Thursday, February 23, 2017

ედგარ დეგა - ბალერინებო მთელი ქვეყნისა შეერთდით (18 ფოტო)

ედგარ დეგა დაიბადა 1834 წელს. იგი იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ და ყველაზე მეტად ენგრით იყვნენ აღტაცებულნი. ამიტომ, ლიცეუმი რომ დაამთავრა და ნატიფი ხელოვნების სკოლის მოწაფედ რომ ჩაირიცხა, ამავე დროს ლუი ლამოტის (1822-1869) სახელოსნოში დაიწყო მუშაობა, რომელიც ენგრის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე იყო.

ედგარი წარუდგინეს კიდეც თავის „ღვთაებას“ - ენგრის, რომელმაც მას საყოველთაოდ ცნობილი რჩევა მისცა:

„ბევრი უნდა ხატოთ, ჭაბუკო, ბევრი უნდა ხატოთ როგორც მეხსიერებით, ისე ნატურიდან, და, ასე თუ მოიქცევით, დიდი და კეთილშობილი მხატვარი გახდებითო“.

***

მანე, რენუარი და სეზანი მალე აუმხედრდნენ კლასიკურ ნახატს, მაგრამ დეგა სხვაგვარად იყო მისდამი განწყობილი.

***

დეგამ, რომელსაც არავითარი სურვილი არ ჰქონდა სხვისი აზრების წინააღმდეგ ებრძოლა, რასაც ზემოდან დაჰყურებდა, განმარტოება ირჩია.

***

Edgar Degas - Dance Class, 1871
„არ არსებობს ჩემს ხელოვნებაზე ნაკლებ უშუალო ხელოვნება, - ამტკიცებდა დეგა. - ის, რასაც მე ვაკეთებ, ფიქრისა და დიდი ოსტატების შესწავლის შედეგია. შთაგონების, უშუალობის და ტემპერამენტისა არაფერი ვიცი“.

***

Edgar Degas - Musicians in the Orchestra, 1872
„ხელოვნება ბიწიერია. მას ცოლად არ ირთავენ, მას აუპატიურებენ. ხელოვნება იგივეა, რაც „ხელოვნურობა“. ხელოვნება უსინდისოა და სასტიკი“.

***

გულჩათხრობილობამ და გესლიანმა ენამ „ცუდი ადამიანის“ რეპუტაცია შეუქმნა დეგას. თუმცა ერნესტ რუარი და სხვები უარყოფდნენ ამას; მაგრამ ერთი რამ უეჭველია - ამ ლეგენდის შექმნა გამოიწვია დეგას უკიდურესმა გულჩათხრობილობამ: იგი თავგამოდებით ფარავდა ყველაფერს, რაც კი რამ იყო მასში კეთილი და სასიკეთოდ განწყობილი.

***

დაიწყო ომი, რომლის მანძილზე დეგა ჯარისკაცად მსახურობდა არტილერიაში. საფრანგეთის დამარცხებამ დეპრესიამდე მიიყვანა იგი და 1872 წლის მიწურულს ახალ ორლეანში გაემგზავრა, სადაც მისი ბიძა და ორი ძმა ბამბით ვაჭრობდა.

ედგარ დეგა - ბამბის ოფისი ნიუ ორლეანში, 1873 წ.
ახალ ორლეანში დეგას ნათესაური გულთბილობით დაუხვდნენ, რაც მას ძლიან სჭირდებოდა, მაგრამ, მშობლიურ ქალაქს მოწყვეტილი იგი მაინც ცუდად გრძნობდა თავს და რამდენიმე თვის შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა. წერილი, რომელიც დეგამ 1872 წლის 5 დეკემბერს ახალი ორლეანიდან გაუგზავნა თავის მეგობარს, ანრი რუარს, ნათელჰყოფს მის შემოქმდებით გეგმებს:

„ისევ ვუბრუნდები საკუთარ თავს, ისეთ დინჯ ცხოვრებას ვიწყებ, როგორც არავინ არ ცხოვრობს, ბურგოს გარდა, რომლის ძალას და ოსტატობას მე ვერასდროს ვერ მივაღწევ. მე წესრიგი მწყურია... ვოცნებობ რაიმე ძალიან მკვიდრად ნაკეთებ, მთლიანსა და მკაცრად გაწონასწორებულ ქმნილებაზე“.

