ნოდარ დუმბაძე - თეთრი ბაირაღები

მეტეხის ციცაბო კლდის თავზე, იქ, საიდანაც ახლა ცხენზე ამხედრებული, მარჯვენაამართული გორგასალი თავზეხელაღებულ მძღოლებს აფრთხილებს, – მოსახვევში ცოტა ფრთხილად იყავითო – და სწორედ იქ, საიდა ნაც სიცოცხლეზე ხელჩაქნეული თბილისელები ერთმა ნეთის წამხედურობით კისერზე ქვაგამობმულნი ეშვე ბოდნენ ხოლმე ახლა აუტანლად ბინძურ და აშმორე ბულ მტკვარში, იდგა მრავალტანჯული მეტეხის ციხე, ამ სიტყვის საპყრობილესეული გაგებით.

***

რევოლუციური მოძრაობის აღორძინებისა და შემდეგ რეაქციის მძვინვარების წლებში, უცებ იმდენმა ხალხმა მოინდომა თავისუფლება, რომ პატარა მეტეხის ციხემ ვერ დაიტია ისინი და იმ დროისათვის საქვეყნოდ ცნობილი მეწარმე მანთაშოვი იძულებული შეიქნა ორთაჭალაში საფეიქრო ქარხანად გახაზირებული ორი უზარ მაზარი ოთხსართულიანი შენობა, თავისი სარდაფებითა და საწყობებით, საგუბერნიო ციხედ გადაეკეთებინა და დაბადების დღეზე საჩუქრად ებოძებინა რომანოვების დინასტიის უკანასკნელი მეფისთვის მისი უდიდებულესობის სრულიად რუსეთისა, პოლონეთისა და სხვათა და სხვათა... იმპერატორის, ნიკოლოზ მეორისათვის, რაიც, 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკების მიერ კონფისკაციაქმნილი, ადრევე “გუბერსკის” ციხედ წოდებული, ფუნქციისა და სახელის შეუცვლელად გადაეცათ მშრომელებს უვადო სარგებლობაში.

***

საავადმყოფოს კართან მზეზე გასაშრობად გამოტანილი ახალშეღებილი კუბოც შეიძლება დაინახოთ, ეს ციხიდან გასვლის ყველაზე უტყუარი საშუალებაა.

***

ბოლოს, უზარმაზარი რკინის ალაყაფია. ეს ის უცნაური კარია, რომელშიც ადამიანები ჯგუფ-ჯგუფად შემოჰყავთ და რომლიდანაც იგივე ადამიანები თითო-თითო გაჰყავთ. ეს კარი რომ გაიაროთ, სამი გზა არსებობს – ან მართალი უნდა იყო, ან მისჯილი, ან წიქარა. თუ წიქარა ხარ, ძალიან ძნელია, რადგან ეგ კარი სწორედ ის მეცხრე კარია, წიქარას რომ რქა მიატყდა.

***

ჩვენი სარკმელი, შოშიას ეკუთვნის. შოშია პატიმრის სახელია, ჩემთან რომ ზის. თავიდან შოშია ზედმეტი სახელი მეგონა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალზე ჰგავს შოშიას, შავია და ნისკარტიანი, მეორეც იმიტომ, რომ სულ ფანჯარასთან ზის შოშიასავით და სწორედ ამიტომ ნახევარი დრო კარცერში აქვს გატარებული.

***

შოშიას ორი შვილის, ორი ბარტყის სურათი თან აქვს წამოღებული, დღეში ერთი ათჯერ მაინც ამოიღებს და ყველა ამოღებაზე მჯიღისხელა კურცხალს აღვარღვალებს – იდიოტი მამა მოგიკვდეთ, შვილებო, რა ჩემი საქმე იყო ასკილისა და მაყვლის წვენი, ვგდებულიყავი ტექნიკუმში სამეურნეო ნაწილის გამგედ, მაყუთს ვერ ვაკეთებდი თუ რა? მაგრამ არ გაძღა მაიმუნი დედათქვენის მუცელი... ახია, ახი...

***

მართალი კაცის დაჭერაა ძნელი და საინტერესო, აბა, დამნაშავის დაჭერას რა უნდა, დალოცვილო!

