ამადეო მოდილიანი, მორის უტრილო და პარიზი

ყველაზე პირველად, მონმარტრი მოდილიანის უტრილომ გააცნო. ისინი როგორღაც სწრაფად შეეწყვნენ ერთმანეთს და იოლად გამონახეს საერთო ენა. თუმცა, ჩვეულებრივ, უტრილოსთან ურთიერთობა იოლი არ იყო. თუ მოდილიანის შინაგანი გულჩახვეულობა ბევრისთვის ამოუცნობი რჩებოდა, სამაგიეროდ მისი ახალი მეგობრის უსასოო მარტოობა მაშინვე თვალში ეცემოდა ყველას. 

საკმარისი იყო, დაგენახათ მისი ღიმილი - „შეშინებული და იმავ დროს დამცინავი და იდუმალი“, - როგორც ამბობს მწერალი ფრანსის კარკო, რომელიც კარგად იცნობდა უტრილოს, - ღიმილი, რომელიც მის მეტისმეტად ფერმკრთალ ლამაზ სახეზე „თითქოს რაღაც მტანჯველ ტიკად ქცეულიყო“. რაღაც მიამიტი, ბავშვური, უსუსური გეცემოდათ თვალში ამ ახალგაზრდა, აწოწილი მხატვრის დანახვაზე. იგი ყოველთვის დაუდევრად, თითქმის მათხოვრულად იყო ჩაცმული, მუდამ საღებავებით მოთხვრილი დადიოდა. რაღაც შესაბრალისი იგრძნობოდა მის აჩქარებულ, არეულ სიარულშიც. უცხო პირს დაუჯერებლად მოეჩვენებოდა, რომ სწორედ მანდ დაიმკვიდრა მთელს მონმარტრზე თავზეხელაღებული ლოთისა და მოჩხუბრის სახელი, რომ ხშირად სარკეებსაც ამტვრევდა დუქნებში და თითქმის ყოველ ღამეს პოლიციის განყოფილებაში ათენებდა, რომ მას ჰკიცხავდა და დასცინოდა ყველა „წესიერი ადამიანი“. ჩვეულებრივ უწყინარი ბუნების ამგვარი გაშმაგება სიმთვრალეში სხვა არა იყო რა, თუ არა ავადმყოფური აფეთქება გაუნელებელი მწუხარებისა, ბავშვობიდანვე გულში ჩაკლული სევდისა, რასაც სათავე დაუდო მისმა მიუსაფარმა, უსახლკარო ცხოვრებამ.

რენუარი - ”ცეკვა ქალაქში” - სუზან ვალადონი, 17 წლის მკერავი, მორის უტრილოს მომავალი დედა
უტრილო იყო შვილი სუზანა ვალადონისა, ერთ დროს განთქმული ცირკის აკრობატისა, რომელიც პოზიორობდა რენუართან, დეგასა და ტულუზ ლოტრეკთან. დეგასაგან ისწავლა მან ხატვა და ფერწერა და მალე სახელიც გაითქვა, როგორც ნიჭიერმა, თავისებურმა მხატვარმა. უტრილომ არ იცოდა, ვინ იყო მისი მამა, გვარი კი დედის ერთი მეგობრისაგან მიიღო, რომელიც თვალით არასოდეს ენახა. დაცინვა და აბუჩად აგდება ამის გამო მობეზრებული ჰქონდა სკოლაშიც და შემდეგაც. სურათებს კი მაინც ჯიუტად აწერდა: „მორის უტრილო ვ.“, ესე იგი ვალადონი, რადგან აღმერთებდა დედას.

Suzanne Valadon, Andre Utter, Maurice Utrillo, montmartre, Paris, 1926
[...]

მოდილიანიმ უტრილოს მაშინვე გაუგო და შეიყვარა. თუმცა იმხანად მონმარტრზე ამ თვითნასწავლ მხატვრის სურათებზე, რომელმაც დედის ნაჩუქარი ხუთი ფერის საღებავით დაიწყო ხატვა, ბევრად უფრო ნაკლებად ლაპარაკობდნენ, ვიდრე მის შფოთიან აყალმაყალებზე. მაგრამ ზოგიერთი ადგილობრივი დუქნის მეპატრონე და ბაყალი სიამოვნებით იძენდნენ მის სურათებს გროშის ფასად ანდა ღვინის საფასურში იღებდნენ.

ფრანსის კარკო იგონებს, თუ ერთი მათგანი, ვინმე ძია სულიე, რომელიც იაფფასიანი სურათებით ვაჭრობდა, როგორ ელოდა უტრილოს ყოველ დილით, როცა იგი მონმარტრიდან ჩამოდიოდა ნოტრ-დამის დასახატად, რათა მიეჩეჩებინა მისთვის მუყაოს ნაჭერი, ერთი ტუბი მოთეთრო, ერთი ტუბი წითელი, ერთი ტუბი ლურჯი, ერთი ტუბი მწვანე საღებავი და ერთი ბოთლი სკიპიდარი. იგი თავის კეთილშობილურ ჟესტს ყოველთვის დააყოლებდა ხოლმე ერთსა და იმავე ფრაზას: „აჰა, ჩემო კეთილო, ეს შენთვის სავსებით საკმარისია შედევრის შესაქმნელად!“.

