ლევან ბერძენიშვილი - ანაბელ ლი - ედგარ ალან პოს მისტიკური მუზა

მსოფლიო ლიტერატურაში არის უბრწყინვალესი ლექსი, რომელსაც ჰქვია „ანაბელ ლი“. ეს შედევრი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თემას – დაკარგული, დაღუპული ახალგაზრდა შეყვარებულის ტკივილს ეხება.

ეს ხომ, როგორც ედგარ ალან პოს, ასევე ზოგადად პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული თემაა. ეს თემა ხომ ისეთი საშინელი ძალის რამეებს აერთიანებს, როგორიცაა ახალგაზრდობა, სიყვარული და სიკვდილი.

ანაბელ ლისადმი მიძღვნილი ლექსი დიდი ხანია აწუხებთ ლიტმცოდნეებს, ვინაიდან, ანაბელ ლი, როგორც ასეთი, პოს ცხოვრებაში არ ყოფილა. ამიტომაცაა, რომ სპეციალისტები პოს შემოქმედებაში მის პროტოტიპებს ეძებენ. ყველაზე დიდი შანსი, იყოს ანაბელ ლი, პოეტის მეუღლეს, ვირჯინია კლემს აქვს, ვინაიდან, ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. პო და კლემი შეუღლების ნიშნით იყვნენ დაკავშირებულნი, თუმცა მათი სიყვარული არ ყოფილა კონსუმირებული, ვირჯინია კლემი ქალწულად რჩებოდა, ისევე როგორც ანაბელ ლი ლექსში.

არსებობს ლეგენდა, რომ ანაბელ ლი სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთი მცხოვრები იყო, რომელიც მეზღვაურს უყვარდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ამ მეზღვაურმა საყვარელი ქალის საფლავს ვერ მიაგნო. ასეთი ლეგენდა ნამდვილად არსებობდა, თუმცა რამდენად იცოდა მის შესახებ ედგარ ალან პომ, ეს ცალკე საკითხია.

მან ეს საოცარი ლექსი რედაქციაში გრაგნილის სახით დაუტოვა საკუთარ მეგობარს, იმ პატივისცემისათვის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მისგან იღებდა.

საოცარია, რომ ეს ლექსი არ დაიკარგა მკითხველისთვის და არა მარტო მათთვის – თუ გახსოვთ, „ლოლიტას“ მთავარი გმირის, ჰუმბერტ ჰუმბერტის პირველი სიყვარული, რომელმაც მის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, კუნძულ კორფუზე გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა და ჰოი საოცრებავ, მასაც ანაბელ ლი ერქვა. „ლოლიტამ“ პოეტის მუზას ახალი სიცოცხლე, ახალი სუნთქვა შესძინა.