***

ნელნელა შევეჩვიე ციხეს, საკანს, პატიმრებს, ზედამხედველებს, კომენდანტებს, ექთნებს და მათ შორის ერთს, განსაკუთრებით ნუნუს, რომელსაც ყოველდღე წამლები მოჰქონდა საკანში. შემოყოფდა კარის ჭრილში თავის პუდრმოყრილ, ლამაზ, აპრეხილ ცხვირს, უსაშველოდ წითელი პომადით მოთხუპნულ ტუჩებს, უზარმაზარ წამწამებს აფახულებდა, ოცდათორმეტივე, მარგალიტებივით ჩაწიკწიკებულ კბილებს გამოაჩენდა და ნარნარი ხმით იკითხავდა: – ბოროტმოქმედებო, რამე ხომ არ გტკივათ? – და, რომ გეთქვა, ფეხში ეკალი მაქვსო, მაინც ლუმინალს და გალევინებდა და წავიდოდა. წავიდოდა, მაგრამ ყოველი მისი მოსვლა გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა. როგორც კი საკანში თავს შემოჰყოფდა ათი პატიმარი ზვავივით მიაწყდებოდა კარს. მაშინ შეშინებული ნუნუ დარაბას სასწრაფოდ გაიხურავდა და, როდესაც პატიმრები ცოტათი დაშოშმინდებოდნენ, კვლავ გახსნიდა დარაბას და მზესავით შემოანათებდა საკანში. რა იცოდა ნუნუმ, რომ იგი ჰინდურ ღმერთ შივასავით მრავალსახოვანი იყო. იგი ამ საკანში მსხდომი ათი ალერსს, სითბოს, სიხარულს, სქესს და, საერთოდ, ქალის სახიერებას დანატრული და დამშეული მამაკაცისათვის ზოგისათვის დედა იყო, ზოგისათვის – და, ზოგის თვის – შვილი, ზოგისთვის – დეიდა, მამიდა, საყვარელი, მეგობარი, მოწყალების და და, უბრალოდ, დედაკაცი, ვნებისმომგვრელი, ხორცშესხმული ლამაზი დედაკაცი, რა ძნელიც არ უნდა იყოს ამის წარმოდგენა, ეს მაინც ასე იყო, ამიტომ ყველას ეშინოდა ნუნუსადმი თავისი გრძნობის ხმამაღლა გამხელა და მისი წასვლის შემდეგ საკანი მდუმარებით მოცულ სასაფლაოს ემსგავსებოდა, რომელშიც ათი უწარწერო საფლავი იყო გაჭრილი და ათივეს თავისი გულამომჯდარი მოტირალი ჰყავდა.

***

ციხეს გაზაფხული არ ეკარება.

***

მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ. არავინ იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია და ვერ უძლებს ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ, რომ ციხეს შმორის, ბოროტების სუნი უდის ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურებული და გადამწვარი ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნებათ და სული ეხუთებათ. იქნებ იმიტომ, რომ ციხე კრაზანების ვეებერთელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს და მერცხლები შიშით ვერ ეკარებიან, ან იქნებ იმიტომ, რომ ციხე ადამიანთა მუდმივი სამყოფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით მიდიმოდიან და იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან ერთ ადგილას მობინადრე ადამიანებთან იმ ზომამდე, რომ სახეებსაც კი იმახსოვრებენ, ან იქნებ იმიტომ, რომ მზე ციხეში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ვინ იცის, ერთი კი ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.

***

დილა მშვიდობისა, ქურდებო! დილა მშვიდობისა, ყაჩაღებო! დილა მშვიდობისა, გათახსირებულებო, მკვლელებო, აფერისტებო, გარყვნილებო, მექრთამეებო, სპეკულანტებო, გამფლანგველებო! დილა მშვიდობისა, ადექით, თქვენი სისხლი დავლიე! ადექით, თორემ გაკეთდა ქვეყანა, გაკეთდა... – ყივის ქანდარაზე მამა ლივით წამოსკუპებული შოშია. შოშიას გაღვიძებას ვინ დაასწრებს, შოშიას ადგომას ვინ დაასწრებს...

***

– დაჯექი! – ისე ეუბნება დევდარიანი ტიგრანას, მისკენ არც იყურება.

