Friday, February 3, 2017

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - როგორ აიღეს ქართველებმა სოჭი

აპრილის შუა რიცხვებში, როდესაც რაზმის შტაბი ჯერ კიდევ ნატანებში იყო, ჩემთან მოვიდა დეპუტაცია სოხუმიდან: მასში შედიოდა ქალაქის მოურავი და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს სამი წევრი. 

დეპუტაციამ თხოვნით მომმართა, გამეწმინდა ბოლშევიკებისგან როგორც სოხუმი, ისე მთელი აფხაზეთი.

დელეგაციას განვუცხადე, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემს კომპეტენციაში არ შედის, რომ დანიშნული ვარ იმ რაზმის უფროსად, რომელიც ეომება მხოლოდ ოსმალებს და რომ აფხაზეთის დახმარების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

დელეგაცია ტფილისში გაემგზავრა მთავრობასთან.

ერთი დღის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღე ბრძანება, გამომეყო ჩემი ჯარებიდან ცალკე რაზმი და გამეგზავნა იგი აფხაზეთში ბოლშევიკებთან საბრძოლველად.

[...]

გვარდიის ნაწილების აფხაზეთში შესვლის დაწვრილებითი ცნობები არა მაქვს, რადგან გვარდიის მთავარი შტაბი მოხსენებას გზავნიდა უშუალოდ ტფილისში და ამგვარად, მე და ჩემს შტაბს გვერდს გვიქცევდა.

ამ ხნის შედეგი ის იყო, რომ ბოლშევიკები გუდაუთის იქით განდევნეს.

[...]

16 ივნისს ჩემთან კვლავ მოვიდნენ აფხაზეთის ეროვნული საბჭოს დელეგატები (დელეგატთა შორის ქალაქის მოურავი აღარ იყო) და მთხოვეს, რაიმე მეშველა მათთვის, რადგან ბოლშევიკები მეორედ შემოიჭრნენ აფხაზეთში.

დელეგატები კვლავ მთავრობასთან გავგზავნე.

ორი დღის შემდეგ, 18 ივნისს, სამხედრო მინისტრისგან მივიღე დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მე ვინიშნები აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავი ზღვის ნაპირების ჯარების უფროსად.

წინადადება მეძლეოდა დაუყოვნებლივ, დეპეშის მიღებისთანავე წავსულიყავი ქ. სოხუმში, სადაც მივიღებდი სრულ ინსტრუქციას აფხაზეთში საქართველო მთავრობის წარმომადგენლის - ისიდორე რამიშვილისგან.

[...]

19 ივნისს, გათნებისას მივედი სოხუმში. ნავსადგურში დამხვდნენ ისიდორე რამიშვილი და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი. მათი ლაპარაკიდან გამოირკვა, რომ ბოლშევიკებმა აფხაზი ლაკობას მეთაურობით კვლავ დაიჭირეს გუდაუთა, ამოხოცეს გვარდიის მოწინავე რაზმი და მოიწევენ სოხუმისაკენ. ამჟამად ბოლშევიკებმა ახალ ათონს მოაღწიესო.

[...]

მოწინააღმდეგეს, გუდაუთა რომ დაეჭირა, საშუალება მიეცემოდა, საჩქაროდ წინ წამოეწია, გადმოეთელა სახალხო გვარდიის მცირედი რაზმი და სოხუმი აეღო. ამის მაგივრად, ის ახალ ათონთან შეჩერდა და აქტივობას არ აპირებდა. ეს გარემოება იმის დამამტკიცებელი გახლდათ, რომ მოწინააღმდეგე სუსტი იყო, ან რეზერვებს ელოდა. მოწინააღმდეგის ამ შეცდომით ვისარგებლე და საჩქაროდ შევუდექი ჩემი რაზმის შევსებასა და გაფართოებას.

რადგანაც ლეჩხუმში, ოსეთში და დუშეთში აჯანყებები უკვე დაიწყო, ტფილისიდან დახმარების იმედი აღარ მქონდა. თავისუფალი იყო მხოლოდ საპიორების ცალკე ასეული, რომელიც სამტრედიაში იდგა. ჩემი ბრძანებით ეს ასეული დაუყოვნებლივ ჩამოვიდა სოხუმში. გარდა ამისა, მივმართე აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს და ვთხოვე მოეხდინათ საჩქარო მობილიზაცია აფხაზებს შორის და ამგვარად ჩაეყარათ საფუძველი აფხაზეთის ტერიტორიული ჯარისთვის, რომელიც მათ გამოადგებოდათ, როდესაც ქართული ჯარები უკან, ტფილისში დაბრუნდებოდნენ.

ეროვნული საბჭო დიდი თანაგრძნობით მოეკიდა ჩემს წინადადებას და ორი დღის შემდეგ ჩემს განკარგულებაში უკვე 300 ცხენოსანი აფხაზი იყო. ამგვარად, ჩემს რაზმს მიემატა კავალერიაც, რომელიც დაუყოვნებლივ გავგზავნე პოზიციაზე.

