გენერალი გიორგი კვინიტაძე - როგორ დაეცა თბილისი

თავდასხმა 18-დან 19 თებერვლის ღამეს

ღამის სამი საათი იყო, როდესაც სოღანლუღის მხრიდან არტილერიის ტყვიამფრქვევებისა და თოფების სროლის ხმა მოგვესმა. სასწრაფოდ დავუკავშირდით გენერალ მაზნიაშვილს და სროლის მიზეზი ვკითხეთ. 

მისი შტაბის უფროსმა, პოდპოლკოვნიკმა უთნელიძემ გვიპასუხა, პირადად ჩემთვის სროლის მიზეზი უცნობია, მარჯვნიდან და მარცხნიდან ისვრიან, გენერალი მაზნიაშვილი მიზეზის გასაგებად სანგრებისკენ გაეშურაო. უნდა აღვნიშნო, რომ დაბინდებამდე საყარაულას მასივისკენ 10 ვერსის მანძილზე დაჯავშნული მანქანები გავიდნენ მაგრამ მოწინააღმდეგე ვერ აღმოაჩინეს. მთიდან დაზვერვამაც, საიდანაც მთელი ვაკე ხელისგულივით გადაშლილიყო, საეჭვო ვერაფერი შენიშნა. ეს ან ცრუ განგაში იყო და ჯარი ამაოდ ისროდა, ან ბოლშევიკები დაგვესხნენ თავს. უკანასკნელი ძნელი წარმოსადგენი იყო, რადგან ღამით დაუზვერავ პოზიციაზე იერიშის მიტანა მარცხისთვისაა განწირული. ამიტომ თავდასხმა გამორიცხული იყო; ამის მიუხედავად, ყველაფერი ვიღონეთ, რათა შეგვეტყო, რა ხდებოდა ადგილზე. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ პოდპოლკოვნიკ უთნელიძეს დავუკავშირდით, პასუხი იგივე იყო. ცოტა ხნის შემდეგ ტელეფონი აღარ პასუხობდა, ამან შეგვაშფოთა. ამ დროს ტელეფონით უკვე მესანგრეთა ბატალიონის ყაზარმებს დავუკავშირდით, საიდანაც პოლკოვნიკი გურგენიძე განუწყვეტლივ გვატყობინებდა ყველაფერს, რაც კი ესმოდა; ვუბრძანე, ხმის მიხედვით მოეხსენებინა, სროლა ახლოვდებოდა თუ შორდებოდა და განაგრძობდა თუ არა სროლას არტილერია. უკანასკნელის შესახებ განუწყვეტლივ მატყობინებდნენ, გრძელდებაო; ეს გარემოება ან ცრუ განგაშზე მიუთითებდა, ან თავდასხმის შემთხვევაში, იმაზე, რომ ყველაფერი რიგზეა, რადგან არტილერია თუ ისვრის, ე.ი. მტრის ხელში არაა ჩავარდნილი და ჩვენი ჯარი კვლავ ადგილზეა. ვითარების გასარკვევად მანქანით ხალხი გავაგზავნეთ, წავიდა გვარდიის შტაბის ზოგიერთი წევრიც, მაგრამ ეს ყველაფერი დროს მოიტხოვდა. არადა, წარმოიდგინეთ, რა მტანჯველია ასეთ ვითარებაში ლოდინი, ყველაფერიკი გენერალ მაზნიაშვილის გამო ხდებოდა, რომელმაც ჩემთან დასაკავშირებლად არაფერი იღონა. ნავთლუღთან გენერალი ჯიჯიხია გვეკითხებოდა, რა ვქნაო, თან გვატყობინებდა, ვაწესრიგებ იმ ბატალიონებს, რომლებიც საომრად მზად არიანო. ეს მოვუწონე, მაგრამ გაფავრთხილე, ჩემი მითითების შემდეგ გამოდით, ტელეფონთან ოფიცერი დატოვეთ და თქვენც შორიახლოს იყავით-მეთქი. დაახლოებით ხუთი საათისთვის ნავთლუღის სანიტარული პუნქტიდან უეცრად ექიმმა გამოგვიძახა, რომელსაც აინტერესებდა, სად გაეგზავნა დაახლოებიტ 12-15 დაჭრილი. ცხადია, შეტაკება მოხდა. მაშინვე გვარდიის გამოყვანა ვბრძანე, ყველა, ვისაც კი ბრძოლა შეეძლო, ფეხზე დავაყენე. შემდეგ გვარდიის შტაბს შევატყონინე, ვ.ჯუღელი ჩემთან მოვიდა. იგი აღგზნებული იყო და იქ წასვლის სურვილი კლავდა. მის წასვლას დავთანხმდი და ვუთხარი, გვარდიის ერთ ბატალიონს სოღანლუღის რკინიგზის ხიდისკენ გავუშვებ, რომელიც ამ მონაკვეთს გაამაგრებს-მეთქი. ვთხოვე, მაზნიაშვილი მოეძებნა, საქმეში ჯავშანმატარებელი და მანქანები ჩაერთო, რომლებიც იქვე, პოზიციების უკან იდგნენ, ამასთან გავაფრთხილე, რკინიგზის ხიდთან ტელეფონია, რომლითაც ჩემთან დაკავშირებას შეძლებ-მეთქი. იგი წავიდა. მე ბრძოლის შედეგებს ველოდებოდი. მთავარი იყო გათენებამდე სანგრებში გამაგრებულიყვნენ, დღისით კი ჩვენი გამარჯვება უზრუნველყოფილი იქნებოდა. პოზიცია და სიმაგრეები კარგად ვიცოდი; უარტილერიოდ მათი აღება შეუძლებელი გახლდათ. არტილერია არ იყო; გარდა ამისა, მოწინააღმდეგე ციცაბო კლდეზე უნდა ასულიყო. ერთადერთი, რაც მაღელვებდა, გზატკეცილის მარცხნივ, ვაკეზე განლაგებული სიმაგრეები გახლდათ; მათ სიახლოვეს არტილერიის მონაკვეთი მდებარეობდა; მისი უწყვეტი სროლა მამშვიდებდა. შავნაბადას მხარეს იერიში არ მიუტანიათ; ამას სროლის ხმის მიხედვით ვხვდებოდი. წუთები საათივით გაიჭიმა; ისარს ასე ნელა არასოდეს უმოძრავია. მაგრამ, რაც დრო გადიოდა, ვრწმუნდებოდი, რომ საქმე კეთილად დასრულდებოდა, თუ მოწინააღმდეგემ ღამიღ ვერ მიაღწია წარმატებას, ამის შესაძლებლობა თანდათანობით მცირდებოდა. კიდევ ერთი გარემოება მამშვიდებდა, გზატკეცილის მარჯვნივ აშენებული სიმაგრე სიმაღლეზე მდებარეობდა და უკანა მხარეს 15-20 საჟენის ციცაბო ფლატეთი მთავრდებოდა. როდესაც 1914 წელს ჩემი მითითებით აქ სანგრებს თხრიდნენ, ინჟინრები მედავებოდნენ: „ბატონო გიორგი, ამ სანგარს უკან დასახევი გზა არ გააჩნია, აქ მისი გათხრა არ შეიძლებაო“. „დიახ, ისხდნენ და უკან არ დაიხიონ მეთქი“ - ვპასუხობდი მე.

