ჰარპერ ლი - ნუ მოკლავ ჯაფარას

მისტერ ლისა და ელისს, პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად
„ყველა ვექილი ოდესღაც ბავშვი იყო“, - ჩარლზ ლემი

მეიკომი ძველი ქალაქია. ჩემს ადრეულ მოგონებებში იგი დაღლილ ძველ ქალაქად აღიბეჭდა: წვიმიან ამინდში ქუჩები მოწითალოდ იტბორებოდა, ტროტუარებზე ბალახი იზრდებოდა, მოედანზე საცოდავად ჩაწოლილიყო სასამართლოს გადაბრეცილი შენობა; მაშინ თითქოს უფრო ცხელოდა კიდეც... მახსოვს, როგორ დაძრწოდა ქუჩებში ზაფხულის სიცხისგან აქასქასებული მურია; როგორ იგერიებდნენ ბუზებს ჰუვერის ურიკებში შებმული დასიცხული ჯორები, მუხებქვეშ რომ შეეფარებინათ თავი. ქალაქელ კაცებს გახამებული ტკიცინა საყელოები დილის ცხრა საათისთვის უკვე მოემჩვარებოდათ ხოლმე, მანდილოსნები კი, მართალია ჯერ დილაუთენია, მერე კი ნაშუადღევის ძილის შემდეგაც ბანაობდნენ, მიმწუხრისთვის მაინც ოფლითა და სურნელოვანი ტალკით იჟღინთებოდნენ და ჩაიში ჩაბუჟბუჟებულ შაქრით მომინანქრებულ ფუნთუშებს ემსგავსებოდნენ. 

მაშინ ადამიანებიც თითქოს უფრო ნელა დადიოდნენ: დარონინებდნენ მოედანზე, ყველა მაღაზიას დაივლიდნენ, მშვიდად, გულდინჯად ირჯებოდნენ. და თუმც დღე-ღამე მაშინაც 24 საათს შეიცავდა, მაინც რატომღაც უფრო გაწელილი გვეჩვენებოდა. არავინ არსად მიიჩქაროდა - წასასვლელი არსად იყო; ვერც ყიდვით იყიდდი რამეს და არც ფული იყო საიმისო; სანახავიც მეიკომს გარეთ არაფერი გვეგულებოდა... მიუხედავად ამისა, ზოგ-ზოგებისთვის ეს ბუნდოვანი ოპტიმიზმის ხანა იყო; იმ წლებში მეიკომელებს ჩააგონეს - თუ არა თავად შიშისა, სხვა ნურაფრისა გეშინიათო.

***

ორი წლის ვიყავი, დედის დაკარგვა მე არ განმიცდია, აი, ჯემს კი ძალიან აკლდა. დედა კარგად ახსოვდა და ზოგჯერ, გახურებული თამაშის დროს მწარედ ამოიოხრებდა, გავიდოდა განზე და გარაჟის უკან მარტოკა იწყებოდა თამაშს. მაშინ ვიცოდი - ჯობდა, მისთვის ხელი არ შემეშალა.

როცა მე ჯერ ექვსისაც არ ვიყავი, ხოლო ჯემი ათისა სრულდებოდა, შეგვეძლო გვესეირნა ყველგან, სადაც კი კეპურნიას ხმა მოგვწვდებოდა.

კითხვა რომ მყვარებია, მხოლოდ ახლაღა მივხვდი, როცა მისი აკრძალვა დამიპირეს - განა ფიქრობ იმაზე, გიყვარს თუ არა სუნთქვა?

მე ჯემს ვკითხე, თუ რას ნიშნავდა ხელმოკლეობა, და მანაც ამიხსნა - აი, როცა ხელი დაგიმოკლდებაო.

ვიფიქრე, ალბათ ხელისგულზე უნდა დამაფურთხოს-მეთქი, მეიკომში ხელს მხოლოდ ამისთვის თუ გაუშვერდნენ ერთმანეთს; ეს სიტყვიერი მოლაპარაკებების დამადასტურებელი ჟამნაცადი ადათია.

ადამიანს ვერასოდეს ვერ გაუგებ, თუ არ შეეცდები, მისი თვალით შეხედო გარემოს. [...] ესე იგი, უნდა შეეცადო, რომ მის ტყავში ჩაძვრე, მერე კი ასე ცოტა გაიარ-გამოიარო.

ზოგ შემთხვევაში, კანონს ოდნავ თუ არ გადაუხვიე, არაფერი გამოვა.

მოსაწყენი სასკოლო ცხოვრების უღელში შებმულს კი დღითი დღე მიღრმავდებოდა ეჭვი, რომ მაბრიყვებდნენ, როგორ და რატომ - არ ვიცოდი, მაგრამ ძალიან არ მინდოდა მერწმუნა, რომ ხელისუფლებამ თორმეტ ასეთივე მოსაწყენ სასწავლო წელიწადზე უკეთესი ჩემთვის ვერაფერი გაიმეტა.

