Friday, April 7, 2017

ბოჰუმილ ჰრაბალი - მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

„მხოლოდ მზეს აქვს უფლება, ჰქონდეს ლაქები“, - იოჰან ვოლფგანგ გოეთე

***

ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი - ამოკითხული.

***

როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო, ვიდრე ალკოჰოლივით არ შეიწოვება ჩემში ამოკითხული ახალი აზრი და ეს იქამდე გრძელდება, სანამ წაკითხული მხოლოდ ტვინსა და გულს კი არა, ძარღვების გავლით უმცირეს კაპილარებსაც კი არ მიაღწევს.

***

ჭეშმარიტების შემცველი აზრები გარედან მოდის, ჩვენ გვერდით არსებობს ისე, როგორც ჯამში ჩაყრილი ატრია არსებობს.

***

თუ წიგნებში რამე ჭეშმარიტება წერია, მათი წვისას მხოლოდ ჩუმი სიცილი ისმის.

***

როდესაც კარგ წიგნში ვიყურები და თან დაბეჭდილი სიტყვებისგან ვთავისუფლდები, სხვა არაფერი რჩება, გარდა არამატერიალური აზრებისა, რომლებიც ჰაერში დაფრინავენ, ჰაერს ეყრდნობიან, ჰაერით იკვებებიან და ჰაერს უბრუნდებიან, რადგან ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ხომ ჰაერია, თან არსებობს, თან არა, როგორც წმინდა ზიარებისას სისხლი.

***

იმისთვის ვსვამ, რომ უკეთ შევაღწიო წაკითხულის გულში, იმიტომ რომ იმას, რასაც ვკითხულობ, არც გასართობად ვკითხულობ, არც დროის გასაყვანად და ცხადია, არც დასაძინებლად. მე, რომელიც ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ბოლო თხუთმეტმა თაობამ წერა- კითხვა იცის, იმისთვის ვკითხულობ, რომ კითხვისგან აღარასდროს დამეძინოს, რომ კითხვისგან ციებ- ცხელება დამემართოს, რადგან ჰეგელის იმ აზრს ვიზიარებ, რომ დახვეწილი ადამიანი ოდნავ არისტოკრატია და დამნაშავე - ოდნავ მკვლელი. მწერალი რომ ვიყო, ადამიანის უდიდესი ბედნიერებისა და უდიდესი უბედურების შესახებ წიგნს დავწერდი. წიგნებითა და წიგნებიდან ვისწავლე, რომ ზეცა სულაც არ არის ჰუმანური და რომ ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, არც თვითონ არის ჰუმანური, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, არა, იმიტომ, რომ ეს საღ აზრს ეწინააღმდეგება.

***

მაკულატურის ყოველ შეკვრაში იშვიათ რელიკვიას, ბავშვის ღია კუბოს ვასაფლავებ, რომელსაც დამჭკნარ ყვავილებს, ბრჭყვიალა ვერცხლის ქაღალდსა და ანგელოზის კულულებს ვუდებ, რათა მყუდრო ბუდე მოვუწყო იმ წიგნებს, რომლებიც ისეთივე საკვირველი გზით მოხვდნენ ჩემთან, როგორითაც მე აღმოვჩნდი ამ სარდაფში.

***

წიგნების ბურუსით გარემოცული გვერდს ვუვლი ტრამვაის, მანქანებს, ფეხით მოსიარულეებს. ოცნებით გართულს დღეს აღმოჩენილი წიგნები პორტფელით შინ მიმაქვს, მწვანეზე ისე გადავდივარ, ვერც კი ვხვდები, არც ლამპიონებს ვეჯახები და არც გამვლელებს, მივაბიჯებ და ლუდითა და ჭუჭყით ვყარვარ და მიუხედავად ამისა, ვიღიმები, რადგან პორტფელში მიწყვია წიგნები, რომლებისგანაც მოველი, რომ დღეს საღამოს საკუთარი თავის შესახებ რამე ახალს შევიტყობ, იმას, რაც ჯერ არ ვიცი.

***

ცხოველი შეგრძნება მაქვს იმისა, რომ თვითონაც დაწნეხილი წიგნების შეკვრა ვარ, რომ ჩემშიც ანთია მცირე საკონტროლო ალი „კარმას“ გაზის მაცივრისა. ამ უქრობ მცირე ნათებას ყოველდღიურად ვამატებ იმ აზრების ზეთს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რომ ამოვიკითხე წიგნებიდან, რომლებიც ახლა პორტფელში მიწყვია და შინ მიმაქვს.