ახლა მთავარი იყო დამცველებს ტყვია-წამალი ჰქონოდათ, თორემ უფსკრულში ხომ არ გადაიჩეხებოდნენ. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ამ სიმაგრეების დამცველი საგუშაგო ბატალიონიდან ოფიცერი მოვიდა. იგი აღგზნებული იყო და ამბობდა, საგუშაგო ბატალიონი ამოწყდება, მაგრამ პოზიციებს არ დათმობსო. მანქანით ტყვია-წამალი გავუგზავნეთ, ღამე უსასრულოდ გაიჭიმა, მაგრამ ყველაფერს აქვს თვისი დასასრული, და ბოლოს, ნანატრი დღეც დადგა. როგორც კი გათენდა, სიმაღლეთა ძირას განლაგებული მტერი საშინელ დღში აღმოჩნდა. ჩვენი სანგრებიდან მას სულ რამდენიმე ათეული ნაბიჯი აშორებდა და ჩვენმა მეომრებმა, როგორც სამიზნეს, ცეცხლი გაუხსნეს. ერთდროულად გამოვიდნენ ჯავშანტრანსპორტიორები და ამ იერიშის შედეგი ათასზე მეტი ტყვე გახდა; დანარჩენებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს. მათ არტილერიის ცეცხლი დაუშინეს. წარმატება მნიშვნელოვანი იყო და ჩემს მოლოდინს გადააჭარბა; ამდენ ტყვეს არ ველოდი. მართლაც, გზატკეცილის გასწვრივ მიმართულებას 1200-1500 ხიშტი იცავდა, ტყვეთა რაოდენობა დამცველთა რიცხვს ოდნავ ჩამოუვარდებოდა და ბოლოს, ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი და საკმაოდ კარგი წარმატება იყო, ტყვეთა რაოდენობა კი აქარწყლებდა მტრის უძლეველობის შარავანდედს, რაც მას სანაინიდან და წითელი ხიდიდან მოსდევდა. ისეთი რისკი, როგორიცაა დაუზვერავ პოზიციაზე იერიშის ღამით მიტანა, მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ მტერმა ვიღაცისგან კარგად იცოდა ხრამზე ჩვენი დამარცხების მასშტაბი და ჩვენი ძალა ვერ შეაფასა. სხვანაირად, ამგვარი იერიში სიგიჟეა.

