ედუარდ შევარდნაძე - ორგანოებს მიაჩნდათ, რომ ფარაჯანოვის გამოსწორება შეუძლებელი იყო...

„ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვლადიმირ შჩერბიცკიმ გამაფრთხილა, უკრაინაში ვინმე თბილისელი ფარაჯანოვი იხდის სასჯელს და შეიძლება ის ვადამდე ადრე გაათავისუფლონო. ისიც დაამატა, რომ ფარაჯანოვი „განსაკუთრებულ“ აღრიცხვაზეა საკავშირო ორგანოებში და ცალკეული უკრაინელი მოდისიდენტო შემოქმედი მასთან გარკვეულ ურთიერთობაშია. ლაპარაკი იყო სერგო ფარაჯანოვზე, შემდგომში მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანზე.

ეს მისი მეორე პატიმრობა იყო. როგორც შემდეგ ამბობდა: „მე, სომეხი, საქართველოში დაბადებული ნაღდი თბილისელი, ციხესა და გადასახლებაში უკრაინული ნაციონალიზმის გამო ვიჯექი“.

არც დამიჩქარებია მოვლენები და არც ხელი შემიშლია. ჩემგან განსაკუთრებული დაინტერესება უკუეფექტს გამოიწვევდა.

ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, ვინ იყო ფარაჯანოვი... მე ვენდობოდი ამ ადამიანებს და მართალია, მაშინ პირადად მას არ ვიცნობდი, მიმაჩნდა, რომ იგი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და აქ გაეგრძელებინა შემოქმედებითი მოღვაწეობა.

საქართველოს უშიშროების სამსახური კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი დაბრუნებისა, ვიცოდი, რომ ისინი მოსკოვშიც ელაპარაკნენ მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ იქ უპასუხეს, რომ არსებობს სიტყვიერი შეთანხმება შჩერბიცკის და შევარდნაძეს შორის ფარაჯანოვის თბილისში დაბრუნების თაობაზე. მოკლედ, მალე ფარაჯანოვი თბილისში ჩამოვიდა.

თბილისში ჩამოსვლის მერე ფარაჯანოვი მარტო უშიშროების ყურადღების ცენტრში არ იყო, იგი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. უნდა ითქვას - მისი ცხოვრების წესისა და შემოქმედების შეფასება არ იყო ყოველთვის ერთგვაროვანი, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ უარყოფდა მის განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარს - ეფიქრა, ემოქმედა და გადაეღო მხოლოდ ისე, როგორც ეს ტოტალიტარულ აზროვნებას დაპირისპირებულ დიდ შემოქმედს შეეძლო.

ჩემთან ფარაჯანოვზე ორი წყაროდან მოდიოდა ინფორმაცია: უშიშროების სამსახურიდან და ჩემი მეგობრებისგან - კინოს, თეატრის და ლიტერატურის მოღვაწეებისგან.

შესაბამის ორგანოებს მიაჩნდათ, რომ ფარაჯანოვის გამოსწორება შეუძლებელი იყო და სწორიც იყვნენ - სერგო არ გამოსწორდებოდა და კიდევ კარგი, რომ არც გამოსწორებულა.

ჩემი თხოვნით, მას საქართველოს კინოსტუდიაში, როგორც კინორეჟისორს, სამუშაო მისცეს. ბუნებრივია, მის გარშემო ნელ-ნელა შეიკრა მისი თაყვანისმცემლებისა და მასსავით თავისუფლად მოაზროვნეთა წრე, რასაც უშიშროება „გულგრილად“ არ დაუტოვებია.

