გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - 1921 წლის თებერვლის ქრონიკა და თბილისის გასაბჭოება

1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელიაო.

უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარედგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში დგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა.

მე-11 არმია რომ დგებოდა ბაქოში, ამას იუწყებოდა აზერბაიჯანის მთავრობასთან დანიშნული ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელიც.

ასეთი ცნობების შემდეგ, მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარი მოსალოდნელი ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები, არ მოამზადა ხალხი მოსალოდნელი შემთხვევებისათვის, წინადადება არ მისცა სათანადო ხელისუფლებებს შეეკეთებინათ გზები, საიდანაც ხიფათი მოგველოდა. ერთი სიტყვით, სამხედრო სამინისტრომ და მისმა ორგანოებმა ჩვენი საზღვრების დასაცავად არაფერი გააკეთეს.

ნეომბრის დასაწყისში, საინჟინრო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა ტფილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა ტფილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ: საგარეჯოდან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით, იაღლუჯის მაღლობებზე.

ხარჯთაღრიცხვით ამ საქმისთვის საჭირო იყო 300 ათასი ოქროს მანეთი, ეს გეგმა ხარჯთაღრიცხვით და ჩემი განმარტებითი მოხსენებით წარვუდგინე სამხედრო მინისტრს, მთავარსარდლის - გენერალ ოდიშელიძის ხელით, და ვთხოვე, საჩქაროდ მიეცათ საჭირო თანხა საინჟინრო უწყებისათვის, მაგრამ მთვრობამ ფულის გაღებაზე უარი განაცხადა.

ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა.

ცხადი იყო, მთავრობა რაღაც სხვას ეყრდნობოდა, რადგან თუ ამით არა, სხვა არაფრით აიხსნება მთავრობის უარი დროებითი სიმაგრეების მოწყობაზე და სხვა სათანადო ზომების მიღებაზე.

და ამ „რაღაცა სხვას“ მთავრობა ჩვენ, ჯარის უფროსებს გვიფარავდა და არ გვიხსნიდა.

ავიაციის საქმეც მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. მთავრობამ, მართალია, შეიძინა იტალიაში რამდენიმე აეროპლანი, მაგრამ ავიაციის უფროსის მოხსენებებიდან ჩანს, რომ მას არ ჰქონდა ამ აეროპლანებისათვის საკმაო ბენზინი, და შიშობდა, რომ თუ ხიფათი თავს დაგვატყდებოდა, მას ბენზინი და ზეთი არ ეყოფოდა.

ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო, და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. ერთ თავის თხოვნაში ის სწერდა სამხედრო სამინისტროს, რომ თუ მთავრობას არ შეუძლია შეიძინოს ბენზინი, მან პატარა თანხა მაინც უნდა გაიღოს ქარხნის მოსაწყობად, რომელიც დაამუშავებს ბენზინს ნავთისგან, მაგრამ ისევ უარი მიიღო.

ამგვარად, არც ავიაცია იყო მზად სამხედრო მოქმედებებისათვის.

ყველაფრის ჩამოთვლა აქ შეუძლებელია. რაც ვთქვი, მარტო ამით რომ თავდებოდეს ამ პერიოდის ყველა უბედურება, კრიტიკულ მომენტში, შესაძლებელია, ხიფათისაგან თავი დაგვეღწია, მაგრამ მთავარი უბედურება ჯერ კიდევ არ ვიცოდით.

დამფუძნებელ კრებასთან არსებობდა სამხედრო კომისია, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების გადასინჯვა, რომლებიც დამფუძნებელ კრებას უნდა დაემტკიცებინა.

დეკემბერში, თუ იანვრის დასაწყისში, ამ კომისიის სხდომა გახსნა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ გრიგოლ ლორთქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, მან წარუდგინა კრებას სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნა, რათა უვადო შვებულებაში გაუშვან ყველა ჯარისკაცი, რომელმაც იმსახურა ჯარში ორი წელიწადი და მეტი. გვარდია თავის მოთხოვნილებას ასაბუთებდა იმით, რომ ადგილებიდან, ე.ი. რაიონებიდან შემოდის დაჟინებული თხოვნები გაუშვან ყველა, ვინც კი ზემოაღნიშნული ვადა შეასრულაო.

გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენეს კრებას, რომ თუ ზემოაღნიშნული ვადების ჯარისკაცებს დაითხოვდნენ, ჯარი დარჩება უუნტერ-ოფიცრებოდ, რაც ძალიან დასწევს ჯარის ბრძოლის უნარს და რადგანაც ომი მოსალოდნელი იყო, სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარყო გვარდიის წინადადება.

გვარდიის წარმომადგენელნი თავიანთ აზრს მტკიცედ ადგნენ და ერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, რომ ამგვარ დემობილიზაციას თვითონაც მოახდენდნენ გვარდიაში, ისე რომ კომისიას არც კი შეეკითხებოდნენ, მაგრამ ეშინიათ, რომ ამან არ გამოიწვიოს უკმაყოფილება ჯარების ნაწილებში და ამიტომ მოითხოვენ, ეს კანონი ჯარშიც და გვარდიაშიც ერთად გატარდეს.

ამის შემდეგ, სიტყვა აიღო ნ. რამიშვილმა და, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი წლის ნამსახურ ჯარისკაცებს დაუყოვნებლივ არ გაუშვებენ უვადო შვებულებაში, როგორც გვარდიაში, ისე ჯარებში, მას აქვს ცნობები, რომ ჯარებში გაჩნდება მღელვარება და მაშინ ის, შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობას აღარ კითხულობს.

ამ განცხადების შემდეგ, ოდიშელიძემ და გედევანიშვილმა კიდევ ერთხელ სცადეს საქმის შემობრუნება; მათ განაცხადეს, რომ პირველს, როგორც მთავარსარდალს და მეორეს, როგორც დაზვერვის უფროსს, არა აქვთ არავითარი ცნობები, ჯარებში რაიმე უკმაყოფილება სუფევდეს, მაგრამ ნ. რამიშვილს რიხიანმა განცხადებამ სასწორი თავისკენ გადახარა და ამგვარად გამოცხადდა ცნობილი ბრძანება, ძველი, გამოცდილი, მცოდნე ჯარისკაცების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

მაგრამ არც ეს აკმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანიც საქართველის მიმართ ოპერაციების დაწყებაა.

მაგრამ, მთავრობაზე გავლენა არც ამ განცხადებამ იქონია.

როდესაც დამფუძნებელ კრებაზე ირჩეოდა საკითხი სამხედრო საჭიროებისათვის დამატებითი კრედიტების შესახებ, კრების რამდენიმე წევრი შეეკითხა მთავრობას, რამდენი ჯარის გამოყვანა შეგვიძლია, თუ ვინიცობაა ომი მოგვიხდაო?

ამ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა კრებას რიხით უპასუხა: რა მომენტშიც კი მოითხოვს საჭიროება, მე მზადა მყავს 60 ათასი კაცისგან შემდგარი ჯარიო.

თუმცა, ამ დროს სამხედრო მინისტრად ირიცხებოდა ჭიჭინაძე, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ფაქტობრივად ნ. რამიშვილი იყო.

დამფუძნებელი კრების წევრებმა - ცენტრმა და მემარჯვენეებმა მიიღეს რა მინისტრისაგან ასეთი დამამშვიდებელი ცნობები, დაამტკიცეს სამხედრო კრედიტები.

ამავე ხანას ეკუთვნის კომისიის გაგზავნა საზღვარგარეთ სამხედრო იარაღის შესაძენად.

არ ვიცი, იყიდეს ეს იარაღი, თუ რომელიმე სახელმწიფომ აჩუქა იგი. ვიცი მხოლოდ, რომ როდესაც ეს იარაღი გადმოტვირთეს ბათუმში, მიმღებმა კომისიამ შეადგინა ოქმი, საიდანაც ჩანს, რომ საზღვარგარეთიდან მოსული 9 ათასი თოფიდან, სახმარად გამოსადეგი მხოლოდ 183 თოფი აღმოჩნდა. ეს ცნობები ჩემთან ლაპარაკის დროს შემდეგში ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარმა, გიორგაძემაც დაადასტურა.

აი, ზოგიერთი ცნობა, რომელიც წინ მიუძღოდა მენშევიკებისა და ბოლშევიკების შეტაკებას 1921 წლის 12 თებერვალს.