დილით, გავარკვიე თუ არა, რომ ტაბახმელას მონაკვეთზე სიმშვიდე სუფევდა, სოღანლუღისკენ გავეშურე. გზაში ტყვეთა ერთ კოლონას შევხვდი. მანქანიდან ჩამოვედი და მათი რიგები შემოვიარე. ე.წ. ბოლშევიკური ჯარი პირველად ვიხილე. ისინი ჩემი ძველი ნაცნობები აღმოჩნდნენ რუსეთ-იაპონიისა და უკანასკნელი ომიდან. გულში რაღაცამ გამკრა, ძნელია დაინახო მტერი მათში, ვისთან ერთადაც გიბრძოლია. ზოგიერთს ვკითხე, რისთვის მოხვედით-მეთქი. დაგვიჭირეს და მოგვიყვანესო, - მიპასუხეს. ღმერთო, როგორ მეცნო ეს პასუხი. კარგად იყვნენ ჩაცმულნი; ისინი ისევ ის გულღია რუსი ჯარისკაცები იყვნენ, ძირითდად ახალგაზრდები; მართალია, ზოგს სახის ავი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ისინი ასაკით უფროსები იყვნენ. გზა განვაგრძე, მაზნიაშვილს შეხვდი, ერთმანეთს გადავეხვიეთ, ხმას ვერ ვიღებდით. მოგვარებული საქმე სიტყვებზე მჭერმეტყველი იყო, მაინც ვუსაყვედურე, რომ ეს ამბავი არ მომაწვდინა; მის მიერ გასაჩერებლად არჩეული ადგილიც არ მოვუწონე; ჯერ კიდევ პირველი ჩამოსვლისას მივუთითე, არჩეული ადგილი სახიფათოა-მეთქი; იგი შტაბის უკან გადატანას შემპირდა, მაგრამ ან ვერ მოასწრო, ან ახალი სადგომის აგება არ ისურვა; შორს უკან დახევარ არ უნდოდა, ახლომახლო კი შესაფერისი სადგომი არ იყო. მისი შტაბი რკინიგზის ჯიხურში მდებარეობდა, რომელიც ძირითადი პოზიციის წინ იდგა. მის წინ სიმაგრეები იყო აგებული და ისინი ოგორის გვარდიელთა ერთ-ერთ ბატალიონს ეკავა. ძირითად პოზიციამდე მანძილი ნახევარ ვერსს შეადგენდა. ღამით განხორციელებული იერიშის დროს ამ ბატალიონმა მიატოვა სიმაგრე და უკან დაიხია. პირველი გასროლისთანავე გენერალი მაზნიაშვილი გარეთ გამოვარდა, გაქცეულებს თვალი მოჰკრა და, ეტყობა, ვაკეზე განლაგებული ერთ-ერთი სიმაგრისკენ გაიქცა, საიდანაც დილამდე ფეხი აღარ მოუცვლია. უთნელიძე ჯიხურში ტყვედ აიყვანეს და, ამრიგად, სოღანლუღის მონაკვეთი უმართავი დარჩა.

გენერალი მაზნიაშვილი სანგარში გაყუჩდა, სიცოცხლის ნიშან-წყალს არ ამჟღავნებდა, აღარც ჩემთან დაკავშირება უცდია და აღარც მასზე მინდობილი მონაკვეთის მართვა. ამიტომ ამ მონაკვეთის მართვა საკუთარ თავზე ავიღე. ითვლებოდა, რომ ძირითადი პოზიციის ფრონტი დაცული იყო წინ მდებარე სიმაგრით, ამიტომ მთის ერთმა ბატარეამ ძირითადის წინა და ქვემო პოზიციები დაიკავა; იგი სულ ათიოდე ნაბიჯით იყო დაშორებული იმ სიმაგრეს, რომელიც უკანა მხარეს ციცაბო ფლატეთი ბოლოვდებოდა. მტრის მოახლოებისთანავე მათ ცეცხლი გახსნეს და ვიდრე ჭურვი არ გამოელეოდათ, ადგილიდან დაძვრის საშუალება არ მისცეს. ჭურვების გათავების შემდეგ ზარბაზნები მტრის ხელში აღმოჩნდა, გამთენიისას ყველაფერი უკან დაიბრუნეს. ჯარის შემოვლა მინდოდა, მაგრამ გენერალ მაზნიაშვილს თავისი მოხსენება ჯერ არ დაესრულებინა, როდესაც შტაბიდან გენერალმა ზაქარიაძემ აპარატთან მიხმო.