მალე უარყოფითი იმპულსები საკავშირო კინემატოგრაფიის კომიტეტიდანაც წამოვიდა. ყველაფერში იგრძნობოდა, რომ საქმე ცუდად დამთავრდებოდა. საჭირო იყო ჩარევა. მაშინ კომპარტიის საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ თანამდებობაზე ერთი შედარებით ლიბერალი კაცი, გვარად შაურო, მუშაობდა, საქართველოს კულტურაზე დიდად შეყვარებული პიროვნება. დავურეკე და ვთხოვე, ზეგავლენა მოეხდინა საკავშირო კინოკომიტეტზე, ხელი არ შეეშალათ ფარაჯანოვისთვის. ისიც ვუთხარი, რომ მის ქუჩაში ყოფნას, ისევ ჩვენივე მხედველობის არეში ყოფნა სჯობდა, მათ გვერდით, ვინც მას პატივს სცემდა და ვისთან ერთადაც აკეთებდა კარგ კინოს-მეთქი. შაურო ამას გაგებით მოეკიდა და ერთხანს სერგოსთვის ხელი მართლაც აღარ შეუშლიათ.

***

სერგო ფარაჯანოვის გარშემო სიტუაცია კვლავ დაიძაბა. 1980 წელს, მოსკოვში, პოპულარული რუსი ბარდისა და მსახიობის ვლადიმერ ვისოცკის დაკრძალვის შემდეგ, სერგო ფარაჯანოვმა პოეტის სიკვდილში ხელისუფლება დაადანაშაულა. ეს უკვე აშკარა გამოწვევა იყო. პასუხმაც არ დააყოვნა. ფარაჯანოვი პროვოკაციას წამოეგო და უკვე თბილისში, და არა მოსკოვში, დააპატიმრეს. მაშინ საქმეში ვერ ჩავერიე. იურიდიულად ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი.

ცოტა ხნის შემდეგ ქართული კულტურის მოღვაწეებმა: ეთერ გუგუშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ნოდარ ჩხეიძემ, ნოდარ დუმბაძემ, თენგიზ აბულაძემ შუამდგომლობით მომმართეს - ის გენიალური შემოქმედია და საცოდაობა იქნება მისი დაკარგვაო.

ერთადერთი გზა სერგო ფარაჯანოვის ციხიდან გამოხსნისა საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მისი შეწყალება იყო. ჩემი თხოვნით სერგო ფარაჯანოვის საკითხი შეწყალების კომისიაზე განიხილეს და რეჟისორი, გამონაკლისის სახით, ადრე გაათავისუფლეს.

ფარაჯანოვთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. სულ ერთხელ ვარ მასთან სახლში ნამყოფი, თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე. ამ სახლს ახლა მემორიალური დაფა აქვს და, ალბათ, ადრე თუ გვიან მუზეუმიც გაიხსნება. შეიძლება ახლა ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრი ინაური წინასწარ გავაფრთხილე, რომ ფარაჯანოვთან შინ ვაპირებდი მისვლას. მერე ერთი-ორჯერ მასთან კინოსტუდიაშიც ვიყავი. ეგ იყო და ეგ.

თავს ბედნიერად ვთვლი, რომ, მართალია, შეფარვით, მაგრამ მაინც შევძელი კრიზისულ მომენტში მას დავხმარებოდი და თუნდაც კულისებიდან მომეხდინა გავლენა მისი ბედის სასიკეთოდ გადაწყვეტაზე.

სერგო ფარაჯანოვი იმ უნიკალური კულტურის წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც თბილისში ჩამოყალიბდა, როგორც სხვადასხვა კულტურათა შესანიშნავი ნაზავი - თბილისური კულტურის. ამასთან, მისი ხელოვნება ბევრად სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს.

სერგო ფარაჯანოვი ყველა და ყველანაირ საზღვარს არღვევდა, იგი ყველა და ყველანაირ შეზღუდვას უპირისპირდებოდა, ყველა და ყველანაირ შტამპს უარყოფდა და ამიტომაც გახდა მიუღებელი იმ სისტემისათვის, რომლისთვისაც ყველაფერი რეგლამენტირებული იყო.

მენანება ის ყოველი წუთი და წამი, სერგო ფარაჯანოვმა დიდი ხელოვანის ცხოვრებით რომ ვერ იცხოვრა. ამაში გარემოებათა გარდა, უპირველეს ყოვლისა, თვით ადამიანები იყვნენ დამნაშავე. ეს ერთდროულად იმ დროისა და მისი პირადი ტრაგედიაც გახლდათ“.