***

რედლების კარ-მიდამოს განაპირას ორი მუხა იდგა. მათი ფესვები გზაზე გამოდიოდა და პატარა ბორცვებს წარმოქმნიდა. ერთ-ერთმა ხემ რაღაცით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ფუღუროდან დაახლოებით ჩემი თვალის სიმაღლეზე, ვერცხლისფერ ქაღალდს დავწვდი. ხელში ორი საღეჭი რეზინი შემრჩა. პირველი, რაც დავაპირე, მათი დაღეჭვა იყო, მაგრამ მაშინვე მომაგონდა, სადაც ვიმყოფებოდი და სახლისკენ მოვკურცხლე. ნადავლი ჩვენს აივანზე უკეთ შევათვალიერე. კევი ახალი ჩანდა. დავყნოსე - სუნსაც არა უშავდა: გავლოკე და ერთხანს შევიცადე. როცა დავრწმუნდი, რომ არაფერი დამემართა, პირში ვიტაკე. „ვრიგლის ორმაგი პიტნა“ გამოდგა.

მალე ჯემიც დაბრუნდა სკოლიდან და მკითხა, ამხელა კევი საიდანა გაქვსო. მეც ვუთხარი, რომ ვიპოვე.

- ჭყიტა, რასაც იპოვი, ყველაფერი პირში კი არ უნდა იტაკო.

- მიწაზე კი არ ეგდო, ხეზე ვიპოვე!

ჯიმმა უნდობლად შემომიბღვირა.

- იცი, სად ვიპოვე? - ვუთხარი მე, - აი, ისაა... სკოლიდან რომ მოვდივართ და ქვემოთ გზაზე ხე რო დგას, ხო გახსოვს? აი, იმაზე ვიპოვე.

- ახლავე გადმოაფურთხე!

მეც გადმოვაფურთხე. გემო მაინც გასული ჰქონდა...

- რამდენი ხანია, ვღეჭავ, მაგრამ როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ, გულიც კი არ ამრევია!

ჯემმა ფეხი დამიბაკუნა და მითხრა:

- არ იცი, რომ იმ ხეებს თითი არ უნდა დააკარო? მოკვდები, შე უბედურო!

- აბა, შენ რო „რედლი ბუას“ სახლს მიადე ხელი?

- სად ის, და სად - ეს, ახლავე წადი და პირი გამოირეცხე, გესმის?!

- აბა კი! გინდა, პირიდან გემო სულ გამივიდეს, არა?

[...]

როცა რედლების ეზოსთან მუხებს მივუახლოვდით, ალბათ მე მეასეჯერ მაინც მივუთითე ჯემს ფუღუროსკენ იმ იმედით, იქნებ ბოლოს დაბოლოს დავარწმუნო - კევი მართლა აქ ვიპოვე-მეთქი, და რას ვხედავ, ისევ არ ბრჭყვიალებს ვერცხლისფერი ქაღალდი!

- დავინახე, ჭყიტა, დავინახე!

ჯემმა მიმოიხედა, ხელი ასწია და ფრთხილად ჩაიჯიბა პაწაწინა ბრჭყვიალა შეკვრა. მერე სახლისკენ მოვკურცხლეთ და აივანზე დავიწყეთ თვალიერება. ეს იყო პატარა კოლოფი, რომელიც ვიღაცას შესაფუთი ვერცხლისფერი ქაღალდის ნაკუწებით შეეკოწიწებინა. საქორწინო ბეჭდებს რომ აწყობენ, იმგვარი კოლოფი იყო, წითელი ხავერდით ამოფენილი. პაწაწინა საკეტიც კი ჰქონდა. ჯემმა ციცქნა საკეტი გახსნა. შიგ ერთმანეთზე შემოდებული გაცრეცილ-გაპრიალებული ორი პენიანი ეწყო. ჯემი მათ კარგად დააკვირდა და მითხრა:

- ვაა, ინდიელის თავია! ცხრაას ექვსი წლისაა, ჭყიტა, მეორე კი ათასცხრაასიანია! რა ძველებია!

- ათას ცხრაასი, - გავიმეორე მე, - იქნებ...

- მაცალე ერთ წამს. ვფიქრობ.

- იქნებ, ეს ვიღაცის სამალავი ადგილია, ჰა, ჯემ?

- არა... იქ ჩვენ გარდა, ბევრი არავინ დადის, ვინმე უფროსი ადამიანის თუ არაა...

- უფროსებს სადა აქვთ სამალავი ადგილები! როგორ გგონია, ჯემ, რა მოხდება, რომ შევინახოთ?

- არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ... რომ დავუბრუნოთ, ვის დავუბრუნოთ?

[...]

მართალია, ხანდახან მეზობლის ბაღში კამელია მოგვიწყვეტია, გაგანია ზაფხულში მის მოდი ეტკინსონის ძროხასაც დავსესხებივართ ყლუპ რძეს, ზოგჯერ მეზობლის ვენახში ყურძნის მტევნითაც ჩაგვიტკბარუნებია პირი, მაგრამ ამის გამო სინდისის ქენჯნას სულაც არ განვიცდიდით, რადგან ეს ჩვენი „ეთიკური კულტურის“ ნაწილად მიგვაჩნდა. აი, ფული კი სულ სხვა რამ იყო.

