ბაჩანა ბრეგვაძე - ნიკოლო მაკიაველი

ბაჩანა ბრეგვაძის ესსე იტალიელი პოლიტოლოგის, სამხედრო თეორეტიკოსის, დიპლომატის და ფილოსოფოსის ნიკოლო მაკიაველის (1469–1527 წწ.) შესახებ.

***

„ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მომხიბვლელობას კარგავს“.

***

გადმოცემით, როცა ნეაპოლის მეფემ ფერდინანდ II-მ - ეს იგივე ესპანეთის მეფე ფერდინანდ V არაგონელია (1452-1516), რომელიც თავის საშინაო პოლიტიკაში ეყრდნობოდა თავისსავე ინკვიზიციას და „სანტა ჰერმანდადს“ (1476) და რომლის მარჯვენა ხელიც იყო ესპანეთის პირველი „დიდი ინკვიზიტორი“ ტორკემადა (1420-1492) - დიახ, როცა ამ ვერაგმა, სასტიკმა და დაუნდობელმა მბრძანებელმა შეიტყო, რომ პაპის ტახტზე ალექსანდრე VI-ის სახელით აყვანილ იქნა ესპანელი დიდებული როდერიგო ბორხა (იტალ. ბორჯა), თვიტ ეს გულქვა კაციც კი, რომელსაც თავისი შვილების დაკრძალვაზეც არ გადმოუგდია ცრემლი, მწარედ ატირდა თურმე. ალექსანდრე VI-მ სულ მალე დაამტკიცა, რომ ფერდინანდს საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა სატირლად. ფრანჩესკო გვიდარჩინი 1529 წელს წერდა: „მე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ვინმეს, მეზიზღება მღვდელმთავართა პატივმოყვარეობა, ანგარება და გახრწნილება, არა მარტო იმიტომ, რომ თითოეული ამ ბიწთაგანი ზიზღის ღირსია, არამედ იმიტომაც, რომ ერთად თუ ცალ-ცალკე, ისინი ყველაზე ნაკლებ შეჰფერის იმ ხალხს, ღვთის რჩეულ მსახურებად რომ მოაქვთ თავი...ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არა ერთი და ორი პაპის გვერდით ყოველთვის აღმიძრავდა იმის სურვილს, რომ სიდიადის მწვერვალზე მეხილა ისინი, ვინაიდან ჩემი საკუთარი კეთილდღეობა მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული ამ სიდიადესთან. მაგრამ ეს უკანასკნელი რომ არა, ჩემი თავივით შევიყვარებდი მარტინ ლუთერს, იმიტომ კი არა, რომ თავი დამეხსნა იმ მოვალეობებისაგან, რომლებსაც ქრისტიანული მოძღვრება გვაკისრებს... არამედ იმიტომ, რომ არამზადების ეს ხროვა ოდესმე მაინც მეხილა ჩაკეტილი იმ საზღვრებში, სადაც ისინი იძულებულნი იქნებოდნენ ან ბიწზე აეღოთ ხელი, ან თავიანთ პრივილეგიებზე“.

***

რაკი სხვისი დაპყრობის თავი არა აქვს, თვითონ უნდა იქნეს დაპყრობილი - ასეთია სახელმწიფოთა მაშინდელი ურთიერთობის მგლური კანონი.

***

„დაპყრობის ჟინი, - წერს მაკიაველი, - სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ გახლავთ; და ყოველთვის, როდესაც ამ ჟინსაა აყოლილი კაცი, რომელსაც მისი დაცხრობის ძალი შესწევს, მას კი არ გმობენ, არამედ, პირიქით, აქებენ“.

***

პატარა ნიკოლო გულმოდგინედ სწავლობს წერა-კითხვასა და არითმეტიკას. თორმეტი წლისა უკვე ლათინურად წერს თხზულებებს პაოლო რონჩილიონეს სკოლაში. სიჭაბუკეში წარმატებით ეუფლება იურიდიული და ეკონომიკური მეცნიერებების საფუძვლებს და იმავე დროს, ხარბად ეწაფება ძველ ბერძნულ, რომაულ და იტალიურ მწერლობას, ფილოსოფიას, ისტორიოგრაფიას: პლატონი და არისტოტელე, თუკიდიდე და პოლიბიოსი, ციცერონი და პლინიუსი, პლუტარქე და ტიტუს ლივიუსი. დანტე და პეტრარკა - აი, მისი უსაყვარლესი ავტორები, რომლებსაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე თავის ბრძენ მრჩევლებად და მასწავლებლებად თვლის.