– ლიმონ, გენაცვალე, მე აქ ქურდი ვარ თუ ვიღაც ნაბიჭვარი, ეგ ჰარიფი როგორ მელაპარაკება? – მორიდებით ეკითხება ტიგრანა დევდარიანს, დევდარიანის ზედმეტი სახელი ლიმონაა.

– მერე, შენ აქ ქურდად იმიტომ ზიხარ, რომ ჰარიფისათვის რამკები ამტვრიო? – ეკითხება ლიმონა.

***

სიზმრად ვნახე სააიათნოვაააა, მითხრა, გეყო ტანჯვა, გლოვააა, რაც დაჰკარგეეე, ნუღარ ეძეეებ, იმან უკვე სხვა იშოვააააა.

მღერის შოშია.

– ეგ ეგრე არ არის, შოშია. მას ნუ სტირი, რაც დაჰ კარგე, ის არ მოვა, აღარ მოვა. – უსწორებს ტიგრანა.

– მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, საიათნოვა თავისას ტიროდა, მე ჩემსას ვტირი! – ეუბნება შოშია და განაგრძობს.

წუთისოფლის სტუმარი ვააააარ, სხვა მიდის და მე კი ვრჩებიიიი, პროკურორს თუ გადავურჩიიი, სუდიას ვერ გაადვურჩებიიი.

შოშია თავისუფლებისა და სიმღერისათვის არის გაჩენილი, თავის უჭკუობის გამო ციხეში კი ზის, აფსუს, შოშია!!!

***

ქართველებს ერთი უცნაური გამოთქმა გვაქვს. შემომაკვდა, შემომელახა, შემომეჭამა, შემომატყდა, შემომეხარჯა, შემომეფცქვნა, შემომეუპატიურა და ასე შემდეგ, ესე იგი, იმდენი ქნა, თავი შემომაკლაო, ეგრე არ არი? მე მოვკალიო, კი არ ვამბობთ, მოკლულს ვაბრალებთ, რომ მოვკალი, იმის ბრალიაო. ამის მოფიქრება არ გინდა?

***

– სამართალი ისეთი რამეა, ნაკაშიძე, პატიოსან სიტყვაზე ძმას და მამას ვერ ვენდობი.

– მაშინ აღარც ძმა არსებობს, აღარც მამა, აღარც დედა, აღარც შუბლი და აღარც ძარღვი? – ვთქვი მე.

– შუბლს და ძარღვებს კოდექსი არ ითვალისწინებს. – ამიხსნა გამომძიებელმა.

***

სამშობლოს სიყვარული, მშობლიური ტერიტორიის გრძნობა და მისდამი დამოკიდებულება ღია ინსტინქტია, რომელიც საუკუნეების მანძილზე მდიდრდება სულ ახალახალი შეძენილი დამოკიდებულებებით და გენების საშუალებით გადაეცემა შთამომავლობას.

***

ჩემი შვილი მონასტრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ მხოლოდ ერთი მხრიდან უყუროთ, ან საღებავი გადაუსვათ, წაშალოთ და ზედ ახალი ფრესკა დახატოთ. ადამიანი ფრესკა არ არის, შვილო, რომ ერთ სიბრტყეში უყურო, ადამიანს, როგორც ქანდაკებას, ისე უნდა შემოუარო გარშემო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც ყველაზე ლამაზად იმზირება. თუ ადამიანის აღზრდა ხელოვნებაა, მა შინ ადამიანს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უნდა მიუდგე და მოექცე.

***

სისხლის სამართლის კოდექსი, – მიპასუხა მან.

– მერედა, ეგ ცოტაა?

– ცოტაა, ძალიან ცოტა, კაცთმოყვარეობის, გული სყურისა და მოთმინების გარეშე.

