Tuesday, January 17, 2017

იოსებ გრიშაშვილი - ქალაქური ლექსიკონი


ადაბაზი - ეშმაკი კაცი.

***

ავადრასტე - ვცემე, სილა გავაწანი, გავასილაქე, წარმოებული რუსულიდან: „зрасти“.

***

ავარა - 1. თავზე ხელაღებული. იხ. „პაჟარნი“, დაღლარა, ხულიგანი, საიდან წარმოსდგება ეს სიტყვა? მე ჯერ მეგონა, რომ ავარა წარმოსდგებოდა დაღესტნის სოფლის სახელწოდებიდან. ეს უარვყავი ჩემს შავად დაწერილ რვეულში. მე მეგონა, ავარა წარმოსდგება იავარა-დან. როგორც იავარქმნილი აკლებულ-გაოხრებულს ნიშნავს, ისევე ავარა ხალხი გაოხრებული ხალხია. 2. პაცანი. 3. იავარი-იქმნა, გაოხრდა, ავარა-გაოხრებული თუ ქალაქ ავარი-დან? 4. საკუთრივ „მოხეტიალე“. 5. ქუჩის ბიჭი, ხულიგანი. 6. მოხეტიალე, მატანტალა (მაწანწალა).

ავარობა - უსაქმურობა. ავარა-გაქსუებული. „გალავინცკზე წვიმა მოდის, ნახალოვკა მშრალია, გოგო, ჩემი ავარობა ეს სულ შენი ბრალია“ (ქალაქ. ფოლკ.)

***

ათადან-ბაბადან - 1. უხსოვარ დროიდან (თურქულია: ათა-მამა, ბაბა-პაპა, ბაბუა). ამ სიტყვამ ლიტერატურულად მოქალაქეობა მოიპოვა.

***

აირანი - 1. მუსლიმანების საყვარელი სასმელია სიცხის დროს, შედგება წყალგარეული მაწვნისაგან. 2. შეთხელებული მაწონი დოსავით.

***

ალერსი - საცვალი; „პერანგის ალერსი“ - პერანგის ამხანაგი.

***

ალიყული - 1. მაგარი და მადიანი ლაწანი. (სილა) ყურის ძირში. ალიყული სპარსულად ყოფილა აკვნის ჟღარუნას მასალა; ამ ჟღარუნას, რომ თვალი არ ეცეთ ბავშვებს, ჰკიდავენ აკვანზე. ამბობენ: დაჩუმდი, თორემ ალიყულს გაგაწნავო, ე.ი. ისეთ მძლავრ სილას, რომ ყურებში აკვნის ჟღარუნისავით ჟღერა დაგეწყოსო. 2. სილა, სილაქი, ლაწანი, შნოიანად გარტყმული დიდი სილა. „ალიყული გავარტყი“, ე.ი. გაულაწუნე. 3. სილა ყბაში. 4. ყურის ძირში გაწნული სილა.

***

ანტიკა - 1. ანტიური. 2. იშვიათი, მზეთუნახავი, კარგი რამე.

***

არაქათი - 1. არაბული სიტყვაა (საზოგადოდ სიტყვა, რომელიც ათი-თ ბოლოვდება, არაბულია) და სახელწოდებაა იმ მთის და ხეობისა, რომელიც მდებარეობს მექას აღმოსავლეთის მხარეში. მექაში მიმავალი მლოცველები ამ ადგილას, ადათის მიხედვით, შეისვენებენ და ხმამაღლა კითხულობენ ყურანს. 2. ღონე, ძალა, ჰოვსილა.

***

არიფი - 1. მეგობარი, ტოლი, მოზიარე, თანამზრახველი; 2. მიამიტი, ხამი, ადვილად მოსატყუებელი, მიმნდობი. არაბულად ჰარიფი ხელოსანს ნიშნავს.

***

აფარანგი - წითელი მტრედი თეთრ წინწკლებშეყრილი.

***

აღბაში - თავთეთრა მტრედი, წითელნარევი.

***

აღრანი - ცისფერი მტრედი.

***

აღხურული - მტრედის სახელია, მთლად შავი, მხოლოდ ბოლოთეთრა.

