ამადეო მოდილიანის სახიფათო სიყვარული

1915-1916 წლებში მონპარნასის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით საკმაოდ უცნაურ წყვილს. ქალი - მაღალი, ტანადი, მოწითალო ქერათმიანი, გენსბორის პორტრეტების სტილში, ელეგანტურად ჩაცმული, მაგრამ ყოველთვის თვალში საცემი უცნაურობით. ხან რაღაც წარმოუდგენლად გამომწვევი შლაპა ახურავს, ხან კი ჩანთის მაგიერ მკლავზე გადაკიდებულ კალათას მოაქანავებს, რომელშიც ცოცხალი იხვი უზის.

მოდილიანი - უფრო ახალგაზრდაა, უფრო დაბალი, შავგვრემანი, ტანთ ძველი კოსტუმი აცვია - მხოლოდ რომელიმე ძველი ნაცნობი თუ მიხვდებოდა, რომ ეს მისი „დიდებული“ ვერცხლისფერი კოსტუმი იყო.

ამადეოს თანამგზავრი გახლდათ პარიზში ახლახან ჩამოსული ინგლისელი პოეტი ქალი და ჟურნალისტი ბეატრისა ჰესტინგსი. რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთს გააცნო ერთგულმა და უცვლელმა „საყოველთაო მაჭანკალმა“ მაქს ჟაკობმა. ბეატრისა მოდილიანის ახალი სახელოსნოს მახლობლად ცხოვრობდა, ნორვენის ქუჩაზე, პატარა სახლში, რომელიც მან მყუდროდ მოწყობილ სტუდიად გადააქცია.

[...]

ერთნი ამბობდნენ, რომ მას შესწევდა უნარი, გავლენა მოეხდინა მოდილიანის შემოქმედებაზე, ყოველ შემთხვევაში, შეეძლო შეეკავებინა ლოთობისაგან. მეორენი თითქმის ბოროტ დემონად ხატავდნენ მას, დემონად, რომელიც აწამებდა და ბორკავდა მოდილიანის. გრინდიას მოჰყავს ნაწყვეტები მაქს ჟაკობის წერილებიდან:

„მე აღმოვაჩინე აქ ერთი ინგლისელი პოეტი ქალი, რომელიც ყოველ საღამოს ვისკით თვრება (ამას იგი აპოლინერს წერს). 

მეორე, უფრო გვიანდელ წერილში, იგი იხსენებს მოდილიანის, რომელიც მაშინ „ერთ მდიდარ ინგლისელ ქალთან ცხოვრობდა. ეს ქალი ხელს არ უშლიდა მოდილიანის, მომკვდარიყო შიმშილისაგან, მაგრამ სირცხვილით იწვოდა, როცა მის ჭუჭყიან ფეხსაცმელებს უყურებდა. როცა ქალი უარს ეუბნებოდა კარის გაღებაზე, მოდილიანი უმტვრევდა ფანჯრის მინებს, ნაფოტებად აქცევდა დარაბებს და, თუ როგორმე მოახერხებდა მის პატარა სახლში შეწრას, იწყებოდა სცენები რევოლვერებითა და ცარიელი რომის ბოთლებით“.

ამადეო მოდილიანი - ბეატრისა ჰესტინგსი, 1915წ.
ასეთი რამ რომ მართლაც ხდებოდა, ამას ადასტურებს თვით ბეატრისას ცალკეული ჩანაწერებიც, რომლებიც შემონახულია მის არქივში:

„დედო ჩვეულებრივ მთვრალი მოდიოდა და ამტვრევდა მინებს, ცდილობდა სახლში შემოჭრას. ამ დროს, თუ მე თვითონაც მთვრალი ვიყავი, იწყებოდა საშინელი სცენა, მაგრამ ჩვეულებრივ, იგი მაშინ მოდიოდა, როცა მე ვწერდი და მისი ზარი ნამდვილი უბედურება იყო ჩემთვის. როცა დედოს მაქსი დახვდებოდა ჩემთან, კიდევ შეიძლებოდა იმედი გქონოდა, რომ ჩვენს შორის მშვიდობიანი საუბარი გაიმართებოდა და უჩხუბრად წავიდოდა თავის სახელოსნოში, რომელიც იქვე ახლოს იყო. მაგრამ ყოველივე ამის იოლად გადატანა მე უკვე აღარ შემეძლო. ჩემი ჯანმრთელობა შერყეული იყო. სულ ვშიშობდი, რომ ეს ასირიელი შემომიტვრევდა დაკეტილ კარს. ამიტომაც მძულდა ეს თავდასხმები და სულ უფრო და უფრო მძიმედ განვიცდიდი. ერთხელ ნამდვილი ბრძოლა ატყდა ჩვენს შორის, ერთმანეთს დავდევდით მთელ სახლში, ზევით და ქვევით, კიბეებზე. მისი იარაღი იყო ყვავილებს ქოთანი, ჩემი კი გრძელტარიანი ცოცხი. შემდეგ მან დალეწა გარეთა დარაბები, რითაც უშუალოდ შეეხო სახლის პატრონის ინტერსებს, რომელიც რამდენიმე ღამე თავის საკუთრების დასაცავად იდგა და ამდენად ჩემს სიმშვიდესაც დარაჯობდა.

რა ბედნიერი ვიყავი მაშინ იმ პატარა სახლში, მონმარტრზე“.

ბეატრისას გაფანტულ წერილებს შორის ვხვდებით ასეთ ჩანაწერებსაც:

ამადეო მოდილიანი - ბეატრისა ჰესტინგსი, 1915წ.
„მოდილიანი ეჭვიანობდა ჩემზე, თვითონაც არ იცოდა ზუსტად, რატომ, სანამ სულ არ მივატოვე. ახლა, ყოველ შემთხვევაში, მისთვის გასაგებია, რომ შემიძლია მისი მიტოვება, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი, რისთვის ჩავიდინე ეს მას შემდეგ, როცა ასე შორს შევიჭერი...“

რომანი ბეატრისასთან ორ წელს გაგრძელდა. 1916 წელს ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. მოდილიანი ისევ მონპარნასზე დაბრუნდა.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.