***

მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, ჩემს ჰიდრავლიკურ წნეხთან ვიღაცამ კალათით წიგნები ჩამოყარა და როდესაც დავწყნარდი და ერთ-ერთი ჩამოგდებული მზეთუნახავი გადავფურცლე, პრუსიის სამეფო ბიბლიოთეკის ბეჭედი დავინახე, და როცა მეორე დღეს ჭერიდან ტყავისყდიანმა წიგნებმა იწყო ცვენა და ოქროს წარწერები და წიგნის ოქროთი დაფენილი გვერდები აბრჭყვიალდა, გარეთ გავვარდი და იქვე მდგომ ორ ბიჭს გამოვტყუე, რომ სადღაც ნოვეე სტრაშეცის მახლობლად ფარდული დგას და იქ თივაში იმდენი ლამაზყდიანი წიგნი ყრია, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ. ჰოდა, მივედი სამხედრო ბიბლიოთეკართან და ერთად გავემართეთ სტრაშეცისკენ და იქაურ მინდვრებში ერთი კი არა, პრუსიის სამეფო ბიბლიოთეკის ბეჭდიანი წიგნებით გატენილი სამი ფარდული ვიპოვეთ, ამ სანახაობით ტკბობას რომ მოვრჩით, მოველაპარაკეთ, ვისაც საჭიროა და სამი კვირის განმავლობაში სამხედრო მანქანებს შეუსვენებლად გადაჰქონდათ ეს წიგნები საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა ვითარების მიწყნარების შემდეგ ბიბლიოთეკა თავის თავდაპირველ ადგილსამყოფელს დაბრუნებოდა, მაგრამ ვიღაცამ გასცა წიგნების ეს თითქოსდა საიმედო სამალავი და პრუსიის სამეფო ბიბლიოთეკა სამხედრო ალაფად გამოაცხადეს, და ასე და ამგვარად, ტყავისყდიანი წიგნები, რომლებსაც ოქროს წარწერები და ოქროთი დაფერილი გვერდები ჰქონდა, სატვირთო მანქანებმა სადგურში გადაიტანეს და იქ ღია სატვირთო ვაგონებში ჩატვირთეს, და წვიმდა, მთელი კვირა წვიმდა, და როცა ბოლო სატვირთო მანქანამ წიგნების ბოლო პარტია მოიტანა, მატარებელი კოკისპირულ წვიმაში გაემგზავრა და ღია ვაგონებიდან ჭვარტლთან და სტამბის შავ საღებავთან შერეული ოქროს წყალი მოედინებოდა, მე კი, დანახულისგან გაოგნებული, მოაჯირს ვეყუდებოდი, როდესაც უკანასკნელი ვაგონი გაუჩინარდა წვიმაში, სახეზე ცრემლები და წვიმის წვეთები ერთმანეთში მერეოდა, სადგურიდან რომ წამოვედი და ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი დავინახე, ხელები გადავაჯვარედინე და სრულიად გულწრფელად შევთხოვე, ჩემთვის ხელბორკილები, რკინები, ანუ იგივე „ჟღარუნები“, როგორც ლიბენში ამბობენ, დაედო და წავეყვანე, რადგან დანაშაული ჩავიდინე, რადგან ვაღიარებ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და როდესაც პოლიციელმა წამიყვანა, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კომისარიატში უბრალოდ კი არ დამცინეს, დაპატიმრებითაც დამემუქრნენ.

***

მივჩერებოდი წიგნებით სავსე უკანასკნელი ვაგონის კაუჭზე ჩამოკიდებული ფარნის წითელ ნათებას, ლეონარდო და ვინჩივით მოაჯირს მიყრდნობილი ვიდექი, ისიც ბოძს მიყრდნობილი იდგა და თვალს ადევნებდა, როგორ აქციეს ფრანგმა ჯარისკაცებმა მისი მხედრის ქანდაკება სამიზნედ და როგორ იფშვნებოდა ყოველ გასროლასთან ერთად ცხენისა და მხედრის ფიგურები და ლეონარდოც, როგორც ახლა მე, იდგა და აკვირდებოდა საშინელებას, რომლის მოწმედაც იქცა, რადგან უკვე მაშინ ესმოდა, რომ ზეცა სულაც არ არის ჰუმანური და არც მოაზროვნე ადამიანია ჰუმანური.

