ძველი, ძველი, ძველი თბილისი ... (15 ფოტო)

ტფილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან, სადაც ქიმ-მომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბადაა გაწოლილი, იმ ფოლორციდან, სადაც „ყარაჩოღელი ბერანჟე“ მღეროდა: „ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო“ და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდას ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში; ერთი სიტყვით, ეს „Азиатская часть Тифлиса” უფრო მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები.

ბერტელსის აზრით, შემაკავებელი ცენტრები, რომელნიც დასავლეთმა გამოიმუშავა, აღმოსავლეთში არ არსებობე. ამიტომ არის, რომ აღმოსავლელი ხალხი ინტენსიურად განიცდის სიხარულსაც და მწუხარებასაც.

ძველი ტფილისი ამის ნათელი მაგალითია.

ძველი ტფილისი!

ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული.

ნაწყვეტი იოსებ გრიშაშვილის წიგნიდან - „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“