Tuesday, April 18, 2017

ვინსენტ ვან გოგის ოცნება - სულის გამოხატვა ფერების მეშვეობით...

 ვინსენტ ვან-გოგი დაიბადა 1853 წელს, ჰოლანდიის სოფელ გროოტ-ზუნდერტში, პროტესტანტი პასტორის ოჯახში. თექვსმეტი წლისა იყო, როდესაც სამხატვრო ფირმა „გუპილში“ დაიწყო სამსახური. აქ ჩამოყალიბდა მისი გემოვნება, რომელიც ფირმის კლიენტების გემოვნებას - შეესატყვისებოდა - ბურჟუაზიული, ტრადიციული და ზომიერი. 

ვინსენტ ვან გოგი 13 წლის ასაკში, 1866 წ.
ვან-გოგი ფირმის სხვადასხვა ფილიალში მუშაობდა - აახენში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში, ბევრს კითხულობდა და ათვალიერებდა მუზეუმებს. ამავე წლებში მას შეუყვარდა ქალიშვილი, მაგრამ იგი უარყვეს. მან ისე მტკივნეულად განიცადა ეს დამცირება, რომ პატიოსანი ვაჭრის თანამდებობაც კი ძნელი ასატანი გახდა მისთვის. მის სულში გაიღვიძა აბსოლუტისაკენ მისწრაფებამ, იგი რელიგიას მიენდო და გადაწყვიტა პროტესტანტი პასტორი გამხდარიყო. მაგრამ ვან-გოგმა ვერ დაძლია საუნივერსიტეტო სიბრძნე. და მაშინ იგი სამხრეთ ბელგიის ქვანახშირის რაიონში - ბორინაჟში გაემგზავრა მქადაგებლად. მას სურდა ისე ეცხოვრა, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშვენის, გამხდარიყო უკანასკნელ უპოვარზე უფრო ღარიბი და მოყვასისადმი სიყვარულისთვის შეეწირა თავი. მაგრამ ვერც მქადაგებლის მოღვაწეობა შეძლო, რადგან მჭევრმეტყველი არ იყო.

განუწყვეტელი ხელის მოცარვით გულგატეხილი ვან-გოგი ლამის მაწანწალად იქცა, უდიდეს გაჭირვებას განიცდიდა და ერთადერთ მხსნელს ფერწერაში ხედავდა.

ვინსენტ ვან გოგი, 1873 წ.
იგი გააფთრებით შეუდგა ნახატის, ანატომიისა და პერსპექტივის შესწავლას ჯერ ბრიუსელსა და ჰააგაში, სადაც თავისი მამიდაშვილი, მხატვარი მაუვე ამეცადინებდა, შემდეგ კი - ანტვერპენში, სადაც ძალიან გაიტაცა რუბენსმა. მაგრამ მას სძულდა ყოველგვარი სასკოლო დისციპლინა - სწავლას თავი მიანება და დამოუკიდებლად განაგრძო მუშაობა. 1886 წლის მარტში ვან-გოგი პარიზში ჩავიდა, სადაც მას უმცროსი ძმა - ტეოდორი (ტეო) არჩენდა, რომელიც სურათებითა და ესტამპებით ვაჭრობდა.

პარიზში, კორმონის სახელოსნოში, ვან-გოგი ემილ ბერნარს ხვდება, შემდეგ კი - ტულუზ-ლოტრეკს, უსმენს პისაროს რჩევა-დარიგებას, ეცნობა გოგენს და მომსწრე ხდება სიორას ტრიუმფისა - ერთი სიტყვით, აქ იგი ყოველივე იმის ცენტრში აღმოჩნდა, რაც კი რამ იყო ცოცხალი და ახალი ხელოვნებაში.

***

„ფოვისტმა“ მხატვრებმა და ექსპრესიონისტებმა სხვებზე ადრე იგრძნეს ვან-გოგის ხელოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა და თავიანთ მასწავლებლად აღიარეს იგი. მართალია, საუკეთესონი მათ შორის სეზანს ამჯობინებდნენ, მაგრამ ორივეს ერთნაირად ასახელებდნენ, როგორც თავიანთ „ავტორიტეტებს“, როდესაც ცდილობდნენ გაემართლებინათ სწრაფი შესრულება, უშუალობა და ფერთა შეხამების ინტენსიურობა, რაც დამოკიდებული არ იყო სინათლესა და ჩრდილებზე.