სწორედ ამ დროს შემატყობინეს, რომ დედაჩემი კვდებოდა. სახლში ველოსიპედით დავბრუნდი და რაკი საშინლად მწყუროდა, სარდაფში ჩავედი და მიწის ცივი იატაკიდან მჟავემაწვნიანი ჯამი ავიღე, ჯამი ორივე ხელით დავიჭირე და ხარბად დავეწაფე, ვსვამდი და ვსვამდი და უცებ ვხედავ, რომ ჩემ თვალწინ მაწვნის ზედაპირზე თვალების წყვილი მიცურავს, მაგრამ ისე მწყუროდა, რომ არ გავჩერებულვარ და ის ორი თვალი ჩემს თვალებს ისე სახიფათოდ მოუახლოვდა, როგორც ღამის წყვდიადში მანათობელი ლოკომოტივის ფარები გვირაბს, შემდეგ კი თვალები გაქრა და პირი რაღაც ცოცხალი არსებით ამევსო, ჩავავლე ფეხში და პირიდან მოფართხალე ბაყაყი გამოვაძვრინე, სახლის ბაღში გავუშვი და მშვიდად გავაგრძელე მაწვნის სმა, ლეონარდო და ვინჩივით მშვიდად.

როცა დედა მოკვდა, სადღაც გულის სიღრმეში ვტიროდი, მაგრამ ერთი ცრემლიც კი არ გადმომიგდია. კრემატორიუმიდან გამოსულმა, საკვამურიდან ამოვარდნილი ბოლი დავინახე, ლამაზი იყო, დედა ცაში ადიოდა და მე, რომელიც მაკულატურის პუნქტის სარდაფში უკვე ათი წელი ვმუშაობდი, ჩავედი კრემატორიუმის სარდაფში და თავი წარვუდგინე, რომ მეც იმავეს ვაკეთებ, ოღონდ წიგნებთან დაკავშირებით, ვიდექი და ველოდებოდი და როცა ცერემონია დასრულდა, დავინახე, რომ იმ დღეს ოთხ ადამიანს წვავდნენ და დედაჩემი მესამე ყუთში იყო; გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი ადამიანის უკანასკნელ თავგადასავალს, ვუყურებდი, როგორ ამოიღო კრემატორიუმის თანამშრომელმა დარჩენილი ძვლები და როგორ ფქვავდა ხელის საფქვავით, დედაც იმავე ხელის საფქვავით დაფქვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააწყო მისი ნეშტის უკანასკნელი ნარჩენები თუნუქის ყუთში, მე კი უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი ამ ყველაფერს, ზუსტად ისე, როგორც მშვენიერი წიგნებით დატვირთულ და შვეიცარიისა და ავსტრიისკენ მიმავალ მატარებლებს ვუყურებდი, ერთი კილოგრამი - ერთ კრონად.

***

სენდბერგის ლექსის ნაწყვეტები მახსენდებოდა, რომ ადამიანისგან ფოსფორის პატარა გროვა დარჩება, ასანთის ერთი კოლოფისთვის საკმარისი და იმდენი რკინა, რამდენიც ერთი ისეთი კაუჭის გამოჭედვას ეყოფა, რომელზეც ზრდასრული ადამიანი თავის ჩამოხრჩობას შეძლებს.

***

დედაჩემის ფერფლი ურნით გამომატანეს, მივუტანე დედა ბიძაჩემს და როდესაც ურნით ხელში ბაღში შევედი და რკინიგზის მეისრის ჯიხურში შევაბიჯე, ბიძამ დაიძახა: დაო ჩემო, აი როგორ მიბრუნდები! ხელიდან ხელში გადავეცი ურნა, ბიძამ ჰაერში აწონა და განაცხადა, რომ რაღაც ეცოტავება თავისი დის რაოდენობა ურნაში, რადგან სიცოცხლეში ის სამოცდათხუთმეტ კილოგრამს იწონიდა, შემდეგ ზუსტად აწონა, დაჯდა, გამოთვლა დაიწყო და დაასკვნა, რომ დედაჩემი ხუთი კილოგრამით მეტი უნდა ყოფილიყო იმ ურნაში, შემოდო ურნა კარადაზე და ზაფხულში, როცა თავგამურებს მიწას უბარავდა, თავისი და ახსენდებოდა, ანუ დედაჩემი, იხსენებდა, რომ დედას გაგიჟებით უყვარდა თავგამურა, ჰოდა, აიღო ურნა, კონსერვის დანით გახსნა და ფერფლი ნათესებს მოაყარა, გაზრდილი თავგამურები კი შემდეგ შევჭამეთ.