კოჯრის მასივის დაკარგვა

მდგომარეობა ძალიან შეიცვალა და არა ჩვენს სასარგებლოდ. კოჯრის მასივი მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა. ახლახან მიღწეული წარმატება კოჯრის დაკარგვასთან შედარებით არაფერი იყო. კოჯრის დაკარგვა თბილისის დაღუპვას ნიშნავდა. რადაც არ უნდა დაგვჯდმოდა, მაინც უნდა დაგვებრუნებინა. განადგურებული მტრის დევნის საკითხი მოიხსნა. კოჯრის აღების შემდეგ მოწინააღმდეგე გენერალ ანდრონიკაშვილს ზურგში მოექცა. ვუბრძანე, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გამაგრდით, მე კი საშველ ჯარს გამოგიგზავნით და კოჯორზე იერიშს მივიტან-მეთქი. ჩემი ეს ბრძანება დროულად მიიღეს. სასწრაფოდ შტაბში გავემგზავრე და გზად, შინდისის გავლით, ტაბახმელისკენ სამი ბატალიონი გავუშვი. ორი მათგანი უკვე საბრძოლველად იყო მომზადებული და ამ დროს სოღანლუღის პოზიციების უკან იდგა; ეს იყო მეხუთე პოლკის ახლად ჩამოყალიბებული ბატალიონები და იმერეთის გვარდიელთა ერთი ბატალიონი, რომელცი წინა ღამეს რკინიგზის ხიდისკენ გავუშვი. მესამე - ახლად ჩამოსული ბათუმის გვარდიელთა ბატალიონი გახლდათ. გზად თბილისის გვარდიელთა ორ ბატალიონს შეხვდი; ისინი მოვაბრუნე და ერევნის მოედნისკენ გავუშვი, სადაც შემდგომ მითითებებს უნდა დალოდებოდნენ. დილას, გამარჯვების შეტყობისთანავე, გეგმა გამიჩნდა, წარმატებით გვესარგებლა და საყარაულას მასივი ხელში ჩაგვეგდო, ერთდროულად ტაბახმელა-კოჯრის რაიონი გაგვეძლიერებინა, საერთო იერიშზე გადავსულყავი და მტერი თბილისიდან შორს უკუგვეგდო. მეორე და მესამე არმიელთ ბატალიონების აღსადგენად დრო უნდა მოგვეგო. მაგრამ კოჯრის დაცემამ ამის შესაძლებლობა ხელიდან გამომაცალა. თბილისი ბეწვზე ეკიდა, ყოველ წამს კოჯრის მხრიდან ქალაქის დაბომბვას ველოდი. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, ავტომობილს, რომლითაც ქალაქში ვბრუნდებოდი, საბურავები დაუსკდა და ქალაქისკენ ფეხით გავეშურე. საბედნიეროდ, გზაში სოღანლუღიდან მანქანით მომავალი გოგუა დამეწია, რომელმაც შტაბში მიმიყვანა. ქალაქში საყოველთაო სიხარული სუფევდა; წარმატების შესახებ მთელმა ქალაქმა შეიტყო; გახარებულები „ვაშას!“ ყვიროდნენ, მე კი გული მქონდა დამძიმებული: მოწინააღმდეგემ კოჯორი აიღო. ვისაც კოჯორი უნდახავს, მისი მნიშვნელობა თბილისის დაცვის საქმეში და თბილისის მხრიდან მასზე იერიშის მიტანის შეუძლებლობა კარგად ესმის. მისი აღება მხოლოდ უზარმაზარი მასით შეიძლებოდა, ამასთან, ჯარს იერიში თითქმის მიუვალი ფერდობებით უნდა მიეტანა. გარშემო 45-გრადუსიანი დამრეცობის ფერდობი მდებარეობდა. ამოცანა მეტად რთული იყო.

შტაბში დაბრუნებულმა სათანადო მითითებები გავეცი. გენერალ ანდრონიკაშვილს კოჯორზე იერიში ტაბახმელადან უნდა განეხორციელებინა. თბილისის გვარდიელთა ოთხი ბატალიონიდან ნაწილი ფუნიკოლიორის მხრიდან გავუშვით, სადაც მამა-დავითის გზით უნდა ასულიყვნენ, ნაწილი დაბა წყნეთის მხრიდან წავიდა. ამასთან გენერალი ანდრონიკაშვილი ახლადმოსული არტილერიითა და მეოთხე პოლკის ორი ასეულით გავაძლიერე. 19-დან 20 თებერვლის საღამო და ღამე ჯარის მიერ საწყისი პოზიციების დაკავებაში მიილია.

[...]

იერიში 20 თებერვალს, დილით უნდა დაგვეწყო. საიერიშო მონაკვეთს ჯარი უფრო ადრე ვერ მიუახლოვდებოდა. რაც კი შეიძლებოდა, ამ მასივზე საიერიშოდ გადავისროლე. თუ ამ მასივს ვერ დავიბრუნებდით, თბილისში დარჩენა შეუძლებელი გახდებოდა.

კოჯრის მასივის აღება

20 თებერვალს კოჯორზე განხორციელებული ჩვენი იერიში წარმატებით დასრულდა. კოჯორი დავიბრუნეთ და მოწინააღმდეგე ამ მასივიდან ქვედა განშტოებებისკენ შევავიწროვეთ.

[...]

20 თებერვალს, გენერალ ანდრონიკაშვილთან ყოფნისას, ერთი ადგილის შესახებ მაცნობეს, სადაც ოთხი ქვემეხი და სატვირთო ავტომობილი იდგა; მოწინააღმდეგეს ისინი კოჯორში მიჰქონდა; ისიც მაცნობეს, ჩვენებმა მას ცეცხლი დაუშინეს და მტერს მათი წაღების საშუალებას არ აძლევენო, ამასთან, ისე შეავიწროვეს, ეს ქვემეხები ალბათ ჩვენს ხელთ აღმოჩნდებაო. კოჯრის აღება რამდენიმე საათით რომ დაგვეგვიანა, ეს ქვემეხები თბილისს დაბომბავდნენ და, საერთოდ, სავალალო ყოფაში აღმოვჩნდებოდით.

[...]

სამწუხაროდ, 24 თებერვლისთვის არახელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა. დიდი ხნის წინათ მობილიზებული მოწინააღმდეგე ძალებს იკრებდა. ჩვენი კი სანაინთან წარუმატებლობისა და ხრამთან დამარცხების შემდეგ, ვერ მოვასწარით მთელი ძალების თავმოყრა და მტრის წინააღმდეგ გამოყვანა. უკვე 22 თებერვალს შევიტყვე, რომ მოწინააღმდეგის ცხენოსანთა რაზმმა მანგლისი დაიკავა და თბილისისკენ მოიწევდა. მან მანგლისი-კოჯრის გზატკეცილის გასწვრივ ჩვენზე იერიშის მოტანა სცადა და მარცხი იწვნია, ამის შემდეგ ნახშირმთისკენ იწყო წაწევა, აქედან წყნეთზე გასვლა შეეძლო და, თუ უფრო ღრმად შევიდოდა, დიღომში ამოყოფდა თავს.

[...]

მიუხედავად ყველაფრისა, 24 თებერვალს მტრისთვის ინიციატივის წართმევა ვცადე. იერიში 24-ში დილას უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯარმა გადაადგილება ვერ მოასწრო და პოლკოვნიკმა გედევანიშვილმა მაცნობა, იერიშზე გადასვლას დღის ორ საათამდე ვერ მოვახერხებო. შემდეგ მანვე მაცნობა, მტრის ცხენოსანთა რაზმმა ჩვენი ცხენოსნები შეავიწროვა, ფლანგიდან მოუარა და ოლგინსკოეს მიმართულებით გაეშურაო. ჩვენმა ცხენოსანთა რაზმმა ქვეითი ჯარით უკან დაიხია. იგი მტრის ცხენოსანთა რაზმს უნდა მიჰყოლოდა და მისთვის მოქმედების საშუალება არ მიეცა. რადგან ეს ვერ მოახერხა, ე.ი. მტრის ცხენოსანთა რაზმი რიცხობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდა ჩვენსას, ანუ 1500, ან შეიძლება მეტი ცხენოსანიც ჰყოლოდა. 23 თებერვალს, დილიდან, ფოილო-თბილისის რკინიგზაზე მტრის დაჯავშნული მატარებლები გამოჩნდა. ისინი რამდენჯერმე მიუახლოვდნენ ნავთლუღს, მაგრამ ჩვენი არტილერიის ცეცხლმა უკან დახევა აიძულა. მაშინ გამოჩნდა მათი აეროპლანებიც, რომლებიც გარემოს ბომბავდნენ. ნავთლუღში მანქანით მივემართებოდი, როდესაც აეროპლანიდან ჩამოგდებული ერთი ბომბი ჩემს სიახლოვეს, გზაზე აფეთქდა. 24 თებერვალს სამ-ოთხ საათზე ავჭალის ადგილობრივ ხელისუფალთაგან მტრის ცხენოსანთა რაზმის გამოჩენისა და მათ მიერ სოფელ მამკოდას, შემდეგ კი გლდანისა და ბოლოს, სოფელ ავჭალის დაკავების შესახებ პირველი ცნობა მივიღე. ეს ამბავი დაბინდებამდე შევიტყვე. ცხადია, ეს ის ცხენოსანთა რაზმი იყო, რომელმაც პოლკოვნიკ გედევანიშვილის ფლანგს შემოუარა და ოლგინსკოეს მიმართულებით წავიდა.

