Monday, November 21, 2016

გიორგი კეკელიძე - გურული დღიურები 2

სანამ სიცოცხლე დაიწყება, ანუ სიკვდილი და ეროტიკა გურიაში

ზენა ქარი ქრის. [...] ფანჯრების სასწრაფოდ მოხურვა. წაი, ბიჯო, უცებ ნახე, ოდაშია მგონი დარჩენილი ღია, რაცხა ბრახუნობს, თუ დეინსხრა, მერე მისით კი არ ჩაჯდება სტეკლო.

***

საერთოდ, წიგნები მეორე სართულზე ცხოვრობენ, ყველაზე ლამაზ და ღირსეულ ადგილას. სადაც ძირითადად მტვრის გადასაწმენდად და მკვდრის დასასვენებლად ადიან. არა, ნუ იფიქრებთ კითხვა არ გვიყვარდეს. მაგრამ ის დროა, წიგნის ფურცელი გალანცული ლამპის გასაწმენდად უფრო ფასობს ან მასწავლებელი რომ არ დადის, იმ ადგილის აღსაჭურვად. ისე, ზოგიერთ მასწავლებელს ევლო, არ აწყენდა, რამეს წაიკითხავდა, ნაგლეჯზე მაინც.

***

13 წლისამ მივიღე ერთი ფრიად ამაღელვებელი და, ამავდროულად, როგორც მერე გაცხადდა, მცდარი მინიშნება - ალბერტო მორავიას ჩოჩარა იმფერი წიგნი იყო. იმფერი. ეროტიკული. მორავია რომ ქართველი მეგონა, ეს კიდევ ცალკე საგაა. ახლა ალბერტოსა და ჰამლეტის გურულსახელობით ძნელად გაგვაკვირვებთ. ჰოდა, ვითხოვე. გარეკანი, სადაც შიშველი ქალი იყო წარმოდგენილი, ინფორმაციის წყაროს სანდოობას, დიახაც რომ ადასტურებდა. დავიწყე კითხვა და ამაოდ. ჩემთვის მოსაწყენი ამბები: ჯარისკაცები, სიკვდილი, გაჭირვება. არადა, გასაჭირი ჩვენიც გვეყოფოდა. მოკლედ, იმფერი აფერი. დე სიკას ლორენიანი ეკრანიზაცია რომ მქონოდა ნანახი, ფიქრს სხვა გაქანებას მივცემდი. მაგრამ მაშინ დე სიკა ბესიკად შეიძლება მომყურებოდა - ჩემსა და კინოს შორის მკვდარი ტელევიზორი იდგა.

***

და უცებ კივილი გაისმა. [...] და გამოცვივდნენ მეზობლები. მირბოდნენ ქუჩაზე. იქით, ჯონიეს სახლისკენ. მირბოდნენ არეულად და უაზროდ. თუმცა დაჟინებით. მირბოდნენ ჯონიასკენ. არავინ იცის სიკვდილის შესაგებებლად თუ შესაჩერებლად. საოცარი სანახავია ეს სირბილი და მერე ერთად შეჯგუფება. კაცები სიგარეტს დააძრობენ, ქალები კიბის ბოლოში ჩამოჯდებიან. სამი წუთის მერე ვიღაც იტყვის: პირი უუკონეთ? ყბაი არ ქონდეს უშნოთ.

***

ზოგიერთი ზმნა შინაარსს იფართოებს გურულ ყოფაში: ახალმიცვალებულის შეცხადებას შეკივლება ჰქვია. მკვდარი რომ ჰგონიათ და ცრუ განგაშია გადაკივლება. მურმანიე იმფერი გლახათ იყო გადეიკივლეს, ცა, ერიგზობა.

***

დავიწყებული სიკვიდლი საშიში აღარ არის. საერთოდ, სიკვდილთან შეგუება ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანია, საშინელი, თუმცა აუცილებელი თვისება. მანამდე სხვა ამბებთან შეგუებით ვარჯიშობს და მერე აღარ უჭირს. ისე აღარ უჭირს, თორემ. ბრძოლაც შეგუებაა, დროებით გადადებასთან შეგუება. მაგრამ ადამიანს სხვა ნიშანიც აქვს. სიცოცხლის ნიშანი. ეს გამოტოვების უნარია. ერთი ტოტიდან მეორე ტოტზე გადახტომის ძალა. აი, ასე:

მეორე დღეს ბებიაჩემი ჭიშკართან ნაყარ ფოთლებს ხვეტდა და სხვა სოფლიდან ჩამოიარეს. რა ხდებოდა წუხელი თქვენკენო.

ბებიაჩემმა აფერი არაა, ჯონიე კტებაო. შენი ბაღნები დადიენ უკვე სკოლაშიო?