***

დილის (ტრუმენ კაპოტე) ატანა დღითი დღე მიძნელდებოდა: სულ კუდში დასდევდა ჯემს! მართლია, ზაფხულის დამდეგს ხელი მთხოვა, მაგრამ ორიოდ დღეში გადაავიწყდა. ჯერ იყო და, ფეხდაფეხ დამყვებოდა, როგორც საკუთრებას, ისე მექცეოდა და - შენ მეტს ვერავის შევიყვარებო, მეფიცებოდა, ახლა კი ზედაც აღარ მიყურებდა! ერთი-ორჯერ კარგა მაგრად შემომელახა, მაგრამ ამანაც არ გაჭრა, პირიქით, კიდევ უფრო მიეკედლა ჯემს. შეთქმულებივით შეიყუჟებოდნენ ხოლმე ჩვენს ხის ქოხში და მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ. მე მხოლოდ მაშინ თუ მიმიხმობდნენ, როცა მესამე პირი დასჭირდებოდათ. ისე, მართალი გითხრათ, მერჩივნა კიდეც, მათი თავზეხელაღებული გეგმებისგან განზე ვმდგარიყავი.

ზოგი ადამიანის ხელში ბიბლიას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე ვისკით სავსე ბოთლს...

არიან ადამიანები, რომლებიც იმდენს ფიქრობენ საიქიოზე, რომ ნამდვილი ცხოვრებისა არაფერი გაეგებათ.

კაცმა არ იცის, რა ემართებათ ადამიანებს - რა ემართებათ ჩარაზულ კარებს მიღმა, ოთხ კედელშუა გამომწყვდეულებს. ვინ იცის, რა საიდუმლოება...

იცი, ახლა რას გეტყვი? ატიკუს ფინჩი შინ ისეთს არაფერს ჩაიდენს, რასაც საჯაროდ ვერ იზამდა. გინდა, ახალი გამომცხვარი ტორტი სახლში გაგატანო? მინდოდა, აბა, არ მინდოდა!

მთვარეს მეიკომში ეხატა ქალი, რომელიც სარკის წინ თმას ივარცხნიდა.

***

ბოლოს ჭიშკარს მივადექით, რომელიც ბაღს უკანა ეზოსგან ყოფდა. ჩაავლო თუ არა ჯემმა ხელი, ჭიშკარმა დაიჭრიალა.

- ჯემ, შენ აქ ნამდვილ კუბოში შემოგვიტყუე, - ვუთხარი ჩურჩულით.

- ჩუ! დააფურთხე ჭყირა! - ჩურჩულითვე მითხრა დილმა.

იმდენი ვაფურთხეთ, სანამ პირი არ გაგვიშრა. მერე ჯემმა ჭიშკარი ფრთხილად გამოაღო, წამოსწია, განზე გასწია და ღობეზე მიაყუდა.

***

დილს დავემშვიდობეთ. ის სახლში შევიდა, მაგრამ როგორც ჩანს, უცებ გაახსენდა, დანიშნულები რომ ვიყავით: სახლიდან გამოვარდა, ჩემკენ გამოიქცა, ჯემის თვალწინ ნაჩქარევად მაკოცა და მომაძახა: იცოდე, აუცილებლად მომწერე, გესმის ჩემი?

აივანზე, გასაშლელ საწოლზე მოკალათებულს ყოველი ჩქამი გრუხუნად მეჩვენებოდა, ყოველი გაფაჩუნება - შურის საძიებლად გამოვარდნილ რედლი-ბუას ფეხის ხმად; ყოველი ზანგი, სიცილით რომ მიუყვებოდა ქუჩას, ჩვენ კვალდაკვალ დადევნებულ რედლი-ბუად მესახებოდა, ბადიან კარზე მომწყდარი მწერების შარიშური - რედლი-ბუას სისხლიანი, შეშლილი თითების ფხაჭუნად, მავთულხლართის ნაკუწებად ქცევას რომ ლამობდნენ; ჭადრებს ცოცხალ არსებებად აღვიქვამდი... ასე ვიტანჯებოდი ძილ-ღვიძილში.

***

ამასობაში ჩვენს ხეს მივადექით. ფუღუროში რუხი ბაწრის გორგალი იდო.

- არ აიღო, ჯემ, - ვუთხარი მე, - ეს ვიღაცის სამალავი ადგილია.

- არა მგონია, ჭყიტა.

- დიახაც რომ არის! ვიღაცა ბავშვი, ვინც იცის, უოლტერ კანინგემივით გაჭირვებული, ყოველ შესვენებაზე მოდის აქ და რაღაცეებს ინახავს, ჩვენ კი მიგვაქვს! იცი, რა გითხრა, მოდი, დავტოვოთ და ერთ-ორ დღეს ვაცალოთ. თუ მანამდე არ წაიღებენ, ჩვენ ავიღოთ, მოსულა?

- მოსულა. შეიძლება ეგრეც იყოს... - მითხრა ჯემმა, - უფროსებმა რო არ წაართვან, აქ ინახავს. ხედავ, მარტო მაშინ ვპოულობთ რაღაცეებს, როცა სკოლა იწყება.

- ხო, მაგრამ ზაფხულში ამ გზით საერთოდ არც დავდივართ, და... ვუთხარი მე.

შინ წავედით. მეორე დილით კი ბაწარი იქვე დაგვიხვდა, სადაც დავტოვეთ. როცა მესამე დღესაც ადგილზე დაგვხვდა, ჯემმა ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო. იმ დღიდან მოყოლებული, ყველაფერს, რასაც ფუღუროში ვიპოვიდით, ჩვენს საკუთრებად მივიჩნევდით.

[...]

ოქტომბრის ერთ თბილ დღეს მე და ჯემი  სახლისკენ ჩვეული გზით მივდიოდით. ჩვენ ყურადღება ისევ ნაცნობმა ფუღურომ მიიპყრო. ამჯერად შიგ რაღაც თეთრი დავინახეთ.

