Monday, January 9, 2017

ფრენსის ს. ფიცჯერალდი - ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი

1860 წელს ჯერ კიდევ მიაჩნდათ, რომ ახალშობილი ქვეყნიერებას მშობლიურ სახლში უნდა მოვლინებოდა. 

***

ბატონი როჯერ ბატონი იმედოვნებდა, რომ უეჭველად ბიჭი ეყოლებოდა, რომელსაც შემდგომში სასწავლებლად, რა თქმა უნდა, კონექტიკუტში, იელის უნივერსიტეტში გაგზავნიდა, სადაც ოთხი წლის განმავლობაში თავადაც სწავლობდა და ცნობილი იყო არაორაზროვანი მეტსახელით - „ღილი“.

***

როჯერ ბატონმა იქით მიიხედა, საითაც ექთანი უთითებდა. ერთ-ერთ საწოლში, სქელ თეთრ საბანში გამოხვეული მოხუცი იწვა, მეჩხერი თეთრი თმითა და ასეთივე თეთრი გრძელი წვერით, რომელსაც ფანჯრიდან მონაბერი ნიავი არხევდა. მოხუცი გაცრეცილი თვალებით უყურებდა და თითქოს რაღაც შეკითხვის დასმას აპირებდა. [...] არა, შეცდომა გამორიცხული იყო, თვალებიც არ ატყუებდა - საწოლში მართლაც, სამოცდაათი წლის მოხუცი იწვა, უფრო სწორად - სამოცდაათი წლის ბავშვი. ბავშვი, რომლის ფეხებიც ჩვილებისთვის განკუთვნილ საწოლში არ ეტეოდა და აქეთ-იქით ჰქონდა გადმოკიდებული.

მოხუცი ხან მას უყურებდა, ხან - ექთანს. ბოლოს გაბზარული ბებრული ხმით ალაპარაკდა:

- შენ მამაჩემი ხარ?

როჯერ ბატონი და ექთანი ერთდროულად შეკრთნენ.

- თუ მამაჩემი ხარ, - ბუზღუნით გააგრძელა მოხუცმა, - კეთილი ინებე და წამიყვანე აქედან, ან ის მაინც უთხარი ამათ, რომ სარწეველა სავარძელი მომიტანონ, თორემ ამ საწოლში ყოფნა ძალიან მოუხერხებელია.

- ღვთის გულისათვის, - აღმოხდა როჯერ ბატონს, - ვინ ხარ? რა ხარ?

- ზუსტად ვერ გეტყვი, - მიუგო ხრინწიანი ხმით მოხუცმა, - იმიტომ, რომ ახლახან დავიბადე. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი გვარია ბატონი.

***

ერთხელ მამამ საჩხარუნო მოიტანა, ბენჯამინს მისცა და არაორაზროვნად უბრძანა, რომ „ეთამაშა“ - რაზეც მოხუცი უხალისოდ დათანხმდა და მთელი დღის განმავლობაში მორჩილად აჩხაკუნებდა სათამაშოს.

ეჭვგარეშე იყო, რომ ბენჯამინს საჩხაკუნო დიდად არ ხიბლავდა და შესაბამისად, როგორც კი მარტო რჩებოდა, ცდილობდა, სხვა გასართობი მოენახა. მაგალითად, ერთხელ როჯერ ბატონმა აღმოაჩინა, რომ თურმე გასულ კვირას გაცილებით მეტი სიგარა მოუწევია, ვიდრე აქამდე ეწეოდა. თუმცა ყველაფერს მაშინ აეხადა ფარდა, როდესაც ერთხელ ის მოულოდნელად შევიდა შვილთან: მთელი ოთახი ცისფერი კვამლით იყო გაჟღენთილი, ხოლო ბენჯამინი დამნაშავის იერით ცდილობდა, შავი ჰავანური სიგარის ნამწვი სადმე დაემალა. რა თქმა უნდა, საჭირო იყო მკაცრი სადამსჯელო ზომების მიღება, მაგრამ როჯერ ბატონმა თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო. ამიტომ მხოლოდ გააფრთხილა შვილი, რომ მოწევა ბავშვების ზრდას უშლის ხელს. და მაინც, როჯერ ბატონი, ჯიუტად აგრძელებდა თავისას - სახლში მოჰქონდა ათასგვარი სათამაშო, დაწყებული კალის ჯარისკაცებითა და დამთავრებული სათამაშო რკინიგზით. მაგრამ მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, ბენჯამინი მათ მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა. იგი ჩუმად იპარებოდა ბიბლიოთეკაში და იქიდან თავის ოთახში ბრუდნებოდა ბრიტანეთის ენციკლოპედიის ტომით ხელში, რომელსაც შემდეგ მთელი დღე ჩაჰკირკიტებდა, ხოლო კალის ჯარისკაცები და მატარებლის ვაგონები კუთხესი ეყარა მივიწყებული... როჯერ ბატონი უძლური იყო ამ სიჯიუტის წინააღმდეგ.

***

ბაბუასთან ბენჯამინი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე მშობლებთან. ისინი მის მიმართ აშკარა მოკრძალებასა და შიშს გამოხატავდნენ და მიუხედავად მათი უსაზღვრო ძალაუფლებისა, რაც ბენჯამინთან გააჩნდათ, ხშირად თქვენობითაც მიმართავდნენ.

***

ბენჯამინს აფიქრებდა თავისი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობის ასაკთან შეუსაბამობა. ის ბევრს იქექებოდა სამედიცინო ჟურნალებში და აღმოაჩინა, რომ მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა აღწერილი ან მოხსენიებული სადმე.

***

ათასგვარი მითქმა-მოთქმა ტრიალებდა, ამბობდნენ, რომ სინამდვილეში ბენჯამინი იყო როჯერ ბატონის მამა... რომ ის იყო მისი ძმა, რომელიც ციხეში იჯდა ორმოცი წელი... რომ ის სხვა არავინ იყო, თუ არა ჯონ უილკს ბუტი და ასე ინიღბებოდა... და კიდევ ის, რომ მას თავზე წყვილი რქა ჰქონდა... ნიუ-იორკის გაზეთების საკვირაო დამატება ამ ამბავს კარიკატურებით გამოეხმაურა, რომლებზეც ბენჯამინ ბატონის სახე ხან თევზის ტანზე იყო მიკერებული, ხან გველის და ხან წარმართული კერპის. ჟურნალისტები მას მოიხსენიებდნენ როგორც „იდუმალ კაცს მერილენდიდან“. მიუხედავად ამ ყველაფრისა (როგორც ეს ხშირად ხდება), სინამდვილე ბენჯამინ ბატონის შესახებ პრაქტიკულად არავინ იცოდა.

***

როდესაც მზე თვალს მიეფარებოდა, მისი თვალებიც თავისთავად იხუჭებოდნენ და არ იყო არანაირი სიზმარი, არანაირი შემაშფოთებელი სიზმარი... წარსული - შეტევა სან-ხუანზე; ქორწილის პირველი წლები, როდესაც ის გვიანობამდე რჩებოდა სამუშაოდ ჰილდეგარდას გამო, რომელიც ძალიან უყვარდა; დრო, როდესაც ბაბუასთან ერთად ღამეებს ათენებდა ბატონების ძველი და პირქუში სალის პარმაღზე და ჩიბუხს აბოლებდა, - ეს ყოველივე წაშლილიყო მისი მეხსიერებიდან, თითქოს არც არასოდეს მომხდარაო. აღარაფერი აღარ ახსოვდა...

მთარგმნელი - ბექა რამიშვილი
გამომცემლობა „პალიტრა L“, 2016წ.