***
ვინსენტ ვან გოგი - ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონას ნაპირას, 1888 წ.
მწერლები, რომლებიც ვან-გოგზე წერდნენ, მის წერილებს შეისწავლიდნენ და ცამდე აჰყავდათ იგი, როგორც ადამიანი და მოწმე, და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მის სურათებს, რომლებიც მათთვის ხშირად ამ პიროვნების დანამატი, რაღაც ნაწარმოები სიდიდე უფრო იყო. ბევრი მათგანი უარყოფდა კიდეც მის სურათებს, წინასწარ აკვიატებული აზრის გამო, რაც ან აკადემიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა, ან ფორმის სეზანისეულ სტრუქტურას.

***

ვინსენტ ვან გოგი - ვარსკვლავებიანი ღამე, 1889 წ.
როდესაც ვან-გოგი „ლა-კროს“ ხატავდა, პროვანსი მზით გადარუჯულ მიწად გადაეშალა მხატვარს თვალწინ. ტეოსადმი გაგზავნილ წერილში ვან-გოგი ამბობს:

„ჩემს წინაშე ახლა ყველგან ბრინჯაო და სპილენძი ელვარებს და ყველა ეს ფერი ცის მომწვანო ლაჟვარდს ეხამება, რომელიც სითეთრემდეა გავარვარებული, ყოველივე ეს საოცრად მომხიბვლელ და ჰარმონიულ კოლორიტს ქმნის“.

„მე ახლა პეიზაჟზე ვმუშაობ, ესაა მწიფე თავთავიანი ყანები... იგი ისეთივეა, როგორიც ორი პეიზაჟი მონმარტრის ხედისა, რომლებიც „დამოუკიდებლებთან“ იყო გამოფენილი, მაგრამ ასე მგონია, რომ ეს სურათი უფრო მკვიდრად არის ნაგები და მასში მეტი სტილია“.

***

ვინსენტ ვან გოგი - ყვითელი სახლი, 1888 წ.
არლის პერიოდის მიწურულს (1889 წლის იანვარ-თებერვალში), როდესაც ვან-გოგს უკვე დაეტყო ფისიქური აშლილობის ნიშნები, ჰოსპიტალიდან ახალგამოსული, დამშვიდების ერთ-ერთ მომენტში (რაც უკვე იშვიათად ხდებოდა) თავის ერთ-ერთ უდიდეს შედევრს - „ჩიბუხიან კაცს“ ხატავს.

***

ვინსენტ ვან გოგი - ქალები არლიდან, 1888 წ.
1888 წლის თებერვალში ვან-გოგი არლში ჩავიდა. სექტემბერში იგი წერს:

„მე უკვე სულ სხვა ადამიანად ვგრძნობ თავს, ახალჩამოსული რომ ვიყავი, ისეთი აღარა ვარ. უკვე აღარ მეპარება ეჭვი, აღარ ვყოყმანობ, რამეს რომ ვკიდებ ხელს, და ეს გრძნობა შეიძლება უფრო განმტკიცდეს“.

„ვამჩნევ, რომ ყველაფერი, რაც პარიზში ვისწავლე, ქრება და მე კვლავ ვუბრუნდები საკუთარ აზრებს, რომლებიც ჯერ კიდევ სოფელში დამებადა, იმაზე ადრე, ვიდრე იმპრესიონისტებს გავეცნობოდი. არ გამიკვირდება იმპრესიონისტებმა რომ ჩემი მანერის გაკრიტიკება დაიწყონ, რომელსაც დელაკრუამ უფრო მეტი მისცა, ვიდრე მათმა იდეებმა.

იმის მაგივრად, რომ ზუსტად ავსახი ის, რასაც ვხედავ, მე საკმაოდ თვითნებურად ვსარგებლობ ფერით, რადგან მინდა მეტი ძალით გამოვხატო ჩემი სათქმელი. ოღონდ მოდი თავი დავანებოთ თეორიებს. მინდა მაგალითით აგიხსნა ჩემი აზრი.