ჯემმა პატივი მომაგო - ფუღუროდან ორი პაწია საპნის ქანდაკება მე ამომაღებინა. ერთი ბიჭი იყო, მეორეს კი უხეში ჯვალოს კაბა ეცვა.

სანამ იმას გავიაზრებდი, რომ ჯადო და ავი თვალი არ არსებობს, შევკივლე და საპნის ბავშვები ხელიდან გავაგდე.

ჯემმა მაშინვე დასტაცა ხელი და შემომყვირა:

- რა დაგემართა? - მერე თოჯინებს მტვერი შემოაცალა და მითხრა, - ძალიან კარგებია, ასეთი კარგი არასოდეს არ მინაავს! - და ფიგურები ისევ მე მომაწოდა. ეს იყო ორი ბავშვის თითქმის უნაკლო მინიატურა: ბიჭს შორტები ეცვა და შუბლზე ბღუჯად ეყარა თმა. ჯემს შევხედე: იმ ადგილიდან, სადაც თმა ორად ეყოფოდა, შავი თმის ბღუჯა შუბლზე სცემდა. ადრე ეს არასოდეს შემინიშნავს.

ჯემმა გოგო თოჯინას შეხედა და მერე მე დამაკვირდა. გოგო თოჯინას ჩემსავით ჩამოჰყროდა ქოჩორი.

- ეს ჩვენა ვართ, - მითხრა ჯემმა.

[...]

ამ ამბიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ფუღუროში მთელი შეკვრა კევი ვიპოვეთ, რამაც ძალიან გაგვახარა. რედლების ეზოში ყველაფერი რომ მოწამლულია, ჯემს, როგორც ჩანს, საბოლოოდ ამოუფრინდა თავიდან.

ერთი კვირის მერე ხვრელში გაცრეცილი სამკერდე ნიშანი დაგვხვდა. ჯემმა ატიკუსს უჩვენა. მამამ გვითხრა:

- ეს მართლწერაში მიღებული სამკერდე ნიშანია. თქვენს დაბადებამდე მეიკომის ოლქში მართლწერაში შეჯიბრებები იმართებოდა და გამარჯვებულებს სწორედ ასეთი მედლებით აჯილდოებდნენ.

[...]

საუკეთესო საჩუქარი ოთხი დღის შემდეგ მივიღეთ. ეს იყო ძეწკვზე დაკიდებული საათი, რომელიც არ მუშაობდა და ერთი პატარა ალუმინის დანა.

- როგორ გგონია, თეთრი ოქროსი იქნება, ჯემ?

- არ ვიცი. ატიკუსს უნდა ვაჩვენოთ.

ატიკუსმა გვითხრა, ეს საათი, ძეწკვი და ჯაყვა ახალი რომ იყოს, ასე, ათი დოლარი მაინც ეღირებოდაო.

- ვინმეს ხომ არ გაუცვალე სკოლაში? - ჰკითხა ჯემს.

- აჰ, არა ბატონო! - იუარა ჯემმა და ბაბუამისის ნაქონი საათი წაიძრო. ატიკუსმა ჯემს ნება დართო, თუ ფრთხილად მოეპყრობოდა, კვირაში ერთხელ ბაბუას ნაქონი საათი ეხმარა. როცა ჯემს საათი ეკეთა, მთელი დღე თითის წვერებზე დადიოდა.

- ატიკუს, საწინააღმდეგო თუ არაფერი გექნება, დღეიდან ამ საათს ვიხმარ. იქნებ, შევაკეთო კიდეც.

როცა ახალმა საათმა ძველის ადგილი დაიკავა და მისი ტარება ყოველდღიურობად იქცა. ჯემი აღარ ცდილობდა ყოველ ხუთ წუთში დროის დადგენას.

ჯემმა დიდი ამბით დაშალა საათი, ყველა ნაწილი გამოიღო და ხელახლა ააწყო; მხოლოდ ერთი პატარა ზამბარა და ციცქნა ნაწილი დარცა გარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოუვიდა: საათი არ ამუშავდა!

- ოოხ, ამის ამუშავებას საშველი არ დაადგება, - მითხრა მან, - ჭყიტა...

- ჰა?

- როგორ გგონია, იმას, ვინც ფუღუროში საჩუქრებს გვიწყობს, წერილი ხომ არ მივწეროთ?

- ნამდვილად კარგი იქნება, ხო იცი, მადლობას გადავუხდი, ვინც არ უნდა იყოს - რა არის აქ ცუდი?

ჯემმა ყურებზე წაივლო ხელები და თავი გაიქნ-გამოიქნია.

- არ მესმის, არ მესმის... არ ვიცი, რატომ, ჭყიტა, არ ვიცი, რატომ მგონია, რო... - ჯემმა მისაღები ოთახისკენ გააპარა თვალი, კარგი იქნებოდა, ატიკუსისთვის მეთქვა... არა, მე მგონი, არ ღირს.

- თუ გინდა, მე ვეტყვი.

- არა, არ მინდა, ჭყიტა. ჭყიტა!

- რაა?

მთელი საღამო ჩემთვის რაღაცის თქმას აპირებდა. რამდენჯერმე სახე გაებადრა და ჩემკენ გადმოიხარა, მაგრამ ისევ გადაიფიქრა - არაფერი, არაფერიო... - მეუბნებოდა.

