მარკ შაგალის პოეზია - იაკობის კიბე | ბაღი | ჩემი ცრემლები | ჩემი ცრემლები | სამშობლო | დიდი ხანია

იაკობის კიბე

თითქოს ტყე იყოს სამყარო და
მე იქ ოთხით ვიარებოდე.
შიშით განმმსჭვალავს
დაცვენილი ხიდან ფოთოლი.

სიზმარეულში დაძირული, ამ ყველაფერს ვხატავ
და მერე
ტყე – ჩემგან ქმნილი ეს სურათი, თეთრი თოვლით დაიფარება,
პეიზაჟი იმქვეყნიური.
მეც იქ ვარ,
უკვე მერამდენე წელიწადია.

ჟამს ველი, ოდეს არაქაური სასწაული მიმისათუთებს,
გულს გამითბობს და შიშს განაძევებს.
გამომეცხადე შენ, რომელსაც ყოველი მხრით
მოგელოდები.

ო, ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და
იაკობის კიბეზე რომ ავმაღლდებით, ჩვენ გავფრინდებით


ბაღი

საღამო. ბაღი,
მთვარით ფენილი. და შენ –
ზღაპარი. და რეზედის
ნაზი შეხება.

გულში ჩამიკრავ
თუ ამბორით დამასაჩუქრებ,
თუ მეტყვი: “წადი”,
და ხელის კვრით გამინაპირებ?

ნაზი შეხება სამყაროსი. შეყვარებული
მოდის საღამო,
რეზედის და ბაღის კეთილსურნელებით
აღვსილა იგი.


ჩემი ცრემლები

ჩემი ცრემლები განა მართლა ცრემლებია – ქვები ცვივიან,
და გალღვებიან და მდინარეს შეერევიან,
წყალსმიცემული ყვავილებივით მიაქვს მდინარეს –
აი, იგი, ჩემი სიცოცხლე, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, და მერე რისთვის?

აი, იგი, ჩემი სიცოცხლე. ვსუნთქავ.
და გელი.
მე შენ მოგელი.
ვიცი, აქვე ხარ, ჩემს გვერდით ხარ, მაგრამ ჩემგან გადახვეწილ
რომელ შორეთში, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, და მერე რისთვის?

გზათა და ტყეთა გადამლახავს
ძეხორციელის სიტყვა ჯერ არ გამიგონია.
ღიმილით ვიწყებ ჩემს ყოველ დღეს
შენს მოლოდინში, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, და მერე რისთვის?

დღეები დღეებს მისდევენ და ჩემი ჯვარი მდუმარედ მიმაქვს.
ფეხს მკრავენ და ხელს მაშველებენ.
ქრება ნათელი და დღე ღამედ გადამქცევია...
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევე მე?


სამშობლო

დუმს მშობლიური ჩემი მხარე...
შენი დუმილით ჩემი სული აისხიპება...
ლოცვა ლოცვაა, - დღე და ღამე არასოდეს გამირჩევია.
მაგრამ ცეცხლოვან მკერდს რამ უწამლოს?
კვლავ მუხლს მოვიყრი,
იმედი ჩემი ფარულია, იდუმალია.

უმხურვალესი ოცნებებით განათებული,
ძღვნად ჩემი სისხლი მომირთმევია,
და ჩემი სუნთქვა, -
ვითარცა ცრემლი, ჩემთა თვალთაგან დადენილი;
მთლად სიცოცხლე მომირთმევია;
აჰა, მწვერვალზე ანაზდეული
თრთოლვა ჰაერის, ლურჯის, მქროლავის.
ხოლო მე,
მშვიდად მოღიმარი,
კუთვნილ სიჩუმეს დავენთქმები, განვესვენები.

ალბათ, დიდია შენი წყრომა, მხარეო ჩემო,
მაგრამ გავხსნილვარ,
როგორც ბოცა საცობახდილი,
როგორც ჭურჭელი, წყლით სავსე და ხელმისაწვდომი.
განშორება წლითი-წლობით განმამტკიცებდა...
ჯერ არ დადგება მიმწუხრი, რომ მე დავბრუნდები
და ჩემს საფლავზე
ფერფლს მიმოაბნევ,
სამშობლოვ ჩემო!


დიდი ხანია

ჟამიდან ჟამზე მსურდა ვინმეს გავსიტყვებოდი,
შორეთიდან გამომეხმო მავანი, მსურდა.
ძახილი ეგე, ფსკერზე შობილი, სულის სიღრმეს ამოარღვევდა,
და ბაგეს ჩემსას მოსწყდებოდა ბუნდოვანი ლოცვა ვარდებზე, -
რომ, მსგავსად ყველა ყვავილისა, ეყვავილათ
მაშინ, როცა ჩემს წინაშე შენ აღჩნდებოდი.

ვიხვეწებოდი და ვითხოვდი. აი, რას ვითხოვ:
კვლავ იქცეს ღამე სილამაზედ,
ჟამი მესამე და უძილო როცა დადგება,
და ღამემ ჩვენმა, ოდინდელმა და შორეულმა,
თავის თავი გაიმეოროს,
რათა მე, თითქმის შიშველი და არაფხიზელი,
შენეული სამყოფისკენ გამოვემართო.

ხოლო შენ სად ხარ?

ძველი სიზმარი – და მე სიზმარს თავდაღწეული.
შენ გაიხსენებ გუშინდელ დღეს:
როგორ გკოცნიდი,
და ბანგი იყო და ბურანი შენი ალერსი –
ჩვენ ხეებს შორის დავრბოდით და
გეძებდი და შენი ძებნით არ ვიღლებოდი.

ხოლო შენ სად ხარ?

მერეკებიან, მაჩქარებენ
ზაფხული და მერე ზამთარი,
ზამთარი და კვლავ გაზაფხული.

საით?

შენს ხელში დღემდე ცოცხლობს, ჯერარდამჭკნარი,
კვლავ შეირხევა თაიგული ჩემეული სიყმაწვილისდროინდელი ყვავილების და
ჩვენს საქორწილო ღამეს ელის - ჩემსას და შენსას.

მტვერს დაუფარავს, წელიწადთა მტვერს დაუფარავს
ცარიელი ჩემი ხელები.
ყველგან გეძიებ და გპოვებ ვერსად.

ხოლო შენ სად ხარ?

დღე ჩემეული, დღე ყოველი, უკუქცეული –
ჩვენ რომ ვიცხოვრეთ, იმ ღამისკენ დაეშურება,
გამიტაცებს თავისთან ერთად.

საით?

მე მინდა და არც მინდა დაბრუნება უკან –
არსაით.

იკეცებიან
ჩემი ფრთები,
მერე ისევ განიშლებიან, რათა მტკიცედ შემოგეხვიონ
და ჩემს გზებს მიგცენ – ცისკენ სავალ გზებს.
და ვიდრე ჩემი ფრენა გასტანს,

მე შენ გეძიებ.

ხოლო შენ სად ხარ?

მე ვიწვდი ხელებს.

ისევ და ისევ
ვცდილობ ფერებად განვასხეულო
სამყარო, შენგან ნაადრევად დატევებული.
მწამს: სული ჩემი, ბაგე ჩემი
შენს შორეულ სიმაღლემდე მოიტანენ
ლოცვას,
ჩემს ძახილს.
ძახილი ეგე უსასრულო სიზმარია,
ჩემეული ნახატებიდან
შენს ფერხთით რომ დაედინება.
ხოლო შენ სად ხარ?



ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები, 
თარგმნა და ავტორთა შესახებ ცნობები დაურთო დათო ბარბაქაძემ