ჩვენ ვიცით, მე და ნათელა ბებიამ. სიკვდილი აფერი არაა. როგორ შეიძლება სიკვდილი რამე იყოს? ვინმეს გინახავთ სიკვდილი? მე არასდროს შემხვედრია. და ვიცი არც შემხვდება. ჯონიე რომ კტება? და ჯერ ხომ არ მომკვდარა? უფრო საინტერესო ის არის, ბაღნები თუ წევიდნენ სკოლაში. და სულ ეს უნდა იყოს უფრო საინტერესო. სხვანაირად, სიკვდილი გაიმარჯვებს.



მარად ახალი თოვლი

ბავშვობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს.

***

ახალ წელს თოვლი არასდროს მოდიოდა. ეს იყო სამყაროს ყველაზე დიდი აცდენა და უსამართლობა.


სხვა მანდარინები

სიზმრების სამყაროში ფეხის ჩადგმა ადვილი საქმე არ არის. მეორე დღეს ან კოჭლი ამოდიხარ, ან სველი, ან ფრთებით.


ზურიკო. მამაჩემი

ადამიანი გამოხატვის არსებაა.

***

ჭიანჭველას არ მოკლავდა, შვილებთან მიდისო.

***

ბავშვობისას, მამა რომ მუშაობდა ან ყანაში, ან სახლში ან სადმე, მეც ვახლდი ხოლმე. დაიღლებოდა, მოვიდოდა, ხელს ხელზე დამადებდა და მეტყოდა: ძალა მომეცი! და მერე დაიძახებდა: „დგნ, დგნ, დგნ“ - ვითომ იტენებოდა. მეც მჯეროდა.

***

თუ ძილი თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით სხვა „დაკარგულ გამარჯვებულებს“.


მამაჩემი. ზურიკო. სხვა თავი

ადგილობრივ კინოთეატრში რომ წამიყვანეს სკოლიდან, დიდი ეკრანი გაფუჭებული დაგვხდა. ამ ეკრანის წინ პატარა ტელევიზორი დაედგათ და ლეონარდო დი კაპრიოს დახრჩობის ამბავს იქ ვუყურეთ. ვინმეს რომ გადაეღო, ეპოქალური სცენა იქნებოდა. ფილმი ეგ უფრო იყო. ტიტანიკს მაინც ჯობდა.

***

მამაჩემი საკუთარი ოცნებების ციხეში მუშაობდა - პროდუქტების მაღაზიაში, გამყიდველად. [...] მიკითხავდა ტომ სოიერის ამბებს და ცალი თვალით და ცალი ხელით მარგარინს ყიდდა. ძნელი საქმეა, დამიჯერეთ.



მენდე-მედიკო


მედიკო, ბებიაჩემი, ასე მოიქცა. მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა: ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია: ზურიკელას რამე რომ მოუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა თხოვა. იქვე გარდაიცვალა. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს.

***

სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა, მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა. სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: ყბის ასაკონი ნაჭერი, გასაპატიოსნებელი ხელთათმანები, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფარებელი, საწვიმარი ბრეზენტი, საკუბოე ტანსაცმელი. ყველაფერი ლოგინზე ეწყო. ლამაზად. სკამზე მისი საუკეთესო ხალათი დაგვხვდა - გადაეფინა საგანგებოდ და პორტმანით საკუთარი დასასაფლავებელი ფული მიემარაგებინა. დიახ, ბებიაჩემი, მედიკო, ასე მოიქცა.


გურული მატარებლის ამბავი

პატარა ბიჭობა კი სულ ამას ნიშნავს - კენჭივით ხარ და კენჭებს ისვრი.


სოფელი.წასვლა.სოფელი.

სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს - ეგ არის სოფელი. ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. ამიტომაც გვიყვარს შორიდან სოფელი, ვაქებთ და „აუ, რა ჯობიას გავიძახით. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობა. ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს - უნდა ნახო.


მარტის საქმე

თუ ზუსტად სუნთქავ, გაზაფხულს დაიჭერ. ნესტოების ტექნიკის ამბავია, ალქიმია არ ჭირდება.

***

აპრილამდე მარტია. ციდან თოვლის და მიწიდან ყვავილის წამოცდენის თვე - ბოლომდე ვერნათქვამ სიტყვასავით. კატების კნავილზე გამოხრული კბილის ატკივების, ძროხების ძებნის და პოვნის, ძებნის და ვერპოვნის დრო. გადამწიფებული ხურმის ჭამის და თითების გაწებვის, პადვლიდან მანდარინების ამოტანის და ფეჩზე შეთბობის დრო, სარდაფიდან ყურძნის კომპოტის ამოტანის და ღუმელზე შეთბობის დრო, ღობეებზე ღრიჭოების მოსინჯვის  - „ქათამი რომ არ გადეიპაროს, დაგლიჯავს წუპაკი ჯეკაიე“, ბარვის და ხმამაღალი ლაპარაკის წამოწყების, დღეების დაგრძელების და დარდის დამოკლების, სკოლიდან უკან დაბრუნების - „ჩანთა ხომ არ დაგიჭირო“-ს - უფრო თამამად და მკაფიოდ გამოთქმის დრო. მარტი.


გიორგი კეკელიძის წიგნები, 2016წ.