ვთქვათ, მე მინდა დავხატო ჩემი მეგობარი მხატვრის პორტრეტი, რომელიც დიადი ოცნებებით არის შეპყრობილი და ისე მუშაობს, თითქოს ბულბული გალობსო. იმიტომ, რომ ასეთია მისი ბუნება.

ვთქვათ, ეს ადამიანი ქერაა. მე ვისურვებდი ამ სურათში ჩამექსოვა მთელი ჩემი აღტაცება და სიყვარული. ჯერ ისე დავხატავ მას, როგორიც არის, რამდენადაც კი შევძლებ - ზუსტად. მაგრამ სურათი ჯერ კიდევ არ იქნება დამთავრებული, იმისთვის, რომ დავასრულო იგი, თვითნებურად შერჩეულ ფერებს გამოვიყენებ. უფრო გავაბაცებ მისი ქერა თმის ფერს და ნარინჯისფერ ტონებამდე, ქრომამდე და ღია ლიმონისფრამდეც კი მივალ. მისი თავის უკან კი, ღარიბული ოთახის ბანალური კედლის მაგიერ, უსასრულბას დავხატავ - ეს იქნება უმდიდრესი ლურჯი ფერის უბრალო ფნი, ყველაზე უფრო ინტენსიური ლურჯი ფერისა, რომლის დამზადებასაც შევძლებ. და, განათების ასეთი უბრალო კომბინაციის წყალობით, ქერა თავი ამ ლურჯ, მდიდარ ფონზე იდუმალების შთაბეჭდილებას შექმნის, როგორც ვარსკვლავი მუქ ლურჯ ცაზე“.

***
ვინსენტ ვან გოგი - ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით და ჩიბუხით, 1889 წ.
„მე უფრო და უფრო დაბეჯითებით დავეძებ ახალ ტექნიკას, რომელიც შეიძლება იმპრესიონისტული არც კი იყოს. მე მინდა ისე ვხატავდე, რომ ყველა, ვისაც კი ორი თვალი აქვს, ნათლად ხედავდეს მას“. 

***
ვინსენტ ვან გოგი - ავტოპორტრეტი, 1887 წ.
სულის გამოხატვა ფერის მეშვეობით - აი, ვან-გოგის ოცნება. იგი მთელ თავის გულისყურს ფერებს შესწავლას ახმარს:

„მე ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ რამეს მივაგნებ ამ სფეროში. მაგალითად - ორი სეყვარებულის სიყვარულის გამოხატვა ორი დამატებითი ფერის შეუღლების მეშვეობით, მათი აღრევისა და დაპირისპირებით და მახლობელი ტონების იდუმალი ვიბრაციის დახმარებით. აზრის გამოხატვა მუქ ტონზე ნათელი ტონის გამოსხივებით. იმედის გამოხატვა რომელიმე ვარსკვლავის მეშვეობით, გზნებისა - ჩამავალი მზის სხივებით. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის, რასაც მხედველობის რეალისტურ მცდარობას უწოდებენ, მაგრამ განა ასეთი რმა ცხოვრებაში არ გვხვდება? მე ვისურვებდი დამეხატა მამაკაცები და ქალები, რომლებსაც აქვთ რაღაც მოუხელთებელი და უკვდავი, რომლის სიმბოლოსაც ოდესღაც შარავანდი წარმოადგენდა და რასაც მხატვრები ფერების ვიბრაციასა და ბრწყინვალებაში დავეძებთ“. 

***

გოგენის გავლენით ვან-გოგმა სცადა ფანტაზიის მოშველიება ფერწერაში.

„საკმაოდ საამური მეჩვენება, - ამბობდა იგი, - ვაიძულო ჩემი ფანტაზია - იმუშაოს“.

მაგრამ ეს გზა, გამოსადეგი გოგენისათვის, უვარგისი აღმოჩნდა ვან-გოგისათვის და მან მალე უარყო იგი.

„ორიე თავის სტატიებში ყოველნაირად დამიჭერდა მხარს, თუ მე უფრო დავშორდებოდი რეალურობას და ტონების ერთგვარ მუსიკას შევქმნიდი ფერით, რასაც მონტიჩელის ზოგიერთ ნახატში ვხედავთ, - ამბობს ვან-გოგი, - მაგრამ ჩემთვის იმდენად ძვირფასია სიმართლე, იმდენად ძვირფასია ჩემი საკუთარი მცდელობა სიმართლის ასახვისა, რომ როგორ მე მეჩვენება, მეწაღის ხელობას ვირჩევდი, ვიდრე ფერებით მუზიცირებას.

