გია ბუღაძე - ფიროსმანი

ალბათ, როდესაც ვფიქრობთ ქართულ სამხატვრო თუ სახვითი გენიის, როგორც ფაქტის თუ განსაკუთრებული ფენომენის არსებობაზე, პირველ რიგში ვგულისხმობთ ნიკო ფიროსმანს. იგი ის შემოქმედებითი მუხტია, რომელშიც, ყველაზე ძალუმად წარმოჩინდა ქართული ხედვით - ვიზუალური ცნობიერების განსაკუთრებულობა და სახასიათო თვისებები.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თვისება ადამიანის ცნობიერებისა, თვალით მიღებული, ხილვადი შემეცნებისა თუ აზროვნების დომინანტურობისა, შეიძლება ითქვას პირველობას გულისხმობს. ადამიანის შეგრძნება - განცდათა შორის კარგად არის გამოვლენილი თითქმის ლეგენდადქცეულ გადმოცემებსა თუ ისტორიებში, რომელთა შესახებაც საკმაოდ დამაჯერებლად მეტყველებს წმიდა წერილის პარალელური აპოკრიფული ტექსტები.

მაგალითისთვის ედესის ხატის აპოკრიფის მოხმარებაც კმარა. ამ „წერილში“ საუბარია მაცხოვრის ხატის შექმნაზე. ქალაქ ედესის მეფის, ავგაროზის სურვილით კარის მხატვარს მაცხოვარი უნდა დაეხატა, მაგრამ მან ეს ვერ შეასრულა. მხოლოდ მაცხოვრის კეთილი ნებით, მისი გამოსახულება სასწაულებრივად აღიბეჭდა სახატავ ტილოზე. ეს გამოსახულება დიდი კოლოზიების განვლის შემდეგ ანტონ მარტყოფელის ხელით საქართველოში ჩამობრძანდა და აქ სამუდამოდ დაივანა თავისი სამყოფელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ცნობიერება ძალუმად შემოიჭრა ქართული ცნობიერების მხედველობით არეალში და ამ მკვეთრი ქრისტიანობით მყარად დაამკვიდრა ხედვითობა - სახვითობის დომინატურობის პრინციპი.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია უკვე შემდგომი ეპოქების ასევე წმიდა წერილის პარალელური ტექსტი, რომელიც მოგვითხრობს „ივერიის ღვთისმშობლის“ – „პორტაიტისის“ სასწაულებრივ ისტორიას. როდესაც მთელ აღმოსავლეთ საქრისტიანოში მძვინვარებდა ხატმებრძოლეობა, ე.წ. „იკონოკლაზმი“, ითვლებოდა რა, რომ ხატი, გამოსახულება წარმართული აზროვნებისა, კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთი იყო. ამიტომ ანადგურებდნენ ხატებს და ფაქტობრივად სპობდნენ ყველანაირ გამოსახულებას. სწორედ ამ დროს ათონის მთის მონასტერში ხდება გამოცხადება თუ გამოვლინება „ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატისა“ ზღვის გზით ზღვაზე.

ჩვენთვის, როგორც ქართველთათვის სწორედ ის ფაქტია საგულისხმო, რომ მხოლოდ ქართველ ბერს, გაბრიელ სალოსს ხვდა წილად ღვთისმშობლის მიერ, ამ ხატის ზღვიდან გადმოსვენების უფლება. ამის შემდეგ ამ ხატს „ივერიის ღვთისმშობელი“ ეწოდება. ჩვენთვის საინტერესოა სწორედ ის, რომ გამოსახულება, როგორც განსაკუთრებული ფენომენი თუ ასპექტი ადამიანის შემეცნებითი ინიციაციის ყველაზე კრიტიკულ და დრამატულ მომენტში საკაცობრიო სახვითობას ისტორიისა ქართულ ცნობიერებას აბარებს ან უფრო სწორედ, ანდობს უფლებას გადარჩენისა, ე.ი. ქართული ცნობიერება ორგანულად ითავისებს სახვითობას, ხილვადი აზრის აუცილებლობას საკაცობრიო არსებობაში.

სწორედ ამ ცნობიერების - ქრისტიანული ცნობიერების ძალუმი იმპულსების შედეგია ქართული ხატწერის მრავალსაუკუნოვანი, ეტაპობრივი, ევოლუციური თანმიმდევრობითი ტრანსფორმაციები.
სწორედ „ედესის ხატს“ მოჰყვა ბრწყინვალე ნიმუშები ქართულ ხატმწერობითი თუ ფრესკული მხატვრობისა - „წილკნის ღვთისმშობელი“, „მღვიმევის მაცხოვარი“, „წმ. გიორგი“ და მრავალი სხვა. ფრესკები, მოზაიკურ-მონუმენტური ქმნილებანი: ატენი, ვარძია, გარეჯი, ყინწვისი.