***

როცა ჩემს ჰიდრავლიკურ წნეხში მშვენიერ წიგნებს ვატარებდი და წნეხი ბოლო ფაზაზე გადადიოდა, ანუ ოცი ატმოსფეროს ძალით წნეხდა მათ, ადამიანის ძვლების მსხვრევის ხმა მესმოდა, თითქოს ხელის საფქვავში იფშვნებოდა წნეხში ჩაყრილი კლასიკოსების თავის ქალები და ძვლები, თითქოს თალმუდის ფრაზას ვატარებდი წნეხში: „ჩვენ ზეთისხილს ვგავართ, მხოლოდ დაწურვის შემდეგ გავცემთ იმ საუკეთესოს, რაც ჩვენში იმალება“.

***

წნეხში დაძველებულ ქაღალდსა და გადაშლილ წიგნებს ვაწყობ, დღეს პირველად შევამჩნიე, რომ მაკულატურასთან ერთად წნეხში თურმე თაგვებსაც ვყრი, თაგვების მთელ ოჯახებს; როცა წნეხში ჯერ კიდევ თვალაუხელელ წრუწუნებს ვყრი, დედა თაგვიც თან მიჰყვება მათ და თავს დასტრიალებს იმის მაგივრად, რომ გაიქცეს და ამდენად, მაკულატურისა და კლასიკური ლიტერატურის ბედს იზიარებს.

ვერავინ დაიჯერებს, რამდენი თაგვია მსგავს სარდაფებში, შესაძლოა, ორასი ან სულაც ხუთასი და ამ პატარა ცხოველებს, რომლებსაც ჩემთან მეგობრობა სურთ და რომელთა უმეტესობაც ნახევრად ბრმა დაიბადა, მთელ ამ თაგვებს ჩემთან ის აქვთ საერთო, რომ ისინიც ნაბეჭდი სიტყვით საზრდოობენ, ყველაზე უფრო ტარსიკონის ყდაგადაკრული გოეთე და შილერი მოსწონთ. ერთი სიტყვით, მთელ ჩემს სარდაფში პატარა თვალები ხამხამებენ და წიგნების ხვრის ხმა ისმის და როცა თაგვები ისვენებენ, კატის კნუტებივით ცელქები არიან, დაძვრებიან წნეხის ბუნკერის ნაპირებზე, მთავარ ლილვზე და როცა ბუნკერის კედელი მწვანე ღილაკის ბრძანებით ადგილიდან იძვრის და იქ ჩაყრილ ქაღალდს თავის თაგვებიანად აწვება, როცა თაგვების წრიპინი სუსტდება, მხოლოდ მაშინ სერიოზულდებიან დანარჩენები, უკანა თათებზე დგებიან, ცდილობენ, წონასწორობა დაიცვან და თან უსმენენ ხმებს, აინტერესებთ, რა წრიპინი მისდით ყურამდე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩაივლის თუ არა აწმყო, ყველაფერი მყისიერად ავიწყდებათ, ისინი თავის თამაშს უბრუნდებიან და წიგნების ხვრასაც აგრძელებენ, რაც უფრო ძველია წიგნი, მით უფრო ეგემრიელებათ მისი ქაღალდი, როგორც კარგად გამოყვანილი და მომწიფებული ყველი ან როგორც კარგად დავარგებული ღვინო.

