ხოსე ორტეგა ი გასეტი - როგორ ვიკითხოთ ფილოსოფიური ტექსტი

როგორ ვიკითხოთ ფილოსოფიური ტექსტი?! ხოსე ორტეგა ი გასეტის „რეცეპტი“: 

„ფილოსოფიის კითხვა შეუძლებელია – სწორედ კითხვის საპირისპიროდ უნდა მოიქცეთ, ესე იგი, გაიაზროთ ყოველი ფრაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეულ სიტყვებად დაანაწევროთ იგი, აიღოთ თვითეული მათგანი და მისი მიმზიდველი გარეგნობის ჭვრეტით კი არ დაკმაყოფილდეთ, არამედ გონებით ჩასწვდეთ მის სიღრმეს, ჩაეშვათ მისი მნიშვნელობის ფსკერამდე, გამოიკვლიოთ მისი ანატომია, მისი საზღვრები, და მხოლოდ შემდეგ, როცა უკვე მოიხელთებთ მის ფარულ საიდუმლოს, კვლავ ამოყვინთოთ ზევით.

თუ ასე მოიქცევით ფრაზის ყოველი სიტყვის მიმართ, მაშინ ისინი კვლავინდებურად კი აღარ განაგრძობენ უბრალოდ გვერდი-გვერდ დგომას, არამედ იდეების ფესვებით გადაეჭდობიან ერთმანეთს აზრის სიღრმეში, და მაშინღა შეადგენენ ფილოსოფიურ ფრაზას.

ბწკარის გასწვრივ მცურავი, ჰორიზონტალური კითხვიდან და ციგურებით გონებრივი სრიალიდან უნდა გადახვიდეთ ვერტიკალურ კითხვაზე და განძის საძებნად უსკაფანდროდ ჩაყვინთოთ თვითეული სიტყვის ციცქნა უფსკრულში“.