თავფიკ ალ-ჰაქიმი - პროვინციელი გამომძიებლის დღიურები

ბედნიერ ცხოვრებას მოყოლა რად უნდა, მისით უნდა დატკბე.

***

ლამპა ჩავაქრე, თვალები დავხუჭე და ალაჰსა ვთხოვე, ორიოდე საათი მაინც მიეძინებინა ამ რაიონში ადამიანთა ქვენა გრძნობები, არ მომხდარიყო დანაშაული, რაც იძულებულს გამხდიდა, ღამით წამოვმდგარიყავი.

***

აზრის გამოთქმა ხომ ის ნიჭია, რაც ყველას არა აქვს. აზრის გამოსათქმელად საკუთარი სულის სიღრმეებში გარკვევაა საჭირო.

***

ალბათ, ჩვენი პროფესიული ცოდვები თანაგვდევენ მთელი ცხოვრება და არაფერი ვიცით ამის შესახებ.

***

სიმართლის მეცნიერება საკუთარ შეცდომას უნდა ანახვებდეს დამნაშავეს!

***

როცა დასვენება მინდა, მაშინ ფეხებზე მოგლასუნე კატასავით ვერ ვიცილებ დანაშაულს და ახლა, როცა ვეძახი მაგ კატას, ახლოს არ მეკარება.

***

ალბათ ასე ძალიან იმან ამაღელვა, რომ ვნახე, თურმე, ზოგჯერ ცოცხალსაც მკვდარსავით ექცევიან.

***

კანონის მონები ვართ და მორჩილები, მაგრამ მაგ თქვენმა კანონმა ისიც შეიგნოს, რომ ჩვენ კაცნი ვართ, სისხლ-ხორცეულნი, და ჭამა ჩვენც გვინდა.

***

ნეტა ეგ ხელისუფლება ცუდის მეტს იმეტებს ჩვენთვის რამეს?!

***

ნამდვილი მშვენიერება ხომ სათნოებიდან მოდის...

***

საწერ-კალამი, პირდაპირ, მისწრებაა ჩემნაირი მარტოსულისათვის. ერთი კია, კალამი ბედაურსა ჰგავს, ზოგჯერ თუ ლაღი ჩიტივით მიქრის, ზოგჯერ გაჯიუტდება ხოლმე და აღარ მემორჩილება, აღარ მიდის წინ, თითქოსდა, გზაზე თავაწეული გველი გადაღობებიაო.

***

კანონებს საბაბად რატომ იყენებენ?! რატომ მოიხმარენ ხოლმე მას იარაღად იმათ წინააღმდეგ, ვისი ჯინიცა სჭირთ?! პირადად როცა დასჭირდებათ, მაშინ აამოქმედებენ ხოლმე ამ იარაღს.

***

იურისტს პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება. მისთვის სულერთი უნდა იყოს, მთავრობა შეიცვლება თუ პარტია, მისთვის ხომ კანონია მთავარი.

*** 

თუკი ადამიანური მხარის ხილვის უნარს დავკარგავთ, მაშინ ჩვენს უსიცოცხლო და გამოცარიელებულ მზერას მხოლოდ უსიცოცხლო ქვეყნიერება, უსიცოცხლო ქვები და ძვლები წარმოუდგება და სულიერებას საერთოდ ვეღარ ვიგრძნობთ. რა მოელის ადამიანს, რა ფასი ექნება მის არსებობას, თუკი სულს დაკარგავს! მთავარი ხომ სულია, თითქოს, არა ჩანს, არაფერიაო, მაგრამ სწორედ ის არის ყველაფერი, მის არსებობაზეა დაფუძნებული ადამიანის ცხოვრება, იგია, რითაც უნდა ავმაღლდეთ, თავს ღირსების მქონედ ვგრძნობდეთ, სხვა სულიერთაგან იგი განგვასხვავებს, პირუტყვებისგან იგი გამოგვარჩევს...

