მორცხვი და სიტყვაძუნწი - ჟორჟ სიორა

ჟორჟ სიორა 1859 წელს, პოლ სეზანზე ოცი წლით გვიან დაიბადა. მხატვრობას იგი დაახლოებით 1880 წელს შეუდგა, როდესაც იმპრესიონიზმმა უკვე განვლო თავისი გმირული პერიოდი და კრიზისის ფაზაში შევიდა. ამრიგად, სიორა ეკუთვნის პოსტიმპრესიონისტების თაობას. იგი ადრე მომწიფდა, როგორც ხელოვანი, და ოცი წლისა იყო, როდესაც ახალი, ნეოიმპრესიონისტული სკოლის, ანუ „მეცნიერული“ იმპრესიონიზმის მეთაურად იქნა აღიარებული, რომელიც „რომანტიკულ“ იმპრესიონიზმს დაუპირისპირდა. სიორა ახალგაზრდა გარდაიცვალა, 1891 წელს, მაგრამ მისმა ხელოვნებამ მაინც გაავლო გარკვეული კვალი კაცობრიობის მხატვრულ გემოვნებას. თეორიის მგზნებარე თაყვანისმცემელმა, მან დოქტრინა შეგრძნებებისა და ინტუიციაზე მაღლა დააყენა. 

***
Seated Nude, Study for Une Baignade, 1883
რელიგიურ, პიქრუშ და კარჩაკეტილ ოჯახში აღზრდილმა (ოჯახში, რომელიც მეგობრებთან ოდნავ ინტიმურ დამოკიდებულებასაც კი კრძალავდა), ამ დაგვიანებულმა „იანსენისტმა“, ნატიფი ხელოვნების სკოლაში გაიარა სწავლის კურსი ენგრის მოწაფის - ანრი ლემანის ხელმძღვანელობით.

ამრიგად, მან ისეთივე განათლება მიიღო, როგორიც დეგამ, ოღონდ უფრო ზერელე, რამაც საშუალება მისცა - უფრო ადვილად უარეყო ის, რაც ასწავლეს. და მაინც, 1888 წელს პისარო აღნიშნავდა - „ამაოდ არ უსწავლია სიორას ნატიფი ხელოვნების სკოლაშიო“.

The Eiffel Tower, 1889
ამასთან დაკავშირებით ჟაკ ემილ ბლანში იგონებს:

„ჟულიანის აკადემიაში, სადაც გამოიწრთო სიორას ნიჭი, „გეომეტრიის საფუძვლების ასაგებად, მაგრამ სიორამ შეძლო მისი სტილიზაცია და სინათლის განაწილების დროსაც კი იყენებდა მას, თეთრისა და შავი ფერის ფარგლებში“.

***

Les Poseuses (The Models), 1888
თავის დიდ სურათებს (მრავალფიგურიან კომპოზიციებს) სიორა სახელოსნოში ხატავდა, ზოგჯერ საღამოთიც კი. მისი თეორიული გაანგარიშებანი ფერის ჰარმონიაში იმდენად ზუსტი იყო, რომ მხატვარს სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა - არ გაეწია ანგარიში იმ ცვლილებებისათვის, რასაც ხელოვნური განათება იწვევს ფერის აღქმისას.

***
Bathers at Asnières, 1884,
1886 წლის 25 ივნისს მან ასეთი წერილი გაუგზავნა სინიაკს:

„უკვე ხუთი დღეა მშვენიერი ამინდი დგას. ვიმედოვნებ, რომ მალე სერიოზულად მოვკიდებ ხელს ჩემს ტილოებს. აქამდე მხოლოდ ჩანახატებს ვაკეთებდი აკლიმატიზაციის მიზნით... მე ვხედავ სენას... ზღვა ნაცრისფერია, თითქმის გაურკვეველი ფერისა, თვით ყველაზე უფრო მზიან დღეებშიც კი, როდესაც ცა მოწმენდილია და ლურჯი, მეტადრე ამ ბოლო ხანებში“.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი წერს:

„ქარი და ღრუბლები ხელს მიშლიდნენ ამ უკანასკნელ დღეებში. კარგი იქნება პირველი დღეების მოწმენდილი ამინდი დაბრუნდებოდეს“.

Fishing in The Seine, 1883
ამ სიტყვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ პეიზაჟები, რომლებსაც სიორა მთელი ამ ზაფხულის განმავლობაში ხატავდა, პლენერზე იყო შესრულებული და მხატვარს აქ ისეთივე დაბრკოლებები ეღობებოდა წინ და ისევე უჩიოდა ცუდ ამინდს, როგორც სხვა იმპრესიონისტები.

