მარკ შაგალი - მოგონებები პარიზზე

„პარიზში ერთხანს დიუმენის ჩიხში მდებარე სახელოსნოში ვცხოვრობდი, შემდეგ მეორე სახელოსნოში გადმოვედი, რომელიც უფრო შეეფერებოდა ჩემს ჯიბეს - „ლია-რიუშში“.

ასეთი სახელები ერქვა ბაღებით გარშემორტყმულ პატარა სახელოსნოებს ვოჟირარის სასაკლაოების გვერდით. ამ სახელოსნოებში თავი შეეფარებინა თითქმის ყველა ეროვნების მხატვრულ ბოჰემას.

რომელიმე რუსი მხატვრის სახელოსნოდან ხშირად გაიგონებდით შეურაცხყოფილი მენატურე ქალის ტირილს. იტალიელებთან ყოველთვის მღეროდნენ და გიტარას უკრავდნენ, ებრაელები გაუთავებლად კამათობდნენ. მე კი ვიჯექი მარტო, ნავთის ლამპით განათებულ ჩემს სახელოსნოში, რომელცი სავსე იყო სურათებით, ტილოებით, თუმცა ტილოებით კი არა, ჩემი ზეწრების, პირსახოცების, პერანგების ნახევებით.

მარკ შაგალი - ყასაბი, 1910წ.
ღამის ორი თუ სამი საათია. ცას ლურჯი ფერი ედება. იწყება განთიადი. სადღაც იქ, ახლოს, საქონელს კლავენ, ძროხები ბღავიან, მე კი მათ ვხატავ... 

ასე უძილოდ მიდის ღამეები. აგერ ერთი კვირაა, სახელოსნო არავის დაულაგებია. ყველგან ყრია ძვლები, კვერცხის ნაჭუჭები, ორსუიანი ბულიონის ცარიელი ქილები...

იწვის ჩემი ლამპა და მასთან ერთად ვიწვი მეც... ასე იწვოდა მანამდე, სანამ მისი შუქი დილის რიჟრაჟს არ შეერია.

მერე მეც ავძვერი ჩემს ფიცარნაგზე. ქუჩაში უნდა გავსულიყავი და ვალად უნდა მეყიდა ცხელი ფუნთუშები, მაგრამ მაინც დასაძინებლად დავწექი. მერე კონსიერჟი ქალი შემოვიდა. გაუგებარია, რისთვის? იქნებ სახელოსნოს დალაგება უნდა? (განა ეს აუცილებელია? ყოველ შემთხვევაში, ხელი არ ახლოს მაგიდას) ან იქნებ ჩემთან ყოფნა მოესურვა?

თაროზე ელ გრეკოსა და სეზანის რეპროდუქციების გვერდით ქაშაყის ნარჩენები ალაგია. ორ ნაწილად გავყავი: თავი სადღეისოდ, კუდი სახვალიოდ. მადლობა ღმერთს, პურის ნატეხიც მაქვს.

მაგრამ იქნებ სანდრარმა შემოიაროს და საუზმეზე დამპატიჟოს (სალათა, საწებელი, სოსისი - ყველაფერი, რაც ს-ზე იწყება)...

ჩემ სურათებს არავინ ყიდულობს. არც მიფიქრია, რომ ეს საერთოდ შესაძლებელია...“


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.