***

რამეს ხომ არ უჩივით? რაო? ეს რა იკითხა ნუნუ ექიმმა, რამეს ხომ არ უჩივითო? ვუჩივით და მერე როგორ ვუჩივით, ნუნუ ექიმო, აბა, შემოგვხედე, როგორ ფიქრობ, არაფერს არ ვუჩივით? უქალობას ვუჩივით, უსიყვარულობას ვუჩივით, უგულობას ვუჩივით, ქალის თვალთა ეშხი გვაკლია, ყველაფერი გვაკლია... შენ კი გაზაფხულივით მოსულხარ, კვირტი აგიფეთქებია, მკერდი გაგიღეღია, ორთავე მაჯა გადაგიხსნია ჩვენთვის, ჩვენს ადუღებულ სისხლს დასწაფებიხარ, სისხლისაგან დაგიცლივართ, თან უსინდისოდ გვეკითხები, – რამეს ხომ არ უჩივითო, რამე ხომ არ გტკი ვათო? გვტკივა და მერე როგორ გვტკივა, ნუნუ ექიმო!

თავი, ნუნუ ექიმო!– ლუმინალი!– კბილი, ნუნუ ექიმო!– ლუმინალი! – კუჭი, ნუნუ ექიმო!– ლუმინალი!– გული, ნუნუ ექიმო!– ლუმინალი!– ყელი, ნუნუ ექიმო! – ვუთხარი მე და ყელი გა ვუწოდე.– ბაწარი! – მითხრა ნუნუ ექიმმა და მაინც ლუმი ნალი მომცა.

***

– მაინც რას გრძნობ? – ჰკითხა ნუნუ ექიმმა ლიმონას.

– სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობ, ნუნუ ექიმო! – ძლივს ამოიღო ხმა დევდარიანმა.

– თუ კაცი ხარ, ექიმს ნუ მეძახი, ექთანი ვარ მე. – უთხრა ნუნუ ექიმმა.

– ჩვენთვის ექიმიც ხარ, პროფესორიც და დედოფალიც. – გაუცინა ლიმონამ.

– ჰო, კარგი, პროფესორი ვარ, ოღონდ მითხარი, როგორ გრძნობ სიკვდილის მოახლოებას?

– აი, ასე, მოდის, მოდის, მომიახლოვდება, ვერ ვხე დავ, სუნთქვა მესმის... – დაიწყო ლიმონამ.

დევდარიანმა ორთავე ხელი შეუცურა იღლიებში შიშისაგან ენაჩავარდნილ ნუნუ ექიმს, თავს ზემოთ ასწია, წამოიყვანა და შუა საკანში სკამზე დააყენა. ერთ ხანს ასე უყურა ქვემოდან ზემოთ, მერე სამი ნაბიჯით უკან დაიხია, ორთავე ხელი მაღლა აღაპყრო, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ჩურჩულით დაიწყო:

ტანო ტატანო, გულწარმტანო, უცხოდ მარებო! ზილფო მკლავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბწამწამთვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწლალბაგეო, დამდაგეო, სულთ წამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო...

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს, მოდით, მიჯნურნო – დევდარიანი ახლა ჩვენსკენ შემობრუნდა ხელაპყრო ბილი, მას ორთავე ღაწვზე ცრემლები ეკიდა... მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს, ვა, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო, – დევდარიანმა ცრემლი გადაყლაპა და გაბზარული ხმით გაიმეორა:

– ვა, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო.

მერე შეტრიალდა, თავის ნარზე დაჯდა და თავი ჩაღუნა.

ნუნუ ექიმი სკამზე იდგა მოჯადოებული, ცრემლით სავსე თვალებს ჩქარჩქარა აფახულებდა და, პატიმრების წინ ბავშვივით რომ არ ატირებულიყო, სკამიდან სწრაფად ჩამოვიდა, კართან მივიდა და პატარა მუშტებით ბრახუნი დაიწყო.

***

ყველა პატიმარს თვალები სველ ადგილას აქვს.

***

ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა.