ამრიგად, მტერი ზურგში მოგვექცა და რკინიგზით უკანდასახევი გზა ხელში ჩაიგდო. გაუგებარია, რატომ არ გამოიყვანა რკინიგზა მწყობრიდან, რატომ არ აიღო სადგური, ტელეგრაფი და ა.შ. ამით ხომ იგი საქართველოს მთელ ტერიტორიასთან კავშირის საშუალებას მოგვისპობდა. ეს შემთხვევითობა მეტად ხელსაყრელი გახლდათ ჩვენთვის. მოწინააღმდეგე ყველაფერ ამას თავისუფლად მოახერხებდა; ხელს ვერავინ შეუშლიდა.

[...]

საერთო მდგომარეობა ასეთი იყო. ჯერ კიდევ 23 თებერვალს მოწინააღმდეგე ნახშირ-გორასთან გამოჩნდა, საიდანაც სოფელ დიღომში გადასვლა შეეძლო და, სიმაღლეების დაპყრობის შემდეგ, მითუმეტეს ავჭალაც უკვე მის ხელში იყო, თბილისიდან გასასვლელ გზებს გადაგვიკეტავდა, რაც დედაქალაქის ალყაში მოქცევას, ანუ ჯარის და მთელი სამთავრობა აპარატის დაღუპვას ნიშნავდა. ამ ელემენტების დაკარგვის სემდეგ ქვეყანა ბრძოლას ვეღარ გააგრძელებდა, რაც ომის დასასრულს ნიშნავდა. მტრისთვის თბილისზე ალყის შემორტყმა არ უნდა დაგვენებებინა. მთავრობის მიერ ორჯერ დამტკიცებული (1920 და 1921 წლებში) ომის წარმართვის საერთო დირექტივის თანახმად, ომის გასაგრძელებლად, თბილისიდან უნდა გაგვეღწია, ვინაიდან თბილისის დაცემა ომის დასასრულს არ ნიშნავდა. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება? მიმაჩნია, რომ სწორი იყო, ისტორიულადაც ცნობილია, რომ თბილისის მტრის ხელში ჩავარდნა ერის დამორჩილებას როდი ნიშნავდა, საქართველო წლობით ებრძოდა მტერს და თბილისის განთავისუფლება ხშირად სამშობლოს განთავისუფლების ბოლო აქტი ყოფილა. მოსკოვი არმისი გადასარჩენად დათმეს. უკანასკნელ ომში (1914 წელი) პარიზი წინასწარ იყო მომზადებული დასატოვებლად და ამა თუ იმ პუნქტის, ზოგჯერ დედაქალაქის დატოვებაც კი ახლანდელ დროში ომის დასასრულს არ მოასწავებდა, ვინაიდან ბრძოლაში ცალკეული ნაწილები კი არა, მთელი ერი და სახელმწიფოა ჩაბმული. ამრიგად, 24 თებერვლის საღამოსთვის თბილისი, არსებითად, ალყაში მოექცა. ავჭალა რომც გაგვეწმინდა, მტკვრის გასწვრივ ვიწრო გასასვლელი თუ დარჩებოდა - რკინიგზის ხაზი, ავჭალაზე გამავალი სასოფლო გზა და საქართველოს სამხედრო გზა. სიგანეში ეს ზოლი 2-3 ვერსს არ აღემატება და თბილისის თავდაცვის ზოლის ერთ მეათედს თუ შეადგენს. ყოველვე ამას ჩვენს მიერ 3150 სიმაღლის დაკარგვა ემატება, ყველაზე ტრაგიკული კი მარცხენა სანაპიროს ჯგუფის მიერ თვისი გამაგრებული პოზიციების მიტოვებაა. გარდა ამისა, თადარიგში ერთი კაციც აღარ მყავდა.

საგმირო საქმეები

მარცხენა სანაპიროს ჯგუფზე რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა. უპირველესად მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განლაგებული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობა უნდა შევადაროთ ერთმანეთს. 19 თებევრლიდან ტაბახმელასა და კოჯრის მონაკვეთებზე ბრძოლები არ შეწყვეტილა, ისინი დღედაღამ მიმდინარეობდა და საქმე ხშირად ხიშტის დარტყმამდეც მიდიოდა. გააფთრება უმაღლეს ზღვარს აღწევდა; სანგრები ხშირად მტრის ხელში გადადიოდა, მაგრამ მებრძოლთა თავდადებული შეტაკების შემდეგ კვლავ გვიბრუნდებოდა. რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ.

