პოლ ვალერი - დიქტატურის კონცეფცია

დიქტატურის პოლ ვალერისეული კონცეფციის თანახმადაც, აბსოლუტური ერთმმართველობის მოთხოვნილება, მაკიაველისა არ იყოს, სწორედ ერის ცხოვრების კრიზისულ მომენტში იჩენს ხოლმე თავს, როცა ათასგვარი სიმპტომი უტყუარად მოწმობს, რომ სახელმწიფო მექანიზმი სრულიად უვარგისი და უმაქნისი ხდება; როცა თანდათანობით მძაფრდება უმწეობისა და გარდუვალი აღსასრულსი შეგრძნება, და როცა ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც დასაღუპად განწირული ხომალდის მგზავრი:

„სწორედ ამ დროს გარდაუვალად ყალიბდება სულებში იდეა იმის საპირისპიროსი, რაც არის: - დაბნეულობის, არეულ-დარეულობის, საყოველთაო ყოყმანის მაკომპენსირებელი იდეა... როგორც შიმშილი იწვევს ნუგბარი ხორაგით დაზვინული ხონჩების წარმოდგენას, ხოლო წყურვილი - სანუკვარი სასმელებისას, ასევე კრიზისის, წინასწარ საგრძნობი საფრთხის მტანჯველი მოლოდინი ბადებს იმის მოთხოვნილებას, რომ ბოლოს და ბოლოს, იხილო ძალაუფლების მოქმედება, ჩასწვდე ამ მოქმედების შედეგთა არსს, - და უმრავლესობის სულში აყალიბებს ძლევამოსილი, სწრაფი, გადამჭრელი, ყოველგვარი დაბრკოლებისა თუ პირობითობის, ყოველგვარი პასიური წინააღმდეგობისაგან თავისუფალი ქმედითობის ხატებას. ეს ქმედითობა შეიძლება მიეწერებოდეს ერთს და მხოლოდ ერთს. მხოლოდ ერთ თავში შეიძლება აღიძრას ცნებების საქმედ ქცევის, უსრულქმნილესი კოორდინაციის წმინდა ხილვა. არის მსჯელობის ფაქტორთა გარკვეული ერთობლიობა და ორმხრივობა, ერთგვარი მძლეთა-მძლე ძალა იმ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებში, რაც მიუღწეველი და მიუწვდომელია მოთათბირე სიმრავლისათვის.

ამრიგად, როცა დიქტატურა მყარდება, როცა ერთადერთი ხელში იღებს ძალაუფლებას, საზოგადოებრივი საქმეების მთელ მსვლელობას კონკრეტული, მიზანსწრაფული ნებელობა განაპირობებს და მართვა-გამგებლობის ყველა აქტი ერთი გარკვეული პიროვნების სტილით აღიბეჭდება...

დიქტატორი, ბოლოს და ბოლოს, მოქმედებათა მთელი სირთულის ერთადერთი მფლობელი ხდება. ის ისრუტავს და ითვისებს ყოველგვარ ფასეულობას, საკუთარ თვალსაზრისამდე დაჰყავს ყველა თვალსაზრისი. სხვა პიროვნებებს ის თავისი აზრის იარაღად აქცევს, აზრისა, რომელიც, მისი წარმოდგენით,ყველაზე სწორ და ყველაზე გამჭრიახ აზრად მიაჩნია ხალხს, რაკიღა ის ყველაზე თამამი და ყველაზე ბედნიერი აზრი აღმოჩნდა საყოველთაო მღელვარებისა და დაბნეულობის დროს. მან დაამხო უმწეო და მიხრწნილი ხელისუფლება, განდევნა უღირსი და უუნარო ხალხი და მათ თან მიაყოლა კანონები და ჩვეულებები, რომლებიც იწვევდა უთავბოლობას, სიზანტეს, უსარგებლო პრობლემებს, ასუსტებდნენ სახელმწიფო ზამბარებს. განდევინილთა შორისაა თავისუფლებაც...“

პოლ ვალერი, დიქტატურისათვის, ფრანგულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ, „ცისკარი“, 1979წ.