***

წიგნი საკანში დიდად არავის ეპიტნავება. ძირითადად ბიბლიოთეკის კარტოტეკა უცვლელია და ერთი კვირის შემდეგ უკვე წაკითხული წიგნი ბუმერანგივით უკან გიბრუნდება. მაგრამ ბიბლიოთეკის მოსვლა მაინც დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ბიბლიოთეკა მოვიდაო! რომ გამოაცხადებს ზედამხედველი, ასე გგონია, რაც მსოფლიოში საინტერესო წიგნებია, ყველამ ფეხი აიდგა და შენს სანახავად მოვიდა. გარდა ამისა, რაღაცის მოლოდინია, იმედია, რომ რაღაც უსაშველოდ საინტერესო შეგხვდება, რომელიც ერთი დღით მაინც დაგავიწყებს შენს გაჭირვებას და ამ ყელში ამოსულ სიფათებს. ციხეში წაკითხულ წიგნს ის უპირატესობა აქვს გარეთ წაკითხულ წიგნთან შედარებით, რომ ციხეში წიგნის გმირი ძალიან სწრაფად და უშუალოდ შემოდის შენს ცხოვრებაში, შენ მას არ სწონი აფთიაქის სასწორზე და კბილს არ უსინჯავ კრიტიკოსივით, ისე ღებულობ მას, როგორც არის, რადგან კაცი გაკლია, ახლობელი, მანუგეშებელი, და ამიტომ გარედან მოსული კაცი ნუგეშია შენთვის, თუნდაც იგი წიგნიდან იყოს მოსული.

***

ზოგი პატიმარი სელაპს ჰგავს. გლუვია, გულს ვერ მოუნახავ. ზოგი თევზივით არის, გგონია, რომ ხელში გყავს, ოდნავ მოუჭერ და კალმახივით გისხლტება, იმის შიშით, რომ ლაყუჩში სტაცებ ხელს და ნაპირზე ამოათრევ, ზოგი პატიმარი მგელივით არის გატრუნული და გაბოროტებული, ზოგი გველივით გალურსული და იმის შიშით, რომ ფეხს დაადგამ, შხამი სულ მუდამ მზად აქვს. ზოგი შველივით არის დამფრთხალი, მაგრამ გასაქცევი არ აქვს არსად და იძულებულია, ხან სელაპად, ხან მგლად, ხან თევზად, ხან გველად, ხან რად და ხან რად მოგაჩვენოს თავი. ზოგი კი გულღიაა, რაც არის ის არის, შეგუებულია თავის მდგომარეობას და უცდის რაღაცას, ის რაღაცა არავინ არ იცის, რა არის და როდის მოვა, მაგრამ ის რაღაცა მაინც მოდის ხან დროზე, ხან უდროოდ და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, რაც არ უნდა იყოს, ელოდება თუ არა, ერთ მშვენიერ დღეს გამოეცხადება და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ყველას თავისას მიუზღავს და ყველას თავისას მიართმევს მისხლობით აწონილს. ზოგი პატიმარი ამას ღმერთს ეძახის, ზოგი – ბედს, ზოგი – იღბალს, ზოგი – ვარსკვლავს და ზოგიც – სამართალს...

***

ციხის დაუწერელი კანონების თანახმად, ყველა პატიმარი ვალდებულია, საბრალდებო დასკვნა საკნის მამასახლისს გადასცეს წასაკითხად, რადგან პატიმრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან სხედან და რა დანაშაულისთვის ზის მათი თანამესაკნე.

***

“მე ფიცი მაქვს დადებული ღვთის საკურთხეველთან, რომ ადამიანის გონებაზე ტირანიის ნებისმიერი გამოვლინების დაუძი ნებელი მტერი ვიქნები მარად”. თქვა ამერიკის თავისუფლების დეკლარაციის მამამ ტომას ჯეფერსონმა.

***

ტოლსტოი ამბობს – Дьявол это падший ангел! – თავიდან ისიც ანგელოზი ყოფილა, შემდეგ გამხდარა ზნედაცემული. მე ტოლსტოისა მჯერა. – მითხრა ძია ისიდორემ.

***

ციხეში ქურდი ხელშეუხებელია, მას სრული ავტონომია აქვს. იგი შენს საქმეში იშვიათად ჩაერევა, თავის საქმეში ხომ არ ჩაგრევს და არ ჩაგრევს. ამ მხრივ, რა პარადოქსადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ქურდებთან ჯდომა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ათასი ჯურის, ხასიათის, ბედის, პროფესიის, განათლებისა და ეროვნების ხალხთან. საკანი, რომლებშიც ქურდები არ სხედან, წარღვნად გამზადებულ კუნძულს ჰგავს, რომელზეც დაღუპული გემიდან გადარჩენილი ადამიანები ბინადრობენ და მაშველი გემის მოლოდინში ერთმანეთს ჭამენ.

ქურდი – ქურდია, მათი თანასწორუფლებიანობა ხანდახან განცვიფრებას იწვევს. ქურდები ერთმანეთისაგან მხოლოდ განათლებით განსხვავდებიან, რაც მათ კონსტიტუციაში საყოველთაო სწავლების მუხლის არარსებობითაა გამოწვეული და მიუხედავად ამისა, განათლება არავის არავითარ უპირატესობას არ ანიჭებს. სხვა მხრივ ქურდები ერთნაირად უბედურები არიან. მათში არ არსებობს არც წოდებრივი, არც ქონებრივი, არც ეროვნული ცენზი, მესოპოტამიელია ქურდი, ტანგანიკელი თუ ჩოხატაურელი, ქურდი – ქურდია, მათთვის შავი, თეთრი, წითელი, ყვითელი ფერი არ არსებობს, ყველა ქურდი შავია, ქურდი არ მუშაობს, აქედან გამომდინარე არ არსებობს პროფესია…

***

უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს, მთელ სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადიული თოვლი რომ არ აგრილებდეს.

***

გამოძიების პრაქტიკაში არის რამდენიმე ფრაზა: “შეიძლება”, “მაგრამ”, “არ დამინახავს”, “კარგად არ მახსოვს”, “ზუსტად ვერ მოგახსენებთ” და სხვა, რომელიც ძალიან ჰგავს გათქმას. ხანდახან ეს ნახევრად არგათქმაც საკმარისია თავის გადასარჩენად...

***

ჯერ არ დაბადებულა ისეთი გამომძიებელი, არ შეპირებოდეს პატიმარს – თქვი და გაპატიებთ, თქვი და შეგიმსუბუქებთ დანაშაულს, თქვი და ვერავინ გაიგებს, დაგვეხმარე და დაგეხმარებით, შეგვიწყე ხელი და შეგიწყობთ ხელსო.

***

ღმერთს არ შეუძლია მოსპოს კაცობრიობა. – თქვა ისიდორე ბატონმა.

– რატომ? – ჰკითხა ჭეიშვილმა.

– ადამიანმა აღმოაჩინა ღმერთი და იმ დღიდან ღმერთი გახდა ღმერთი. იმ დღიდან არსებობს იგი კაცობრიობის შეგნებაში, იმ დღიდან განივთდა იგი ადამიანში და, ახლა რომ მოსპოს კაცობრიობა, თავადაც შეწყვეტს არსებობას.

– ვერ გავიგე, ბატონო ისიდორე, ხომ მოსპო ერთხელ ღმერთმა კაცობრიობა? – შეედავა ისევ ჭეიშვილი.

– როდის? – ჰკითხა ისიდორემ.

– წარღვნა რაღა იყო? – თავის მხრივ ჰკითხა ჭეიშვილმა.

– წარღვნა ბლეფი იყო.

– როგორ?

– წარღვნა მაშინ იქნებოდა განკითხვის დღე, ნოეც რომ ზედ მიეყოლებინა, მაგრამ ღმერთს ნოე ფეხებზე ეკიდა, ამით მან თავი გადაირჩინა.

– არ ბრძანდებით მართალი, ბატონო ისიდორე, ხომ არსებობდა ღმერთი სამყაროს გაჩენამდე?

– მერედა, ვინ იცოდა ეს? – ჰკითხა ისიდორე ბატონმა.

ჭეიშვილმა, როგორც ეტყობა, არ იცოდა, თუ ვინ იცოდა ღმერთის არსებობა სამყაროს შექმნამდე, ამიტომ მხრები აიჩეჩა, ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და ხელები გაშალა.

– მხოლოდ მან იცოდა ეს, თვითონ ღმერთმა და მეტმა არავინ. მაგრამ ერთი გამრავლებული და გაყოფილი ერთზე ერთია, ამიტომ უბრალო არითმეტიკა იყო საჭირო, მიმატება. ჯერ მიმატება და შემდეგ გამრავლება. ღმერთს არ აწყობდა მხოლოდ თავის თავში არსებობა და თავის თავისადმი დითირამბების გალობა. იგი კიდევ რაღაცაში უნდა განსახიერებულიყო, რომ ეარსება მარად.