***

ვინსენტ ვან გოგი - ეკლესია ოვერში, 1890 წ.
პროვანსში ვან-გოგმა იგრძნო სეზანის ფორმებისა და ტონების ჭეშმარიტება და ნანობდა, რომ ცოტა რამ ჰქონდა ნანახი სეზანის სურათებიდან. სამაგიეროდ, იგი კარგად იცნობდა დელაკრუასა და მონტიჩელის, რომლებსაც თავის მასწავლებლებლად თვლიდა მათი „სუგესტური“ ფერის გამო:

ვინსენტ ვან გოგი - გზა, კვიპაროსი და ვარსკვლავი, 1890 წ.
„ჩემდაუნებურად უხვად ვიყენებ საღებავს, როგორც მონტიჩელი. ზოგჯერ მეჩვენება კიდეც, რომ მე ამ ადამიანის მიმდევარი ვარ". 

ვინსენტ ვან გოგი - კურტიზანი, 1887 წ.
იგი თაყვანს სცემს ჰოკუსაის, მის ფერადოვან სიბრტყეებს, ბუნების თავისუფალ და ობიექტურ ასახვას, რაც ესოდენ დამახასიათებელია ჰოკუსაისთვის. მას სურს თავი დააღწიოს პარიზის მოუსვენარ და მეტისმეტად ინტელექტუალურ ცხოვრებას და ამ მიზნით ნიმუშად ისახავს მის მიერვე გამოგონილ რაღაცნაირ იდეალურ იაპონიას. 

ვინსენტ ვან გოგი - ხეხილის ბაღი, 1887 წ.

ვინსენტ ვან გოგი - არლის საავადმყოფოს ეზო, 1889 წ.
„ხელოვნებას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ხანგრძლივი მომავალი აქვს, ამიტომ ამ ადამიანებივით უნდა მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომლებიც მშვიდად ცხოვრობენ და არა დეკადანტებივით. აქ ჩემი ყოფა-ცხოვრება იაპონელი მხატვრის ცხოვრების მაგვარი იქნება, რომელიც ბუნებით სულდგმულობს, როგორც წვრილი ბურჟუა. ალბათ მიმიხვდი, რომ ეს არ არის დეკადანტების პირქუში ცხოვრება“. 

***
ვინსენტ ვან გოგი - ნუშის ყვავილობა, 1890 წ.
არლის გაზაფხულმა სიხარულით და ოპტიმიზმით გაუთბო გული ვან-გოგს. 1888 წლის აპრილში, როდესაც მან „აყვავებული ხე“ დახატა, მისი ფუნჯი ჯერ კიდევ იმპრესიონისტული იყო, მაგრამ ფერი - მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი. მან, მისდა გასახარად, ნაზი და წმინდა ფერი აღმოაჩინა: ატმის ხის მშვენიერი ვარდისფერი ყვავილები ღია ლურჯი და თეთრი ცის ფონზე. ეს სურათი ვან-გოგის მასწავლებლის - მაუვეს ნათელი ხსოვნისადმია მიძღვნილი, მასვე მიუძღვნა ვან-გოგმა ეს სტრიქონები:

ვინსენტ ვან გოგი - მთესველი ჩამავალი მზის ფონზე, 1888 წ.
„ნუ იტყვი, რომ გარდაცვლილნი მკვდარი არიან.
ვიდრე ცოცხლები არსებობენ,
მკვდრებიც ცოცხლობენ, მკვდრებიც ცოცხლობენ“.

***
ვინსენტ ვან გოგი - მზესუმზირები, 1889 წ.
ვან-გოგის ყველაზე პოპულარული სურათია მისი „მზესუმზირები“, რომელიც მან 1888 წლის აგვისტოში დახატა, ამ სურათით მხატვარი თავისი ოთახის შემკობას აპირებდა და სურათის მრავალი ეგზემპლარი შექმნა იმ მარსელელის გატაცებით, რომელიც ხარბად ნთქავს ბუიიაბესს.