12 თებერვალს, ღამის 1 საათზე დამიბარეს სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში. იმ დროს იქ იყო მთავარი შტაბის ყველა წევრი, ვინც კი ფრონტზე არ იყო და სამხედრო და შინაგან საქმეთა მინისტრები.

იქ დამსწრეთაგან გავიგე, რომ იმ ღამეს სადახლოს რაიონში დაბანაკებულ ჩვენს ჯარებს მტერი თავს დაესხა.

ეს ცნობა მიეღოთ წითელ ხიდთან დაბანაკებული სახალხო გვარდიის ჯარების საველე შტაბიდან.

რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრი ვეცადეთ და ვერ გამოვარკვიეთ, ვინ დაეცა? რომელ ნაწილს დაეცნენ? რა შედეგი მოჰყვა ამ დაცემას?

საქართველოს არმიის მთავარ შტაბს ამ დროს არავითრი ცნობა არ ჰქონდა.

გათენებისას სახალხო გვარდიის შტაბიდან საქართველოს ლაშქრის მთავარ შტაბში გადავედით. გზაზე შევიარე საქართველოს ლაშქრის მთავარსარდალთან - გენერალ ოდიშელიძესთან, მის ბინაზე ამ ამბის მოსახსენებლად და სამხედრო მინისტრის დავალებით საგანგებო სხდომაზე მოსაწვევად.

გენერალი ავად იყო და ლოგინში იწვა. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა, დაუყოვნებლივ წამოდგა ლოგინიდან და ერთად გავემართეთ შტაბისაკენ.

რამდენიმე წუთი არ გასულა ჩვენი მისვლის შემდეგ, რომ მე-3 დივიზიის უფროსისაგან, გენერალ გედევანიშვილისაგან, დაახლოებით შემდეგი შინაარსის დეპეშა მოვიდა: „სომხების ურდოები ღამით დაეცნენ მე-5 და მე-7 ლეგიონს. ჯარისკაცთა ნაწილი ტყვედ წაიყვანეს, ნაწილი დახოცეს და დანარჩენი გამოიქცნენ“. ეს იყო პირველი დეპეშა, რომელიც გვაცნობებდა სომხების მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყებას.

დაზვერვის საქმე ჩვენში იმდენად ცუდად იყო დაყენებული, რომ მთავარსარდალმა გულწრფელად დაიჯარა, რომ მართლა მხოლოდ სომხების ურდოები დაგვესხა თავს.

არასდროს დამავიწყდება მთავარსარდლის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა შტაბში სამხედრო მინისტრის, შტაბის უფროსისა და ჩემი თანდასწრებით: „რა ვუყოთ? თუ ჩვენ მართლა სომხების ურდოები დაგვესხა თავს, როგორც ამას გვაცნობებს გედევანიშვილი, ჩვენ მალე მოვუღებთ მათ ბოლოს! საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ, რა ძალები ჰყავთ სომხების ურდოებს და საით მოემართებიან“?

ამ ბურანში ვიყავით 13 თებერვლის შუადღემდე.

მთავარსარდალმა ჯერ ვერც კი მოასწრო გაეცა ასე თუ ისე სერიოზული განკარგულება, რომ მას და შტაბის უფროსს მთავრობის საგანგებო სხდომაზე დაუძახეს.

ჩვენს მარჯვენა ფრთაზე მტრის თავდასხმას შედეგად ის მოჰყვა, რომ სადახლოს რაიონი მტრის ხელში გადავიდა და ტფილისისაკენ გზა გაეხსნა, ხოლო ჩვენს ჯარს დააკლდა ორი ლეგიონი, რომელთა ნარჩენებმა თავი მოიყარეს ტფილისში რამდენიმე დღის შემდეგ.

13 თებერვალს, მტრის მოძრაობა დაიწყო ჩვენს შუაგულ ადგილშიაც - წითელ ხიდთან.

რა საკითხები წყდებოდა მთავრობის საგანგებო სხდომაზე, არ ვიცი, მაგრამ მთავარსარდალი შტაბში რომ დაბრუნდა, გამოცხადდა ნაწილობრივი მობილიზაცია თელავისა და სიღნაღის მაზრებში.

ეს მობილიზაცია, რასაკვირველია, ვერ განხორციელდა, რადგან ბოლშევიკებმა ისარგებლეს მდგომარეობით და იერიში მთელ ფრონტზე მიიტანეს.