***

თხუთმეტი წელი ემსახურა მაკიაველი რესპუბლიკას კანცლერის პოსტზე. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა ოთხი ათასზე მეტი წერილი და მოხსენებითი ბარათი, უამრავი კანონპროექტი, ადმინისტრაციული განკარგულება, სამხედრო ბრძანება; კიდით-კიდემდე შემოიარა თითქმის მთელი იტალია, ოცდასამჯერ იყო საზღვარგარეთ: რესპუბლიკა საგანგებო დიპლომატიური მისიით გზავნიდა მას იტელიელი მთავრების, რომის პაპის, საფრანგეთის მეფის, გერმანიის იმპერატორის კარზე.

***

პრაქტიკული პოლიტიკის პრობლემების კვლევისას, მაკიაველის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იდგნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ამ მხრივ, ნიშანდობლივია მისი ინსტრუქცია ესპანეთის იმპერატორის, კარლოს V-ის კარზე ფლორენციის რესპუბლიკის ელჩის - რაფაელო ჯიროლამისადმი: „...უწინარეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეისწავლოთ იმპერატორის ხასიათი: თვითონ მართავს სახელმწიფოს თუ სხვებს ანდობს მის მართვას, ძუნწია თუ უხვი, ომის მოსურნეა თუ მშვიდობის მოყვარე, რა უფრო ძლიერია მასში: პატივმოყვარეობა თუ რაიმე სხვა ვნება, პატივისცემით სარგებლობს თუ არა თავის ქვეშევრდომთა შორის, რანაირი მრჩევლები ახვევია გარს, რა სურთ ამ მრჩევლებს: ახალ-ახალი ომებისთვის აქეზებენ თუ ურჩევენ, ისარგებლოს თავისი ახლანდელი მდგომარეობით, რაც ესოდენ ხელსაყრელია მისთვის? თქვენ უნდა დაუკვირდეთ აგრეთვე იმპერატორისაგან განკერძოებით მცხოვრები ბარონებისა და დიდებულების განწყობილებას, გაიგოთ, დიდია თუ არა მათი გავლენა და ძლიერება, კმაყოფინი არიან თუ არა იმპერატორით, ანდა, თუ უკმაყოფილონი არიან, რა გზით შეუძლიათ ავნონ მას, და შეუძლია თუ არა საფრანგეთს მათი მოსყიდვა და გადაბირება?“

***

პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო, მაკიაველის თვალსაზრისით, ეთიკის იდეალური სამყარო კი არ არის, არამედ რეალური, დროისა და სივრცის კონკრეტულ პირობებში არსებული, ცოცხალი, დინამიური და ერთთავად ცვლადი სინამდვილე.

***

„მაკიაველი ერთგვარ ღვთაებად სახავს სამშობლოს: ის მორალსა და კანონზედაც უმაღლესია. მსგავსად იმისა, როგორც ასკეტების ღმერთი ნთქავდა პიროვნებას, მსგავსად იმისა, როგორც ინკვიზიტორები ღვთის სახელით კოცონზე წვავდნენ მწვალებლებს, მაკიაველის თვალსაზრისით, სამშობლოს გულისათვის ყველაფერი დასაშვებია: ის, რაც დანაშაულად ითვლება კერძო ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უზენაესი ქების ღირსია... ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაერქვა, და ის უწინდებურად შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. მისი ნება, მისი ინტერესები, აი, რა გახლდათ უზენაესი კანონი“.

***

სამშობლოს თავისუფლებისა და სახელმწიფოს აბსოლუტური უფლებამოსილების საკურთხეველზე, რომელიც თვითონვე აღმართა, მან უყოყმანოდ მიიტანა მსხვერპლად პიროვნების თავისუფლება და ადამიანის წმინდათაწმინდა უფლებები, რომელთ ნაცვლად მოქალაქეს მხოლდო მოვალეობანი დარჩა. ერთხელ პოლ ვალერიმ კლემანსოს მისამართით თქვა: „ის აღმერთებდა საფრანგეთს და ჭირის დღესავით სძულდა ყველა ფრანგი“. ამ ირონიული შენიშვნის თანახმად, კლემანსო შეიძლება მაკიაველის უშუალო მემკვიდრედ ჩაითვალოს.

***

„როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი უნდა შევიკავოთ იმაზე მსჯელობისაგან, სამართლიანია ესა და ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერია თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი; ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას“.

***

ფლორენციის რესპუბლიკის მეორე კანცლერს - ნიკოლო მაკიაველის სულ სხვაგვარად ესახებოდა მშობლიური ქალაქის მდგომარეობა:

„ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას, ანდა, თუ ვხედავთ, მხოლოდ მათ შორის, რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად. აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში. ფიცსა და აღთქმას მხოლოდ მანამდე ასრულებენ, სანამდის ამას მოითხოვს მათი ანგარება. დიახ, ფიცს მხოლოდ იმისთვის დებენ, რომ გატეხონ და დაარღვიონ: ის სხვა არა არის რა, თუ არა სხვისი მოტყუების საშუალება, და, რაც უფრო თვალთმაქცურადაა შენიღბული ეს ტყუილი, მით უფრო მეტ პატივს იმსახურებს ხალხის თვალში. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გახრწნილიყო, უკვე გაიხრწნა... კანონებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ ბოლო მოუღონ ამ საყოველთაო გახრწნილებას, ვინაიდან მათ რყვნის და ბღალავს ზნე-ჩვეულებების უკეთურება. აქედან იღებს დასაბამს სიხარბე, სწრაფვა არა ჭეშმარიტი დიდების, არამედ სამარცხვინო პატივის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ბადებს სიძულვილს, მტრობას, უთანხმოებას, შუღლს, სისხლისღვრას, დევნას, წამებას, სიკეთის დათრგუნვას და ბოროტების აღზევებას. საკუთარი სიქველის მოიმედე მოქალაქენი, უკეთურთა მსგავსად, გარს არ იკრებენ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც შეძლებდნენ მათ დაცვას და ამიტომაც ბოროტმოქმედებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. ყოველივე ეს აიძულებს ადამიანებს ამა თუ იმ პარტიას დაუკავშირონ თავიანთი ბედი. უკეთურნი ანგარებისა და პატივმოყვარეობის გამო ემხრობიან ამ პარტიებს, კეთილშობილნი კი - აუცილებლობის ძალით. მაგრამ უარესი მაინც ისაა, რომ ამ პარტიათა ბელადები და თავკაცები ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ნამდვილ მიზნებსა და მისწრაფებებს. და თუმცა ყველანი ჭეშმარიტი თავისუფლების მტრები არიან, მიუხედავად ამისა, სწორედ თავისუფლების დაცვის საბაბით, ძირს უთხრიან რესპუბლიკურ წყობილებას... ხოლო თუ გამარჯვებას მიაღწიეს, მათი ჯილდოა არა იმის შეგნება, რომ თავიანთი მცდელობით განამტკიცეს თავისუფლება, არამედ ბილწი სიხარულით ტკბობა: ისინი ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან იმით, რომ სძლიეს მტრებს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. და რაკი ხელისუფლების სათავეში მოექცევიან, არავითარი საშუალების წინაშე აღარ იხევენ უკან, რაგინდ სასტიკი, რაგინდ ამორალური და უსამართლოც არ უნდა იყოს იგი. აი, რატომაა, რომ გამარჯვებული პარტიის მიერ გამოცემული კანონები საყოველთაო სიკეთეს კი არ ისახავს მიზნად, არამედ ამ პარტიის ბელადების პირად გამორჩენას. აი, რატომ ომობენ და რატომ დებენ ხელშეკრულებებს: არა იმიტომ, რომ განადიდონ მამული, არამედ იმიტომ, რომ დააკმაყოფილონ მცირერიცხოვან თავკაცთა პატივმოყვარეობა“.

***

1512 წლის შემოდგომაზე პიეტრო სოდერნის მთავრობა დაემხო. ფლორენციაში მედიჩები დაბრუნდნენ. დაიწყო რესპუბლიკური წყობილების მომხრეთა დევნა და შევიწროება. მედიჩების მიერ დანიშნული ახალი სინიორიის 8, 10 და 17 ნოემბრის ბრძანებით მაკიაველი გადაყენებულ იქნა რესპუბლიკის კანცლერის პოსტიდან; დემოკრატიის ერთ-ერთი ლდიერი არაკეთილსასრუველ პიროვნებად გამოაცხადეს, უფლებები აჰყარეს და ფლორენციიდან გააძევეს. ამრიგად, კაცი, რომელიც პოლიტიკით ცოცხლობდა და სულდგმულობდა, პოლიტიკისაგან გარიყული აღმოჩნდა.

მაკიაველისთვის ეს იყო მძიმე სულიერი ტრავმა, მისი სანუკვარი მიზნების სრული და საბოლოო კრახი. ოჯახთან ერთად თავის მამულში, სან კაშანოში, დამკვიდრებულს სუნთქვა უჭირს და სული ეხუთება სოფლური ცხოვრების იდილიურ სიმყუდროვეში. 1514 წლის 10 ივლისს წერს: „დიდხანს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს, ეს უსაქმობა ბოლოს უღებს ჩემს არსებობას, და თუ ღმერთი წყალობის თვალით არ გადმომხედავს, ერთ მშვენიერ დღეს მივატოვებ ჩემს სახლ-კარს და აღმზრდელად ან მწერლად დავდგები რომელიმე დიდებულის ოჯახში“.

ამაოდ ევედრება იგი მეგობრებს უშუამდგომლონ მედიჩების წინაშე და თუნდაც სულ უმნიშვნელო თანამდებობა გამოითხოვონ მისთვის: „ბედნიერი ვიქნებოდი, თუკი მედიჩები ისარგებლებდნენ ჩემი სამსახურით და რაიმე დავალებას მომანდობდნენ ფლორენციაში ან ქალაქგარეთ“.

ამაოდ უძღვნის თავის სახელგანთქმულ „მთავარს“ ლორენცო მედიჩის, პიეროს ძეს და ქედმოდრეკილი შეწყნარებას სთხოვს მას: „...მიიღეთ, თქვენო უდიდებულესობავ, ეს მოკრძალებული ძღვენი იმავე გრძნობით, რომლითაც მე მას გწირავთ: თუკი ინებებთ და გულდასმით განიხილავთ, შიგ ჰპოვებთ ჩემს მხურვალე სურვილს - მიაღწიოთ იმ სიდიადეს, რასაც სვებედნიერება და ბევრი თქვენი სხვა სიკეთე გიქადით. და თუ თქვენი უდიდებულესობა თავისი სიმაღლის მწვერვალიდან ერთხელ მაინც გადმოავლებს თვალს ამ დაბლობებს, დარწმუნდება, რაოდენ დაუმსახურებლად ვითმენ ბედისწერის სისასტიკესა და დაუსრულებელ უკუღმართობას“.

***

დიპლომატიურ ასპარეზზე თხუთმეტი წლის მოღვაწეობამ ტყუილად როდი გამობრძმედა მისი ნება, შესაშური მოქნილობა მიანიჭა მის ფსიქიკას და დახვეწა თვით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის უნარი: მალე ამ მარტოსულს ისე აუტანელი აღარ ეჩვენებოდა თავისი მარტოობა, თანდათანობით ეჩვევა განდევნილის ცხოვრებას და, ასე განსაჯეთ, ტკბება კიდეც კურთხეული მოცალეობით. კაცი, რომელიც პირადად ესაუბრებოდა მეფეებსა და იმპერატორებს, კარდინალებსა და პაპებს, ახლა სოფლის მედუქნესა და ყასაბთან ბანქოს თამაშით იქცევს თავს. ბედის ირონიას ის მახვილგონივრულად პასუხობს თავისი შემპარავი იუმორით:

„...დილაადრიანად ვდგები და მივდივარ ტყეში, რათა დავხედო შეშისმჭრელებს, რომლებიც ჩემს ტყესა ჭრიან; იქიდან ნაკადულისაკენ მივეშურები, ნაკადულიდან კი - ჩიტების მახისაკენ. ჯიბეში წიგნი მიდევს: ეს ან დანტეა და პეტრარკა, ან ტიბულუსი და ოვიდუსი. მე ვკითხულობ მათ სასიყვარულო ინტრიგებსა და თავგადასავლებს, ვიგონებ ჩემსას და ერთხანს ამ ფიქრებით ვტკბები. შემდეგ შევდივარ გზის პირას მდგარ დუქანში, ვესაუბრები გამვლელ-გამოვლელს, ვგებულობ ქვეყნის ამბებს, ყურს ვუგდებ ხალხის ყბედობას და მიეთ-მოეთს. ამასობაში სადილობაც მოატანს და ჩემს ოჯახთან ერთად ღარიბულ სუფრას ვუჯდები... სადილის შემდეგ კვლავ მივდივარ დუქანში, სადაც, ჩვეულებისამებრ, უკვე სხედან მედუქნე, ყასაბი, მეწისქვილე და ორი მეფუნთუშე. მათთან ერთად ბანქოს თამაშში ვატარებ დანარჩენ დროს; თამაშისას ხშირად მოგვდის ჩხუბი, ვაგინებთ და ვლანძღავთ ერთმანეთს, გამწარებით ვიბრძვით თითოეული კუატრინოსთვის და ისე ვღრიალებთ, რომ ჩვენი ხმა თვით სან კაშანომდე აღწევს... მე ვინთქმები ამ პლებეურ გარემოში, ხავსისგან ვიწმენდ ტვინს და გასაქანს ვაძლევ ჩემს ბოროტ სვეს: დაე, გამქელოს, მე კი ვუყურებ, შერცხვება თუ არა ამ ურცხვს“...

შეიძლება ითქვას, რომ ფლორენციის ყოფილი კანცლერი უფრო მხიარულად ატარებს დროს თავის სან კაშანოში, ვიდრე დიდი კორსიკელი (ზუსტად სამასი წლის შემდეგ) - წმიდა ელენეს კუნძულზე.

ასე იწურება უფლის მიერ ბოძებული კიდევ ერთი დღე - უაზროდ და უშინაარსოდ, სავსე ისეთივე უმნიშვნელო და უბადრუკი მოვლენებით, როგორც თავის ამფსონებთან ბანქოს თამაშში მოგებული ან წაგებული ხურდა ფული. მაგრამ ბინდდება. ღამის ფარდა ჩუმი შრიალით ეშვება ციდან, რათა დაამთავროს ცხოვრების მარადიული სპექტაკლის კიდევ ერთი აქტი - მთელი დღის ტრაგიკომიკური ბუფონადა. ახლაღა რჩება ის მარტო საკუთარ თავთან, ახლაღა იწყება სულის სიცოცხლე:

„შებინდებისას შინ ვბრუნდები და ჩემი სამუშაო ოთახისკენ მივდივარ. ზღურბლზევე ვიხდი გატალახიანებულსა და მტვერში ამოგანგლულ ჩემს გლეხურ სამოსს და სამეფო და სასალუქო სამოსით ვიმოსები. ასე მორთულ-მოკაზმული შევდივარ წარსული დროის ბრძენკაცთა საკრებულოში. ისინი ალერსით მიღებენ, და, აი, ვტკბები საზრდოთი, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა გამზადებული. აქ მე სირცხვილის გარეშე ვესაუბრები მათ, ვეკითხები მათი ქცევის მიზეზს, და ისინიც მოწყალედ მაძლევენ პასუხს. ოთხი საათის განმავლობაში მე არ ვიცი, რა არის დაღლილობა და მოწყენილობა. მე მავიწყდება ყოველგვარი გასაჭირი, აღარ მაშინებს სიღარიბე, არ ვუფრთხი სიკვდილს და მთლი არსებით ვინთქმები ამ გარდასულ სამყაროში“.

ტოსკანური ღამის სიმშვიდესა და სიმყუდროვეში, თავის სამუშაო მაგიდაზე თავდახრილი ეს მარტოსული, როგორც სპირიტისტულ სეანსზე, წარსულის მრუმე წიაღის სიღრმიდან სასაუბროდ იწვევს ძვირფას აჩრდილებს, კაცობრიობის სულიერი ცხოვრების მარადიულ თანამგზავრებს, და ადამიანების ყოფნა-არყოფნის, მათი ამქვეყნიური ხვედრისა და დანიშნულების, ხალხებისა და სახელმწიფოების ბედ-იღბლის შესახებ ებაასება მათ.

