გერმანელთა შემოსვლა საქართველოში

1918 წლის 13 ივნისს ტფილისში დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა: „საქართველოს ხელისუფლება თავის ხალხს აუწყებს, რომ გერმანული ჯარი, რომელიც ტფილისშია შემოსული, საქართველოს მთავრობამ მოიწვია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების დასაცავად, მთავრობის სახელითა და მასთან სრული თანხმობით სამოქმედოდ“. 

თავად გერმანელებს თავიანთი ამოცანა უფრო ფართოდ ესმოდათ. კარლ კაუცკი წერდა, რომ გერმანელები საწარმოო ძალების ორგანიზების მიზნით ჩამოვიდნენ, რადგან ქართული წიაღისეული, განსაკუთრებით, მანგანუმი ესაჭიროებოდათო. საქართველოს ექსპოლატაციის ამოცანა მათ შესაშური გაწაფულობით შეასრულეს. თუმცა, გერმანული ჯარის დისციპლინირებულობამ, ოფიცერთა მეგობრულმა ქცევამ და მათი ადმინისტრაციის გააზრებულმა, გონივრულმა მუშაობამ გერმანული ოკუპაცია მოსახლეობაში მართლაც რომ პოპულარული გახადა. კაუცკი სამართლიანად წერდა, რომ:

„საქართველო ამ ომის წლებში იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, სადაც გერმანულმა არმიამ გერმანიისათვის სასარგებლო პროპაგანდისტული სამუშაო შეასრულა“.


***

ვილჰელმ II და ლუდენდორფი ფონ ლოსოვის იმ მოსაზრებას იზიარებდნენ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ახლო ურთიერთობები უნდა დამყარებულიყო. იმპერატორის კარზე იმაზეც კი საუბრობდნენ, საქართველოში მონარქია აღდგენილიყო და ტახტზე ერთ-ერთი გერმანელი პრინცი ასულიყო. 

(იგულისხმება გერმანიაში 1914 წელს დაარსებული საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრთა გეგმა, საქართველოს რუსეთის იმპერიისგან გერმანელთა დახმარებით განთავისუფლების შემთხვევაში, ქვეყანაში აღედგინათ მონარქია და ქართულ ტახტზე დაესვათ გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ II-ის ვაჟი იოაჰიმი. გერმანელი პრინცის ახლადდაარსებულ სახელმწიფოთა ტახტზე ასვლა, იმ დროისთვის მცირე სახელმწიფოთა შექმნის და გერმანიის დახმარებით მათ მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნების მეტ-ნაკლებად მიღებული პრაქტიკა იყო. მაგალითად, სწორედ ასე შეძლო ბულგარეთის დიდმა მთავარმა ფერდინანდმა, რომელიც საკსენ-კობურგ-გოთას დინასტიას მიეკუთვნებოდა, 1908 წელს გერმანული იმპერიის დახმარებით ოსმალეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება და ბულგარეთის სამეფოს დაარსება. პირველი მსოფლიო ომის დროს მსგავსი პროექტი ჰქონდა ფინეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ზოგ ფინელ აქტივისტსაც).

ქართული დელეგაციის წევრთან, ავალოვთან, საუბრისას გემრნალმა დიპლომატმა იკითხა, შეინიშნებოდა თუ არა საქართველოში მონარქისტული ტენდენციები. ავალოვმა მას დაბეჯითებით მოახსენა, რომ მოსახლეობის განწყობები საქართველოში მეტწილად რესპუბლიკური იყო. თავის მხრივ, ავალოვმაც ჰკითხრა გერმანელს, თუ როგორ წარმოედგინა მას ურთიერთობები რაიხსა და საქართველოს შორის. გერმანელი დიპლომატის პასუხი საკმაოდ მეტყველი გამოდგა. მან ავალოვს მიუგო, გერმანელების პოზიცია საქართველოში დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ბრიტანელებს აქვთ ინდოეთის სათავადო სახელმწიფოებშიო.