ამასთან, მარჯვენა ფრთაზე მათ ჰყავდათ კავალერიის დივიზია.

ჩვენს მარცხენა ფრთაზე, რომელცი მთლად გაშლილ ველზე იდგა, გვყავდა ერთი ქვეითი ათასეული და სანაპირო ჯარის მეტად სუსტი ნაწილები, ხოლო სადგურ ფოილოზე ხიდის დასაცავად მე-8 ქვეითი ათასეული იყო დაბანაკებული.

კახეთის რუკას თუ გადავხედავთ, სამხედრო საქმის ყოვლად უცოდინარი ადამიანისთვისაც კი ცხადი იქნება, რომ საქართველოს არმიის უფროსმა მხედრებმა ამ ფრონტს არ მიაქციეს არავითარი ყურადღება და ამით მტერს საშუალება მიეცა გაენადგურებინა იქ დაბანაკებული ჩვენი ჯარის პატარა მზვერავი რაზმები, შემდეგ ხელში ჩაეგდო მთელი კახეთი და უვნებლად მოეღწია ტფილისის მიდამოებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან.

ყველაფერი ეს რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა, მე-6 ქვეითი ლეგიონი იძულებული გახდა თიანეთისკენ დაეხია და შემდეგში მტერს ტყვედ ჩაუვარდა ხელში.

14 თებერვალს, მთავრობის დადგენილებით, რომელიც გამოწვეული იყო დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ერთუ ჯგუფის ზეგავლენით, მთავარსარდალი ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მის ადგილას გენერალი კვინიტაძე დაინიშნა.

ეს გამოუსწორებელი შეცდომა იყო მთავრობისა.

ქართველ გენერლებში ოდიშელიძე გამოირჩეოდა, უმაღლეს სარდლობაში მას დიდი მხედრული და ადმინისტრაციული სტაჟი ჰქონდა.

[...]

აი, ასეთ კაცს ცვლის მთავრობა გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩება ოდიშელიძეს.

უახლესმა ამბებმა მთავრობას თავისი შეცდომა დაუმტკიცა.

ახალი მთავარსარდლის დანიშვნის მეორე დღესვე გამოცხადდა საერთო მობილიზაცია მთელ საქართველოში და, რადგანაც გამოირვკა, რომ ჩვენი გვარდიის ნაწილები წითელ ხიდთან მტერს ვერ გაუძლებდნენ, ახალმა მთავარსარდალმა გადაწყვიტა მოეხსნა წითელი ხიდიდან და უკან დაეწია ყველა სამხედრო ნაწილი და შედგომოდა ტფილისის დაცვას.

თუმცა 1920 წლის 6 ოქტომბრიდან არსებობდა ტფილისის გამაგრებული რაიონის უფროსის თანამდებობა, რომელსაც მთავრობის განკარგულებით მე ვასრულებდი და თანახმად ჯარების მმართველობის დებულებისა, ქალაქის დაცვა მე უნდა დამკისრებოდა, მთავარსარდალმა უკუაგდო ეს კანონი და 15 თებერვალს დამნიშნა მებრძოლი რაიონის უფროსად, ორხევის სადგურიდან ტაბახმელამდე.

[...]

16 თებერვალს, გათენებისას, ჩვენი მოწინავე რაზმები, რომელთაც მთავარსარდალი დახვდა სადგ. სოღანლუღში, ტფილისში მოვიდნენ.

15 თებერვალს, მე დავბანაკდი სოღანლუღთან სადარაჯო ლეგიონის ორი ასეულით, რომელთაც ტყვიისმფრქვეველები არ ჰქონდათ.

მთავარსარდალმა ტფილისის მიდამოების დასაცავად გამგზავნა ტაბახმელა-ორხევის ხაზზე და დამპირდა, რომ ჩემს განკარგულებაში გამოგზავნიდა პირველ რიგში ყველა იმ ნაწილს, რომლებიც იმ დღეებში უნდა მოსულიყვნენ ტფილისში დასავლეთიდან.

მართლაც, იმავე დღეს, საღამოს გორიდან და ხაშურიდან ტფილისში ჩამოვიდა გვარდიის ორი ათასეული, რომლებიც ჩემს განკარგულებაში გამოიგზავნა.

[...]