***

მაკიაველის სტიქია ლოცვა კი არ არის, არამედ ბრძოლა - ყველაზე სასტიკი, ყველაზე ულმობელი, ჭეშმარიტად საღმრთო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - ყველაზე სასტიკი, ყველაზე ულმობელი, ჭეშმარიტად საღმრთო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სამშობლოს თვითმყოფობისა და თავისუფლებისათვის, რომლის მოგებაც მოითხოვს არა მარტო თანამედროვეობის მთელი ფიზიკური თუ სულიერი ძალების მობილიზებას, არამედ მრავალსაუკუნოვანი წარსულის უმდიდრესი გამოცდილების გათვალისწინებასაც.

***

მაკიაველის წუხილი თავისი თანამედროვეების ანტიისტორიული ტენდენციის გამო:

„მე არ შემიძლია არ მიკვირდეს და არ ვწუხდე, როდესაც ვხედავ, რა დიდი პატივისცემით სარგებლობს წარსული და რაოდენ ხშირად (ბევრ სხვა მაგალითზე რომ აღარა ვთქვა რა) მამასისხლად იძენენ ძველ ქანდაკებათა ნამსხვრევებს, რათა გული იჯერონ მათი ფლობით, სახლები შეამკონ და მათი მიბაძვის საშუალება მისცენ ხელოვანთ, რომელნიც თავდაუზოგავად ცდილობენ თავიანთ ქმნილებებში გამოიყენონ ისინი, ხოლო, მეორე მხრივ, როცა ვრწმუნდები, რომ დიადი საგმირო საქმენი, ჩადენილნი, როგორც გვიმოწმებს ისტორია, ძველი სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების მეფეების, ბელადების, მოქალაქეების, კანონმდებლებისა და სამშობლოსათვის თავდადებულ სხვა პირთა მიერ, - უმალ განცვიფრებას იწვევენ, ვიდრე მიბაძვის სურვილს; მეტიც, ყველა გაურბის და თავს არიდებს მათ, ვინაიდან ძველი სიქველის ნიშანწყალიც აღარსად დარჩა. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ მოქალაქეთა შორის ატეხილი დავიდარაბისა თუ ცილობის, ისევე როგორც ავადმყოფობის დროს, ყველა მიმართავს წინაპართა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ სამკურნალო საშუალებებს, ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკების წყობილებას, სახელმწიფოს მართვასა და მისი თვითმყოფობის შენარჩუნებას, ლაშქრის წვრთნასა თუ საომარ ხელოვნებას, ქვეშევრდომთა განკითხვას თუ გასამართლებას და სახელმწიფო ძალაუფლების განმტკიცების სხვადსხვა საშუალებას - არ არსებობს არც სამთავრო, არც რესპუბლიკა, არც წინამძღოლი, არც მოქალაქე, რაიმე ანგარიშს რომ უწევდეს წინაპართა მაგალითს. ჩემი აზრით, ამის მიზეზია არა იმდენად საყოველთაო სიძაბუნე, გამოწვეული აღზრდის ახლანდელი სისტემით, ანდა ის ზიანი, რაც პატივმოყვარულმა მცონარობამ მიაყენა არაერთ ქრისტიანულ სახელმწიფოსა თუ ქალაქს, რამდენადაც ის, რომ დაიკარგა ისტორიის ჭეშმარიტი გაგება და აღარავის შესწევს იმის უნარი, რომ მისი კითხვისას გაიცნობიეროს ისტორიული მოვლენების აზრი და სული. ამის გამოა, რომ მკითხველთა უმრავლესობას სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევების მრავალფეროვნება, რომლებზედაც მოგვითხრობს ისტორია და არავინ არ ფიქრობს მიბაძოს მათ, ვინაიდან მიბაძვას არა მარტო ძნელ საქმედ, არამედ, საერთოდ, შეუძლებლად თვლიან, თითქოს მთლიანად შეცვლილიყოს ადამიანების, ცის, მზისა თუ სტიქიონების მოძრაობა, ბუნება თუ ძალმოსილება, თითქოს ისინი სულ სხვაგვარნი გამხდარიყვნენ“.