შემდგომ მძაფრი შემოჭრა მოხდა ერთგვარი ინდივიდუალური თუ პიროვნული ელემენტისა, რაც განსაკუთრებულად შეფარული გახლდათ ამ კულტურის მაღალი განვითარების პერიოდში.

პიროვნული ელემენტის, რამდენადმე „პროტესტანტულად“ ორიენტირებულ და ორიენტალისტური მიმართულება სახვითობაში კარგად აისახა ე.წ. „ხალხური“ პერიოდის მხატვრობაში, რაც ასევე გარკვეული ეპოქალური მოვლენების ზეწოლითა თუ გავლენით ასევე ტრანსფორმირდა „თბილისურ პორტრეტში“. „თბილისური პორტრეტის“ სკოლა, გენიალური გამოვლენაა საერო ხელოვნებაში ტრადიციული და რამდენადმე მოდერნიზებული ფორმისმიერ - სტილისტური ელემენტების შემოჭრისა.

ამ საერო ელემენტმა იმპლიციანტურად ქრისტიანული იმპულსი შეინარჩუნა, თითქოს ფარულად მასში განთავსდა, მაგრამ კი არ ჩაკვდა, არამედ ფარულად განიღვარა მის წიაღში - ხალხის, ქართველი კაცის არსში განთავსდა, როგორც მისი „თანმდევი, მსახვრული სული“.

სწორედ ამ თანმდევი გენიალური, ხალხში ღრმად ჩაღვრილი ქრისტიანული სამხატვრო ცნობიერების უდიდესი აკორდი თუ ფინალური ჟღერაა ფიროსმანის მხატვრობა.
იგი ერთდროულად არის როგორც პირველი იმპულსი - „ედესის ხატის“ მაცხოვრის მიერ ბოძებული მადლისა, ასევე არის მთელი იმ საუკონოვანი გზის გამოვლენაც და ხალხურ სიბრძნეში ჩაღვრა იმ გამოცდილებისა, რომელიც ქართულმა ცნობიერებამ ქრისტეს დროშით, ამ რთული გზით საუკუნეების მანძილზე გამოატარა.

ფიროსმანი არის ერთდროულად სეკულარიზებული, თითქოს არა ეკლესიურ - იკონოგრაფიული და ამავე დროს ღრმად რელიგიური და ქრისტიანულად ბუნებრივი. იგი სიბრძნის ძარღვია, ქრისტესგან და ქრისტეს გზით რომ მოძრაობს და მრავალ ახალ საიდუმლოს კითხულობს. იგი ერთდროულად მედიუმიცაა და წინასწარმეტყველიც მარადისობის ხელში და ამავე დროს თვითონაც როგორც ერთადერთი და განუმეორებელი, ძვირფასი „კრავია“ მაცხოვრისა, რომელსაც ჭეშმარიტი მოფრთხილება სჭირდება.

ფიროსმანი ერთადერთია და ალბათ უკანასკნელიც. მისგან ვერაფერს ვისწავლით პროფესიულ-ფორმალური თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მეთოდი მასთან მხოლოდ საშუალებაა უმაღლესი არსის გამოაშკარავებისათვის. მეთოდის გარეშე კი ანალიზი შეუძლებელია, ანალიზის გარეშე კი რაციონალური მარცვლის ამოღება, ამ მარცვლის გარეშე კი ცოდნის მიღება თითქმის წარმოუდგენელი ხდება.

ფიროსმანი ერთადერთია და იგი აგვირგვინებს დიდებულ გზას „ედესიდან“, „ათონიდან“ მირზაანამდე. ამიტომაც ძვირფასია, უფრო სწორედ, სასწაულია, ჭეშმარიტი სასწაულია მისი „აღდგომა“. შუადღის, კამკამა ლურჯით დაწერილ ცის ფონზე ოქროსფრად მოკიაფე ვარსკვლავები დასვა. ეგეც, ის სასწაული - „შუაღამის მზისა“, რასაც ამ შედევრში ამ მზის აღმდგარი, სრულიად განსულიერებული მაცხოვრის ფიგურა განასახიერებს, ხოლო ქვევით აბსოლუტურად ამოუხსნელი, მიტოვებული, თითქმის სუდარაში გახვეული ფიგურა ელანდება.

ფიროსმანის „აღდგომა“ - მე მგონი სწორედაც, რომ ახალი გზის მითითებაა ქართველთა ცნობიერებისათვის და ესეც მან თავისი უშუალობით და გულწრფელობით გვიჩვენა. რადგანაც ფიროსმანის ხელით, მისი ფუნჯით ათასწლეულებიდან მომავალი მაცხოვარი გვესაუბრება, ან იქნებ გვეჩურჩულება, მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც იტყოდა პავლე მოციქული „მისი ხმა სიჩუმეში, სიწყნარეში ისმის“.

პროექტის ავტორი - დარეჯან ჭილაშვილი
თბილისი, 2005 წ.