***

1886 წელს კრიტიკოსები, და უწინარეს ყოვლისა ფენეონი, იმ აზრისანი იყვნენ, რომ სიორას ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფერის სიორასეული თეორია და მისი ტექნიკა. ამ თეორიას სიორა იყენებდა თვის ფერწერაში და ავითარებდა მეგობრებთან საუბარში, წერილობით კი მხოლოდ 1890 წლის აგვისტოში ჩამოაყალიბა, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე. ამასთან, ფერის თეორიას მან ხაზების თეორიაც დაუმატა და ყურადღება გაამახვილა მათ სიმბოლურ მნიშვნელობაზე.

აი რას უწოდებდა სიორა თავის ესთეტიკას:

A Sunday Afternoon on the Island of La Grande Jatte, 1884–85,
„ხელოვნება ჰარმონიაა. ჰარმონია კი - წინააღმდეგობათა ანალოგია, ანალოგია ტონის, ფერისა და ხაზისა, რომელთაც განვიხილავთ ამა თუ იმ დომინანტის თვალსაზრისით და განათების ზემოქმედებით,ცოცხალ, მშვიდ ან სევდიან კომბინაციაში.

წინააღმდეგობებია:

The Circus, 1891
ტონისთვის - ერთი უფრო ნათელი ან უფრო კაშკაშა ტონი უფრო მუქ ტონთან;

Young Woman Powdering Herself, 1888–90
ფერისთვის - დამატებითი ფერი, მაგალითად, წითელი - თავისი დამატებითი ფერის პირისპირ და ა.შ. (წითელი-მწვანე, ნარინჯისფერი-ლურჯი, ყვითელი-იისფერი).

ხაზისათვის წინააღმდეგობას წარმოადგენენ ხაზები, რომლებიც სწორ კუთხეს ქმნიან.

The Laborers 1883
ტონის სიცხოველე - ესაა კაშკაშა დომინანტა; ფერისა - თბილი დომინანტა; ხაზისა - ხაზი, რომელიც ჰორიზონტიდან მაღლა მიემართება. 

Circus Sideshow (Parade de Cirque), 1887–88,
ტონის სიმშვიდე - მუქისა და ნათელის თანაფარდობაა; ფერისა - თბილისა და ცივის თანაფარდობა; ხაზისა - მისი ჰორიზონტალურობა.

Le Chahut, 1889–90, 
ტონის სევდიანობა - მუქი დომინანტია; ფერისა - ცივი დომინანტი; ხაზისა - ხაზი, რომელიც ჰორიზონტალისაგან ქვევით მიიმართება“.

***

იმისათვის, რომ სიორას სიდიადეს ჩავწვდეთ, მის პეიზაჟებს უნდა დავუბრუნდეთ.

აი, რას წერდა სიორაზე ბელგიელი პოეტი ემილ ვერჰარნი:

„გავიცანი მხატვარი. მე იგი მორცხვ და სიტყვაძუნწ ადამიანად მეჩვენა... როდესაც სიორა თავის ახალ ნაწარმოებებს მიჩვენებდა და რამეს განმიმარტავდა - თითქოს აღსარებას მეუბნებოდა. იგი გულწრფელი იყო და უაღრესად დამაჯერებლად ლაპარაკობდა. მშვიდი და თავშეკავებული ჟესტიკუალციით, დაბეჯითებით, ნელა მიგითითებთ იგი მიღწეულ შედეგებზე და შემოწმებულ დებულებებზე, რასაც ბაზას უწოდებს. საუბრის დროს თვალს არ გაშორებთ და საგანგებოდ არჩევს სიტყვებს. მერე რჩევას გთხოვთ, თითქოს მოწმედ გასახელებთო, ელის თქვენს სიტყვებს, რომელიც დაუდასტურებს, რომ ტვენ გაუგეთ მას. და ყველაფერი ეს ხდება უაღრესად თავმდაბლად, თითქმის მორცხვად, მიუხედავად იმისა, რომ მასში იგრძნობა რაღაცნაირი მდუმარე სიამაყე. იგი არასოდეს არ უარყოფს თქვენს ნათქვამს და აღტაცების გამოთქმის საშუალებასაც კი გაძლევთ, რასაც თვითონ, სულის სიღრმეში, არ იზიარებს. მასში შემწყნარებლობა იგრძნობა, შური კი უცხოა მისთვის“.


ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.