***

პატიმრის საკნიდან წასვლა სიხარულიც არის და სევდაც განუზომელი, თავისებური შურიც, ამ დროს ყველას ავიწყდება საკუთარი დანაშაულის სიმძიმე და სინანულითა თუ იმ უბოროტო შურით ფიქრობს თავისთვის – რა იქნებოდა, ამის მაგივრად ჩემი გვარი ამოეკითხა ზედამხვედველსო, თუნდაც ეს სასწაულს უდრიდეს, მაინც ასე ფიქრობს ყველა პატიმარი, სიკვდილმისჯილი პატიმარიც კი ასე ფიქრობს, რადგან არ არსებობს ქვეყნად სულიერი, რომელსაც პატიმარზე უფრო სჯეროდეს სასწაულის.

***

არ არსებობს მსოფლიოში ტაბლა უფრო მირონცხებული, უფრო საპატიო და სათაყვანო, ვიდრე პატიმართა ტაბლა. ცნება – ერთად პურის ჭამა, ერთად პურის გატეხვა – აქ რელიგიის ხარისხშია აყვანილი, ციხეში ერთად პურნაჭამი ხალხი ფიცვერცხლნაჭამ ხალხს უდრის, ციხის პური ფიცვერცხლია, ციხის პური მირონია. ციხის ტაბლაზე სიტყვა – ბოლო ლუკმა უსინდისოსიაო – არ არსებობს, რადგან თვით ბოლო ლუკმა არ არსებობს, ბოლო ლუკმას ყველა ერთად ჭამს, ყოფს ორად, სამად, ათად, მერე ერთად იღებს და ერთად ჭამს. ამიტომ ციხეში ბოლო ლუკმა არასოდეს არ არსებობს. ბოლო ლუკმა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც მხოლოდ ერთი პატიმარია.

***

საქმეს, რომელსაც უშენოდაც გააკეთებენ, საქმე არ ჰქვია. საქმე ის არის, უშენოდ რომ არ გაკეთდება. შენს მეტი სხვა რომ ვერავინ ვერ გააკეთებს, ის საქმე, რომელიც მხოლოდ შენთვისაა გაჩენილი და მხოლოდ შენი ხელიდან გამოვა.

***

ნაგანს, გარდა იმისა, რომ უტყუარია, სხვა იარაღთან ის უპირატესობა აქვს, რომ შიშველ ქალს ჰგავს, მისი ლულიდან კბილდაკრეჭილი სიკვდილი გიყურებს, ბარაბანიდან შვიდივე ტყვია ჩანს და ეფექტიც საოცარია.

***

ადამიანებს იმდენად კარგი მეხსიერება აქვთ, რომ არ ავიწყდებათ ყველაფრის დავიწყება, აბსოლუტურად ყველაფრის.

***

უნდა გაჩერდე და უკან ისე მოიხედო, თან წინ სირბილი და თან უკან ცქერა არ გამოდის, უნდა გაჩერდე და ისე მოიხედო უკან, მით უმეტეს, თუ წინ გზა აღარ არის, ხრამია; ჭაა, ორმოა, უფსკრულია...

***

დასაბამიდან ყველა დროშა თეთრი იყო, თეთრი, სპეტაკი. თეთრი ფერი უკეთილშობილესი ფერია დედამიწაზე, ხოლო თეთრი ბაირაღი უკეთილშობილესი ფერის ბაირაღი. იგი თავიდან, თავისი სისპეტაკით მშვიდობას, სიყვარულს, ძმობასა და სათნოებას გამოხატავდა. ოცი საუკუნე იქით და ოცი საუკუნე აქეთ თეთრი დროშები თავისას მოითხოვენ და მოელიან, თეთრი დროშები თეთრი თოვლიანი მწვერვალების მსგავსად სამყაროს თავზე უნდა იყვნენ აღმართულნი. ერთი დიდი, თეთრი ბაირაღი უნდა ფრიალებდეს ამაყად ჯომოლუნგმაზე ნიშნად უსაზღვრო სათნოებისა, სიკეთისა და სიყვარულისა, ერთი თეთრი დროშა, ვებერთელა თეთრი ბაირაღი!

***

კაცი ხელახლა რომ დაიბადოს, ამისათვის ჯერ უნდა მოკვდეს.