***

ბინა მხოლოდ წიგნებით მაქვს გავსებული, არც სარდაფი მყოფნის და არც ფარდული, სამზარეულოც სავსეა ისევე, როგორც საკუჭნაო და ტუალეტი, მხოლოდ ფანჯრისა და გაზის ქურისკენ მიდის წიგნებისგან თავისუფალი ბილიკები, ტუალეტში ზუსტად იმდენი ადგილი მაქვს დატოვებული, რამდენიც უნიტაზზე დასაჯდომადაა საჭირო, მეტრი და ორმოცდაათის სიმაღლეზე კოჭებზე ფიცრები მაქვს გადებული, რომლებზეც ჭერამდეა ახორებული წიგნები, მთელი ხუთუ ცენტნერი, საკმარისია, დაჯდომისას სიფრთხილე არ გამოვიჩინო ან მოუხერხებლად წამოვდგე, რომ მთავარ კოჭს გამოვედები და ნახევარი ტონა წიგნები თავზე გადმომეყრება და შარვალჩახდილს იქვე გამაბრტყელებს.

***

ვხვდებოდი, რა ზუსტი იყო, რემბოს ლექსი, რომ სულიერი ბრძოლა ისევე საზარელია, როგორც სხვა ნებისმიერი ბრძოლა.

***

მოწიწებითა და აღფრთოვანებით მახსენდებოდა ჰეგელი, რომელიც მასწავლიდა, რომ ერთადერთი, რისაც შეიძლება ამქვეყნად შეგეშინდეს, გახევების მდგომარეობაა, რომ მხოლოდ მომაკდავი ფორმების უძრაობაა შიშის მომგვრელი და რომ სიხარული შეიძლება მხოლოდ იმან მოგვანიჭოს, როცა არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებაა, არამედ მთელი საზოგადოება ახერხებს ბრძოლით გაახალგაზრდავებას, ახალი ფორმების ძიებით ახალი სიცოცხლის უფლების მოპოვებას.

***

ზეცა ჰუმანური არ არის და არც ის ადამიანი შეიძლება იყოს ჰუმანური, რომელსაც ეს ასე ჰგონია.

***

ლაო-ძი ამბობდა, ამქვეყნად მხოლოდ ის ადამიანია მიბაძვის ღირსი, რომელმაც შეიცნო თავისი სირცხვილი და შეინარჩუნა თავისი სიდიადე...

***

Jackson Pollock - One Number 31
ბუზები სარდაფის ჰაერში უზარმაზარ ცოცხალ სურათს ქარგავდნენ, შედგენილს განუწყვეტლივ მოძრავი წირებისა და ნაპერწკლებისგან, ზუსტად ისე, როგორც ჯექსონ პოლოიკი ასხამდა სახებავებს გიგანტური სურათების შესაქმნელად.

***

არყის სმისგან როგორც ბაბუას, ისე დიდ ბაბუას ზღაპრის გმირები ეცხადებოდნენ, ბაბუას აქეთ-იქით ყიალში სირინოზები და წყლის სხვა ზღაპრული არსებები ხვდებოდნენ, დიდ ბაბუას კი იმათი არსებობისა სჯეროდა, რომლებიც ლიტოველის ლუდსახარშის ეზოში ეცხადებოდნენ, ანუ ჯუჯების, ტროლებისა და ფერიების, მაგრამ მე, რაკი ჩემდა უნებურად განათლებული ვიყავი, როცა ჩემს ლოგინზე ოცტონიანი ცის ქვეშ ვიძინებდი, ბალდახინის ბოძებთან შელინგი და ჰეგელი მეცხადებოდნენ, რომლებიც ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ, ერთხელ ცხენზე ამხედრებული ერაზმ როტერდამელი წამომადგა თავს და ზღვისკენ მიმავალი გზა მკითხა.

***

ბოშებს რომელიღაც უკვე დავიწყებული ცივილიზაციის ხალხის უზარმაზარი და ჭკვიანი თვალები აქვთ.

***

ასეთი ვარ, გამუდმებით ყველას პატიებას ვთხოვ, იმიტომ რომ ხანდახან საკუთარ თავსაც ვთხოვ პატიებას იმისთვის, რომ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, საკუთარი ბუნებისათვის...

***

ზეცა სულაც არ არის ჰუმანური ისევე, როგორც სიცოცხლე ჩემ ზევით, ჩემ ქვევით და ჩემში.

