როგორ გამოიგონა მაკონდო გაბრიელ გარსია მარკესმა...

„მაკონდოსგან ყველაფერია მოსალოდნელი“

***

ნაწყვეტი გაბრიელ გარსია მარკესის ბიოგრაფიული რომანიდან - „იცხოვრო, რომ მოჰყვე“

***

მატარებელი უსახელო სოფელში შეჩერდა. შემდეგ ბანანის ერთადერთი სახლის წინ ჩაიარა. ალაყაფზე „მაკონდო“ ეწერა. 

ამ სიტყვამ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ბაბუაჩემთან ერთად ვმგზავრობდი. მხოლოდ ზრდასრულობაში მივხვდი, რომ მისი პოეტური აკუსტიკა მხიბლავდა. არასოდეს მიკითხავს, რას ნიშნავდა. სამ ნაწარმოებში უკვე გამოყენებული მქონდა, როგორც წარმოსახვითი სოფლის სახელწოდება, როდესაც, შემთხვევით, რომელიღაც ენციკლოპედიაში წავაწყდი.

წყალმცენარის მსგავსი ტროპიკული ხე ყოფილა, რომელიც არც ნაყოფს ისხამს და არც ყვავილს. მისი ღრუბლოვანი ღერო სიმებიანი საკრავის – ბანჯოსა და სამზარეულოს ნივთების დასამზადებლად გამოიყენება.

მოგვიანებით, „Enciclopedia Britanica“-ში აღმოვაჩინე, რომ ტანგანიკაში მომთაბარე ტომი – მაკონდო არსებობს. ვიფიქრე, რომ ეს სიტყვა სწორედ იქაური წარმოშობის უნდა იყოს. არასოდეს შემხვედრია მაკონდოს ხე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიკითხავს იქაურებისთვის.

 იქნებ, არც არასოდეს არსებულა.

***

სოფელი, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც ადრინდელ პროექტში მქონდა, მხოლოდ მაშინ დავინახე, როდესაც დედაჩემთან ერთად არაკატაკაში დავბრუნდი, მაგრამ მისი სახელი, როგორც ბრძენმა დონ რამონმა გამაფრთხილა, ისეთივე არადამაჯერებელი მეჩვენებოდა, როგორც ბარანკილია, რადგან ის მითიური იერი აკლდა, რომანისთვის რომ ვეძებდი.

ასე გადავწყვიტე დამერქმია სახელი, რომელიც ბავშვობიდან ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის მისი მაგიური შინაარსი იმ მოგზაურობისას გაცხადდა – მაკონდო.

***

ნაწყვეტები გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან - „ფოთოლცვენა“

მაკონდოსგან ყველაფერია მოსალოდნელი.

***

ომის შემდეგ მაკონდოში რომ ჩამოვედით და ამ მიწების ნაყოფიერება ვიხილეთ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ სულ მალე ხალხი ამ ადგილისკენ იხუვლებდა, მაგრამ, ვაი რომ ვერავინ განჭვრიტა ყველა უბედურება, რაც მათ ჩამოსვლას მოჰყვა. და ამიტომ, როცა ლავის მოახლოება ვიგრძენით და ხალხის ნიაღვარი წალეკვით დაგვემუქრა, ისღა დაგვრჩენოდა, თეფშები და დანა-ჩანგალი გამოგვედგა კარში და მოთმინებით გვეცადა, როდის შეგვამჩნევდნენ ახალმოსულები.

***

მტვერი სახლებსაც ადევს, და მაკონდოს ძველი, გატეხილი ავეჯის უბადრუკ იერს სძენს, თითქოს ღმერთმა გამოაცხადა, მაკონდო საჭირო აღარააო და კუთხეში მიაგდო სხვა ქალაქებსა და სოფლების გვერდით, რომლებიც დიდი ხანია სამყაროს აღარ სჭირდება.

***

ნაწყვეტები გაბრიელ გარსია მარკესის რომანიდან - „მარტოობის ასი წელიწადი“

***

მაკონდო ისეთი ახალი იყო, რომ ბევრი საგნისთვის ჯერაც არ დაერქმიათ სახელი და მხოლოდ თითით უჩვენებდნენ.