აფხაზეთის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცხოვრებაში არ ვერეოდი; რადგან, ჯერ ერთი, ამ საქმისთვის აფხაზეთის ეროვნულ საბჭოსთან იყო საქართველოს წარმომადგენელი, და მეორეც, სრულებით არ ვიყავი მომზადებული პოლიტიკური მოღვაწეობისთვის, ამიტომ, მთელი ჩემი ყურადღება სამხედრო საქმეზე მქონდა გადატანილი.

ივნისის დამლევს, ახალ ათონთან უკვე იმდენი ძალა მყავდა, რომ შესაძლებელი იყო აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა.

27 ივნისს, ჩემი ბრძანებით, ჯარები შეტევაზე გადავიდნენ. ზღვიდან მათ დახმარებას გამანადგურებელი და ტრანსპორტი „მიხეილი“ უწევდა. არტილერიის ხანმოკლე სროლის შემდეგ მოწინააღმდეგემ გუდაუთისკენ დაიხია, გუდაუთის პოზიციებზე არ შეჩერებულა და გაგრამდის მივიდა, მაგრამ გამანადგურებლების გამო, მოწინააღმდეგე იძულებული იყო გაგრაც დაეტოვებინა და სოჭშიც გადასულიყო. შემდეგ კი ტუაფსეში.

სოჭის მიმართულებით მომხდარ ბრძოლებს არ ჰქონდა ძლიერი შეტაკებების ხასიათი და არც ჯარების ნაწილები გადაგვიჯგუფებია. აქ იყო უფრო მეწინავე რაზმების ბრძოლა. მოწინააღმდეგე, რაღაცა სხვა მოსაზრებებით, შეტაკებას გაურბოდა, ჩვენი მიახლოვებისთანავე უკან იხევდა ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორისაკენ.

სანამ ჩემს მოგონებებს განვაგრძობდე, ერთ საკითხზე უნდა შევჩერდე, რომელიც მკითხველისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს: ქართული ჯარები რომ მივიდნენ სოფელ პილენკოვოსა და მახადირთან, რად წაიწიეს წინ და რად შევიდნენ შავი ზღვის გუბერნიაში, რომლის ტერიტორია არასდროს ეკუთვნოდა არამც თუ საქართველოს, აფხაზეთსაც კი? ეს აიხსნება შემდეგით: ტფილისთან კავშირი მშვენივრად მქონდა მოწყობილი, პირდაპირი მავთულით მაერთებდა სამხედრო სამინისტროსთან, ბრძოლების ვითარების შესახებ ცნობებსთითქმის ყოველდღე ვგზავნიდი, ასე რომ, ტფილისმა ჩვენი ყოველი ნაბიჯი მშვენივრად იცოდა. სოფ. პილენკოვოს დაჭერის შემდეგ ჩემი მისია დამთავრებული მეგონა, რაც ვაცნობე სამხედრო მინისტრს და აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს.

როგორც ტფილისიდან, ისე აფხაზეთის ეროვნული საბჭოდან, ანალოგიური ბრძანებები მივიღე: წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც პირდაპირი მავთულით გადმომცეს, ვითომდა თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა, ხოლო აფხაზეთის საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არა მარტო სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც მიდიოდა.

ამ ბრძანების მიღების შემდეგ, მთელი ერთი კვირა სოფელ პილენკოვოში ვიდექი და წინ არ მივიწევდი, მით უმეტეს, რომ აფხაზეთის ცხენოსანი ჯარი გახრწნის გზას დაადგა. გაგრაში რომ მივედით, მთაში დარჩა არაუმეტეს 60-70 ცხენოსნისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოჭის ასაღებად მზადებას მაინც შევუდექი. სოჭიდან ჩამოსული მეგრელები გვეუბნებოდნენ, რომ იქაური მცხოვრებლები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარების მოსვლას, მზად არიან მოიყვანონ არანაკლებ 2 000 შეიარაღებული კაცისა და სხვა.

გამანადგურებელმა და გემმა „მიხეილმა“ დაზვერეს და გვაცნობეს, რომ სოფელ ხოსტას ველზე თავმოყრილია მოწინააღმდეგის პატარა რაზმი, ხოლო თვით სოჭში, გარდა გარნიზონისა, რომელიც ასრულებს ჩვეულებრივ სამსახურს, სხვა ჯარები არ არის. ამგვარი ცნობები რომ მივიღე, მეწინავე რაზმის უფროსს დადიანს ვუბრძანე იერიში მიეტანა სოჭზე. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ სოფელ ხოსტასთან ჩვენმა მეწინავე რაზმმა ეს ქალაქიც აიღო.

[...]