არმიის შტაბი ტფილისში იმყოფებოდა: მისი მოქმედებიდან უნდა აღვნიშნო ერთი გარემოება: ომის დაწყების პირველი დღეებიდან ტფილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა.

ვგონებ, არმიის შტაბს უნდა ჰქონდეს მზვერავი აპარატი, უნდა ჰქონდეს ცნობები მოწინააღმდეგის ძალებისა, მათი მოძრაობის შესახებ და სხვა, და ამ ცნობებს უნდა აწვდიდეს მებრძოლი რაიონების უფროსებს. ეს ასე ხდება ჩვეულებრივ, მაგრამ არმიის შტაბს ან არ ჰქონდა ყველა ეს საჭირო ცნობა, ან თავს არ იტკივებდა, გადაეცა ისინი პოზიციებზე.

ამის ერთ-ერთი შედეგთაგანი ის იყო, რომ 18 თებერვალს მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად იმყოფებოდა მტერი და რომელი მიმართულებით წამოვიდოდა ის თავისი მთავარი ძალებით.

ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არც ერთი ნაწილი, რომ საშუალება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად, ხოლო ქვეით სადარაჯო რაზმებს, რომლებიც ადიოდნენ მხოლოდ იაღლუჯის მაღლობზე, მოჰქონდათ ცნობები, რომ მტერი არსად ჩანდა.

18 თებერვალს კი, საღამოს 10 საათზე, მტრის საკმაოდ დიდმა კოლონამ იაღლუჯის მაღლობებს შემოუარა მტკვრის მარჯვენა ნაპირით და ჩვენკენ წამოვიდა იერიშით.

მტრის ჯარების უფროსებს, ცხადია, მიზნად ჰქონდათ დასახული ღამით დასცემოდნენ ჩემს პოზიციებს, ჩაეგდოთ ხელში სოღანლუღის ხიდი, სადგური და გზატკეცილი, რომელიც მიდის ტფილისასაკენ და ამ გზით შეჭრილიყვნენ ტფილისში.

[...]

ტფილისში მთელ იმ ღამეს შეუწყვეტელი პანიკა იყო. არავინ იცოდა რა ხდებოდა ფრონტზე. ტელეფონების ყველა მავთული დაწყვეტილი იყო და ხელთ არავინ მყავდა, რომ იგი აღმედგინა.

არმიის შტაბს კი სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. მთელი ღამის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პოზიციებზე გააფთრებული ბრძოლა იყო, მიუხედავად საშინელი სრილისა, რაც კარგად ისმოდა ტფილისში, არმიის შტაბიდან ერთი კაციც არ მოვიდა და არ იკითხა, რა ხდებოდა პოზიციებზე.

შტაბში კარგად იცოდნენ, რომ ჩემს განკარგულებაში არ იყო არც ერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსანი ორდინარეცებისა, რამდენიმე ავტომობილიც იდგა.

[...]

ჯარების მობილიზაცია გვიანდებოდა, რადგან მისი გატარება სიძნელი წარმოებდა: ამის მიზეზი, ალბათ, ბევრი რამ იყო. ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი იმაში მდგომარეობდა, რომ მობილიზაციით მოკრებული ჯარისკაცნი ადგილობრივ მაზრებში ვერ იღებდნენ ტანსაცმელს, იარაღს და მოკაზმულობას, რადგან სამობილიზაციო გეგმით არ იყო მხედველობაში მიღებული ხელუხლებელი მარაგის საწყობების წინდაწინ აგება, არც სამმართველოებთან და არც ჯარის ნაწილებთან. ამ მიზეზით საქმე მეტად გართუელბული და გაძნელებული იყო.

სხვადასხვა ქალაქები წერდნენ ტფილისს, ტფილისი კიდევ მათ. მიმღები კომისიები იგზავნებოდა ტფილისში და ამ მიწერ-მოწერაში და წინ და უკან სიარულში საქმე ფერხდებოდა.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: მე-10 და მე-11 ლეგიონებმა მობილიზაცია მხოლოდ 28 თებერვალს მოათავეს და ტფილისში ვეღარ მომისწრეს, ჩემთან მხოლოდ ხაშურში მოვიდნენ.

მალე გამოირკვა, რომ საინტენდანტო საწყობებშიაც არ იყო საკმაო ტანსაცმელი და მოკაზმულობა და, რაც უმთავრესია, თოფებიც.