***

აჯიღოსანი - თეთრჩადრიანი მანდილოსანი; „ივერიაში“ ქართველი მანდილოსნების მიერ ხმარებული ჩადრი ასეა აღწერილი: ფართო, სრული იმდენად, რომ მთლად მანდილოსანი დაჰფაროს. ოთხკუთხი. ორთავ მხარეს სარტყელში ჩაიკეცამდნენ, თავს წამოიხურამდნენ ისე, რომ თვალებიღა გამოჰჩენოდა. ფეხებს ჰფარავდა. ჩადრი - იგივე აჯიღა. აჯიღოსანი - ჩადრით მოსილი.

***


ბაბაჭუა - 1. ობობა. მეტი სახელი იყო ტფილისელი მოჭიდავესი. 2. მიწის ერთგვარი მატლია. მახინჯ კაცზედაც ამბობენ: რა ბაბაჭუა ვინმეაო. ბაბაჭუა მეტსახელად ერქვა ერთ ცნობილ მიკიტანს.

***

ბაღჩა-ქინძისთავი - თვლებით შემკული შუბლის ქინძისთავი; ჩიხტში გასამაგრებელი დიდი თვალი, ირგვლივ წვრილი ქვებითაა „ჩაქვავებული“. არის აგრეთვე: „ბაღჩა ბეჭედი“, „ბაღჩა საყურე“ და სხვა.

***

ბერიკა - ნიღაბი.

***


გვარდუცი - საფლავის ლოდი. მინახავს წმ. მარინეს (ფორაქიშვილების) სასაფლაოზე ქვა, რომელსაც აწერია: „ამა გვარდუცსა ქვეშა მდებარე“ და სხვ.

***

გვირაბი - საქონელი რომ ძალზე გაძღება გვირაბს უწოდებენ. ტფილისელები მოსქო დედაკაცზეც ამბობენ: მეეცა, ხედამ როგორ გვირაბივით მოდისო. გვირაბი - არის აგრეთვე გამონაკვეთი კლდე.

***

გულზე ქონი მოიკრა - კაცი რომ გამდიდრდება და გამედიდურდება იმაზეა ნათქვამი.

***


დავთითე - თითი გავუკეთე (ოყნა).
***

დროშა - მსუქანი, ფაშფაშა. ამბობენ: ო, ფაშა-დროშაჯან! მოდი ერთი, გენაცვალე მაგ სულის კოლოფში, ერთი კახური ჩავაჩუხჩუხოთ მოუკუპრავ ტიკჭორაშიო. მოსქო კაცს მეტ სახელად დროშას არქმევენ.

***


ვა! - გამომსახველია ადამიანის სხვადასხვა განცდების - დარდის, განცვიფრების, უკმაყოფილების, გაჯავრების, სიხარულის.

***

ვარდფანჯი - ყვავილოვანი ჩუქურთმა, ხეზე ან ნაქსოვზე; საკუთრივ: ხუთი ვარდი.

***

ვენეტიი - ვენეცია.

***

ვერტუ - ამ სიტყვას კრივის დროს ხმარობენ: ვერტუ! - მოვიდეს! ან კიდევ: „განი-განი“ და სხვა.

***

ვირის აბანო - ნაობახტი, საპატიმრო.

***


ზარაფხანა - საფლურე. ფულის დასახურდავებელი ადგილი ან Монетныи двор.

***

ზეხმელი - მოუჭრელი ხმელი ხე.

***

ზირზა - ალაყაფის კარებზე ჩამოკიდებული რკინის პატარა და მოგრძო ნაჭერი, რომელიც იხმარება კარზე დასარახუნებლად.

***


თაბახი ქაღალდი - ათი გვერდი ქაღალდი. არზისთვის ქაღალდს თაბახის ქაღალდს უწოდებენ.

***

თაგუნა - ერთგვარი ნაცრისფერი მტრედის სახელია.

***

თავბულბულა - თავცარიელი, ქარაფშუტა, ბულბულა არის ერთგვარი ყვავილის სახელი.