გაგრაში რომ მივედი, მეწინავე რაზმის უფროსისაგან მოხსენება მივიღე, რომ ჩვენმა ჯარებმა სოჭი დაიჭირეს და მოწინააღმდეგემ ტუაფესკენ დაიხია.

როგორც ზევითაც ვთქვი, ყოველ ძალას ვხმარობდი, პოლიტიკა თავიდან ამეცილებინა და არ გავრეულიყავი ადგილობრივ მცხოვრებთა პოლიტიკურ ურთიერთობაში. ამ მიზნით, ჯერ კიდევ გაგრიდან მივმართე თხოვნით ისიდორე რამიშვილს, ან თვითონ მოსულიყო, ანდა გამოეგზავნა რომელიმე პასუხისმგებელი პოლიტიკური მოღვაწე, ადგილობრივ მცხოვრებთა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

მეორე დღესვე, ამ მიზნით სოჭში გიზო ანჯაფარიზე მოვიდა.

ტუაფსეში გალაშქრებას ზედმეტად ვთვლიდი, რადგან სოფელ გოლოვინსკთან შახის მდინარეზე იყო ერთადერთი დასაცავი პოზიცია, რომელიც საშუალებას იძლეოდა შედარებით პატარა ძალებით დაცულიყო აფხაზეთის საზღვრები მტრის ახალი იერიშისგან.

ჩემს მოხსენებასი სამხედრო მინისტრს ვწერდი, რომ დასაცავი ხაზი უნდა მიდიოდეს სოფელ გოლოვისკის მიმართულებით მდინარე შახზე და საჭიროა პატარა სიმაგრეების მოწყობა „ცარსკაია პოლიანასთან“, კლუხორის უღელტეხილთან - მამისონისა და დარიალის ხეობაში. ამგვარი თავდაცვა საშუალებას იძლეოდა, დამშვიდებული ვყოფილიყავით, რადგან შემდეგში მტრების მხრიდან უცაბედი თავდასხმა არ განმეორდებოდა.

ჩემი ეს მოხსენება, ვფიქრობ, შეწყნარებული იქნებოდა მთავრობის მიერ, იმ დროს საქართველოში პურის და ნავთის ნაკლებობა რომ არ ყოფილიყო.

სწორედ ამ ხანებში, სოჭში მოვიდა ყუბანის რადას წევრი, ვინმე ლაპინი და მე და გიზო ანჯაფარიძეს გამოგვიცხადა, რომ ყუბანის რადა მადლობას გვიხდის კაზაკი ლტოლვილების მფარველობისთვის, რომ ყუბანის მთავრობა მზად არის მოგვყიდოს ჩვენ საკმაო პური, თუ საქართველო მიეშველება მათ და დახმარებას გაუწევს ტუაფსესა და მაიკოპის დაჭერაში.

ლაპინი გვარწმუნებდა, რომ რკინიგზის სადგურზე მაიკოპში ამჟამად დაგროვილია ხორბლის დიდი მარაგი და მის გამოსაზიდად საჭიროა ტუაფსე-მაიკოპის რკინიგზის ხაზის დაჭერა, რომ ნავთი და ნავთის ნაწარმოები თატარისა და დაღესტნის სტანციებთან დაგროვილია იმდენი, რომ დიდხანს ეყოფა მთელ საქართველოს.

ამ წინადადებაზე რაიმე პასუხის მიცემა თავიდან ავიცილე და ლაპინს ვუთხარი საქართველოს წარმომადგენელთან ერთად პირდაპირი მავთულით მოლაპარაკებოდა ჩვენს მთავრობას, ხოლო მე საჩქაროდ სოხუმში დავბრუნდი, სადაც შტაბის უფროსის მოხსენების თანახმად, ჩემი ჩასვლა იყო საჭირო.

იქ გავიგე, რომ სოხუმის ახლოს, თავ. ალექსანდრე შერვაშიძის მამულში, ოსმალეთის ჯარის დესატნი გადმოვიდა, რიცხვით ერთი ასეული ტყვიისმფრქვეველებით.

მიზეზი ოსმალების დესანტისა აფხაზეთის ნაპირებზე შემდეგში მდგომარეობდა: ჯერ კიდევ აპრილში, როდესაც სახალხო გვარდია პირველად ჩავიდა აფხაზეთში, ალექსანდრე შერვაშიძისა და სახალხო გვარდიის შტაბის უფროსს ვ. ჯუღელს შორის უთანხმოება მოხდა.

ოფიცერმა დ. მხეიძემ შემდეგში მიამბო, რომ სანამ გვარდია სოხუმში ჩავიდოდა, შერვაშიძემ აფხაზეთში 150 ცხენოსანი მოკრიბა, დახვდა სახალხო გვარდიას, სალამი მიუძღვნა და ვ.ჯუღელს ეს 150 ცხენოსანი სახალხო გვარდიის გასაძლიერებლად შესთავაზა. თან დაჰპირდა, რომ კიდევ მოკრებს შემდეგში მეომარ აფხაზებს.