- აჰა, მივწეროთ წერილი, - ვუთხარი და სუფთა ფურცელი და ფანქარი ცხვრიწინ დავუდე.

- ეგრე იყოს. მისტერ...

- რა იცი, რო კაცია? დაგენიძლავები, მის მოდი იქნება, დიდი ხანია, ასე მგონია...

- ეე... მის მოდი კევს რომ არ ღეჭავს, - ჯემს უცებ სიცილი წასკდა, - იცი, ხანდახან ისეთ მაგარ რამეს იტყვის ხოლმე... ერთხელ შევთავაზე - კევი ხომ არ გნებავთ მეთქი, მის მოდიმ კი მიპასუხა, არა, კევი სასაზე მეკრობა და ენას ვეღარ ვიბრუენბ ხოლმეო, - დამარცვლით წარმოთქვა ჯემმა, - კარგად თქვა, არა?

- ხო, ზოგჯერ კარგი რამეების თქმა იცის, თანაც, საათი და ის ძეწკვი საიდან ექნებოდა...

- „ძვირფასო ბატონო“, - დაწერა ჯემმა, - „ჩვენ ძალიან მოგვწონს ის...“ არა, „ჩვენ ყველაფერი მოგვწონს, რასაც თქვენ ფუღუროში გვიწყობთ. ღრმა პატივისცემით - ჯერემი ატიკუს ფინჩი“.

- ჯემ, საიდან მიხვდება, ვინ ხარ, ასე თუ მოაწერ ხელს?

ჯემმა თავისი სახელი ამოშალა და ჩაწერა: „ჯემ ფინჩი“. ქვეშ მეც მივაწერე „ჯინ ლუიზა ფინჩი (ჭყიტა)“. ჯემმა ბარათი კონვერტში ჩადო.

მეორე დილით სკოლაში რომ წავედით, ჯემმა გამისწრო და ჩვენს ხესთან შედგა. როცა გამომხედა, სახეზე მკვდრისფერი ედო.

- ჭყიტა!

მაშინვე მისკენ მოვკურცხლე.

ჩვენი ფუღურო ვიღაცას თაბაშირით ამოევსო.

- ნუ ტირი ახლა... გეყოფა, მორჩი ახლა, არა უშავს, ჭყიტა... - მამშვიდებდა მთელი გზა სკოლამდე.

***

დილით გამომეღვიძა თუ არა, ფანჯარაში გავიხედე და შიშისგან კინაღამ გული გამისკდა. ჩემს კივილზე სააბაზანო ოთახიდან ნახევრად გაპარსული ატიკუსი გამოვარდა.

- ატიკუს, სამყაროს აღსასრული დგება! უშველე რამე, რა! - მამა ფანჯარასთან მივათრიე და გავახედე.

- არა, ჭყიტა, სამყაროს აღსასრული კი არა, თოვლი მოვიდა, - მითხრა მან.

***

ვიღას ახსოვდა ეს გაფრთხილება, როცა სესილ ჯაკობსმა სკოლის ეზოში საჯაროდ გამოაცხადა: ჭყიტა ფინჩის მამა მურიანებს იცავსო. შედავებით კი შევედავე, მაგრამ შინ რომ მივედი, ჯემს ვკითხე, ხომ არ იცი, ამით რისი თქმა უნდოდა-მეთქი. - არაფრის. ატიკუსს ჰკითხე და გეტყვისო, - მიპასუხა მან.

- ატიკუს, შენ მურიანებს იცავ? - ვკითხე მამას იმ საღამოსვე.

- რა თქმა უნდა ვიცავ, ოღონდ მურიანებს ნუ ეძახი, შვილო, ეგ უხამსობაა.

- სხვათა შორის, სკოლაში ყველა ასე ლაპარაკობს.

- ჰოდა, დღეიდან იმ ყველას ერთი ვიღაც გამოაკლდება.

[...]

- ატიკუს, მურ... შავკანიანებს ყველა ვექილი იცავს?

- რა თქმა უნდა, ჭყიტა.

- მაშინ რატომ განაცხადა სესილმა, მამაშენი მურიანებს იცავსო, ისეთი ამბით, გეგონება, კონტრაბანდით ვაჭრობდე?

ატიკუსმა ამოიხვნეშა.

- უბრალოდ, ერთ შავკანიან კაცს ვიცავ, ტომ რობინსონს, მეტი არაფერი. ეს კაცი ქალაქის გადაღმა, სანაგვის უკან, ზანგების დასახლებაში ცხოვრობს. კელპურნია და ტომი ერთ ეკლესიაში დადიან, კელი მის ოჯახს კარგად იცნობს და ამბობს - ძალიან წესიერი ხალხიაო. ჭყიტა, შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრი რამ არ გესმის, მაგრამ ზოგ-ზოგები ჩვენი ოლქიდან გაჰყვირიან - მაგ კაცის დასაცავად თავი არ უნდა შეიწუხოო! ეს საქმე სრულიად განსაკუთრებულია, მის განხილვას სასამართლო საგაზაფხულო სესიამდე არ შეუდგება. ამას ჯონ ტეილორს უნდა ვუმადლოდეთ - მისი დახმარების გარეშე საქმეს ვერ გადავდებდით...

- თუ არ უნდა შეიწუხო თავი, მაშინ რატომ იწუხებ?

- რამდენიმე მიზეზის გამო, - მომიგო ატიკუსმა, - პირველი ისაა, რომ თუ არ დავიცავ, მაშინ ქალაქში თავი აღარ მექნება გამოსაყოფი; მერე კიდევ, უარი უნდა ვთქვა ჩვენი ოლქის წარმომადგენლებზე შტატების საკანონმდებლო ორგანოში. ამას გარდა, შენ და ჯემსაც ვეღარ დაგარიგებთ ჭკუას.

- გამოდის, იმ კაცს თუ არ დაიცავ, მე და ჯემს შეგვიძლია, აღარაფერი არ დაგიჯეროთ?

- დაახლოებით ეგრე გამოვა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ არავითარი უფლება არ მექნება, მოგთხოვოთ - დამიჯერეთ-მეთქი. ჩვენი პროფესია ასეთია, ჭყიტა: ყოველ ვექილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს იმ საქმის წარმოება, რომელიც უშუალოდ მას პიროვნულად ეხება. სწორედ ტომ რობინსონის საქმე უნდა იყოს ჩემთვის ასეთი. სკოლაში ალბათ ბევრ საძაგლობას გაიგონებ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ჩემი ხათრი გაქვს, ერთი თხოვნა შემისრულე: თავი მაღლა გეჭიროს, მუშტები კი ძირს დაუშვი. რაც არ უნდა გაიგონო, მოთმინებას ნუ დაკარგავ. მუშტების ნაცვლად თავი გაანძრიე. მართალია, სწავლა არ უნდა, მაგრამ ეგ თავი მაინც კარგად მუშაობს.

- ატიკუს, პროცესს მოვიგებთ?

- ვერა, გენაცვალე.

- მაშინ რატომ...

- აბა, მითხარი, ასი წლის წინათ რომ გაგვანადგურეს, განა ამიტომ გამარჯვება აღარასოდეს არ უნდა გვეცადა? - მითხრა მამამ.

***

უწმაწური სიტყვები თავისთავად ხომ მხიბლავდა, მაგრამ თან ერთი ბუნდოვანი მოსაზრებითაც ვხელმძღვანელობდი - როცა ატიკუსი მიხვდება, რომ ამგვარ სიტყვებს სკოლაში ვითვისებ, იქ აღარ გამიშვებს-მეთქი.

პალტო ჩაიცვიო, - მომაძახა ატიკუსმა ძილნარევი ხმით, ასე რომ, შემეძლო მომეყრუებინა.

როცა ბავშვი კითხვას დასვამს, ღვთის გულისთვის, ბოდიალს ნუ მოჰყვები, პირდაპირ გაეცი პასუხი. ბავშვი ბავშვია, მაგრამ ნუ გგონია, რომ უფროსებზე ადვილად გააცურებ, სიტყვის ბანზე აგდება მხოლოდ ტვინს აუბნევს.

ცუდი სიტყვებით გატაცების ხანა ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს. როგორც კი მიხვდება, რომ ამით ყურადღებას ვერ მიიქცევს, მაშინვე გადაეჩვევა.

***

მამამ თოფები ჩუქებით კი გვაჩუქა, მაგრამ სროლის სწავლება აღარ მოისურვა. ამიტომ ამ საკითხში ძია ჯეკმა მოგვცა ელემენტარული ცოდნა და თქვა - მამათქვენს სულ არ აინტერესებს იარაღიო. ხოლო ატიკუსმა ერთ მშვენიერ დღეს ასეთი რამ უთხრა ჯემს: ყველაფერს აჯობებდა, სამიზნეებად თუნუქის კოლოფები გეხმარა, მაგრამ ვიცი, ჩიტებს ესვრი. ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ. ჩხიკვები კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ნურასდროს ნუ მოკლავ ჯაფარას. ეს ცოდვაა.

ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მამაჩემმა რაღაცას ცოდვა უწოდა, ამიტომ ამის თაობაზე მის მოდის მივმართე შეკითხვით.

- მამაშენი მართალია, - მითხრა მან, -ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს. ის არც ბაღ-ბოსტნებს გვიჩანაგებს, არც კალოსთან იბუდებს, ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს, აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა.

***

- ესროლეთ, მისტერ ფინჩ, - მისტერ ტეიტმა თოფი ატიკუსს მიაწოდა.

მე და ჯემს კინაღამ გულები წაგვივიდა.

- დროს ნუ კარგავ, ჰეკ, - უთხრა ატიკუსმა, - მიდი.

- მისტერ ფინჩ, ეს ერთი გასროლის საქმეა.

ატიკუსმა ენერგიულად გააქნია თავი:

- რას უდგახარ, ჰეკ! მთელ დღეს იქ ხომ არ დაგელოდება!

- ღვთის გულისთვის, მისტერ ფინჩ, შეხედე, სადაა! თუ დავაყოვნებთ, პირდაპირ რედლების სახლში შევა! მე კი ისე კარგად ვერ ვისვრი და თქვენ ეს მშვენივრად იცით!

- ოცდაათი წელია, აღარ მისვრია.

მისტერ ტეიტმა თოფი ატიკუსს შეაჩეჩა.

- ახლა თუ ისვრით, ძალიან დამავალებთ, - უთხრა მან.

მე და ჯემი გაოგნებულები ვუყურებდით, როგორ აიღო მამაჩვენმა თოფი ხელში და შუაგულ ქუჩაში გავიდა, სწრაფად მიაბიჯებდა, მაგრამ მე ყველაფერი შენელებულად მეჩვენებოდა, თითქოს წყლის ქვეშ მიცურავსო: დრო გულისამრევად ნელად მიიზლაზნებოდა.