ერთ უბანზე მტერი რამდენიმე ათეული კაცის შემადგენლობით, წინ გაიჭრა და უფროსი ლეიტენანტის გოგი ალექსი-მესხიშვილის ბატარეაზე იერიში მიიტანა. იგი სროლით ისე იყო გართული, ლამის ზურგიდან მოახლოებული მოწინააღმდეგე ვერც კი შენიშნა; მხოლოდ უკანასკნელ წამს, როცა სულ ათიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი, ალექსი-მესხიშვილმა შენიშნა ისინი, „ჩემსკენო“, დაიძახა, არტილერისტების მცირე ჯგუფი თავის გარშემო უცებ შემოიკრიბა და „ვაშას“ ძახილით, გაშიშვლებული ხმლით მტერს ეკვეთა; იმავდროულად, მეორე მხრიდან შენიშნა მოწინააღმდეგე საშველად გაგზავნილმა რამდენიმე ათეულმა იუნკერმა, რომლებიც ბრძოლაში უმალ ჩაებნენ. მტერი დამარცხდა.

სხვა ადგილას, ერთ-ერთი შეტაკებისას, რომელიც ჩვენი წარმატებით დასრულდა, სასიკვდილოდ დაიჭრა იუნკერი შალვა ერისთავი. იგი ბრძოლის ველზე იწვა და კვდებოდა. ერთი იუნკერი საშველად მივარდა. მომაკვდავმა ნახევრად უგონომ, ვერ იცნო ამხანაგი და შეჰყვირა: „შეჩერდი, ვინ ხარო“, ამასთან, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და თოფი მოიმარჯვა. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. იგი ბოლო წუთებშიც მტერზე ფიქრობდა.

კიდევ ერთი შემთხვევა. ერთგან, სოღანლუღის ქედზე, ერთი ოფიცერი, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, სამ ჯარისკაცთან ერთად ზურგიდან მიეშურებოდა პოზიციებზე. დანიშნულების ადგილამდე 150 ნაბიჯიღა რჩებოდა. ღამე იყო; უეცრად მოწინააღმდეგე შეამჩნია, 20-მდე კაცი იქნებოდა. სიბნელეში გრძელი ფარაჯები, დამახასიათებელი ნაცრისფერი ცხვრის ფაფახები მოჩანდა. სამ ჯარისკაცთან ერთად თოფმომარჯვებული მტერს ეკვეთა; იმათ ყვირილი ატეხეს, „არ გვესროლოთ, გნებდებითო“. სამმა ჩვენმა ჯარისკაცმა ოფიცერთან ერთად ისინი ტყვედ ჩაიგდო.

კიდევ ერთ ოფიცერზე გიამბობთ, ვისშიც ძლიერი იყო მოვალეობის გრძნობა. უკვე დიდი ხანია ვსახურობ, რუსეთ-იაპონიის ომშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ მსგავსი შემთხვევის მოწმე არც ვყოფილვარ, არც სხვისგან მსმენია. სკოლის ოფიცერს, კაპიტან ყიფიანს ერთი სანგარი ეკავა, თან ორმოცამდე სათადარიგო კაცი ახლდა. მოწინააღმდეგე, ძლების უპირატესობით, თანდათან უახლოვდებოდა. მსროლელთა ცეცხლი მას ვერ შეაჩერებდა, პირდაპირ შებმა გარდაუვალი იყო. ამ დროს ყველა მისმა ჯარისკაცმა სანგარი მიატოვა და უკან გაიქცა. კაპიტანმა ყიფიანმა ხელქვეითების პანიკისას გაქცეულთა შეჩერება ვეღარ შეძლო. იგი სანგარში დარჩა და რევოლვერიდან ოთხი ტყვია დაიხალა. მეხუთეს გასროლა ვეღარ მოასწრო, რადგან ამ დროს საშველად რამდენიმე იუნკერმა მიირბინა და ხიშტებით უკუაქცია მტერი. ერთი იუნკერი კაპიტან ყიფიანს მივარდა და რევოლვერი ხელიდან გამოგლიჯა. ოთხი ტყვიით დაჭრილი გადასახვევ პუნქტში მიიყვანეს, სადაც თავისი უფროსის გენერალ ჩხეიძის შეკითხვაზე „თავს რატომ იკლავდიო“, უპასუხა: „მას შემდეგ, რაც ჯარისკაცებმა მიმატოვეს, თვალებში როგორღა შემოგხედავდითო“. ეს ჭაბუკი მოვალეობის უდიდესი გრძნობით იყო გამსჭვალული, რაც კვლავ დაამტკიცა რამდენიმე დღეში. თბილისში რომ დავტოვეთ, იგი ჰოსპიტალში იწვა. თბილისის დატოვება რომ შეიტყო, ჰოსპიტალიდან გამოიქცა და მცხეთაში ფეხით ჩამოვიდა. აქ იგი ვაგონში მოათავსეს.