ვ. ჯუღელმა უკმეხად უარყო „თავადის“ დახმარება და უპასუხა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმდენად ძლიერია, აფხაზეთის ფეოდალების დახმარებას არ საჭიროებსო.

ამგვარი მოპყრობის შემდეგ, მეტად ნაწყენმა შერვაშიძემ ხმა არ გაიღო, გააბრუნა ცხენი და თავისი რაზმით წავიდა.

ჯუღელის უკმეხობა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, შერვაშიძე საქართველოს მტერი შეიქნა, აფხაზეთში აღარ დარჩა და საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, რომელიც მაშინ ოსმალეთის ხელში იყო.

აფხაზეთში შედგა შერვაშიძის მომხრეების ჯგუფი, რომელნიც უკმაყოფილონი იყვნენ არა მარტო სახალხო გვარდიის მოქმედებით, არამედ საქართველოს მთავრობისაც. ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ტატაშ მარშანია ჩაუდგა. მან განიზრახა საქართველოსგან აფხაზეთის სრული ჩამოშორება.

ამ მიზნით მას ბათუმთან ჰქონდა კავშირი დაჭერილი.

როგორც შედეგი, ალ. შერვაშიძის მუშაობისა ბათუმში და მარშანიასი კოდორის რაიონში, ოსმალეთმა შავი ზღვის ნაპირზე გადმოვა ოსმალების ასკერები აფხაზეთში აჯანყების მოსაწყენად და საქართველოს ხელისუფლების გასადევნად.

აფხაზეთის ეროვნულ საბჭოს კატეგორიულად მოვთხოვე ამ მოვლენის ახსნა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მივიღე.

საბჭოს წევრთა მომეტებული ნაწილი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთში გადმოსული ასკერები, ოსმალები არ არიან, ისინი არიან მუხაჯირები, ე.ი. 1877 და 78 წლ. აფხაზეთიდან გადასახლებულები და ახლა დაბრუნდნენ უკან სამშობლოშიო.

ჩვენს შეკითხვაზე - რატომ პირდაპირ სოხუმში არ მოვიდნენ და ყველას თვალწინ არ გადმოსხდნენ, - საბჭოს წევრებმა პასუხის გაცემა ვერ შეძლეს.

მაშინ საბჭოს წევრთ გამოვუცხადე, რომ მე, როგორც გენერალ-გუბერნატორი და საქართველოს სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელი, ვერ დავუშვებ ოსმალეთის ჯარის ყოფნას აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც თუმცა ავტონომიურია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის და ამას რა შედეგიც მოყვება და რა სისხლიც დაიღვრება, პასუხისმგებელნი ისინი იქნებიან. ამ სიტყვის შემდეგ ეროვნული კრება დავტოვე.

თან წამოვიყვანე რამდენიმე წევრი „მიხეილზე“ და ორი გამანადგურებლის თანხლებით ზღვით გავემგზავრე იმ ადგილისკენ, სადაც ოსმალეთის დესანტი გადმოვიდა, ხოლო წინ გავგზავნე შიკრიკი ოსმალო ოფიცერთან და შევატყობინე, რომ მივდივარ მასთან პირადად მოსალაპარაკებლად.

შტაბის უფროსს ვუბრძანე, გაეგზავნა სანაპირო ასეული ოსმალების ბანაკის უკნიდან მოსავლელად. ასეულს ნაბრძანები ჰქონდა, თუ ოსმალები უკან დაიხევდნენ, თოფები დაეშინათ.

მივედი ალ. შერვაშიძის მამულში და ოსმალო ოფიცერი ვინახულე. მან განაცხადა, რომ ის მოატყუეს, დაარწმუნეს, რომ დიდი პატივით დახვდებიან აფხაზები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ოსმალებს, საქმით კი დავრწმუნდიო, - თქვა ოფიცერმა, - რომ მე გარშემორტყმული ვარ ქართული ჯარებით. ამასთან მარწმუნებდა, რომ მის მთავრობას არა აქვს არავითარი სურვილი საქართველოსთან საქმე გაართულოს და მთხოვა ისინი უკან, ბათუმში გამეგზავნა.

ოსმალეთთან რომ არ მომხდარიყო რაიმე პოლიტიკური გართულება, ბევრი აღარ დავაყოვნე, მაშინვე ვუბრძანე გემ „მიხეილს“ წამოეღო სოხუმიდან ორი ბარჟა, ჩაესხა შიგ ოსმალები, წაეყვანა ფოთში და გადაეცა გარნიზონის უფროსისათვის.

ასე დამთავრდა დესანტის საქმე.

სოხუმში რომ დავბრუნდი, სოჭის მოწინავე რაზმის უფროსის საჩქარო დეპეშა დამხვდა; მატყობინებდა, რომ მოწინააღმდეგეს აქტივობა დაეტყო და ძალებს აგროვებს რკინიგზის სადგურ ლოოსთან. ამასთან, მთხოვდა, საჩქაროდ ჩავსულიყავი სოჭში.

კოდორის რაიონის ავანტიურის საბოლოო ლიკვიდაცია შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ თუხარელს მივანდე და იმ საღამოსვე სოჭისკენ გავემგზავრე.

გავეცანი რა მდგომარეობას ფრონტზე, სამხედრო სამინისტროს შტაბს პირდაპირი მავთულით დავუკავშირდი, ავუხსენი საქმის მდგომარეობა და კატეგორიულად მოვითხოვე მითითება, თუ როგორ მოვქცეულიყავი შემდეგში.

თუ საჭირო იყო წინ წაწევა, როდის და რა ადგილამდე? და თუ გავჩერდებოდი ერთ ადგილას, მოვითხოვდი ინჟინრების გამოგზავნას დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, ჩვენ მიერ დაჭერილ პოზიციებზე.

სამხედრო სამინისტრომ მაცნობა, რომ სამხედრო მინისტრი საჭიროდ თვლის წინ წაწევას, ტუაფსესა და აგრეთვე რკინიგზის დაჭერას მაიკოპამდე და ყუბანის მთავრობასთან კავშირის გაბმას, რადგან საქართველო მეტად საჭიროებს პურსა და ნავთს, ყუბანის მთავრობა კი საქართველოს დაპირდა, მიყიდოს ბლომად პურის და ნავთის მარაგი ძალიან ხელსაყრელი პირობებით.

ამასთან შემატყობინეს, რომ ამ ოპერაციებისათვის შემიძლია გამოვიყენო სოხუმში მყოფი კაზაკებიც.

მივიღე რა ეს დირექტივები, ჯარებს მაშინვე ვუბრძანე იერიში მიეტანათ ტუაფსეზე. უმნიშვნელო შეტაკების შემდეგ, ჩვენმა ჯარებმა გამანადგურებლების დახმარებით დაიჭირეს ტუაფსე და ორი დღის შემდეგ სადგურ ხოდიჟენსკისაკენ წაიწიეს, რომელიც შავი ზღვისა და ყუბანის ოლქის საზღვრებზე, კავკასიონის უღელტეხილის გადაღმა მდებარეობს.

სადგურ ხოდიჟენსკიში ცოტა ხნით მოგვიხდა შეჩერება, რათა გაგვება კავშირი ყუბანის მთავრობასა და ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

საქმე, ცოტა არ იყოს, გართულდა. წინ წაწევას ქართული ჯარის ნაწილებით შეუძლებლად ვთვლიდი, რადგან მომეტებული ნაწილი ადგილობრივად მცხოვრები-პარტიზანებისა, რომლებიც სოხუმში ჩვენს ჯარებს შეუერთდნენ, სოხუმიდან ტუაფსემდე, თანდათან ჩამოგვშორდნენ და თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. ჯარების ნაწილების შესავსებად საქართველოდან ჯარისკაცებს აღრ მოველოდი. ამ დროს კი მივიღე ცნობა მოწინავე რაზმის უფროსისაგან, რომ ეკატერინოდარის მხრიდან გამოჩნდნენ მზვერავები „დობროარმიის“ ცხენოსანი ჯარების ნაწილებისა, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მოიწევენ. ამასთან, მაცნობებდა, რომ „დობროარმიელებმა“ არ იციან ვინა ვართ და რა მიზანს ვისახავთ, ამიტომ ეჭვის თვალით გვიყურებენო.

„დობროარმიასთან“ ყოველგვარი შეტაკებების თავიდან ასაცილებლად, მოწინავე რაზმის უფროსს ვუბრძანე, ჩემთან გამოეგზავნა „დობროარმიის“ უფროსი მზვერავი, პირადად მოსალაპარაკებლად.

იმავე დღეს, საღამოს, ჩემთან ორი ოფიცერ-კავალერისტი გამოცხადდა. მათ თავიანთი რაზმის უფროსის ბრძანება მიჩვენეს, რომლითაც მოწინავე რაზმებს ევალებოდათ, გაეგოთ საიდან სად მიიწევს ქართული ჯარი და როგორ უყურებენ ისინი „დობროარმიას“.

ოფიცრებს დაწვრილებით ავუხსენი მაიკოპისაკენ ჩვენი წინ წაწევის მიზანი და ვუთხარი, რომ თუ მათ სურთ დაიჭირონ ბელორეჩენსკი და მაიკოპი, ამაში ხელს არ შევუშლი და უკან, ტუაფსეში დავიხევ.