***

თასაკი - 1. კინტოებისთვის თაბახი დასადები დარგვალებული ტილო. ალბათ წარმოსდგება ფესიდან, ფესი - თასის მსგავსი. ჰგავს თავსაკრავს. 2. დახვეული ფეშტამალი ან ტილო, რომელსაც კინტოები ხმარობენ თავზე თაბახქვეშ.

***

თაშახოში - კეკლუცობა, თავმომწონეობა. ამბობენ: ვა! ვა! ერთი ამას შეხედე რა თაშახოშით მოდისო.

***

თიახფარუხი - 1. ბავშვის დასაძინებელი წამალი თრიაქიდან წარმოებული. 2. ანჩხლი ბავშვის დასაწყნარებელი წამალი. ეკ. გაბაშვილი ასე განმარტავს: „თიახფარუხი სპარსეთში მომზადებული ხაშხაშია, ბანგივით ათრობს და მტირალ ბავშვებს იმითი აჩუმებენ უმეცარი მშობლები და ბევრჯერ სამუდამოდ ამახინჯებენ ბავშვებს“. 3. წამალია ერთგვარი, მუცლის ტკივილისა და უფრო კი ანჩხლი ბავშვების დასაძინებელი. თრიაქი.

***

თომი - ბალახია, რომელსაც გამხმარს თუ ფეხებზე შემოიწყობთ და მერე წინდას ჩაიცვამ - ღუმელივით გექნება მთელი ტანი (სვანეთშიც მოდის).

***


იალღუზი - ხალასი ოქრო, შეურეველი, უბეჭდო (უპრობო) პრობ-სინჯი. ბაჯაღლოზე თავანკარა. ამაზედ მაღალი ოქრო არ შეიძლებაო - ამიხსნეს ოქრომჭედლებმა.

***

იშხანი - ხალიანი თევზია ერთგვარი.


***


ვანო ხოჯაბეგოვი - კრივი
***

კრივი - ნიშნავს მუშტებით ბრძოლას. სომხურადაც მუშტით ბრძოლას „კრივს“ უწოდებენ. თურქულად კრივს „დოგუში“ ჰქვიან. კრივობდნენ რომაელებიც, ბერძნებიც, ინგლისელებიც და რუსებიც, სადაც ძველი კრივი Бокс-ის სახელწოდებით იყო გავრცელებული.

***

კუბოკრული - საბანი სხვადასხვა ნაჭრებიდან რომ შეკერილია.

***

კუმური მტრედი - კაი ჯიშის მტრედი. იშვიათი თეთრ-ლურჯა. კუმური ლეღვი.

***


ლაბიარი - ანუ ლაბიერი. „მერე მოკრივენი რომ გახურდებოდნენ, შეურევდნენ ქვასა და ბაზრების ლაბიარები ერთ წამზე გაჰქრებოდა“. ლაბიერი - 1. ბანის გარშემო შემოვლებული აგური. დაბალი გალავანი. 2. კოჭების თავზე შემოვლებული აგურის ანუ ქართული ბანის გარშემო აშენებული აგურის კედელი. 3. აბანოს ირგვლივ გავლებული აგური. 4. ბანის კედლები აგურებშემოვლებული. იხ. „ავლაბარი“.

***

ლავიწი - ძვალი მხარის თავთან, კისრის შესართავთან. ყელთან რომელიღაც ძვალია. ერთი ლავიწში მაკოცნინეო - გამიგონია.

***

ლაიჯი ქვაბი - ლაიჯი სპარსელების ერთი ტომია, რომელნიც სცხოვრობენ შემახიის ახლოს. ძველად სპილენძი ლაიჯებს მოჰქონდათ და ძალიან კარგი სპილენძიც იყო. ეხლაც ქვაბი თუ მთლიანია და არა ძირმოკერებული - ლაიჯის ქვაბს უწოდებენ.

***

ლაფიტოპია - სახელია უშნოდ მოსიარულე კაცისა. მთიულეთში ბატს უწოდებენ.

***

ლეჰენ(მ)ჩი - თუნუქების შემაკავშირებელი, მეთუნუქე.