***

1870 წლის ომზე რამდენიმე წლით ადრე დეგა დაუმეგობრდა მანეს და გერბუას კაფეს ხშირი სტუმარი გახდა, სადაც მომავალი იმპრესიონისტები და ნატურალისტი ლიტერატორები იკრიბებოდნენ. 1870 წლის შემდეგ იგი კვლავ ხვდებოდა ამ ჯგუფს კაფე „ახალ ათენში“. მაგრამ დეგა მარტოდმარტო გრძნობდა თავს ადამიანთა შორის, რომლებსაც მომავალში რევოლუცია უნდა მოეხდინათ ფერწერაში და არა მარტო ფერწერაში. ამის მიზეზს ცხადჰყოფს რამდენიმე სიტყვა, რომელიც დეგამ მხატვარ სიკერტს უთხრა:

„მე ყოველთვის ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები - ნახატის კანონების შესატყვისად ეძებნათ ახალი ეფექტები, რადგან ვფიქრობ, რომ ნახატი უფრო მდიდარია შესაძლებლობებით, ვიდრე ფერი. მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ სურდათ და სხვა გზით წავიდნენ“.

***

დეგა სრულიად გულგრილი იყო ბუნებისადმი - რაც იმპრესიონისტების სიხარულს და მორალურ დასაყრდენს წარმოადგენდა. 1873 წელს იგი ანრი რუარს წერდა:

Edgar Degas - The Dance Class (La Classe de Danse), 1873–1876
„და აი - მეც დავეხეტები ხელჯოხით, ოღონდ უქოლგოდ, და ვაკვირდები და ვსწავლობ მიხვეულ-მოხვეული ბილიკების ყოველ ვალერს პატარ-პატარა გორაკებზე. ეს ბუნებაა. მე არ მოველი მისგან რაიმე განსაკუთრებულ სიკეთეს, თქვენგან განსხვავებით - მხოლოდ მცირაოდენ სიხარულს თვალისათვის და დასვენებას“.

***
Edgar Degas - Young Spartans Exercising, c. 1860–1862
1887 წელს, ანრი ლეროლთან საუბარში, იგი ამბობს: „ბუნება რომ გვიყვარს, არასოდეს არ ვიცით, გვიპასუხებს თუ არა იგი სიყვარულითო“.

***

Edgar Degas - Ballet Rehearsal, 1873
1907 წელს, მორო-ნელატონთან საუბარში, დეგას პეიზაჟისტების ხსენებაც კი აღიზიანებდა, რომლებიც „ისე ხატავენ ნატურიდან, თითქოს ხელოვნება პირობითობით არ ცოცხლობდეს“. „ნუ მიხსენებთ მაგ ვაჟბატონებს, რომლებმაც მინდვრები თავიანთი მოლბერტებით ახერგეს“.

***

ედგარ დეგა - ბატონი და ქალბატონი მანეები 1868–1869
1882 წლის სალონის გამო დეგა ანრი რუარს სწერს:

„მანე რეგვენი და დიდი ეშმაკია, ესაა ბანქოს ქაღალდი, ადამიანი, რომელსაც შთაბეჭდილებები არა აქვს, ნამდვილი ესპანელი ილუზიონისტი, ფერმწერი... თუმცა თქვენ თვითონ ნახავთ“.

მაგრამ ერთი წელიც არ გაივლის და, მანეს სიკვიდლის შემდეგ დეგა აღიარებს: „მანე უფრო დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონაო“.

რენუარს დეგა დანაშაულად უთვლიდა იმას, რომ იგი ყველა ქალს მზეთუნახავად აქცევდა, ვისაც კი დახატავდა. არც მონესთვის იშურებდა  მწარე სიტყვებს:

„ამინდი დიდებულია, მაგრამ ჩემს საცოდავ თვალებს ღონე არ შესწევთ მონეს გაუძლონო“.

თუმცა მოგვიანებით თვითონვე უცხადებს სიკერტს:

„ეს წყეული მონე, რასაც კი მოჰკიდებს ხელს, ყველაფერი მაშინვე გამოსდის, ამ დროს კი მე ამდენი უნდა ვიწვალო და მაინც ვერ ვიღებ იმას, რაც მინდაო“.

სამაგიეროდ, პისაროსადმი იყო სიმპათიით განწყობილი და რომელიღაც გამოფენასთან დაკავშირებით:

„პისარო აღტაცებას იწვევს თავისი გზნებით და გულდაჯერებულობითო“.