ოფიცრებმა თავის მხრივ მაცნობეს, რომ „დობროარმიამ“ დაიჭირა ეკატერინოდარი და ჯარის ერთი ნაწილი გაგზავნა ნოვოროსიისკის მიმართულებით, რომელიც დღე-დღეზე მათ ხელში უნდა გადმოვიდეს.

ჩემს შეკითხვაზე - თუ ვინიცობაა ნოვოროსიისკი დაეცა, მოწინააღმდეგე საით დაიხევს, ხომ არ წამოვლენ ისინი მთავარი ძალებით ტუაფსეზე? ოფიცრებმა მიპასუხეს, რომ იმ ცნობების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ, თუ მოწინააღმდეგე უკან დაიხევს, უეჭველად არამავირზე წავა უღელტეხილებით, ისე რომ ასცდება არხიპოვს, რადგან ეს არის უმოკლესი გზა მათი უკან დახევისა. მაგრამ, დაუმატეს ოფიცრებმა, ამ უღელტეხილებისაკენ „დობროარმიამ“ ეკატერინოდარიდან საკმაოდ დიდი ძალები გაგზავნა.

ჩვენი მდგომარეობა ცუდი იყო. ტფილისიდან კატეგორიულად მქოდნა ნაბრძანები, ჩემი მოქმედება არ შემეთანხმებინა „დობროარმიის“ მოქმედებასთან. უნდა შემესრულებინა ჩემი ამოცანა დამოუკიდებლად და ამავე დროს აკრძალული მქონდა მათთან ერთად მოქმედება.
შემდეგ მომხდარმა ამბებმა ხელი შემიწყვეს და ამ გაჭირვებული მდგომარეობიდან გამომიყვანეს.

ტფილისიდან მოსული განკარგულების თანახმად, ყველა კაზაკი სოხუმიდან ტუაფსეში გაიგზავნა იმ განზრახვით, რომ მაიკოპზე იერიშს მხოლოდ ისინი მიიტანდნენ და ამგვარად, თავიდან ამცდა „დობროარმიასთან“ მოსალოდნელი უსიამოვნებანი.

ამასთან, სამხედრო მინისტრის შტაბიდან მაცნობეს, რომ სოხუმზე გამოივლიან რუს ოფიცერთა რაზმები, რომლებიც მიემართებოდნენ „დობროარმიაში“ და მწერდნენ, რომ გზადაგზა მათთვის ყოველგვარი დახმარება აღმომეჩინა. მართლაც, ამ რაზმებმა სოხუმზე ჯგუფ-ჯგუფად გამოიარეს და მთელი გზა ტუაფსემდე, ჩემი განკარგულებით, მათ ეძლეოდათ სურსათი, ფული და სხვა.

ტუაფსეში ამ ოფიცრებისაგან შედგა ერთი რაზმი და გაიგზავნა მოწინავე პოზიციებზე ბელორეჩენსკისაკენ, რომელიც ჩვენს ჯარებს უკვე დაჭერილი ჰქონდა. ეს რაზმი, შავი ზღვის გუბერნიის საზღვრები რომ გადალახა, „დობროარმიის“ ჯარების უფროსების განკარგულებაში გადავიდა. ჩვენ და „დობროვოლცების“ ჯარის ნაწილები ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ადგილსა და სხვადასხვა გარემოებაში. ჩვენსა და მათ შორის, არ შეიძლება ითქვას, რომ მეგობრული განწყობილება იყო, მაგრამ ისინიც და ჩვენც მორიდებით ვიქცეოდით მთელი თვის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით, ჩვენ შორის არავითარი ინციდენტი არ მომხდარა.

ერთ დღეს, ტუაფსეში ჩემთან გენერალური შტაბის გენერალი მასლოვსკი მოვიდა და მითხრა, რომ გამოგზავნილია „დობროარმიიდან“ ჩვენთან კავშირის გასაბმელად.

უნდა ვთქვათ, რომ ტუაფსეში ჩემს ყოფნას დროებითად ვთვლიდი, ე.ი. სანამ ტუაფსე-მაიკოპის რკინიგზაზე მუდმივი მოძრაობა დაიწყებოდა. ამიტომ, ამ გენერლის მოსვლა ჩემთვის სასურველი იყო. მაგალითდ, ყუბანიდან საქართველოში პური და ნავთი ტუაფსედან უნდა გამოეგზავნათ და ამ საკითხებე წინდაწინვე მოლაპარაკება საჭიროდ მიმაჩნდა. ამ მიზნით გენერალ მასლოვსკის ვთხოვე, წინდაწინვე ეცნობებინა ჩემთვის მოწინააღმდეგის მოძრაობის ყოველი ნაბიჯი; რა გზით გაემართება იგი, თუ დატოვებს ნოვოროსიისკს და სხვა. ეს გარემოება ძალიან მაფიქრებდა, რადგან გარდა პატარა გარნიზონისა, რომელიც ტუაფსეში დავტოვეთ, ქართული ჯარების ყველა დანარჩენი ნაწილი ხოდიჟენსკი-ბელორეჩკის რაიონში იყო გაგზავნილი და იმ შემთხვევაში, თუ ბოლშევიკები დაიხევდნენ არა უღელტეხილებისკენ, არამედ ტუაფსესაკენ, ქალაქის დაცვას ვერ შევძლებდი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით იძულებული ვიყავი, გამეგზავნა არხიპოვკაში პატარა რაზმი, რომელსაც დავავალე თვალი ედევნებინა უკან დახეული ბოლშევიკების მოძრაობისათვის.

