ცნობილი სკულპტურები უცნობი ისტორიით (5 ფოტო)


ვენერა მილოსელი

გადმოცემის თანახმად, „ვენერა მილოსელის“ ქანდაკება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკულპტურა, 1820 წელს, კუნძულ მილოსზე აღმოაჩინეს.  

ქანდაკება ორ ნაწილად იყო გატეხილი. როგორც ამბობენ, ფლოტის ერთ-ერთმა ფრანგმა საზღვაო ოფიცერმა, რომელიც „ვენერას“ ისტორიულ ღირებულებას მიხვდა, სკულპტურის გემზე გადატანა ბრძანა. მეზღვაურები, რომლებსაც „მილოსელი ქალბატონის“ ტრანსპორტირება დაევალათ, ერთმანეთს წაეჩხუბნენ, რა დროსაც „ვენერას“ ორივე მკლავი მოტყდა და საზღვაო მოგზაურობაში ხელების გარეშე გაემგზავრა.

ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, მეზღვაურებს ქანდაკების ნაწილების წამოსაღებად ნაპირზე გადასვლა დაეზარათ, „ვენერა მილოსელის“ მკლავები კი სამუდამოდ დაიკარგა...


სამოთრაკელი ნიკე

"ნიკეს" გასაოცარი ქანდაკება, კუნძულ სამოთრაკზე, 1863 წელს აღმოაჩინეს. ოქროსფერი პაროსის მარმარილოსგან დამზადებული სკულპტურა, კუნძულზე აღმართული ზღვის ღმერთის ტაძარის საკურთხეველს ამშვენებდა. 

მკვლევართა აზრით, „ნიკე“ ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნეში, ბერძენთა ფლოტის გამარჯვებების უკვდავსაყოფად გამოაქანდაკეს. სკულპტურის თავი და მკლავები დაკარგულია.

ქანდაკების რესტავრაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სპეციალსიტებმა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს; ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ „ნიკეს“ „არასრულყოფილება“ მისი დიდებულებაა...


რქიანი მოსე

მიქელანჯელო ბუონაროტი - „მოსე, 1513-1515წწ.
მიქელანჯელომ „მოსე“ განსაკუთრებული სახასიათო ნიშნით გამოკვეთა - ფიგურას თავზე რქები ადგას. ხელოვნების მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვანმა ბიბლიური სიუჟეტი სწორად ვერ გაიგო: 

ტექსტში აღნიშნულია, რომ, როდესაც ღმერთის გამოცხადების შემდეგ, სინაის მთიდან მოსე ჩამოვიდა, ებრაელებს გაუჭირდათ მისი ბრწყინვალებისთვის თვალის გასწორება.

ივრითზე დაწერილი სიტყვა შესაძლოა ითარგმნებოდეს როგორც „ბრწყინვალებად“, ასევე „რქებად“.


იდეალური დავითი, რომელიც მიქელანჯელომ დაზიანებული მარმარილოსგან გამოკვეთა

მიქელანჯელო ბუონაროტი - „დავითი“, 1501-1504წწ.
მიუხედავად იმისა, რომ მიქელანჯელოს - „დავითი“ მამაკაცური სილამაზის იდეალად ითვლება, შეიძლება ითქვას, რომ იგი სულაც არ არის იდეალური - სკულპტურის ლაზერული სკანირების შედეგად დადგინდა, რომ „დავითი“ ელამია. 

ქანდაკების „დეფექტი“ თითქმის შეუმჩნეველია. მკვლევარები თვლიან, რომ მიქელანჯელომ ეს „შეცდომა“ შეგნებულად დაუშვა, რადგან სურდა, რომ სკულპტურა ორივე მხრიდან უნაკლოდ გამოჩენილიყო.


„კოცნა“ - კოცნის გარეშე

ოგიუსტ როდენი - „კოცნა“, 1882წ.
ოგიუსტ როდენის „კოცნას“ - „ფრანჩესკა და რიმინი“ ეწოდებოდა, დანტე ალიგიერის მიერ „ღვთაებრივ კომედიაში“ უკვდავყოფილი, მეცამეტე საუკუნეში მცხოვრები იტალიელი დიდებული ქალის სახელი. ქალს მისი მეუღლის უმცროსი ძმა შეუყვარდა; ქმარმა ეს მაშინ გაიგო, როდესაც საყვარლები ერთად კითხულობდნენ წიგნს და ორივე მოკლა. 

სკულპტურაზე კარგად ჩანს, რომ საყვარელს ხელში წიგნი უჭირავს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს წყვილი ერთმანეთს კოცნის, თუმცა მათი ტუჩები არ იკვეთება. ამ ხერხით როდენს სავარაუდოდ იმ ფაქტის ხაზგასმა სურდა, რომ მოკლულ შეყვარებულებს „ცოდვა“ არ ჩაუდენიათ.