***

ლილიფარა - მზესუმზირა. ეს მცენარე ყველა ერში ერთი მნიშვნელობით იხმარება: Подсолнечник (რუს.) გიუანა-ბახან (მზეს უყურე - თურქ.). არევიწაღიკ (მზის ყვავილი - სომხ.) 4. მზისუმზირა (ქართ.).

***


მამლიკი - მამალი ბატკანი. ცხვარზე იტყვიან მამლიკი, ეგვიპტურადაც ყოფილა.

***

მარაქა - 1. ლაშქრის დგომა. 2. საჯარო კამათი, ორთა შორის პაექრობა სიმღერით და ლექსით; თაქარლამა; ხალხის შეკრება, შეჯგუფება; აქედან: აშუღების მიერ საჯაროთ გამართული შეჯიბრება. „მარაქა შეჰკრა“ - კამათში გამოიწვია; „მარაქაში გაერია“ - ხალხში გაერია. 3. აშუღთა შებმა, გაჯიბრება, გაშაირება სიმღერით. 4. ქალთა საზოგადოება.

***

მასხარა - ძირია ყველა ენებზე ცნობილ სიტყვის მასკარადისა. „ტაკ“ სომხურად „ქვეშ“ ნიშნავს და მასხარა ხომ მასხარაა, ე.ი. ჯამბაზი რომ ბაწარზე თამაშობს, იმის ქვეშ მომასხრეს მის თანაშემწეს უწოდებენ ტაკიმასხარას. ან ჯამბაზის შემდეგ რომ გამოვა ცირკში სხვა ოხუნჯი, იმას ტაკიმასხარას უწოდებენ, ვითომ შენ იმ ჯამბაზის ქვეშა სდგეხარო, იმისავით ბაწარზე არა ხელოვნობო.

***

მაღარიჩი - არაბ. ხარჩი, ე.ი. ხარჯი გაიღე.

***

მაშკარაბაზი - მოხეტიალე მსახიობნი.

***

მეწვრილმანე - ძველად არ ნიშნავდა მოხეტიალე ვაჭარს. ეს მეწვრილმანეები იყვნენ შეითან ბაზარში (ვორონცოვის ქუჩა, თათრ. მოედანთან), სადაც სხვათა შორის იყიდებოდა ყოველგვარი სამკურნალო წამლეულობა; ძველად აფთიაქის მოვალეობას ეს მეწვრილმანეები ასრულებდნენ (აქ იყიდებოდა ტავზი, არიაქა, და სხვა).

***

მურდახილი - კუწუბოვანი წვრილი ჩუქურთმა; მხატვრობის ნახაზობა.

***


ნამარდი - 1. არავაჟკაცი; უხასიათო; გულდედალი, უღირსი, გამწირავი, დაუნდობელი, მზაკვარი, უკეთური, მუხთალი, მოღალატე, უნამუსო, ვერაგი, გაუტანელი, თავკერძი. 2. არაკაცი, ჯაბანი, ჯომარდის ანტიპოდი, არსებობს ხალხური ზღაპარი: „ჯომარდი და ნამარდი“. უკეთესია წყალმა წამიღოს, ვიდრე ნამარდი კაცისგან გაკეთებულ ხალზე გავიარო.

***
ნაფაზი - 1. საკუთრივ სუნთქვას ნიშნავს; ნაფაზი - თუთუნის მოწევის დროს ბოლოს შესუნთქვა. 2. ქოშინი. სუნთქვა თუთუნის წევის დროს.

***

ნახაში - ჩუქურთმა, მხატვრობა. „პატარა ტუალეტი კაკლის ხისა, ნახშებიანი სარკით“.

***


ოჩხი - 1. დაწნული კალათა, რომელშიაც ქვებს ჩააწყობენ და წყალში ჩაუშვებენ ზამთრობით თევზების დასაჭერად. 2. (თევზი) ამბობენ ოჩხი თევზი - პატარა გალავანს გააკეთებენ მდინარეში, შიგ ჩააწყობენ ქვებს და დასტოვებენ ერთ-ორ კვირას. ამ ხნის განმავლობაში თევზი ეჩვევა იქ და ბუდობს მთელი სახლობა, შემდეგ დაუხურავენ კარებს და დაიჭერს თევზს (დაბანი).