***

დაბინდებისთანავე აინთებოდა გაზის ფარნები. ლეპეკის ქუჩის ბოლოს, „მულენ დე ლა გალეტის“ შესასვლელის თავზე აელვარდებოდა ფერადი გირლანდა და გაანათებდა წისქვილის სილუეტს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენოდა მონმარტრს. ამ წისქვილმა დიდი ხანია თავის ფრთებქვეშ შეიფარა პარიზის ერთი ყველაზე პოპულარული დუქანი, სადაც ყოველთვის შეიძლებოდა თავზეელაღებული ღრეობა. იგი ძველთაგანვე იზიდავდა მხატვრებს და იმის მიხედვით,თუ როგორ აისახა იგი მხატვართა ტილოებზე, შეგვიძლია ვიგრძნოთ არა მარტო ჟამთა სვლა, არამედ შემოქმედებითი მსოფლშეგრძნების შეცვლაც. ძნელი არ არის, წარმოვიდგინოთ, როგორი ხარბი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა მას პარიზში ახლად ჩამოსული მოდილიანი, როცა ამ სახელგანთქმულ ტილოებს იხსენებდა. აი, რენუარის საკვირაო ბალი დღისით „მულენ დე ლა გალეტში“. ბალი გარეთ გაუმართავთ, ბაღში, ყველაფერი მზის სხივებითაა აელვარებული, ყველგან მოჩანს ალალი აუმღვრეველი „სიცოცხლის სიხარული“. ეს იხატება მოხდენილ ცეკვაშიც, უზრუნველ პოზებშიც. მომხიბვლელ ღიმილშიც, მაცდუნებლად ავსებულ სასმისებშიც, აბრეშუმის კაბების ცისარტყელაშიც, ბაცი ვარდისფერი, ლურჯი, ოქროსფერი, ზურმუხტისფერი ტონების მომხიბლელ გრიგალშიც. განვლო თორმეტმა თუ ცამეტმა წელმა და ტულუზ-ლოტრეკის ერთ-ერთ ტილოზე სულ სხვა სახით წარმოგვიდგა იგივე „მულენ დე ლა გალეტი“. ოდნავ განათებული, მოწყენილი დუქანი, უხეში ავეჯი, ჭუჭყიანი ხის იატაკი. წინა პლანზეა ლოჟის ბარიერს მიყრდნობილი სამი მოწყენილი ქალის ფიგურა, რომლებიც პარტნიორთა მოლოდინში უსიტყვოდ გარინდულან. მათ უკან მოჩანს ხმელ-ხმელი, შლაპიანი მამაკაცი, კისერწაგრძლებული რომ ეძებს ვიღაცას ბრბოში. იქ, სიღრმეში კი ვულგარული ცეკვა-თამაშია გახურებული.

ანრი ტულუზ ლოტრეკი - La gouiue
ტულუზ-ლოტრეკის პერსონაჟები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ მონმარტრზე. მაგალითად, ცნობილია „La gouiue“ – „მსუნაგი“, მისი ცეცხლისფერი შინონი, ზომაზე მეტად გაბედული დეკოლტე, სწორედ ის, რომელმაც თავის პარტნიორთან, ვალენტინ ბესკოსტნისთან ერთად ოდესღაც უწყინარი კადრილი არნახულ, „შმაგ“ რიტმებად გადააქცია. ჯერ კიდევ ახსოვდათ როხროხა ახმახი არისტიდ ბრიუანი, მისი განუყრელი, ფართოფარფლებიანი შლაპა, წითელი ყელსახვევი და უტიფარი სიმღერები.

სულ ცოტა ხნის წინათ კი ახალგაზრდა პიკასომ, როცა პირველად ჩავიდა პარიზში, თავისი კოლორიტის სიმძაფრით „მულენ დე ლა გალეტს“, ძველი მონმარტრის ამ ღირსშესანიშნავ ადგილს, წარსული რომანტიკის უკანასკნელი ნიშანიც წაართვა. მისი სტილიზაციაში, რომელიც აძლიერებს ლოტრეკისა და სტეინლენის ხერხებს, წინა პლანზეა წამოწეული ორი ტანსრული, საეჭვო ყოფაქცევის ქალი. მარცხენა კუთხეში მოჩანს ჩარჩოთი ნახევრად გადაკვეტილი კიდევ ერთი ქალის ფიგურა. ქალი ზის, იდაყვით დაყრდნობია მაგიდას, ცალ თვალს ლურჯფრთიანი შლაპა უფარავს და იღიმება ურიცხვი, უსიხარულო ღიმილით. უკან, ვიწრო მოედანზე, თამბაქოს ბოლში მოცეკვავე წყვილები ირევიან. ცილინდრები, ბეწვეული, მოლაპლაპე ლამპიონები გაფანტულან უსიამოვნო, გამაღიზიანებელ მწვანე ფონზე. ყველაფერი ჩაჭედილა, ჩახუთულა, გაოფლილა, თითქოს ერთმანეთს და იჭყლიტებიან.

მორის უტრილო - Moulin de la Galette
ახლა იმავე „მულენ დე ლა გალეტს“ ხატავს უტრილო, მაგრამ მას არ აინტერესებს, რა ხდება იქ, შიგნით. მისთვის საკმარისია წისქვილის ფრთების ძველი, დამახინჯებული ფერადი რეკლამა, რომელიც ხან იქ და ხან აქ გაიელვებს მესერს მიღმა. მისი წისქვილი ზოგჯერ დედაბერს გვაგონებს, რომელიც ვიღაცას მასხარის ტანსაცმელით შეუმოსავს და სირცხვილისაგან გაშეშებულა პატიოსანი ხალხის წინაშე.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.