***

ტელეფონი მამასახლისისათვის ნამდვილი სკიპტრა ყოფილა. რას იზამ, როგორც ჩანს, მართლაც ასეა. ტელეფონი მმართველობას, ძალაუფლებას, ხელმძღვანელობას, მთავრობასთან კავშირს განასახიერებს. გაუბედურებული მამასახლისის სახლიდან ტელეფონის წაღება ძველი მმართველობის მზის ჩასვენების ნიშანია. ეს გოდება, მამასახლისის ეზოში დატრიალებული, ეს მოთქმა, რომელიც ტელეფონთან გამომშვიდობებას მოჰყოლია, არის ნიშანი ბედის სიმუხთლის. მაგრამ ერთის ვაებას მეორის ბედნიერება მოუტანია, ახალი მამასახლისის ეზოში მიმავალ ტელეფონს მხიარული შეძახილებითა და დაფთაფების ცემით ეგებებიან. ეს კი ბედნირებისა და სიხარულის ნიშანია. რკინისა და ხის აპარატები ამ გასაცოდავებული სოფლის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.

***

როგორც ეგვიპტის ყველა სოფელში, აქაც ცხოვრობს ერთი-ორი ოჯახი, რომელიც მამასახლისობას ესწრაფვის. ისინი იმ პარტიას ეკედლებიან, რომელიც სათავეში მოქცევისათვის იბრძვის. ნუ ჰგონიათ, რომ სოფელში მთელი სახელმწიფოსაგან განსხვავებული მდგომარეობა იქნება, განა, სოფელიც მთელი სახელმწიფოს ნაწილი არ არის?!

***

გამომძიებელს პატარა სახელმწიფოსთან აქვს საქმე. თუკი ამ სახელმწიფო ყველაფრის დანახვას შეძლებს, თუ ადამაინის ბუნებას შეისწავლის, მაშინ იმ დიდ სახელმწიფოსაც კარგად დაინახავს, რომელშიაც უხდება ცხოვრება. მერე კი მთელი ქვეყნიერებისა და კაცობრიობის სახესაც იხილავს. მაგრამ საგამომძიებლოსა და სასამართლოში მომუსავე განა რამდენ კაცსა აქვს დაკვირვების უნარი? დაკვირვების უნარი ის ნიჭია, რომელიც ყველას არ გააჩნია...

***

ეჰ, რამდენ დასაბუთებას წერენ ფორმალურად, რათა გამოტანილი განაჩენი როგორმე კანონიერად მოგვაჩვენონ, მაშინ, როცა ნამდვილი გამოძიება არ მოუხდენიათ, სიმართლე ვერ გამოურვკევიათ...

***

პოლიტიკა კანონს, წესრიგს, ზნეობას სპობს...

***

წიგნები გვასწავლიან, რომ ადამიანი დიადი მოვლენაა, რომ განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რომ დიადი შემოქმედის მიერ სხვა ქმნილებათაგან გამორჩეულია, რომ მარადისობისაკენ მავალი და, თავისი არსით, ნათელი და სულისმიერია. ბევრს არ უნახავს, თუ როგორ ხდება ადამიანის სხეულის გაკვეთა. მაგ სანახაობის მაცქერალთ სული შეეცლებათ ხოლმე თავიანთი ხასიათის, ბუნებისა და კულტურის შესაბამისად.

***

ზოგი ადამიანი, როცა საკუთარი სიკარგის საჩვენებლად ლაპარაკს იწყებს, ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ წარმოაჩენს ხოლმე თავისი ხასიათის ცუდ მხარეებს. საკუთარი თავის მაქებარი კაცის სიტყვებში ადვილად არის შესაძლებელი მის მიერ ჩადენილი ცოდვების დანახვა, თითქოს ავადმყოფის სისხლის ანალიზისას ბაცილები აღმოგიჩენიაო...

***

ჩიკაგოში ფული და გამდიდრების სურვილი იწვევს დანაშაულს, აბნუბში დამკვიდრებული ტრადიციები. აი, რა განსხვავებაა ცივილიზაციასა და ჩამორჩენილობას, ცივილიზებული და ჩამორჩენილი ადამიანის მოქმედებებს შორის. ასეა, დანაშაული დანაშაულია, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ხერხით სჩადიან მას, მაგრამ დანაშაული, რომელიც მიზნებით არის წარმოშობილი, უფრო ბევრი უბედურების მომტანია, ვიდრე დანაშაული, რომელიც უბადრუკი მიზნებითაა გამოწვეული. დიდმა ცივილიზაციამ ბოროტება ვერ მოსპო, დანაშაული ვერ ამოძირკვა, სამაგიეროდ, დიდი ბოროტებანი და დიდი დანაშაულობანი წარმოქმნა.

მთარგმნელი - გოჩა კუჭუხიძე