ტუაფსეში ამ დროს გაცხადებული მუშაობა იყო. ამზადებდნენ ნავსადგურებს და მოტორიან ბარჟებს, რომლითაც საქართველოში პური და ნავთი უნდა გადაეტანათ.

ტუაფსემდე ინჟინრების გუნდი გავგზავნეთ ნავთსადენის დასათვალიერებლად და შესაკეთებლად.

იმავე ხანებში, მაიკოპიდან გენერალ გეიმანის მიერ გამოგზავნილი შიკრიკები მოვიდნენ, რომელთაც მთხოვეს დამეთმო მათთვის ცოტაოდენი საომარი იარაღი, რის ფასსაც ყუბანის მთავრობა ჩაგვითვლიდა პურისა და ნავთის საფასურში. მთავრობის ნებართვით გადავეცი რამდენიმე ტყვიისმფრქვეველი, 600-მდე თოფი, ვაზნები და ხელწერილი ჩამოვართვი.

აგვისტოს ბოლო რიცხვებში მივიღე ცნობა, რომ „დობროარმიამ“ ნოვოროსიისკი დაიჭირა და მოწინააღმდეგემ გელენჯიკით არხიპოვკისკენ დაიხია: ამ დროს, სოხუმიდან გაგზავნილი კაზაკები მხოლოდ სოჭს იყვნენ მიახლოებულნი, ქართული ჯარები იყვნენ ბელორეჩენსკის რაიონში და ტუაფსეს დასაცავად ჩემს განკარგულებაში იყო მხოლოდ 150 თოფიანი კაცი, ერთი ბატარეით.

ქ. სოჭის კომენდანტს დეპეშა გავუგზავნე და ვთხოვე, არ გაეჩერებინა კაზაკები ქალაქში და რკინიგზით გამოეგზავნა ისინი ტუაფსეში. კაზაკების მთავარი ნაწილები მალე მოვიდნენ და ისინი მაშინვე უხელტეხილისკენ გავგზავნეთ, რომელიც ტუაფსეს ჩრდილოეთით მდებარეობს. მათ მებრძოლი რაიონის მარჯვენა მხარე უნდა დაეჭირათ. არტილერია თვით უღელტეხილზე დადგა, ხოლო მარცხენა მხარე ზღვამდე ქართულმა ჯარმა დაიკავა. ამ დროს, არხიპოვკიდან ნაპირ-ნაპირ უკან იხევდა ჩვენი მეწინავე რაზმი.

თუმცა მოწინააღმდეგე ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო, მაგრამ ხელში ისეთი მიუვალი პოზიციები გვეჭირა, რომ შესაძლებელი იყო დიდი ხნით შეგვეჩერებინა მტერი, სანამ მთავარი ძალები მოვიდოდნენ, რომელთაც დეპეშით ვაცნობე დაეტოვებინათ ბელორეჩენსკისთან ოფიცრებიდან შემდგარი რაზმები და თვითონ წამოსულიყვნენ ტუაფსესაკენ.

5 საათი იქნებოდა, მტრის ჯარები რომ გამოჩნდა და საარტილერიო ბრძოლა გაიმართა, მარჯვენა ფრთაზე გზატკეცილით გაიგზავნა ორი ჯავშნიანი ავტომობილი ჯარების დასახმარებლად, კაზაკებმა ვერ გაუძლეს მტრის იერიშს და თუმცა მტერი ჯერ კიდევ შორს იყო, ისე, რომ ტყვია მათ არ სწვდებოდა, უკან დაიხიეს და გზატკეცილით ტუაფსესაკენ წამოვიდნენ.

ღამე სოჭიდან კაზაკების დანარჩენი ნაწილებიც მოვიდნენ, მაგრამ მაღლობების დაკარგვის შემდეგ ტუაფსეს დაცვა შეუძლებელი იყო.

გათენებისას, ხოდიჟენსკიდან ქართული ჯარები მოვიდნენ, რომელთაც ვუბრძანე გადასულიყვნენ რკინიგზის ლიანდაგის იქით და დაეჭირათ ტუაფსედან სამხრეთის მხარეზე მდებარე მაღლობები.

 კაზაკების ნაწილები გენერალ მასლოვსკის უფროსობით მარჯვენა მხარეს დაბანაკდნენ. ჯავშნიანმა მატარებელმა უკან, ლოოსისკენ დაიწია და რკინიგზას იცავდა.