***

კუბოში ჩაწვენილ ბიძაჩემს ტანსაცმელში ჩავუტენე ეს ყველაფერი და თავზე რკინიგზელის ქუდი დავახურე, რომელიც ჯიხურში ეკიდა, მერე იმანუელ კანტი მოვიტანე და იმ ადგილზე გადაშლილი ჩავჩარე თითებს შორის, რომელიც ყოველთვის აღმაფრთოვანებდა... „ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით... ესენია ვარკსვლავიანი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემში...“, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და უფრო ლამაზ სიტყვებზე გადავშალე წიგნი... ახალგაზრდა კანტის სიტყვებზე: „ზაფხულის ღამით ვარსკვლავები ციმციმებენ და მთვარე სავსეა, მეტისმეტად მგრძნობიარე ვხდები და სამყაროსა და უსასრულობისადმი მეგობრული თანაგრზნობა და მავე დროს მედიდურობა მავსებს...“

***

დღეს წყლით გაჟღენთილი ვინსენტ ვან გოგის ასობით დიდი რეპროდუქციის წნეხა დავიწყე, ამიტომ ყოველი შეკვრის გვერდები ცისფერ ფონზე დახატული ოქროსფერი და ნარინჯისფერი მზესუმზირებით ბრწყინავდა, რაც ოდნავ არბილებდა დაწნეხილი თაგვების, მათი ბუდეებისა და დამპალი ქაღალდის სუნს.

***

ის, ვინც ძველ ქაღალდს წნეხს, ჰუმანური ვერ იქნება, ისევე როგორც ზეცა არ არის ჰუმანური, რასაც მე ვაკეთებდი, ხომ ნამდვილი ყრმათა ჟლეტა იყო, რაც პიტერ ბრეიგელმაც მშვენივრად დახატა, წინა კვირას ზუსტად ამ ნახატის რეპროდუციებით ვფუთავდი მაკულატურის შეკვრებს, მაგრამ დღეს ოქროსფერი და ყვითელი ბადროები მინათებდნენ სარდაფს, ანუ ვან გოგის მზესუმზირები, რომელებიც მხოლოდ ტრაგიკულობის შეგრძნებას მიმძაფრებდნენ.

***

მოწყალე ბუნებამ თავზარდამცემი შიში მოიგონა, მდგომარეობა, როცა მცველები გამოირთვება და ჭეშმარიტების ჟამს ტკივილზე ძლიერი შიში მოიცავს იმას, ვისაც ეწვევა.

***

თაგვი ბრუნდებოდა და ჩემს ლანჩასთან ბრძოლას აგრძელებდა, ბოლოს კი სრულიად ძალაგამოცლილი კუთხეში დაჯდა და ყურება დამიწყო, თვალებსი მიყურებდა, მე კი კანკალმა ამიტანა, რადგან ვხედავდი, რომ იმწამს თაგვის თვალებში რაღაც იმაზე მეტი ანათებდა, ვიდრე ვარსკვლავებიანი ცაა ჩემ ზევით და მორალური კანონი ჩემში. მეხის გავარდნასავით დამატყდა უცებ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები, რომ უმაღლესი კანონი სიყვარულია, სიყვარული კი თანაგრძნობაა და უცებ მივხვდი, რატომ ვერ იტანდა შოპენჰაუერი დიდ ჰეგელს და მიხაროდა, რომ ჰეგელი და შოპენჰაუერი არ იყვნენ დაპირისპირებული არმიების მთავარსარდლები, რადგან ზუსტად ისე იომებდნენ ერთმანეთში, როგორც ვირთხების ორი კლანი ომობს პრაღის მიწისქვეშეთის ყველა კლოაკასა და წყალსადენ არხში.

***

მთელი სხეულით ავკანკალდი, უეცრად ფრანი ღმერთად მომეჩვენა, მე ძე ღვთისა ვიყავი, კანაფი კი - სულიწმინდა, რომლითაც ადამიანი ღმერთს უკავშირდება, ნდობით აღსავსე ურთიერთობას ამყარებს და ელაპარაკება ღმერთს.

***

ბოჰუმილ ჰრაბალი - ჩეხი მწერალი. დაიბადა 1914 წელს ბრნოში. უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. მუშაობდა ტელეგრაფისტად, რკინიგზის სადგურის მორიგედ, კომივოიაჟერად, სცენის მუშად... ჰრაბალის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია რომანები „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“, „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“ და "მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა". პირველი ორის მიხედვით ცნობილმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა ფილმები გადაიღო. 1997 წელს ბოჰუმილ ჰრაბალი ტრაგიკულად დაიღუპა - იგი საავადმყოფოს მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.



ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა