Friday, April 7, 2017

როგორ აღმოჩნდნენ ნოს კიდობანში: დავითი, მოსე, სოლომონი, მუჰამედი და ქრისტე...

ნაწყვეტი ელიფ შაფაქის რომანიდან - „სტამბოლელი ნაბიჭვარი“

თქვენ იცით აშურეს იგავი? 

(აშურე - მუსლიმანური კალენდრის პირველი თვის, მუჰარამის მე-10 დღე, როდესაც სუნიტები ალაჰის მიერ ისლამის ათი წინასწარმეტყველისათვის წყალობის მოვლენას აღნიშნავენ. ამ დღეს მიირთმევენ ტკბილ კერძს - აშურეს, იგივე ნოეს პუდინგს. შიიტებისთვის ეს დღე გლოვის დღეა (შაჰსეი-ვაჰსეი), რომელსაც საჯარო თვითგვემით აღნიშნავენ.)

***

იყო და არა იყო რა, არც ისე შორეულ ქვეყანაში იყო ცუდი დრო და ადამიანები საძაგლად ცხოვრობდენენ. მას შემდეგ, რაც ამ სიმდაბლეს კარგა ხანს უცქირა, ალაჰმა, ადამიანების ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შესაცვლელად და მათთვის მონანიების შესაძლებლობის მისაცემად, ბოლოს და ბოლოს, გაგზავნა მაცნე - ნოე. თუმცა როცა ნოემ სიმართლის საქადაგებლად პირი გააღო, არავინ მოუსმინა, - სიტყვას წყევლით აწყვეტინებდნენ, გიჟს, უგუნურსა და ახირებულს ეძახდნენ.

რვაასი წლის განმავლობაში ნოე ბევრს ეცადა ცოლისა და თავისი ხალხის დარწმუნებას... ასე გაატარა ნოემ რვაასი წელიწადი თვისი ხალხისათვის ლოცვასა და მისი სწორ გზაზე დაყენების მცდელობაში. ერთ დღეს ღმერთმა ნოეს ანგელოზი გაბრიელი გაუგზავნა. „ააშენე გემი, - ჩასჩურჩულა ანგელოზმა, - და ყველანაირი სახეობა წყვილად აიყვანე“...

ბოლოს და ბოლოს, ნოეს კიდობანში ყველანაირი რწმენის კარგმა ადამიანებმა მოიყარეს თავი, დავითმაც, მოსემაც, სოლომონმაც, იესომაც და, ღმერთმა აცხონოს იმისი სული, მუჰამედმაც. ასე მომზადებული გაემგზავრნენ და დაიწყეს ლოდინი.

მალე დაიწყო წარღვნა. ალაჰმა ბრძანა: „ო, ცაო! დადგა დრო! გადმოასხი წყალი. თავს ნუღარ შეიკავებ. მოუვლინე მათ წყალი და მრისხანება!“ მერე მიწას უბრძანა: „მიწავ, შეაკავე წყალი, არ შთანთქა იგი“, წყალმა იმდენად სწრაფად აიწია, რომ კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა.

მთელი დღეები გაუჩერებლად მიცურავდნენ და მიცურავდნენ. ირგვლივ ყველგან წყალი იყო. მალე საკვები შემოელიათ. საჭმლის მოსამზადებლად საკმარისი სანოვაგე არ ჰქონდათ. მაშინ ნოემ ბრძანა: „მოიტანეთ, რაც კი გაგაჩნიათ“. მათაც მიუტანეს, - ცხოველებმაც, ადამიანებმაც, მწერებმაც და ფრინველებმაც, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებმაც მიუტანეს ის მცირედი, რაც კი დარჩენოდათ და ყველაფერი ერთად ჩაყარეს. ასე მოათუხთუხეს ერთი დიდი ქვაბი აშურე.


ელიფ შაფაქი - "სტამბოლელი ნაბიჭვარი" 
ინგლისურიდან თარგმნა - ეკატერინე მაჩიტიძემ 
გამომცემლობა „პალიტრა L“, 2013წ.