ცხენოსანი ჯარის ახალი ნაწილების შედგენა მხოლოდ 25 თებერვალს მოიფიქრეს. კავალერიის უფროსად დანიშნული პოლკოვნიკი დავით ჭავჭავაძე, იძულებული იყო ოფიცრებით წასულიყო დასავლეთ საქართველოში ცხენოსანი ლაშქრის შესადგენად, 25 თებერვალს დილის 5 საათზე.

ეს სწორედ იმ დროს იყო, როდესაც ჩვენი ჯარი ტფილისიდან მცხეთაში იხევდა.

ქუთაისში და შემდეგ სამტრედიაში გამოცხადდა უნაგირების რეკვიზიცია კავალერიისთვის.

რასაკვირველია, არ შეიძლება მთელი ბრალი არმიის შტაბს დავდოთ, რადგან მომარაგების სამინისტრომ და მთავარმა საინტენდანტომ, რომელიც ამ სამინისტროს ემორჩილებოდა, ვერ მოიფიქრეს სამი წლსი განმავლობაში სისწორით ენაგარიშათ და გამოერკვიათ, რა დარჩა კიდევ კავკასიის ყოფილი არმიის უზარმაზარ საწყობებში.

თუმცა, მთავარ საინტენდანტოში იყვნენ ძველი, გამოცდილი ოფიცრები და მოხელენი, რომლებიც ოდესღაც მშვენივრად უვლიდნენ ამაზე უფრო დიდ ქონებას და კარგად იცოდნენ, სად რა იყო, მაგრამ იმ დროს სპეცებს უნდობლად უყურებდა მთავრობა. ისინი უბრალოდ გადამწერლებად გადააქციეს და საპასუხისმგებლო ადგილებზე ნიშნავდნენ გამოუცდელ, უვიც, საეჭვო ზნეობის პირებს, რომელთაც პარტიული ბილეთის მეტი არაფერი გააჩნდათ.

შემდეგში, როდესაც მე სათავეში ჩავუდექი ქართულ წითელ ჯარს, სავსებით დავრწმუნდი, რომ როგორც მომარაგების მინისტრმა ერაძემ, ისე მთავარი საინტენდანტოს უფროსმა კალისტრატე გოგუამ, არ იცოდნენ, რა ქონება ჰქონდათ, სად ჰქონდათ და მთავრობას და არმიის შტაბს ტყუილ ცნობებს აწვდიდნენ.

უკვე 1921 წლის მაისში, ჩვენს საწყობებში დარჩენილი ტანსაცმლით მე შევძელი თავიდან ფეხებამდე შემოსვა 17 000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა.

ეს არ კმარა: საქართველოს საბჭოთა მთავრობა, დღიდან ტფილისში შემოსვლისა, ორი კვირის განმავლობაში უფასოდ კვებავდა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს სამინისტროს საწყობებიდან, მაშინ, როდესაც დ.ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით კრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისსა და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნარგი და ცხენების სხვა მრავალი მოწყობილობა.

შემდეგში, საპატიმროში, პირადად გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარებელი ქონება, მთავრობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტები ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების მიცემაზე?

მთავრობის წევრნი, რომელნიც ჩემთან ერთად ისხდნენ საპატიმროში, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ხელისუფლებას ისევ დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო.

კალისტრატე გოგუა გულუბრყვილოდ ამბობდა, რომ ის ცდილობდა შეენახა ეს ქონება, რათა დიდხანს ჰყოფნოდა იგი.

[...]

ფრონტის მდგომარეობა 24 თებერვალს ასეთი იყო: მოწინააღმდეგის იერშიები ყველა რაიონში მოიგერიეს და დარწმუნებული ვიყავი, რომ თელი დღის ბრძოლით დაქანცული მოწინააღმდეგე ღამის იერიშებს არ მოახდენდა, ხოლო დილით, რადგანაც მოწინააღმდეგე მთის გაშლილ ფერდობზე და ხევებში იდგა, ჩვენი კარგად მოწყობილი პოზიციების პირდაპირ, იძულებული გახდებოდა ან იარაღი აეყარა, ანდა თუ ვინიცობაა უკან დაიხევდა, მთლად გაწყდებოდა, ლეგიონების უფროსებთან ტელეფონებით ლაპარაკის დროს ჩემი ეს აზრი თანდათან მტკიცდებოდა.

