენია ისეთი მდგომარეობა, რომ ოდესმე აღარაფერი იქნეს გასაკეთებელი! იშრომეთ კაცობრიობისთვის და დანარჩენზე ნუ ზრუნავთ. საქმე იმდენია, რომ ამისთვის მთელი სიცოცხლე არ გვეყოფა, თუკი დაკვირვებით მიმოვიხედავთ.

ბევრ ადამიანს ლოგიკური დასკვნა ხანდახან გადაექცევა ხოლმე უძლიერეს გრძნობად, რომელიც დაეუფლება მთელ მის არსებას და რომელსაც ასე იოლად ვერც განდევნი და ვერც გადაასხვაფერებ. ასეთი კაცი რომ განკურნო, თვითონ ის გრძნობა უნდა შეუცვალო. ეს კი შეუძლებელია, თუ სანაცვლოდ არ მოინახა რომელიმე სხვა, ისეთივე სიძლიერის გრძნობა. ეს მუდამ ძნელია, ხოლო ხშირ შემთხვევაში - შეუძლებელიც.

რა დიდი რამ უნდა მშვენიერი იდეის უარყოფას? მთავარი ისაა, ასევე მშვენიერით ჩაანაცვლო იგი.

მგონი, ბევრ ძლიერ ადამიანს აქვს რაღაცნაირად ბუნებრივი მოთხოვნილება - იპოვოს ვინმე ან რაიმე, რის წინაშეც ქედს მოიხრის. ძლიერ ადამიანს ხანდახან ძალიან უმძიმს საკუთარი სიძლიერის ატანა.

სადღაა ახლა ზენობრივი იდეები; უცებ აღმოჩნდა, რომ არც ერთი ზნეობრივი იდეა აღარაა, და, რაც მთავარია, ეს იმგვარად მოხდა, თითქოს არც არასოდეს ყოფილა ეს იდეები.

მე რომ რევოლვერი მქონდეს, სადმე ცხრაკლიტურში დავმალავდი, ღმერთს გეფიცებით, დიდი მაცდუნებელი რამაა. მე, იქნებ, არც მჯერა თვითმკვლელობის ეპიდემიის, მაგრამ თუ აი, ეს ყოველ წუთს თვალში გეჩხირება კაცს, - ღმერთმანი, არის ხოლმე წუთები, რომ შეიძლება გაცდუნოს.

ყველაზე უბრალოს მხოლოდ სულ ბოლოს გაიგებ კაცი, როცა მოსინჯავ ყველაფერს, რაცაა ბრძნული და რაცაა ბრიყვული.

რარიგ მიიჩქარიან თავიანთ კუთხეში სამუშაოდან და საშოვრიდან მომავალი მდაბიო, დაღვრემილი ადამიანები! ყველას სახეზე აწერია თავისი მძიმე საფიქრალი და ამ ბრბოში იქნებ ერთიც არაა საერთო, გამაერთიანებელი აზრი!

ყველაზე ძნელი გასაგები სწორედ ის იდეებია, რომლებიც ყველაზე მარტივია და ნათელი.

ქუჩის მეცნიერება ისეთივე მეცნიერებაა, როგორიც სხვა მეცნიერება, მას შეუპოვრობით, ყურადღებით და ნიჭით დაძლევს კაცი.

სად გაგონია, იმდენად კერპად აქციო გამოცდილება და ქუჩის მეცნიერება, რომ უსათუოდ მარცხი იწინასწარმეტყველო! ამას მუდამ ის გაიძახის, ვისაც არასოდეს არაფერი უცდია, არანაირი ცხოვრება არ დაუწყია, რაც ღმერთს მოუცია, იმას დასჯერებია და ასე მიაჩანჩალებენ თავის წუთისოფელს.

მოგებაში და, რაც მთავარია, დაგროვებაში განუწყვეტლობა და შეუპოვრობა უფრო ძალუმია, ვიდრე თუნდაც ასჯერ ასი პროცენტით მიღებული წამიერი მოგება!

სწორედ იმაშია ჩემი „იდეა“, მისი ძალა, რომ ფული ერთადერთი გზაა,რომელიც არარაობა ადამიანსაც კი პირველ ადგილზე წამოჭიმავს.

ფული, ცხადია, დესპოტური ძალაა, მაგრამ ამავე დროს, უზენაესი თანასწორობაცაა, და ამაშია მისი მთავარი ძალა. ფული ასწორებს ყველა უთანასწორობას.

ცნობისმოყვარეობა ვნებას შობს.