როცა ატიკუსმა სათვალე გაისწორა, კელპურნიამ წაიბუტბუტა - ღმერთო მოწყალეო, ხელი მოუმართეო, - და თითები ლოყებზე მიიდო.

ატიკუსმა სათვალე შუბლზე აიწია, მაგრამ ჩამოუცურდა და ქვაფენილზე დაუვარდა. სიჩუმეში მინის ჭახანი გაისმა. ატიკუსმა თვალები და ნიკაპი მოისრისა, დავინახეთ, როგორ მოუხშირა თვალის ხამხამს.

რედლების ჭიშკრის წინ - ცოფიანმა ძაღლმა ტიმ ჯონსონმა გონების უბადრუკი ნაშთი მოიკრიბა: როგორც იქნა, შემოტრიალდა, რათა თავდაპირველად არჩეულ გზას დასდგომოდა - ქუჩას აღმა ამოჰყოლოდა; ორი ნაბიჯი გადადგა წინ, მერე შედგა და თავი ასწია. დავინახეთ, ერთბაშად როგორ გახევდა ადგილზე.

ატიკუსმა თოფი ისე სწრაფად მიიდო მხარზე და ჩახმახის მომრგვალებულ ფეხს თითი გამოჰკრა, რომ დანამდვილებით ვერც იტყოდით, პირველად რა მოძრაობა გააკეთა.

თოფმა დაიჭექა, ტიმ ჯონსონი შეხტა, მოიკრუნჩხა, ძირს დაენარცხა და ტროტუარზე მოწითალო-მოთეთრო ბორცვი წარმოიქმნა. მან ვერც გაიგო, რამ მოკლა.

მისტერ ტეიტი აივნიდან ძირს ჩახტა და რედლების ეზოსკენ გაიქცა. ძაღლის წინ შედგა, ჩაიცუცქა, შემობრუნდა და მარცხენა თვალს ზემოთ შუბლი მოისრისა.

- ცოტა მარჯვნივ მოგივიდათ, მისტერ ფინჩ, - გამოსძახა მან.

- ეგ ზნე ყოველთვის მჭირდა, - უპასუხა ატიკუსმა, - ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ფილთა თოფს ავირჩევდი.

[...]

ჯემმა ძლივს გასაგონად თქვა:

- დაინახე, ჭყიტა, დაინახე, როგორ იდგა იქ? ... და მერე უცებ, ერთბაშად მოეშვა, მოწყდა, გეგონებოდა, თვითონვე იყო თოფის წამალი... მამამ ისე ჩქარა გააკეთა ყველაფერი... მე კი სანამ რამეს ვესვრი, ათ წუთს მაინც ვუმიზნებ ხოლმე...

მის მოდიმ იქედნურად გაიღიმა და მითხრა:

- რაო, ჯინ ლუიზა, ახლაც ფიქრობ, რომ მამაშენს არაფერი ეხერხება? კიდევ გრცხვენია მის გამო?

- არა, - მორჩილად მივუგე მე.

- იმ დღეს სულ გადამავიწყდა, შენთვის მეთქვა, რომ დაკვრის გარდა, ატიკუს ფინჩს თავის დროზე მთელ მეიკომის ოლქში ბადალი არ ჰყავდა სროლაში... ტყვიას ტყვიაში აჯენდა.

- ტყვიას ტყვიაში აჯენდა... - ექოსავით გაიმეორა ჯემმა.

- სწორედ რომ, ჯერემი ფინჩ, ახლა კი, მგონი, შენც სხვა ხმაზე ამღერდები. წარმომიდგენია, არც კი იცოდი, ზედმეტსახელად ნაცად ჩუბინს რომ ეძახდნენ... ჯერ კიდევ იქ, ფინჩების მამულში რომ ცხოვრობდა, თხუთმეტი გასროლიდან მიზანში თოთხმეტს თუ მოარტყამდა, მაშინვე წუწუნს მოჰყვებოდა - ტყვია-წამალი ტყუილად გავაფუჭეო!

- არასოდეს არაფერი უთქვამს ამის შესახებ, - წაიბუტბუტა ჯემმა.

- არაფერი უთქვამს, ხომ?

- არა...

- ნეტა ახლა რატომ აღარ დადის სანადიროდ? - ვთქვი მე.

- შევეცდები, აგიხსნათ, - გვითხრა მის მოდიმ, - მამათქვენი, უპირველეს ყოვლისა, ჭეშმარიტად ცივილიზებული ადამიანია, ასეთი ნიჭი ღვთის წყალობაა, ღვთის მადლია. რა თქმა უნდა, ამ ნიჭის სრულყოფისთვის ვარჯიშიც საჭიროა, მაგრამ მიზანში სროლა პიანინოს დაკვრა ან რამე მსგავსი ხომ არაა. მე ასე მგონია: როგორც კი მამათქვენი მიხვდა, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ძალა უწყალობა და ამით იგი ყველა სხვა სულიერზე მაღლა დააყენა, მაშინვე უარი თქვა თოფზე. ალბათ გადაწყვოტა, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, იარაღს ხელში არასდიდებით აღარ ავიღებო. დღეს კი სწორედ ასეთი აუცილებლობა იყო.