ღამის 11 საათსა და 23 წუთზე, მოულოდნელად მიხმეს პირდაპირ მავთულთან და გადმომცეს მთავარსარდლის ბრძანება, ტფილისიდან მცხეთაში უკან დახევის შესახებ.

[...]

ამ ბრძანებამ გამაკვირვა და გამაოცა. 12 საათამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. უცებ გუდანაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით ტფილისიდან.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და... უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. 

რა მოხდა?

რაში იყო საქმე?

ყველაზე მეტად ერთი გარემოება მაოცებდა: ტფილისის დაცვა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე აჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ამეხსნა.

იმ კრებაზე, რომელზეც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელბიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც არ ინებეს.

ქალაქიდან ოთხივე ფრონტი დაშორებული იყო ზოგი ორ ვერსზე, ზოგიც სამზე და ზოგი ხუთზე.

ძნელი იყო ჩვენი დაბარება?

ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5 წუთში მივიდოდით შტაბში!

ბრძანების მიღებისთნავე ტელეფონით შევუერთდი გენ. ანდრონიკაშვილს და გენ. ჯიჯიხიას და შევეკითხე, მიიღეს თუ არა მთავარსარდლის ბრძანება, და თუ მიიღეს, ხომ არ იციან მიზეზები ასეთი მოულოდნელი უკან დახევისა?

ორივემ გულისტკივილით მიპასუხა რომ ბრძანება მიიღს, მაგრამ მიზეზები მათაც არ იციან.

მეტი ჯანი არ იყო. მთავარსარდლის ბრძანება უნდა შეგვესრულებინა და გათენების 3 საათზე ჩემმა ჯარებმა მიატოვეს პოზიციები და სრული წესრიგის დაცვით გაემართნენ ნავთლუღის, სადგურის და ღრმაღელეს მიმართულებით.

როდესაც ჯარების კოლონების ბოლომ ნავთლუღს მიაღწია, ჩვენი პოზიციებიდან საშინელი აფეთქება მოგვესმა. ააფეთქეს სოღანლუღის ხიდი. თუმცა სრულებით უმიზნო იყო მისი აფეთქება, რადგან ამ ხიდს სამხედრო ტაქტიკის თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

[...]

როდესაც ჩემი რაზმით ტფილისის რკინიგზის სადგურს დავუპირისპირდი, სადგურის შესასვლელთან მრავალი ავტომობილი შევამჩნიე. იმ ფიქრით, რომ შეიძლება მენახა მთავარსარდალი, ან მთავრობის რომელიმე წევრი და გამეგო დაწვრილებით უკან დახევის მიზეზი, სადგურისაკენ გავუხვიე. დარბაზი გაჭედილი იყო ქალაქის მაცხოვრებლებით. ყველა ჩქარობდა წასულიყო მატარებლით, რომლებიც ერთი მეორეზე მიდიოდნენ მცხეთისკენ. მგზავრთა შორის შევამჩნიე პოეტების ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვგონებ, ლევან მეტრეველი. ისინი ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, როგორ მოქცეულიყვნენ: მთხოვდნენ, ამეხსნა მდგომარეობა. მათ ვუპასუხე: - ყმაწვილებო, არ ვიცი, რად აიღეს ხელი ტფილისის დაცვაზე და რად წავიდნენ მთავრობა და მთავარსარდალი, ალბათ, მათ ჰქონდათ სერიოზული მიზეზები. მაგრამ არ მესმის, თქვენ რად ტოვებთ დედაქალაქს! რამდენადაც გიცნობთ, თქვენ არც მეომრები ხართ და არც პოლიტიკოსები. მოქალაქის მოვალეობა გავალებთ დარჩეთ ტფილისში, მიიღეთ ენერგიული ზომები მცხოვრებლების დასამშვიდებლად. ჩემი აზრით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ მოწინააღმდეგსთან, უნდა უთხრათ, რომ საქართველოს მთვრობამ და მისმა ჯარებმა დატოვეს ტფილისი და თხოვოთ, მიიღონ ზომები, რომ ხალხის ნაძირალა ელემენტებმა არ ისარგებლონ არეულობით ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს და ძალადობასა და ძარცვა-გლეჯას არ მიჰყონ ხელი, ამით თქვენ ჩვენს დედაქალაქს დიდ სარგებლობას მოუტანთ, - ეს ვუთხარი და საჩქაროდ გავშორდი, რადგან ჩმს რაზმს უნდა დავწეოდი.