მარტო სინამდვილე ამართლებს ხოლმე ყველაფერს.

ყველაფერს, რაც იაფფასიანია, გამძლეობა აკლია, როცა რაიმეს სწრაფად იგებენ - ეს მხოლოდ ამ გასაგების უგვანობას მოასწავებს.

ვერ გაიგებ, რა აცინებს ხანდახან ხალხს.

როცა ჭკუაში გაგიჯდება რაღაც უძრავი, მარადიული, ძლიერი, რომლის გარდა სხვა არაფრისთვის აღარ გცალია, - ამით თითქოს ქვეყნიერებას ერიყები და უდაბნოში გადადიხარ, და ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სადღაც შენს მიღმა მიმდინარეობს, მთავარის გვერდის ავლით. შთაბეჭდილებებიც კი არასწორად აღიქმება. და, გარდა ამისა, მთავარი ისაა, რომ მუდამ გაქვს თავის გასამართლებელი. რარიგ ვაწვალებდი მთელი ეს ხანი დედას, რა სამარცხვინოდ ვტოვებდი ჩემს დას: „ე, მე „იდეა“ მაქვს, სხვა დანარჩენი კი წვრილმანია“,  - აი, თითქოს რას ვეუბნებოდი ჩემს თავს. მეც მაყენებდნენ შეურაცხყოფას, და მტკივნეულადაც, - მოვდიოდი შეურაცხყოფილი და მერე უცებ ვეუბნებოდი ჩემს თავს: „ე, მე სულმდაბალი ვარ, მაგრამ მაინც მაქვს „იდეა“, მათ კი არაფერი იციან ამის შესახებ“. „იდეა“ მანუგეშებდა და მიადვილებდა შერცხვენასაც და არარაობასაც; ჩემი ყველა სისაძაგლეც თითქოს ამ იდეის უკან იმალებოდა; ის, ასე ვთქვათ, მიმსუბუქებდა ყველაფერს, მაგრამ თან ბურუსითაც ფარავდა, რაც რამ იყო ჩემ წინ; მაგრამ შემთხვევათა და საგანთა ასეთ ბუნდოვან გაგებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ავნოს თვით „იდეასაც“ კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.

ა! შენც იტანჯები ხოლმე ხანდახან, რომ ფიქრები სიტყვებად ვერ ჩამოიქნა! ეგ კეთილშობილი ტანჯვაა, ჩემო მეგობარო, და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია; ბრიყვი მუდამ კმაყოფილია თავისი ნათქვამის და თანაც, მუდამ უფრო მეტს იტყვის, ვიდრე საჭიროა.

საერთოდ, როცა ხმას არ იღებენ - ისინი ყველაზე უარესნი არიან ხოლმე.

ეს უნარი - პატივი სცე საკუთარ თავს შენსავე მდგომარეობაში - მეტად იშვიათია ამქვეყნად, ყოველ შემთხვევაში, ისევე იშვიათია, როგორც ჭეშმარიტი პირადი ღირსება...

კაცის ცხოვრებაში ყველაფერი თითქოს იმდენად ექსცენტრიკული წადილი და ოცნებაა, რომ ერთი შეხედვით შეუცდომლად შეიძლება სიგიჟედ ჩაითვალოს.

ბრბო და ქუჩა მუდამ მხოლოდ წარმატებას სცემდა თაყვანს.

რეალიზმი, რომელიც საკუთარი ცხვირის წვეტით განისაზღვრება, ყველაზე უგუნურ ფანტასტიკურობაზე უფრო საშიშია, ვინაიდან ბრმაა.

გამონაკლისი, რომელიც განუწყვეტლივ მეორდება, უკვე ზოგად კანონად იქცა.

ჩვენი ძვლები ისე ბერდებიან, რომ ლამის მომწიფებასაც ვერ ასწრებენ.

ყველაზე წესიერ საზოგადოებაშიც კი წააწყდები ადამიანებს, ვისაც სურთ იცრუონ, რათა გააბედნიერონ მოყვასი, ვინაიდან ყველას გვჭირს ეს თავშეუკავებლობა გულისა.