დილით, ბოლშევიკებმა ტუაფსე უბრძოლველად დაიჭირეს, ხოლო ორი დღის შემდეგ ისევ დატოვეს იგი და არმავირის რკინიგზის ლიანდაგით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ დაიხიეს.

ბოლშევიკების წასვლის შემდეგ ქალაქი ისევ ჩვენ დავიჭირეთ. „დობროარმიის“ ჯარებთან მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ჩვენს ჯარებს ვუბრძანე ლოოსისკენ დაეწიათ და პოზიციები დაეჭირათ, ჯავშნიან მატარებელს არ შეეძლო გავლა შავი ზღვის რკინიგზის ხაზით ლიანდაგის უვარგისობის გამო და იგი გადავეცი გენერალ მასლოვსკის, რომელმაც მომცა ხელწერილი, რომ ჩაიბარა სრულიად დაუზიანებელი მატარებელი (ეს ხელწერილი შემდეგში ეკატერინოდარში თათბირის დროს ძალიან გამომადგა).

ამგვარად გადავიდა ტუაფსე „დობროარმიის“ ხელში. ჩვენმა ჯარებმა დაიჭირეს პოზიციები გოლოვინსკიდან მდინარე შახის ნაპირებზე. ჩვენ პირდაპირ „დობროვოლცების“ ჯარები დაბინავდნენ.

***

... „საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 26 მაისს, მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც რუსეთი სრულიად დაინგრა, როდესაც მის ტერიტორიაზე აღმოცენდა 200-მდე დამოუკიდებელი რესპუბლიკა და, როდესაც საბოლოოდ დაიკარგა იმედი, რომ ახლო მომავალში შეიქმნება რუსეთის ერთი ფრონტი. მხოლოდ მაშინ, ექვსი თვის ტანჯვის შემდეგ, საგარეო ფრონტის დამარცხების გამო, ყველასგან მიტოვებულმა, თავისი ფიზიკური არსებობის გადასარჩნად, საქართველო იძულებული გახდა გადაედგა ეს ნაბიჯი. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდით, ჩვენ დასახმარებლად ყველას მივმართეთ, ბოლშევიკებსაც კი, მაგრამ ჩვენი მუდარა დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ „ცენტროფლოტის“ ღალატს, რომელმაც, თუმცა ჩვენთან ხელშეკრულება დადო, მაგრამ მაინც რადიოტელეგრამით აცნობა ვილჰელმს, რომ არც ერთი გემი არ მიიღებს მონაწილეობას ბათუმის დაცვაში, და, აი, ამ მომენტში, 26 მაისს 1918 წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა“, - ევგენი გეგეჭკორი.

***

ტფილისში დაბრუნებულს „საუკეთსო ჯილდო“ მელოდა მთავრობისგან ჩემ მიერ გაწეული შრომის დასაფასებლად.

„უტყუარი საბუთების მიხედვით“, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის - რამიშვილის პორთფელში ინახებოდა, ვითომ მე ჩემს ოჯახში დიდძალი სახელმწიფო ქონება გადავგზავნე და მივითვისე იგი.

რამიშვილის ბრძანებით, საგანგებო რაზმის თანამშრომლებს იმ დღეს, რა დღესაც მე, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, სხდომაზე ვიჯექი ეკატერინოდარში, სასწრაფოდ გაეჩხრიკათ ჩემი ბინა, როგორც ტფილისში, ისე სოფელში.

ჩხრეკის შედეგი განსაცვიფრებელი იყო: ტფილისის ბინაზე ვერაფერი აღმოეჩინათ, ხოლო სოფლიდან კონფისკაციის სახით გამოეტაცებინათ და ზეიმით ჩამოეტანათ ტფილისში, 18 გირ. ვერმიშელი, 22 გირ. მაკარონი და 2 ფუთი მავთული, რომელსაც სოფელში ვენახებისათვის ვხმარობთ.

ზემოაღნიშნული საგნები ყველას შეეძლო სალდათის ბაზარზე ასი ფუთობით ეყიდა.

სირცხვილი სახელმწიფოს იმ მოღვაწეს, რომელიც ასეთ წვრილმანებზე ხურდავდება.

მაგრამ ნ. რამიშვილს, რომელიც თავს გენიალურ მინისტრად თვლიდა, ხშირად ემართებოდა ამგვარი საჯაყი საქმე.

მთავრობა, ყველა მის ამგვარ ცუდ საქციელს ყურადღებას ნაკლებად აქცევდა და ბრმად სჯეროდა მისი.

[...]

გაზეთშიც გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახ დამახინჯებული ცნობა, სადაც ეწერა, ვითომ ჩხრეკა მთავრობამ ჩემი სურვილითა და თახნმობით ჩაატარა.

გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.