***


პანღური / პანჩური - მუხლის თავით კუკუს ამოკვრა, გაგდება. ფეხის აქნევით გაგდება. მუხლით ამორტყმა.

***

პუტრიკა - 1. პატარა ტანის კაცი, დალეული. 2. კარლიკი. ლილიპუტი. იხ. აჯუჯმაჯიჯი, ან აჭმაჭუჭი. 3. მაწაწო, კორჩოტა.


***


საბყირანი - მთავარი ფალავანი, მძლეთა - მძლე, ფალავანთ უხუცესი, ფალავნების ბელადი.

***

სალდასტი - საკუთრივ ხის ხმალს ნიშნავს. „სალდასტის კრივი“ - კრივი შურდულებით და ხმლებით.

***

სარუყუფი - ყიდვა-გაყიდვის დროს ვინც ზედმეტს მისცემს. მაგ., თუ ერთმა იყიდა ნივთი მანეთად და მეორემ კი 1 - 20 შეაძლია, ამ ზედმეტს (20კ.) ჰქვიან სარუყუფი. უფრო დუქნის გაყიდვის დროს იციან: „ვა, მეტი რა უნდა, ათ თუმანს ფულს ვაძლევ სარყუფად და თოღ დამითმოს რაღა ის დუქანიო!“ სარუყუფი - დუქნის ან ბინის დასაცლელად წინასწარ მიცემული ქრთამი.

***

საქოჩრიდან კოჭამდე - თხემით ტერფამდე.

***

საცერო - (ანუ საცერული) ბეჭედია ცერზე ჩამოსაცმელი, დაკბილული ხორკლებიანი, რომელსაც ძველად მოკრივენი კრივის დროს იკეთებდნენ ცერზე. ასეთი რგოლი ეხლაც არის ხევსურეთში, რომელსაც ღაჯია ეწოდება.

***

სიქა - 1. ქანცი, ღონე საკუთრივ: მორფი, წარერა ფულზე. ამბობენ: იმდენი მატარა ამა და ამ კაცმა, რომ სიქა გამძვრაო. სიქა არის ფულის მორფი, ფული სახე, ე.ი. იმდენი მატარა, რომ სახე მომეშალაო. 2. ბეჭედი. სიქა ბეჭედი.

***

სოვდა - გაცვლა-გამოცვლა ვაჭრობაში. ალბად სავაჭრო რამ, საქონელი. „სოვდა“ - ნარდათ ვაჭრობა. სოვდა - ვაჭრობა, აღებმიცემობა, ალიშ-ველიში. Торг.

***


ტაკიმასხარა - 1. დაბალხარისხოვანი ოხუნჯი; მიმოსის (ოინბაზის) უშნო წამბაძველი; მუშაითის თანაშემწე. საკუთრივ: „ქვეშმასხარა“. 2. კლოუნი, გუქა, „რიჟი პომოგაი“, პირდაპირი თარგმნით - „ქვეშ მასხარა“. ჯამბაზის ხელქვეითი, უვიცი მიმბაძველი. 3. მუშაითის (ჯამბაზის) თანაშემწე. ძველად ცის ქვეშ იმართებოდა ჯამბაზობა, მაგ: ერევნის მოედანზე, სადაც ეხლანდელი Солдатскии базар-ია, მაშინ ერევნის მოედნიდან პუშკინის ქუჩაზე გრჩელდებოდა. ეს ბაზარი გაუქმდა 1847 წელს, ე.ი. მაშინ, როცა საძირკველი ჩაეყარა თამამშევის ქარვასლას.

***

ტაპტაპა მტედი - დედალი მტრედი

***

ტრასკანა - 1. თოფი, რომელიც იტენება საზამთროს ქერქით. 2. თუნუქის მილია. ხის გრძელი საცობით საზამთროს ქერქით ისვრიან ბავშვები.

***


ფალაქა - დიდი კეტი, რომელშიაც დამნაშავეს ფეხებს ჩააყოფინებენენ, ჯოხს ღვედით შეჰკრავენ და დამნაშავეს ფეხის გულებზე წკეპლებს ურტყამენ.