ამგვარი გმირობა გამოავლინეს თბილისის დამცველებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ბრძოლისას. ალბათ ასეთი ეპიზოდები მრავლად იყო და მათ შესახებ უშუალო მონაწილეებმა უკეთ იციან. სამწუხაროდ, ასეთი გმირობა მარცხენა სანაპიროს ჯგუფს, სადაც გვარდიელთა ნაწილები იმყოფებოდა, არ გამოუვლენია.

თბილისი ალყაში მოექცა

ამრიგად, 24 თებერვალს, საღამოს ხუთი-ექვსი საათისთვის ასეთი ვითარება შეიქმნა. თბილისი მტრის გარემოცვაში აღმოჩნდა და 25 თებერვალს რკალი უსათუოდ შეიკვრებოდა.

[...]

თბილისის ქუჩებში ბრძოლების გამართვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქალაქი ტაფობზე მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული. ეს იყო ხაფანგი, საიდანაც ვერავინ ვერ გააღწევდა და ჯარი იძულებული გახდებოდა დანებებულიყო. ჯარის გაყვანა და თბილისიდან 12-13 ვერსზე გამაგრება გადავწყვიტე. თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა, ჯარისა და მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა. ჩემი ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ვაცნობე. თბილისზე გავლით ბრძოლით უკანდახევა წარმატებას არ გვიქადდა. საუკეთესო საშუალება ღამის სიბნელეში უკანდახევა იყო.

[...]

როგორც აღვნიშნე, ბრძოლები მთელ ფრონტზე შეწყდა. უკანდახევა ვბრძანე, მთავრობის თავმჯდომარემ საბოლოოდ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მთავარსარდლად დანიშვნისთანავე თბილისის ევაკუაციისა და ქალაქში მხოლოდ სამხედრო ხელისუფლების დატოვებას დაბეჯითებით ვითხოვდი. ჩემი მოთხოვნა არასრულყოფილად შესრულდა. დამფუძნებელ სათათბიროსა და მთავრობას მიაჩნდა, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში მათ მიერ დედაქალაქის მიტოვება ჯარის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ამ გამონაკლისს იმ პირობით დავთანხმდი, რომ მათი ევაკუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება მომხდარიყო და საბოლოო ევაკუაციას ხელს არ შეუშლიდა. დამარწმუნეს, ასე იქნებაო. ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას დავეთანხმე, რადგან შეიარაღებული ძალების მორალურ მდგომარეობას ვითვალისწინებდი, რომლის ¾ გვარდიისგან შედგებოდა; თავისი თვისებებიდან გამომდინარე, გვარდია, რომელიც არანაირ დისციპლინას არ ცნობდა, განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებოდა ქალაქიდან ერის წარმომადგენელთ წასვლით.

არ შემიძლია ერთი ოფიცრის მონათხრობი არ გავიხსენო, ვინც რამდენიმე გვარდიელის საუბარს მოჰკრა ყური: „გენერალი კვინიტაძე კარგად იბრძვის, მაგრამ მისი გამარჯვება ხელს არ გვაძლევს, რადგან ძველ რეჟიმს დაამყარებსო“. ვერ ვიტყვი, რომ ყველა გვარდიელი ასე ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთს ასეთი აზრი უტრიალებდა.

ევაკუაცია, როგორც მარწმუნებდნენ, ისე სწრაფად ვერ მოხერხდა. საღამოს 5-6 საათისთვის მთავრობის თავმჯდომარეს მოვახსენე ჩემი გადაწყვეტილება უკანდახევის შესახებ; ბრძოლის ყველა საშუალება ამოვწურეთ და ალყაში მოქცევა გვემუქრებოდა. 9 საათისთვის ეს ბრძანება ჯარს გადაეცა, რომელსაც უკანდახევა 12 საათზე უნდა დაეწყო. დამფუძნებელი სათათბიროს მატარებელი მხოლოდ დილის სამ საათზე გავიდა, სხვა მატარებლებს, იმის შიშით, რომ ამ მატარებელს რამე არ შემთხვეოდა და არ შეფერხებულიყო, არ უშვებდნენ. შემდეგ გადმომცეს, რომ ამ მატარებლის ორთქმავალს რაღაც გაუგებრობა დამართნია და შესაცვლელი გამხდარა. ამ შეფერხების წყალობით მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჯარი ახლადგასულ მატარებელს დაეწია. არ შემიძლია გასასვლელად გამზადებული ყველა მატარებლის ჩამოთვლა, ვინაიდან რკინიგზის ევაკუაცია სამხედრო უწყების გამგებლობაში არ შედიოდა.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921
თბილისი, 2014წ.