„ვოცნებობ, რომ ჩემი სახელოსნო „მზესუმზირების“ სურათებით შევამკო - შევქმნა დეკორაცია, რომელზედაც წმინდა ან განზავებული ქრომისხვადასხვა ელფერის ლურჯ ფონზე აელვარდება, ყველაზე მკრთალი ვერონეზითი დაწყებული და სამეფო ლურჯით დამთავრებულ ფონზე; მე ამ სურათებს წვრილ ჩარჩოებში ჩავსვამ, რომლებიც ნარინჯისფრად იქნება შეღებილი. გოტიკური ეკლესიების ვიტრაჟების მსგავსად“.

***
ვინსენტ ვან გოგი - საძინებელი არლში, 1888 წ.
1888 წლის ოქტომბერში, ვან-გოგი ხატავს სურათს - „ვან გოგის საწოლი ოთახი არლში“.

მხატვარი ბევრს ლაპარაკობს მასზე თავის წერილებში:

„ამჯერად ეს, უბრალოდ, ჩემი საწოლი ოთახია; მთავარი როლი აქ ფერმა უნდა შეასრულოს, რომელიც მისი გამარტივებული გააზრებით უფრო მაღალ სტილს ანიჭებს საგნებს და სიმშვიდისა და ძალის საერთო შთაბეჭდილებას ქმნის. ამ სურათის ხილვამ უნდა დაამშვიდოს ადამიანის გონება, ანუ, უფრო სწორად - მისი ფიქრები. ოთახის კედლები მკრთალი იისფერია. იატაკი წითელი კვადრატებისგან შედგება, ხის საწოლი და სკამები ყვითელია, ყვითელი ზეთის ფერისა. ზეწარი და ბალიშები ძალიან ღია ფერის მომწვანო-ლიმნისფერია. ტაშტი - ლურჯი, კარები - იასამნისფერი. ეს არის და ეს. ამის გარდა, ამ ოთახში, რომლის დარაბებიცდახურულია, ვერაფერს ვერ დაინახავთ. ავეჯის ზომამ ასევე უნდა გამოხატოს ურყევი სიმშვიდე. კედლებზე პორტრეტები, სარკე, პირსახოცი, და რაღაც ტანსაცმელი ჰკიდია. ჩარჩო თეთრი უნდა იყოს, რადგანაც სურათზე არაფერი არ არის თეთრი. ეს თითქოს ჩემი რევანშია იძულებითი დასვენების შემდეგ, რომელიც ჩემს თავს მოვუწყვე. მთელ ხვალინდელ დღეს ამ სურათზე მუშაობას მოვახმარ, მაგრამ შენ ახლავე შეგიძლია დაინახო, რამდენად უბრალოა ჩემი შთანაფიქრი. ყოველგვარი ჩრდილი ან ნახევარჩრდილი გაუქმებულია; ყველაფერი წმინდა ფერით არის შეფერადებული, როგორც აღმოსავლურ ფერად გრავიურებზე“.

***

„ხეობის“ შესახებ ვან-გოგი ემის ბერნარს სწერდა:

„ვმუშაობ ხეობის დიდ სურათზე... ეს არის ორი ვეება სალი კლდე, რომელთა შორისაც წყლისაც პატარა ნაკადი მოედინება, და აქვეა მესამე კლდეც, რომელიც ხეობას კეტავს. ბუნებრივია, რომ ამ მოტივებს აქვს თავისი მელანქოლიური მშვენიერება და, გარდა ამისა, საინტერესოა ისეთ ველურ ადგილებში მუშაობა, სადაც მობლერტი ორ ქვას შორის უნდა დაამაგრო, რომ ქარმა მიწას არ დაანარცხოს“.

ვინსენტ ვან გოგი - კარტოფილის მჭამელები, 1885 წ.
ვინსენტ ვან გოგი - წითელი ვენახი, 1888 წ.
ვინსენტ ვან გოგი - ღამის კაფე, 1888 წ.
ვინსენტ ვან გოგი - ქალები თხრიან თოვლით დაფარულ მიწას, 1890 წ.
ვინსენტ ვან გოგი - ხორბლის ყანა და ყვავები, 1890 წ.
ვინსენტ ვან გოგი - მამილო ტანგის პორტრეტი, 1887 წ.

ლიონელო ვენტური - მანედა-ლოტრეკამდე
თარგმნა ლილი კალანდაძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.