- ესე იგი, უნდა ამაყობდეს ამით, - ვთქვი მე.

- ჭკუათმყოფელი ადამიანი თავის ნიჭით არასოდეს არ იამაყებს, - მომიგო მის მოდიმ.

***

ადამიანმა ზოგჯერ მთელი თავისი ძალ-ღონის მოკრება უნდა შეძლოს. რის მაქნისები ვართ, მაშინ გამოჩნდება, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს...

ყოველ ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი აზრი იქონიოს, და მათი აზრი პატივისცემასაც იმსახურებს, - მითხრა ატიკუსმა, - მაგრამ სანამ ადამიანებთან მორიგებაზე ვიზრუნებდე, ჯერ საკუთარ თავს უნდა მოვურიგდე. არის ერთი რამ, რაც უმრავლესობის დაკანონებულ შეხედულებებს არ ექვემდებარება, ესაა ადამიანის სინდისი.

მინდოდა შენი თვალით გენახა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სიმამაცე, მხნეობა, რომ არ გეფიქრა, თითქოს სიმამაცე - ესაა კაცი თოფით ხელში. ნამდვილი სიმამაცე ისაა, როცა წინასწარ დარწმუნებული ხარ შენი წამოწყების წარუმატებლობაში და მაინც, ყველაფრის მიუხედავად იღწვი, იღწვი და ბოლომდე მიგყავს შენი წამოწყება. იშვიათად თუ მოიპოვებ სრულ გამარჯვებას, მაგრამ ხანდახან მაინც მიაღწევ საწადელს...

მიწათმოქმედი ზანგებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ბავშვებით მინდორში გასვლა. სანამ თვითონ მუშაობდნენ, ბავშვებს ხეების ჩრდილში ტოვებდნენ ხოლმე. ჩვილი ბავშვები, ჩვეულებრივ, ბამბის ორ რიგს შუა ისხდნენ. ვისაც ჯერ ჯდომა არ შეეძლო, მათ დედები ზურგზე ისვამდნენ, ან ბამბის ტომრებში აწვენდნენ.

სულაც არაა აუცილებელი, ყოველთვის გამოაჩინო, რაც იცი. ხალხს არ უყვარს საქმის დაჭერა ისეთ ადამიანებთან, ვინც მათზე მეტი იცის, ეს ყველას აღიზიანებს.

ზოგჯერ იძულებული ხარ იცრუო, ან იქნებ ყოველთვის ასეა, როცა იცი, რომ მაინც ვერაფერს გააწყობ.

ისეთი გამოუსწორებელი ჭორიკანა იყო, ნათესაობით ბრუნვაში გაჩენილი გეგონებოდათ.

უფროსები იმის ნახევარსაც არ ასრულებენ, რასაც დაგპირდებიან ხოლმე.

დილი (ტრუმენ კაპოტე) ისევ ოცნებას მიეცა. მის ძილნარევ გონებაში მშვენიერი ხილვები ირეოდა. ჩემთან შედარებით ბევრად მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული, მაგრამ საკუთარი წარმოსახვის ხიბლი ყველაფერს ერჩივნა. ელვისებური სისწრაფით იყვანდა მაგალითებს გაყოფა-გამრავლებაზე, მაგრამ გული ზღაპრული სამყაროსკენ უფრო მიუწევდა, სამყაროსკენ, სადაც ჩვილი ბავშვები ყვავილებით მიმობნეულან ნისლით დაბურულ კუნძულზე და ნავიანი კაცის მოსვლას ელიან...

მეიკომელ მამაკაცებს შუაგულ ეზოში დგომას ორად ორი რამ თუ აიძულებს: ვინმეს გარდაცვალება ან პოლიტიკა.

გამხეცებული ადამიანების ბრბოც შეიძლება შეაჩერო, რადგან გულის სიღრმეში მაინც ადამიანებად რჩებიან...

ატიკუსისგან არაერთხელ მსმენია - თუ გინდა დარწმუნდე, მოწმე ტყუილს ამბობს თუ მართალს, კი არ უნდა უყურო, ყური უნდა დაუგდოო.

ადამიანებს არაფრით, არაფრით, არ უნდათ შეიგნონ ერთი ძალიან უბრალო რამ, რომ მე სწორედ იმიტომ ვცხოვრობ ასე, რომ ასე მინდა ცხოვრება.

მსაჯულები არასოდეს არ უყურებენ ბრალდებულს, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც ადამიანებს ჭკუას აკარგვინებს - ამ დროს ძალიანაც რომ ეცადონ, სამართლიანები ვერ იქნებიან.

როცა ოჯახში ვიღაცა კვდება, მეზობლებს საჭმელი მოაქვთ, როცა ვინმე ავად ხდება - ყვავილები ან წვრილმანი საჩუქრები. რედლი ბუა ჩვენი მეზობელი იყო, მან ორი საპნის თოჯინა, ძეწკვზე დაკიდებული მწყობრიდან გამოსული საათი, ორი ჯადოსნური პენიანი და... სიცოცხლე გვაჩუქა. ოღონდ მეზობლები საჩუქარს საჩუქრით უპასუხებენ ხოლმე, ჩვენ კი სანაცვლოდ არაფერი ჩაგვიდია ფუღუროში. ბუასთვის სიკეთე არ გადაგვიხდია და გული ნაღველით ამევსო...


ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ
გამომცემლობა „არეტე“, 2013წ.