შეუძლებელია, გიყვარდეს ადამიანები ისეთნი, როგორნიც არიან. და მაინც უნდა გიყვარდეს. ამიტომ მოერიე შენს გრძნობებს, ცხვირზე ხელი მოიჭირე, თვალები დახუჭე (ეს უკანასკნელი აუცილებელია), და ისე თესე სიკეთე. მოითმინე მათგან სიავე, შეძლებისდაგვარად, გულს ნუ მოიყვან, „გახსოვდეს, რომ შენც ადამიანი ხარ“. ცხადია, მკაცრად მოქცევა გმართებს, რაკი საშუალოებზე ცოტათი ჭკვიანი მაინც გაუჩენიხარ გამჩენს. ადამიანები თავიანთი ბუნებით სულმდაბალნი არიან და მოსწონთ, როცა შიშის გამო უნდა უყვარდეთ ვინმე; არ წამოეგო ასეთ სიყვარულზე და განუწყვეტლივ გეზიზღებოდეს. ყურანში ალაჰი უბრძანებს თავის წინასწარმეტყველს, „ჭირვეულთ“ ისე მოეპყარი, როგორადაც თაგვებს, სიკეთე უყავი და გვერდი აუარეო - ცოტა ქედმაღლური ნათქვამია, მაგრამ მართალია. შეძელი, გეზიზღებოდეს მაშინაც კი, როცა კარგები არიან, ვინაიდან მეტწილად სწორედ აქ არიან ხოლმე ისინი ცუდები.

ვინაიდან სამყაროს შექმისას ჩემთვის არაფერი უკითხავთ, ამიტომ მეც ვიტოვებ უფლებას, ამ მხრივ საკუთარი შეხედულება ვიქონიო.

რუსეთს მე უცნაური თვალსაზრისითაც კი ვუყურებ: ჩვენ გავუძელით თათართა შემოსევას, მერე ორსაუკუნოვან მონობას და, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც მოგვეწონა. ახლა თავისუფლება გვაქვს მონიჭებული და უნდა გავუძლოთ: შევძლებთ კი? მოგვეწონება ეს თავისუფლება? - აი, კითხვა.

ქალზე არ უნდა უამბო მესამე პირს; კონფიდენტი ვერ მიგიხვდება. ანგელოზი რომ ანგელოზია, ისიც ვერ მიგიხვდება. თუ ქალს პატივს სცემ - ნუ გაიჩენ კონფიდენტს!

საკმარისია რუსი კაცი თუნდაც ოდნავ ამვოარდეს მისთვის ჩვეულებით დაკანონებული კალაპოტიდან - და მაშინვე აღარ იცის რა ქნას. როცა კალაპოტშა, ყველაფერი ნათელია: შემოსავალი, ჩინები, მდგოამრეობა მაღალ საზოგადოებაში, ეკიპაჟი, დარბაზობები, სამსახური, ცოლი. ხოლო როგორც კი რამე შეიცვლება - რაღა ვარ? ფოთოლი, რომელსაც ქარი მიაქროლებს.

უბრალოება, კაცმა რომ თქვას, უმაღლესი ეშმაკობაა.

ვინც მეტად გიყვარს, სხვა მეტად მას ვატკენთ გულს.

ფული თუმცა ღმერთი არაა, მაგრამ მაინც ნახევარღმერთია - უდიდესი ცდუნებაა.

ჩვენ გულწრფელად გვინდა პატიოსნები ვიყოთ.

ქალმა თუ შეიყვარა, ისიც უყვარს, როცა მკაცრად ეპყრობიან. ქალს მამაკაცში ხასიათი უყვარს. ხოლო წერილით რომ ფეთებას აჩვენებ, იმ საათიდანვე დაანახებ კიდეც შენს ხასიათს. „ერთი უყურეთ, იტყვის, რა ყმაწვილია და ხასიათი კი ჰქონიაო“.

ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა.

მე რომ მეკითხებოდეს, ყოველ განვითარებულ ადამიანს მცნებად დავუსახავდი, რომ თავისი სიცოცხლის მანძილზე აუცილებლად და რაღაცით გააბედნიეროს თუნდაც ერთი არსება, ოღონდ პრაქტიკულად, ესე იგი ნამდვილად გააბედნიეროს; ასევე კანონად ან ბეგარად დავაკისრებდი ყოველ გლეხკაცს თავისი სიცოცხლის მანძილზე დარგოს თუნდაც ერთი ხე.

უზენაესი და განვითარებული ადამიანი, უზენაეს აზრს რომ ემსახურება, ზოგჯერ სულ გადაუხვევს ხოლმე არსებითს, და სასაცილო, ჟინიანი და ცივი, ანდა უბრალოდ გეტყვი - სულელი ხდება ხოლმე, და არა მხოლოდ პრაქტიკულ ცხოვრებაში, არამედ დასასრულ, თავის თეორიებში კი სულელი ხდება.