შემდეგში გავიგე, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ჩემი რჩევა და ბოლშევიკური ჯარების შემოსვლის დროს ტფილისში რომ არ დაიწყო ძალმომრეობა და ძარცვა, ეს გარემოება, ჩემი აზრით, სხვათა შორის უნდა მიეწეროს ჩვენი პოეტების ზემოხსენებული ჯგუფის უნარიანობასაც.

დაახლოებით დილის 7 საათზე ჩემი ჯარის ნაწილებმა სადგურ ავჭალას მიაღწიეს.

ამ დროს, მოწინააღმდეგის ცხენოსანმა პატარა რაზმებმა ტყვია დაუშინეს სადგ. ავჭლას და ხელთ ჩაიგდეს სანიტარული რაზმი, რომელიც კოლონის თავში მიდიოდა, მაგრამ ჯარის სხვა ნაწილებმა და ჯავშნიანმა მატარებელმა უკუაქციეს ისინი.

მე ვფიქრობდი, რომ, თანახმად მთავარსარდლის ბრძანებისა, პოლკ. გედევანიშვილის რაზმი ჩვენ უკან დახევას ხელს უწყობს და უჭირავს ღრმაღელე-გლდანის რაიონი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაზმმა ჩვენზე ადრე გაიარა ეს ადგილები, ასე რომ, ჩვენ უკან დახევას არავინ იცავდა და მხოლოდ მოწინააღმდეგის ჭარბი სიფრთხილის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ მშვიდობით მივაღწიეთ ზემო-ავჭალას.

ჩვენ დახევას არ ჰქონდა წინდაწინვე მომზადებული გეგმა.

მცხეთაში ჩვენთვის არ იყო მომზადებული პოზიციები რკინიგზის ხიდთან, ზემო-ავჭალასა და მცხეთას შუა უკან დახეულ ჯარებს გზა შეეკრათ, რადგან ხეობა ამ ადგილას ძალიან ვიწროა და გზატკეცილი რკინიგზის ხაზს ჭრის.

თვითონ მთავარსარდალი იძულებული გახდა გამოეკეთებინა საქმე და მოეწესრიგებინა ჯარებისა და ლტოლვილების წინსვლა.

მცხეთაში, მთავარმა შტაბმა არ უჩვენა დივიზიებს ადგილები, რის გამოც ჯარის ნაწილები ისე დაბანაკდნენ, ვინც როგორ მოახერხა, მცხეთის სადგურსა და მონასტრის შუა.

თავდაცვის არავითარი ზომები არ იყო მიღებული.

მცხეთის პოზიციებზე დარჩენა შეუძლებელი იყო არმიის მცირერიცხოვნობის გამო.

მოწინააღმდეგეს რომ მეტი ენერგია და გაბედულება ჰქონოდა, 24 თებერვლის საღამოს საქართველოს მთელ არმიას ტყვედ ჩაიგდებდა, მაგრამ მისი უმოქმედობის გამო, 26 თებერვალს ჩვენ შევძელით მცხეთის ქვაბიდან გასვლა.

საღამოს 8 საათზე, მთავარსარდალმა ბრძანება გასცა: დაეხიათ უკან ჯარების 26 თებერვალს-გათენებისას, ორ კოლონად.

მარჯვენა კოლონას, გენ. ანდრონიკაშვილის უფროსობით, რომელსაც შეადგენდა ქვეითი ჯარები, უნდა ევლო გზატკეცილით გორამდე, სოფ. ძეგვზე, ახალქალაქზე და დოესზე.

მარცხენა კოლონას გენ. სოსო გედევანიშვილის უფროსობით, რომელსაც შეადგენდა გვარდიის ყველა ნაწილი და არტილერია, უნდა ევლო გორამდე, სოფ. მუხრანზე და იგოეთზე.

ამგვარად, ჩემი რაზმი 25 თებერვალს დაიშალა და შევიდა უკანდახეული კოლონების შემადგენლობაში.

მე უსაქმოდ დავრჩი და მთავარ შტაბს მიმაწერეს.

გამომცელობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.