ჯორჯ რ.რ. მარტინი Game of Thrones-ის შესახებ: არ ელოდოთ ბედნიერ დასასრულს

ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერიის - „ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერის ავტორის, ჯორჯ მარტინის განცხადებით, მკითხველები და სერიალ „სატახტოთა თამაშების“ მოყვარულები სერიის მეექვსე წიგნით - „ზამთრის ქარებით“ შესაძლოა უკმაყოფილონი დარჩნენ.

„ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერის მეექვსე ნაწილის - „ზამთრის ქარების“ დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ავტორს არც იმის თქმა შეუძლია, როდის დაასრულებს წიგნის წერას. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, HBO „სატახტოთა თამაშების“ მეშვიდე სეზონის გაშვებას წიგნის მაღაზიაში გამოჩენამდე გეგმავს.

„წიგნში, რომელსაც ვწერ, ამ დროისთვის არაერთი ბნელი თავია. მას „ზამთრის ქარები“ ჰქვია. 20 წლის განმავლობაში გაფრთხილებდით, რომ „ზამთარი მოდის“. ზამთარი - ეს ხომ ის დროა, როდესაც სიკვდილი, სიცივე, ყინული და სიბნელე ავსებს სამყაროს, ასე, რომ, „ზამთრის ქარები“ არ იქნება ისეთი „ბედნიერი“, როგორსაც ელიან. ზოგიერთი პერსონაჟი ძალიან ბნელ ადგილას აღმოჩნდება.

კლასიკური სტრუქტურის ნებისმიერ ნაწარმოებში, იქამდე, სანამ ყველაფერი კარგად იქნება, მოვლენები უარესდება...", - განაცხადა მარტინმა.

არსებობდა მოსაზრებაც, რომ ამ სერიის მეშვიდე წიგნი - „გაზაფხულის სიზმრები“ „ზამთრის ქარებთან“ ერთად გამოვიდოდა, თუმცა თავად ავტორი ამ ვერსიას უარყოფს.
მისივე თქმით, „ყინულისა და ცეცხლის“ სიმღერის დასასრული შესაძლოა სულაც არ იყოს ისეთი, როგორსაც ელიან.

წყარო - The Telegraph