გენერალი გიორგი მაზნიაშვილი - ჯარი და სახალხო გვარდია

არსებული სამხედრო ნაწილები ჯერ კიდევ წინათ იყვნენ გახრწნილი და რომ დაინახეს ეროვნული ჯარების მოწყობა, უფრო გაიხრწნენ. ჯარისკაცები სამსახურის მაგივრად მიტინგებზე დადიოდნენ, ქეიფობდნენ და პირად საქმეებს აწყობდნენ. ყაზარმებში მხოლოდ დასაძინებლად დადიოდნენ. ქალაქი გატენილი იყო მოხეტიალე ჯარისკაცებით. ტრამვაიზე უფასოდ დადიოდნენ, ამტვრევდნენ და აფუჭებდნენ რონოდებს, მუქარით აიძულებდნენ ვატმანებს რონოდები მათ ნებაზე ეტარებინათ და სხვა.

კავკასიის არმიის უზარმაზარი საწყობები, რომლებიც სავსე იყო მრავალმილიონიანი ქონებით, თითქმის უდარაჯოდ იყო დატოვებული. ცხენები მრავლად იხოცებოდნენ შიმშილით, რადგან საკვებს, რომელსაც იძლეოდა საინტენდანტო სამმართველო, ჯარისკაცები ჰყიდდნენ ბაზარზე.

ფრონტიდან დაბრუნებულ დეზერტირებს უფრო მეტი გახრწნა შემოჰქონდათ ჯარისკაცებში. ესენი არამც თუ თავიანთ უფროსებს, ქალაქის მილიციასაც კი არ ემორჩილებოდნენ.

ახლადშემდგარი ეროვნული ნაწილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ წილს ჩაიგდებდა ხელში სახელმწიფო ქონებიდან. ოფიცერთა შემადგენლობაც ვერ იდგა სასურველ სიმაღლეზე. რომ ხედავდნენ, გარშემო ყველაფერი როგორ იშლებოდა და ირღვეოდა, თვითონაც ასცდნენ კეთილ გზას, ხოლო უფრო შეგნებული და გამოცდილი ოფიცრები, ხელისუფლების უძლურების გამო, თვითონაც უძლურნი იყვნენ და არ იცოდნენ, რანაირად ეშველათ საქმისათვის და მოესპოთ უბედურება, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა.

[...]

იარაღი, მოკაზმულობა და სურსათის მარაგი საწყობებში იმდენი იყო, რომ შესაძლებელი გახლდათ ქართული ლაშქრის თუნდ 50 ათასი კაცის შეიარაღება, მოკაზმვა და გამოკვება ათი წლის განმავლობაში. საჭირო იყო მხოლოდ ჯარისკაცები, რომელთა შედგენა და გამოწვრთნა ორ-სამ თვეში იყო შესაძლებელი, თუ მთავრობა ამ საქმეს გულით მოეკიდებოდა და საჭირო დახმარებას გაუწევდა.

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მენშევიკური მთავრობა ქართული არმიის შედგენას გულგრილად უყურებდა და ჯარისკენ მხოლოდ მაშინ მიიხედავდა, როდესაც გაჭირვება დაადგებოდა, დანარჩენ დროს კი იგი მიგდებული და მინებებული იყო თავის ბედსა და ნებაზე.

მეტსაც ვიტყვი: მენშევიკები საკუთარ ჯარს უნდობლად შეჰყურებდნენ და მასში ხედავდნენ თავის საფრთხეს მომავალში. როცა იქნება, ჯარი ჩვენს წინააღმდეგ წამოვა და დაგვამხობსო. თუ არა ამით, სხვა რითი აიხსნება ერთსა და იმავე დროს სახალხო გვარდიისა და ჯარის არსებობა?

რას წარმოადგენდა სახალხო გვარდია სამხედრო-ტეხნიკური თვალსაზრისით?

იგი შედგებოდა დეზერტირი ჯარისკაცებისგან, რომლებიც დღეს ერთ ლეგიონში მსახურობდნენ, ხვალ მეორეში, ზეგ კიდევ მესამეში; სამი-ოთხი ლეგიონიდან გატაცებული ჰქონდათ სამხედრო ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სხვა მასალა და თავი რომ გადაერჩინათ სასჯელისაგან, ეწერებოდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (ეს ხომ მეტად ადვილი საქმე იყო!) და ამის შემდეგ გადადიოდნენ სახალხო გვარდიაში.

[...]

ვფიქრობ, რომ მენშევიკებს ამ შემთხვევაში ერთგვარი აზრი ამოქმედებდა: ჯარი საჭიროა გარეშე მტერთან ბრძოლისთვის, ხოლო ჯართან საბრძოლველად (ვინ იცის, რა შემთხვევა იყოს!), საჭიროა სახალხო გვარდია.

[...]

სახალხო გვარდიის გულის მოსაგებად მენშევიკები არაფერს ზოგავდნენ. რაც შესაძლებელი და საუკეთესო იყო გვარდიაში მიჰქონდათ: საუკეთესო იარაღი, საუკეთესო მოკაზმულობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ცხენები, სურსათი, საკვები და ბლომად ფული. და ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ჯარის ნაწილების უფროსები დარბოდნენ ქალაქის ქუჩებში და ფულს კერძო პირებისაგან სესხულობდნენ ჯარის უმთავრეს მოთხოვნილებატა დასაკმაყოფილებლად.

გვარდია ქერის ორმოში დაცურავდა, ჯარი კი შიმშილობდა.

გვარდია დიდ პატივში იყო, ჯარი კი გვერდზე მიგდებული.

გვარდია იყო პირმშო, ჯარი კი - გერი.

და „დედინაცვლის“ უსამართლობა თვითონ ჯარსაც და მოქალაქეებსაც გულს ნაღვლით უვსებდა და უბოროტებდა.

[...]

გენერალი ოდიშელიძე ხშირად ჩიოდა, რომ დანიშნულ კრებებზე, სადაც საჩქარო საკითხები უნდა განეხილათ, სახალხო გვარდიის შტაბის წარმომადგენლები, რომელთა დაუსწრებლად ვერა საკითხი ვერ გადაწყდებოდა, ან სულ არ მოდიოდნენ სხდომაზე, ანდა კრებას მთელი საათობით აცდევინებდნენ. სამხედრო საბჭოში საკითხები წყდებოდა ხშირად ყოვლისშემძლე ნოე რამიშვილის ერთი ხმით და ამასთან, მოხსენებებსა და სამხედრო საქმის სპეციალისტების საბუთებს, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

[...]

მენშევიკების სურვილი და ცდა სახალხო მილიციის შექმნისა ძალიან კარგი საქმე იყო, თუმცა, მოგესენებათ, ყოველი მოწინავე აზრი და იდეა კარგია, თუ იგი დროსა და გარემოებას შეეფერება. ხოლო იმ მომენტში, როდესაც ომი ჯერ არ იყო გათავებული, სახელმწიფოში არევ-დარევა სუფევდა, როდესაც ჯარებში დისციპლინა დაეცა, ან მთლიანად დაირღვა და დაიშლა, ამ დროს გადასვლა მილიციურ სისტემაზე - ხალხის შეიარაღების გამოურკვეველ სისტემაზე, - ნიშნავდა, - სახელმწიფოებრივი ცხოვრების დარღვევასა და დაშლას, რაც მოხდა კიდევაც.


გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2014წ.