***

მაკონდოში ყველაზე ჭკვიანმა კაცმა ხოსე არკადიო ბუენდიამ სახლების მშენებლობა ისე დაგეგმა, რომ წყალზე წასულ ხალხს ერთნაირი გზა გაევლო მდინარემდე, ქუჩებიც ისე გონივრულად გაიყვანა, რომ მზის ცხოველმყოფელი სხივი ერთნაირად მისდგომოდა ყოველ სახლს. დაარსებიდან სულ რამდენიმე წელიწადში მაკონდო გახდა ყველაზე სუფთა და კეთილმოწყობილი დაბა იმ სოფელ-დაბებს შორის, რაც კი საერთოდ ენახა აქაურ სამასიოდე მცხოვრებს. მაკონდო იყო ქუდბედნიერი ადგილი, სადაც ოცდაათი წლისთვის ჯერაც არავის გადაებიჯებინა და სადაც ჯერ არავინ მომკვდარიყო.

***

აურელიანო მაკონდოში დაბადებული პირველი არსება გახლდათ.

***

ღამით, მდინარესთან რომ დაბანაკდნენ, ხოსე არკადიო ბუენდიას დაესიზმრა, ვითომ ბანაკის ადგიალს წამოიმართა დიდი ქალაქი, სადაც სახლებს უცნაურად გამჭვირვალე კედლები ჰქონდა. როცა იკითხა, რა ქალაქიაო, პასუხად გაიგონა ასევე უცნაური და უაზრო სახელი, მაგრამ სიზმარში მეტისმეტად ზებუნებრივად ჟღერდა ეს სახელი: მაკონდო. მეორე დღეს ხოსე არკადიო ბუენდიამ თავისიანები დაარწმუნა, ზღვის ძებნას მოვეშვათ, ტყე გავკაფოთ და ყველაზე გრილ ადგილას მიწა მოვასუფთავოთო. სწორედ აქ დააარსეს კიდეც სოფელი.

***

ერთხელ ღამით მელკიადესს მოეჩვენა, მაკონდოს მომავალს ვხედავო. მაკონდო დიდებული ქალაქი გახდება, მის ქუჩებს დიდი მინის სახლები დაამშვენებს, ბუენდიების ჭაჭანება კი აღარსად იქნებაო, - თქვა მან. „ნუ სულელობ, - გაცხარდა ხოსე არკადიო ბუენდია, - მინის სახლები კი არა, მე რომ სიზმარში ვიხილე, სწორედ ისეთი ყინულის სახლები დაამშვენებს მაკონდოს; რაც შეეხება ჩვენს გვარს, ისე არ გადავშენდებით, ერთი ბუენდია მაინც არ დარჩეს მაკონდოში უკუნეთი უკუნისამდე“.

***

მაკონდოში ოთხი წელიწადი, თერთმეტი თვე და ორი დღე წვიმდა. [...] საათის მექანიზმი სამ დღეში ერთხელ მაინც რომ არ დაეზეთატ, კბილანებს შორის ყვავილები ამოდიოდნენ, ფარჩაზე ამონაქარგს ჟანგი მოედო, ხოლო დაფორებულ თეთრეულში ზაფრანისფერმა წყალმცენარეებმა ამოჰყვეს თავი. ჰაერიც ისეთი ნოტიო იყო და წყლით გაჟღენთილი, რომ თევზებს შეეძლოთ ღია კარიდან ოთახებში შეეცურათ და ფანჯრებიდან გამოეცურათ.

***

ნაწყვეტი გრაფიკული რომანიდან - „გაბო - მაგიური ცხოვრების მოგონებები“

***

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას, ბედისწერის წყალობით გაბომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილი გაიცნო. 

ნახა ადგილი, სადაც წლების წინ ფოლკნერმა თავისი ნაწარმოები შექმნა.

მარკესი თავისი თვალით ნახავს ფოლკნერის მიერ გამოგონილ ქალაქ იოკნაპატოფას და მისი ლიტერატურული სამყარო ამ ქვეყნის სამხრეთს დაუკავშირდება.

მაკონდო ამ მაგიური შეჯვარების შედეგად იშვა.