ფონ ლოსოვის ენთუზიაზმის, ლუდენდორფის ინტერესისა და თავად კაიზერის მხარდაჭერის მიუხედავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ხაზგასმით ფორმალისტური დამოკიდებულება გამოიჩინა და განაცხადა: ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში, გერმანიასა და რუსეთს შორის უკვე მშვიდობა იყო დამყარებული, საქართვეოს დამოუკიდებლობის ფორმალურად ცნობა გერმანიას მხოლოდ რუსეთის თანხმობით შეუძლიაო.

ამას ვილჰელმშტრასეს (ისტორიული ქუჩა ბერლინის ცენტრში, სადაც გერმანიის იმპერიისა და მესამე რაიხის დროს განლაგებული იყო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო შენობები. ამ მიზეზით, ისტორიულ ლიტერატურაში ხშირად გამოიყენება როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის აღმნიშვნელი სინონიმი) იურისტებსა და ქართული დელეგაციის წევრებს შორის ხანგრძლივი დებატები მოჰყვა. გერმანელები აცხადებდნენ, რომ საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, დიდი ხნის წინ შეწყვიტა არსებობა. უკვე ას წელზე მეტია, იგი რუსეთის ნაწილიაო; დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე რაიმე პრეტენზია ბრესტ-ლიტოვსკშიც კი არ წამოუყენებია, ამიტომ გერმანიას de jure მანამ არ შეუძლია საქართველოს ცნობა, სანამ ამას ჯერ რუსეთი არ გააკეთებსო. ამ განაცხადის პასუხად ქართველებმა მათი შემთხვევის განსაკუთრებულობას გაუსვეს ხაზი. მაშ, როგორ იღებდა ფონ ლოსოვი მონაწილეობას ბათუმის კონფერენციაში, თუკი გერმანია საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობდა? - კითხულობდნენ ქართველები.

გერმანელებმა უპასუხეს, რომ ეს მხოლოდ de faqto მონაწილეობა იყო.


***

1918 წლის 27 აგვისტოს, ბერლინში, რუსეთ-გერმანიის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს დოკუმენტი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების დამატება იყო. 

მისი მე-6 პუნქტი კავკასიას შეეხებოდა, მე-13 პუნქტში კი განცხადებული იყო, რომ რუსეთი გერმანიიის მიერ საქართველოს აღიარების წინააღმდეგი არ იყო.მე-14 პარაგრაფში ეწერა, რომ გერმანია საქართველოს გარეთ, კავკასიაში, შესაძლო სამხედრო მოქმედებების დროს არც ერთ მესამე სახელმწიფოს არ დაეხმარებოდა. რუკაზე სათანადო ზღვარი გაავლეს, და გერმანულმა მხარემ პირობა დადო, რომ მთელ თავის გავლენას გამოიყენებდა, რათა ეს ზღვარი არც ერთ უცხოურ სამხედრო ძალას არ გადაეკვეთა. ხაზით გამოყოფილ ტერიტორიაში ბაქოც მოხვდა. სანაცვლოდ, გერმანიას ბაქოს ნავთობწარმოების ერთი მეოთხედი აღუთქვეს.

რაკი რუსეთის თანხმობა მოიპოვეს, გერმანიამ და საქართველომ ხელშეკრულების ტექსტზე განაგრძეს მუშაობა. 3 ოქტომბრისთვის დოკუმენტი ხელმოსაწერად უკვე მზად იყო.

[...]

ხელშეკრულების მე-6 თავი ეხებოდა საქართველოში მყოფ გერმანელ კოლონისტებს, რომელთა უმეტესობა იქ მეცხრამეტე საუკუნეში იყო დასახლებული. საქართველოს მოქალაქეთა თანაბარ უფლებებს ანიჭებდა.

მე-7 თავი განსაკუთრებული გარანტიით უზრუნველჰყოფდა საქართველოში არსებულ გერმანულ ეკლესიებსა და სკოლებს, და გერმანელებს არქეოლოგიური გათხრების წარმოების უფლებას აძლევდა. მერვე და უკანასკნელი თავი ხელშეკრულების რატიფიცირების დეტალებს შეეხებოდა. თუმცა, ომში გერმანელთა დამარცხებამ, ხელშეკრულების ხელმოწერას ხელი შეუშალა.

ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია

ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით. 

გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.