***

ფოლორცი -1.მოედანი, განიერი ქუჩა (სომხ. „ფოღოც“ - ქუჩა), სადაც ხალხი თავს იყრის; გაშლილი ადგილი. 2. ცბიერი, თვალთმაქცი ადამიანი. გაფოლორცებული - სახელგატეხილი, ნაძრახი ქალი. მოედანზე გასული ადამიანი, რომელსაც მოკრძალება დაკარგული აქვს.

***


ქალავერი - ნასახლარი, ცარიელი, ოხერი ადგილი. პარტახი, სადაც ათასგვარ სიბინძურეს ჰყრიან. დანგრეული სახლი, რომელიც მიწასთან არის გასწორებული.

***

ქალაქია დღე - გაუთავებელი, მარადი (დღე).
ქალაქია ღამე - დიდი, გრძელი ღამე. „რა უნდა გააკეთო ამოდენა ქალაქია ღამეში“.

***

ქვა აურია - ე.ი. ჩხუბისათვის რაღაცა სთქვა, „ჩორტი ჩააგდო“. ქვის არევა კრივის დროს იცოდნენ.

***

ქვა ჩავარდა - ჩვენს შუა ქვა ჩავარდა, ე.ი. მეგობრები აღარა ვართო.

***

ქურახანა - აგურხანა. ღუმელია ერთგვარი. მაიდას გადააფარებენ საბანს, ქვეშ კი გაღვივებულ მაყალს შედგამენ.

***

ქურსი - იხ. ქურახანა. ცეცხლს აღვივებენ მაყალზე, დასდგამენ შუა ოთახში, ზემოდან დაადგამენ ერთ დაბალფეხებიან მაგიდას, ამ მაგიდას გადააფარებენ დიდსა და სქელ საბანს, ყველა ოჯახის წევრი შემოუმწკრივდება გარშემო. შეჰყოფენ შიგ ფეხებს, გადმოიფარებენ საბანს და ზედ სადილობენ ან ერთობიან, საქმობენ და სხვ. ამ ქურსს ხმარობდა მდაბიო ხალხი ღუმელის ნაცვლად.

***


ყავლი - ვადა. ძვ. ფაბრიკა-ქარხნებში იცოდნენ: - „ჩემი ყავლი გავათავეო“. მაგ. ბოზარჯიანის პაპიროსის ქარხნის ათას ოთხას-ათას ხუთასი კოლოფის გაკეთებას ყავლს უწოდებდნენ.

***

ყარაყურული / ყარაყურუღუ - მტრედის ჯიშია, რომელსაც შავი ბოლო აქვს.

***

ყასაბხანა - საყასბო. ადგილი, სადაც დაკლული საქონლის ხორცით ვაჭრობენ.

***

ყაფლანი - გრიფონი. აქ, ე.ი. თბილისში თამამშევის ქარვასლის წინ იდგნენ თუჯის ფრთოსანი ცხენები - გრიფონები. ხალხი ყაფლანებს უწოდებდა.

***

ყოჩი - დაუკოდავი მამალი ცხვარი, მოჩხუბარი ვერძი, რქებით მოჩხუბარი. დაკოდილ ცხვარს ჭედილა ჰქვიან.

***

ყურიანი კრამიტი - თხელი კრამიტი.

***


შაბაქა - ფიცარზე ან პატარა ლითონზე პატარა ხერხით ამოჭრილი ფიგურები, ჩუქურთმა.

***

შეგირდანა - შეგირდის (პატარა ბიჭის) კუთვნილი ფულადი საჩუქარი. შეგირდის ერთი კვირის ჯამაგირი.

***

შეშუდი - იშვიათი ნვითი. სავაჭრო დუქანში იშვიათი საქონელი, რომელიც მუშტრის შესაჩვევად ყოველთვის და ყოველ დროს იშოვება დუქანში. შეიძლება ეს საქონელი მუშტარმა წელიწადში ერთხელ მოითხოვოს, მაგრამ იმ საქონლის ვაჭარი შეშუდისთვის მაინც ინახავს თავის დუქანში (სხვანაირად ვერ ავხსენი). „მინდოდა გამეხსნა ერთი კაი დუქანი, გამეჩინა ყველანაირი შეშუდი“. „დღემდე გურჯაანში ვაჭრობდნენ მელიქა და კაპლო. ღვთის წინაშე, ყველა შეშუდი აქვთ“ („ივ.“, 1886, #133).