***

Edgar Degas - Stage Rehearsal, 1878–1879
1874 წელს, როდესაც მხატვრები, რომლებსაც შემდეგ „იმპრესიონისტები“ უწოდეს, გაერთიანდნენ, რათა სალონისგან დამოუკიდებლად მოეწყოთ გამოფენა, დეგა აჯანყებულებს შეუერთდა, გამოფენის ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორად იქცა და რამდენიმე ახალი წევრიც კი შემატა ჯგუფს. 

დეგა დანარჩენებივით უარყოფილი არ იყო სალონის მიერ და სრული საფუძველი ჰქონდა კარგი შეფასების იმედი ჰქონოდა. მანემ კი, რომელიც გაცილებით უფრო ახლოს იდგა იმპრესიონისტებთან, სალონში დარჩენა ამჯობინა.

Edgar Degas - Rehearsal on Stage, 1874
დეგა ერთგული დარჩა იმპრესიონიტების მომდევნო გამოფენებისაც, რომლებიც, როგორც ცნობილია, 1886 წლამდე იმართებოდა. მას მონაწილეობა არ მიუღია მხოლოდ 1882 წელს მოწყობილ გამოფენაში, რადგან ამ წელს თავისი მონაწილეობის პირობად მონეს, რენუარისა და სისლეის გარიცხვა წამოაყენა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ის, რომ მათ სალონში გამოფინეს თავიანთი სურათები.

***

დეგამ პრაქტიკული სარგებლობაც მიიღო სალონის მიტოვებით. აი რას ამბობდა ამაზე 1880 წელს ზოლა:

„მარტო ბ-ნმა დეგამ მიიღო ნამდვილი სარგებლობა იმპრესიონისტების გამოფენებიდან, რაც აიხსნება ამ მხატვრის ნიჭის თავისებურებით. ბ-ნ დეგას არასოდეს არ ჩაგრავდნენ ოფიციალურ სალონებში; მის სურათებს ყოველთვის ღებულობდნენ და საკმაოდ კარგ ადგილზედაც ჰკიდებდნენ. მაგრამ, როგორც უაღრესად ნატიფი მხატვრული ტემპერამენტის მქონე მხატვარი, იგი დიდი ძალით ვერ იზიდავდა მხილველს; ამიტომ საზოგადოება ვერც კი ამჩნევდა მის სურათებს და გვერდს უვლიდა მათ, რაც მხატვრის სავსებით სამართლიან გაღიზიანებას იწვევდა. იგი მიხვდა, რა უპირატესობაც ექნებოდა პატარა დარბაზს, სადაც ნატიფი და ფაქიზი სურათები შეგიძლია ცალ-ცალკე დაინახო და შეისწავლო. და, მართლაც, იგი არ იკარგებოდა აქ, როგორც სალონების ორომტრიალში; ყველა ცნობდა მას, მის ირგვლივ წარმოიქმნა თავგამოდებულ თაყვანისმცემელთ წრე“.

***

Edgar Degas - L'Absinthe, 1876
დეგას ხელოვნების მეორე ასპექტს, რაც ნატურალისტურ თემატიკასთან არის დაკავშირებული, ვხედავთ სურათებში - „აბსენტი“ (1876წ.) და „ქალები კაფის წინ. საღამო“ (1877წ.) 

ამ სურათებში ჩანს, რომ დეგა დაეძებდა სიუჟეტს, რომელიც საშუალებას მისცემდა მას, თავისი მწვავე პესიმიზმი და მორალური განკიცხვა გამოეხატა, რაც ყველასა და ყველაფერზე ვრცელდებოდა მის ირგვლივ.

ამიტომ აქცია მან „აბსენტში“ მიმზიდველი მსახიობი ქალი ელენ ანდრე როსკიპად, ხოლო მისი მეგობარი მარსელენ დებუტენი - მაწანწალად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქ მან ზოლას ყაიდის სიუჟეტი შექმნა. მაგრამ შუქჩრდილების გენიალური კომპოზიცია ამ ნაწარმოების იშვიათი იმპრესიონისტული ფერწერის ღირებულებას ანიჭებს, თუმცა ფერი მქრქალია და უპირატესად ფაქიზი ნიუანსებით არის გადმოცემული.

***

Edgar Degas - Waiting, 1880-1882
1886 წლიდან მოყოლებული, როდესაც იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენა გაიმართა, დეგას სიკვდილამდე - 1917 წლამდე - მისი სურათები არსად არ გამოფენილა. 

