Wednesday, March 8, 2017

შეგონებები წარსულიდან #11 - უილიამ შექსპირი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

მოკლე სიტყვა სულია ჭკუისა.

***

თუ ჰხედავ და გრძნობ - არსებობ, თუ აზროვნებ - ცოცხლობ.

***

რაც საჭიროა, მასზე მეტი რომ კაცს არ მივცეთ, ადამიანი ხომ პირუტყვად გადაიქცეოდა.

***

შტო, რომელიც მოსწყდეს თავის მშობელ ხეს - დაჭკნეს და გახმეს, ჯოჯოხეთის ცეცხლს შეეკეთოს.

***

ვსტირი, რომ სულელთ ფერხულია კაცთა ცხოვრება
და გინდა თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთ.

***

ცვლილება არის სამწუხარო ბედნიერთათვის, - 
ბედკრულნი კი მას სიხარულით ეგებებიან.

***

მცირე რამ ცოდვა კაცს ძონძებქვეშ თვალში ეცემა, 
და ფარჩის ქვეშ კი ყოველივე დაფარულია.

***

ბედი სწორედ უნამუსო ქალია:
ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია.

***

საცა სიმართლე არ მიმიძღვის, ხმალიც არ მიჭრის.

***

ზოგჯერ უკუღმა, ზოგჯერ წაღმა ბედი ტრიალებს: ორთავეს კაცი ატრიალებს, ორთავეს კაცი უნდა დახვდეს გულმაგრად ხოლმე.

***

მოსწრებული სიტყვის გამარჯვება გამგონის ყურზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მთქმელის თქმაზე.

***

ფარ-ხმალი დედაკაცისა ცრემლია.

***

თვით სათნოებაც ვერ აცილდება ცილისწამების შხამსა. 

***

ყურნი ყველას მიაწვდინე, სიტყვა - იშვიათს, რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ. 

***

ფრთაშესხმულ განზრახვას ვერა დაეწევა რა, თუ აღსრულება ფეხდაფეხ არ მისდევს. 

***

კეთილი გული მზეა, რადგან იგი არ იცვლება მთვარესავით და ყოველი დღე, წლითიწლამდე ერთნაირად აბრწყინვალებს გარემოს.

***

ჭკუა მხოლოდ იმას დაიმორჩილებს, ვისაც აღარ აღელვებს არც სიძულვილი და არც დიდების მოპოვების წყურვილი.

***

ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა,
თუნდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.

***

ხომ იცი, ჭკუით ვმოქმედებთ ჩვენ და არა გრძნობით
და ხანი უნდა საკმარისი ჭკუით მოქმედებას.

***

თავის თავის პატივი და ქება არასოდეს არ არის ისე საზიზღარი, როგორც დამცირება თავისა.

***

ყველას აქვს ნება ჰქმნას იგი, რითაც არავის მიაყენებს წყენასა და ვნებას.

***

მამაცი არასოდეს არ ეცემა ძირს; თუ ეცემა, ისევ ის, ვინც თავს იმამაცებს.

***

ჩემი სიცოცხლე და პატიოსნება განუყრელნი არიან. წამართვით პატიოსნება და ამით ჩემს სიცოცხლესაც ბოლო მოეღება.

***

სისულელე ბრძენებს უფრო ბევრსა ჰრგებს, ვიდრე სიბრძნე სულელებს.

***

სხვისა ცოდვებს რკინაზე ვხედავთ და კარგს საქმეს კი - წყალზე ვხაზავთ.

***

უფრო ადვილია თვალით ცეცხლი აანთო, ვიდრე სიტყვით გააქრო ალი სიყვარულისა.

***

ვაჟკაცობის საუკეთესო ნაწილი - სიფრთხილეა.


***

იქ, სადაც მოსამართლე მზაკვარია და მტაცებელი, ქურდს სრული უფლება აქვს ქურდობისა.

***

უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ აგრე ხშირად არ ახსენებდე.