შუბღალავნი - ვინ არიან დეინერის ტარგარიენის მებრძოლები?


შეუბღალავნი შუბის და ფარ-დაშნის ოსტატები არიან. სიცხეს თუ გრძნობენ, ამას ვერაფრით შეატყობთ. მწყობრში ისე დგანან, აგურისგან ნაშენი გეგონებათ. უძრავი თვალებით წინ იცქირებიან. სხეულს მხოლოდ თეძოებზე შემოკრული თეთრი ტილოს ნაჭერი უფარავთ, თავზე კი კონუსური ბრინჯაოს მუზარადები ახურებთ, ერთი ფუტის სიგრძის ბასრი წვეტით რომ გვირგვინდება. 

შეუბღალავებად პატარებს ირჩევენ, სიმაღლის, სისწრაფის, ძალის მიხედვით. წვრთნას ხუთი წლიდან იწყებენ. ყოველდღე, გათენებიდან დაღამებამდე ვარჯიშობენ, სანამ სრულყოფილად არ ისწავლაინ დაშნის, ფარის და სამი შუბის ხმარებას.

ვარჯიში უკიდურესად მკაცრია: სამიდან მხოლოდ ერთი ბიჭი რჩება ცოცხალი. ეს ყველამ იცის. შეუბღალავნი ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც წვეტიან მუზარადებს დაახურავენ, სიძნელე უკან აქვთ მოტოვებული, რადგან რა დავალებაც არ უნდა დაეკისროთ, წვრთნაზე უფრო მძიმე მაინც აღარაფერი იქნება.

წვეტიანი ქუდის მოსაპოვებლად შეუბღალავი მოვალეა, აიღოს ვერცხლის მარკა, წავიდეს მონათა ბაზარზე, იპოვოს რომელიმე აჩხავლებული ახალშობილი და დედის თვალწინ მოკლას. ამგვარად რწმუნდებიან, რომ მასში სისუსტის ნატამალიც აღარაა დარჩენილი.

***

შეუბღალავები ყველანი საჭურისები არიან. დასაჭურისებისას, როგორც წესი, ბიჭებს კვერცხებს აჭრიან, მაგრამ ასოს უტოვებენ. ასეთი არსება შვილს ვერ ჩასახავს, მაგრამ ხშირად ხდება, რომ მამაკაცურად გამოსადეგი რჩება. ზოგან კი ასოსაც აჭრიან.... შეუბღალავები დედამიწაზე ყველაზე უბიწო არსებები არიან!!!

დასაჭურისების დღეს ყველა ბიჭს ლეკვს აძლევენ. პირველი წლის ბოლოს მისი დახრჩობა ევალებათ. ვინც ვერ შვრება, კლავენ და მის ნეშტს გადარჩენილ ძაღლს აჭმევენ.

***

შეუბღალავნი კაცები არ არიან. სიკვდილი მათთვის არაფერია, დახეიბრება კი - არაფერზე ნაკლები. ისინი საკუთარ ხმლებზე არიან დაქორწინებულები იმგვარად, რომ მათ ვერა ქალი, ვერა კაცი ვერ აცდუნებს. შეუბღალავებს ალაფი არ ხიბლავთ. საკუთარი იარაღის გარდა არაფერი გააჩნიათ. სახელებიც კი...

სხვა მონები შეიძლება იპარავდნენ ან აგროვებდნენ ვერცხლს იმ იმედით, რომ თავისუფლებას იყიდიან, მაგრამ შეუბღალავებს არ სჭირდებათ თავისუფლება. საკუთარი ვალის გარდა სხვა ცხოვრება მათ არ გააჩნიათ. ჯარისკაცები არიან, მეტი არაფერი.

***

შეუბღალავებს მეთაური თავად უნდა დაუნიშნო. ისინი მორჩილებისთვის იწვრთნებიან და არა - ფიქრისთვის. 

ძალაზე უკეთსი რამ  - დისციპლინა აქვთ. მათზე უფრო ძლიერები, სწრაფები და ახოვნები სხვებიც შეიძლება იყვნენ, ზოგი, იქნებ, ხმლის, შუბის და ფარის ხმარებაშიც გაუტოლდეს. მაგრამ ზღვებს შორის ვერც ერთ მიწაზე ვერ ნახავთ მათსავით მორჩილებს.

ამქვეყნად საუკეთესო ქვეითი მებრძოლები არიან და თითოეული მათგანი მრავალწლიანი წვრთნის ნაყოფია. შეუბღალავი ჰგავს ვალირიულ ფოლადს, რომელსაც გაუთავებლად კეცავენ და ჭედენ მრავალი წლის განმავლობაში, სანამ დედამიწაზე ყველაზე უფრო მტკიცე და დრეკად ხმალს არ მიიღებენ.

ტკივილს ვერ გრძნობენ - ეს „სიმამაცის ღვინის“ შედეგია. ის მზადდება მომაკვდინებელი ღამისბინდით, მძორის ბუზის ჭუპრით, შავი ლოტოსის ფესვით და ბევრი სხვა საიდუმლო რაღაცით.

დასაჭურისების დღიდანვე, ყოველი ჭამის დროს, „სიმამაცის ღვინოს“ სვამენ და ყოველი განვლილი წლის კვალდაკვალ ნაკლებს და ნაკლებს გრძნობენ. ეს მათ ბრძოლაში უშიშარს ხდის. მათი წამებაც შეუძლებელია. საიდუმლო შეუბღალავის ხელში მუდამ დაცული იქნება.