ფერწერა უფრო და უფრო კერძო საქმედ იქცა დეგასათვის, უაღრესად პირადულ საქმედ დიურან-რუელი და სხვანი იღბდნენ მსიგან სურათებსა და პასტელებს, რომლებიც კერძო კოლექციების წიაღში უჩინარდებოდა და ფართო საზოგადოებისთვის უხილავი ხდებოდა.

Edgar Degas - After the Bath, Woman Drying her Nape, 1898
რაც უფრო მატულობდა თაყვანისმცემლების რიცხვი, მით უფრო მეტად გაურბოდა მათ დეგა. შიშმა, რომელსაც იგი ბრბოს წინაშე განიცდიდა, სრულ მარტოობამდე მიიყვანა მხატვარი, რასაც დროდადრო თუ არღვევდა მისი მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტი, რომლებსაც იგი ენდობოდა. და თუ ზოგჯერ დეგა მაინც გამოიჩენდა ინტერესს ზოგიერთი ახალგაზრდა მხატვრისადმი, იგი ყოველთვის დესპოტურად ექცეოდა მათ. იგი მარტოდმარტო ცხოვრობდა, უოჯახოდ, ურიცხვი სურათებით, ესკიზებითა და ნახატებით გარემოცული, რომლებსაც ყველასგან ფარავდა. მას ჰქონდა უძვირფასესი კოლექცია სხვა მხატვრების სურათებისა, ენგრით დაწყებული და სეზანით და გოგენით დამთავრებული. 

1893 წელს დეგამ იგრძნო, რომ დაბრმავება ემუქრებოდა, და უფრო მეტი სისწრაფით, უფრო მგზნებარედ განაგრძო ხატვა, რადგან იცოდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობდა. ბუნებრივია, რომ ამ პირობებში მისი ხასიათი, ყოველთვის მკაცრი სხვა ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი, უფრო მძიმე ასატანი გახდა.

Edgar Degas - After the Bath, Woman Drying Herself, c. 1884–1886
წერილში, რომელიც დეგამ 1890 წელს მისწერა თავის მეგობარ დე ვალერის, (შეშინებულმა - ხომ არ ვაწყენინე მკაცრი მსჯელობითო), საკუთარი თავისადმი სიბრალული გამოსჭვივის, „მე ყველას მიამრთ მკაცრი ვჩანდი, სიუხეშისადმი რაღაცნაირი მიდრეკილების გამო, რაც ჩემი ეჭვებით და ცუდი გუნებით იყო გამოწვეული. მე მოუმზადებლად და არაორგანიზებულად ვგრძნობდი თავს, მაკლდა საკუთარი თავის რწმენა, და მაინც ჩემი გაანგარიშებანი ხელოვნებაში სავსებით სწორი მეჩვენებოდა. და მე ვბრაზობდი მთელს ქვეყნიერებასა და საკუთარ თავზე“.

1884 წელს იგი ანრი ლეროლს სწერდა:

„თქვენ რომ ორმოცდაათი წლის უცოლო კაცი იყოთ, თქვენც გექნებოდათ წუთები, როდესაც გინდა - განმარტოვდე და ყველას წინაშე გამოიკეტო კარი; წუთები, როდესაც ყველაფერს ანგრევ შენს ირგვლივ და, მარტოდმარტო დარჩნილი, ბოლოსდაბოლოს საკუთარ თავსაც ანადგურებ, ზიზღის გრძნობით შეპყრობილი. მე მეტისმეტად ბევრი გეგმა მქონდა და აი ახლა ჩიხში ვარ, ღონეგამოლეული... ყველა ჩემი გეგმა კარადაში შევყარე, რომლის გასაღებს მუდამ თან დავატარებდი, მაგრამ ახლა - ეს გასაღებიც დავკარგე“.

***

Edgar Degas - Kneeling Woman, 1884
სიცოცხლის ბოლო წლებში დეგას ყველაზე მეტად შიშველი ქალის სხეულის თემა აინტერესებდა.

Edgar Degas - La Toilette (Woman Combing Her Hair), c. 1884–1886
აი, როგორი სათაური წარუმძღვარა მან 1886 წელს თავისი პასტელების სერიას:

Edgar Degas - The Bath Woman Supporting her Back, c. 1887
„სუიტა შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას“.

Edgar Degas - The Tub, 1886
Edgar Degas - Woman in the Bath, 1886

ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.