***

შუაკაური - ჭიდაობის ერთ-ერთი ხერხი.

***

შუშტაბაში - უმარილის მოსალესი ჭურჭელი.

***


ჩინჩი - ჯიჯღინი, ვაჭრობა საქონელზე.

***

ჩხუნკალი - მერცხლების ცხარე კამათი.

***


ძუი - ძუკნა ძაღლის ატეხილი ჟინი.

***


წოპა მტრედი - ხატის მტრედი. ფეხშიშველა (ფეხებზე ბუმბული არა აქვს).

***


ჭარუმადათი - დედისერთა, აზიზად გაზრდილი. ლიტ-ში არ იხმარება. განსაკ. ტფილისში იციან.

***

ჭდე - ძვ. ანგარიშმცოდნეობა იყო. თულუხჩებმა იცოდნენ, ცხვრის დათვლის დროს ხეზე ან ბოძზე (სახლში) აღნიშვნა.

***


ხალათი - სახსოვარი. შეგირდს რომ ასწავლიან და გააოსტატებენ, მაშინ შეგირდი ოსტატისთვის იხდის ხალათს, ან თუ ქალი გაათხოვე, დედას სიძემ უნდა მისცეს ხალათი, ე.ი. სახსოვრად, საჩუქრად ოქროული ნივთი ან სხვა რამ.

***

ხან - ტფილისში სომხები ქართველ მეფეებს ხან-ს უწოდებდნენ, ვითომ ბატონოვო. ბატონი და მეფე - ორივე ხანია.

***

ხართუთა - შავი თუთა. ჩვეულებრივ თეთრ თუთაზე მსხვილი, ვითომ ხარის თავის ტოლი თუთაო, გემოში მარახოში (მჟავე). შემოდის ივნისის დასაწყისში.

***

ხაჩაგოღი / ხეჩაგოღი / ხეჩაგოგი - ჯვრის მქურდავი, ჯვრისპარია, ჯვრის გამყიდველი. სურამში ეს სიტყვა იხმარება, როგორც ხარიპარია. ეს კარგი ახსნაა, ხალხურია. ხაჩაგოს უწ. სალმასტის აისორებს, რომლებიც მღვდლის ტანსაცმლით დაიარებიან, ჰყიდიან ჯვრებს და ხალხს ატყუებენ - ერუსალიმიდან მოსული მღვდლები ვართო. სომხ. ხაჩ ნიშნავს ჯვარს, გოღ-ქურდს, ე.ი. ჯვრის ქურდი, ჯვრისპარია.

***

ხიმამო - ქალაქელები ეძახიან უბირ, გაუგებარ ადამიანს.

***

ხმელი სატკივარი - ჭლექი.

***

ხრიდოლი / ხრიდონი - კრივი ცალი ხელით. ვარჯიში ერთი ხელით. ერთი ხელი ქამარში აქვთ გარჭობილი და მეორეთი ვარჯიშობენ - ჰკრივობენ.

***

ხულიგანი - ირლანდიური გვარია, რომლის შტოც ცხოვრობდა ლონდონში. აქედან წარმოიშვა სხვა გაგებით ხულიგანი.

***


ჯამადარი - მოსამსახურეა, აბანოში ფუთას შემნახველი და მობანავესათვის კასრით წყლის მიმწოდებელი ფეხებისთვის, მსურველს ყალიონსაც მიაწვდის (ეხლა აღარ არის!) თურქებს ანდაზაც აქვთ: ჯამადარის ოცნება აბანოს პატრონად გახდომაა.

***

ჯანდარა - ხე იყო, რომლითაც აუთოებდნენ სარეცხს. აქედან: ჯანდვრა - „ვიღა გაუძლებს ამ ქალის რაგინდარა რეცხვასა და ჯანდვრას?“ დაიჯანდრა - დაუთოვდა.


ლექსიკონი გამოსაცემად მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა
გამომცემლობა „სამშობლო“, 1997წ.