***

„რაც იყო, იგივე არის, და რაც არის, იგივე იქნება მარად“ - კაცთა მოდგმის მთელი ისტორია ამ იგივეობის ნიშნითაა აღბეჭდილი. იცვლება ცხოვრება, იცვლებიან თაობები, იცვლება საზოგადოებრივი ფორმაციები, უცვლელი რჩება მხოლოდ ისტორიული პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა - ადამიანი, მისი ბუნება, მისი ვნებები, მიზნები, მისწრაფებები... „ადამიანები, - ამბობს მაკიაველი, - ერთი და იმავე კანონების თანახმად იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან... ვინც დაუკვირდება წარსულსა თუ აწინდელ მოვლენებს, ადვილად შეამჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოში, ყველა ხალხში მბრძანებლობენ და მბრძანებლობდნენ ერთი და იგივე სურვილები და მისწრაფებები“. ამიტომ, - განაგრზობს იგი, - „ყველაფერი ერთიანად ხდება და ამქვეყნად ყველგან და ყოველთვის იმდენივე იყო სიკეთე, რამდენიც ბოროტება, მხოლოდ ეგაა, რომ ეს სიკეთე და ბოროტება სხვადასხვაგვარად ნაწილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში“.

***

მაკიაველის პოლიტიკური მრწამსი უცვლელია და ურყევი: „რამდენადაც რესპუბლიკებისა თუ სახელმწიფოების დამაარსებელნი იმსახურებდნენ ქება-დიდებას, იმდენადვე გმობის ღირსნი არიან ტირანიების დამფუძნებელნი“.

***

მაკიაველისთვის სრულიად მიუღებელია წარსულისა თუ მისი თანამედროვე არა ერთი და ორი მოაზრნოვნისათვის ნიშნეული უტოპიური იდეალიზმი:

„ახლა კი ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მთავარი... და რაკი ვიცი, რომ ჩემამდეც ბევრს უწერია ამ საკითხზე, ვშიშობ, თავხედობაში არ ჩამომართვან, თუკი თვითონაც ვეცდები დავწერო რამე. მით უმეტეს, რომ სწორედ ამ საკითხის განხილვისას ვემიჯნები ყველაზე მკვეთრად სხვების თვალსაზრისს.

მაგრამ, რაკი ჩემი განზრახვა გახლდათ, რაღაც სასარგებლო მიმეცა მისთვის, ვინც ისურვებდა ჩასწვდომოდა ზემოაღნიშნული საკითხის არსს, ამიტომ უფრო მართებულად მივიჩნიე წარმომეჩინა საგნის ნამდვილი ბუნება და არა ის მოჩვენებითი გარსი, რომლითაც მას მოსავენ სხვები. ბევრს შეუქმნია თავისი წარმოსახვით რესპუბლიკები თუ სამთავროები, რომლებიც არავის უხილავს და არც ის სმენია, რომ ისინი მართლაც არსებობენ სინამდვილეში, მაგრამ ერტია, როგორ ცხოვრობენ და მეორე ის, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ კაცნი, და მათ შორის იმხელა სხვაობაა, რომ ვინც იმის გულისთვის, რაც უნდა მომხდარიყო, ივიწყებს იმას, რაც ახლა ხდება, უმალ თავის დამხობას უწყობს ხელს, ვიდრე თავისსავე დღეგრძელობას. ამიტომ მთავარს, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს, უთუოდ უნდა ჰქონდეს იმის უნარი, რომ დროდადრო ივიწყებდეს სიკეთეს და, გარემოებებისდა მიხედვით, იყენებდეს ან არ იყენებდეს ამ უნარს“...

მაკიაველიზმის სწორედ ამ ასპექტს გულისხმობდა ფრენსის ბეკონი, როდესაც წერდა:

„ჩვენ მადლობელნი უნდა ვიყოთ მაკიაველის და სხვა მისნაირი მწერლებისა, რომლებიც აშკარად და შეუფარავად გვიხატავდნენ იმას, თუ როგორ იქცევიან კაცნი, და არა იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი“.

***

რაკიღა დაუშვებელია ჩვენი თავისუფალი ნების უგულებელყოფა, მე მზადა ვარ ჭეშმარიტებად ვაღიარო იმის შესაძლებლობა, რომ ბედისწერა განაპირობებს ჩვენში მოქმედების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ჩვენვე გვანდობს.


გამომცემლობა "ლითერასი"