Monday, May 29, 2017

მატიას ენარი - ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე

1506 წელს, სულთან ბაიაზიდ II-ის მიწვევით, მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლში ჩადის. გენიალურ მოქანდაკეს პაპ იულიუს II-ის აკლდამის მშენებლობა მიუტოვებია და, ხელმომჭირნე პონტიფექსზე გულმოსული, მალულად ოსმალეთში გარბის. მიქელანჯელომ ოქროს რქაზე ხიდი უნდა ააგოს. მოქანდაკე პირველი არ არის, ვისაც ამ ხიდის აგებას სთავაზობენ. მანამდე სულთანმა თავად  ლეონარდო და ვინჩის პროექტი დაიწუნა. მიქელანჯელო გულში წინასწარ ზეიმობს - ამ ხიდით პაპსაც ასწავლის ჭკუას და ლეონარდოსაც მიუჩენს საკადრის ადგილს. ოღონდ მან ერთი რამ არ იცის - სულთნის კარზე უკვე ხლართავენ ინტრიგებს ფლორენციელის წინააღმდეგ... 

***

„რადგან ბავშვები არიან, ესაუბრე ბრძოლებსა და მეფეებზე,
ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე, მაგრამ
სიყვარულსა და ასეთ რამეებზე საუბარიც არ დაგავიწყდეს.“

***

ღამე დღეს ვერასდროს ხვდება - განთიადის კოცონზე იწვის. ღამესთან ერთად იფერფლებიან მისიანებიც: ლოთები, პოეტები, საყვარლები.

***

შენ სხვა საპყრობილის მკვიდრი ხარ - ძალისა და სიმამაცის სამყაროს წარმოადგენ. გჯერა, რომ გამარჯვება გელის; იმედი გაქვს, ქვეყნიერების საჭეთმპყრობელთა კეთილგანწყობას დაიმსახურებ; დიდებისა და ქონების მოსაპოვებლად ილტვი. თუმცა, დაღამდება თუ არა, ცახცახს იწყებ. არ სვამ, რადგან გეშინია. იცი, რომ სასმელი ყელს ჩაგწვავს და სიბნელეში მიმქრალ გრძნობებს გაგიღვიძებს, სისუსტისკენ გიბიძგებს, მოფერებას მოგანდომებს, გამქრალი სინაზის დაბრუნების დაუძლეველ სურვილს გაგიჩენს, ბავშვობის დაკარგულ სამყაროს, კმაყოფილებასა და სიმშვიდეს მოგანატრებს.

***

სიასამურისა და კვერნის ქურქების სამი ფუთა, შალეულის ას თორმეტი შეკვრა, ბერგამოული ატლასის ცხრა თოფი, ამდენივე ოქროსფერი ფლორენციული ხავერდი, ხუთი კასრი გვარჯილა, სარკეებით სავსე ორი ყუთი და სამკაულების მომცრო ზარდახშა - ეს საქონელი ჩამოტვირთეს გემიდან, რომლითაც მიქელანჯელო ბუონაროტი კონსტანტინოპოლის ნავსადგურს მიადგა 1506 წლის 13 მაისს, ხუთშაბათ დღეს.

***

იმდროინდელი სტამბოლი სულ სხვანაირი იყო - ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლს ეძახდნენ, წმინდა სოფიას ტაძარი ლურჯი მეჩეთის გარეშე ბატონობდა, ბოსფორის აღმოსავლეთ სანაპირო გაჩანაგებული იყო, დიდი ბაზარი ჯერ არ ქცეულიყო ობობის გიგანტურ ქსელად, რომლის ლაბირინთებშიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტები იკარგებიან. რომის იმპერია აღარ არსებობდა, ოსმალებს კი თავიანთი იმპერია ჯერ არ ჰქონდათ. ქალაქში ირეოდნენ თურქები, ბერძნები, ებრაელები და ლათინები.

***

მიქელანჯელო ლოგინში შეძვრა და ბალიშზე ზურგმიყრდნობილმა დაიძინა, რადგან მწოლიარე კაცის გარდაცვლილთან მსგავსების ეშინოდა.

***

მიქელანჯელოს გამუდმებით აგონდებოდა წმინდა პავლეს სიტყვები: „ლოცვა რომ ისწავლო, ზღვაში უნდა გახვიდე“. ახლა გაიგო მათი აზრი. ზღვის უკიდეგანო სივრცე აფრთხობდა.

***

დიდმა თურქმა, ბაიაზიდ II-მ ხიდის ასაგებად ზღაპრული თანხა შესთავაზა მიქელანჯელოს - ორმოცდაათი ათასი დუკატის ეკვივალენტი ერთ თვეში, ანუ ხუთჯერ მეტი, ვიდრე პაპმა ორ წელში გადაუხადა. ბაიაზიდი ბევრს არაფერს ითხოვდა: ერთ თვეში კონსტანტინოპოლისა და პერის - ჩრდილოეთით მდებარე დასახლების - შემაერთებელი ხიდი უნდა დაეხატა, დაეხაზა და მშენებლობის დაწყებას დასწრებოდა. ამ ხიდს უნდა გადაეკვეთა ოქროს რქა - ბიზანტიელების Khrusokeras-ი.“

მიქელანჯელო უნდილად შეეცადა დელეგატების - ფრანცისკელების დარწმუნებას, სათანადო გამოცდილება მაკლიაო. რაკი სულთანმა აგირჩიათ, ესე იგი გამოცდილი ბრძანდებით ოსტატოო, - მიუგეს ბერებმა. თუ დიდ თურქს თქვენი ნახატი არ მოეწონება, ლეონარდო და ვინჩის ესკიზივით დაიწუნებსო. ლეონარდო? ლეონარდოს მერე მთავაზობენ ამ საქმეს? იმ მოუქნელის მერე, რომელსაც ქანდაკებისა არაფერი გაეგება? ბერმა უნებლიედ მონახა მიქელანჯელოს დასარწმუნებელი სიტყვები:

თუ დათანხმდებით, მის დიდებას დაჩრდილავთ; იქ მიაღწევთ წარმატებას, სადაც ის ჩაფლავდა; თანაც „დავითივით“ უბადლო ქმნილებას დაუტოვებთ სამყაროსო.

***

- აგიხსნი, როგორ უნდა ისწავლო, უთხრა მიქელანჯელომ. სხვანაირად ხატვას ვერ აითვისებ. მარცხენა ხელით მაგიდას დაეყრდენი, მტევანი გაშალე, ცერი მოადუნე. ახლა მარჯვენა ხელით დახატე ის, რასაც ხედავ - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ. არც მენატურე გჭირდება, არც მასწავლებელი. ხელში ყველაფერია. ძვლები, მოძრაობები, პროპორციები და ნაკეცებიც კი. საკუთარ თვალს ენდე. მანამდე ხატე, სანამ არ ისწავლი. მერე შეგიძლია დახატო ტაბურეტზე შემოდგმული შენივე ფეხი, სარკეში არეკლილი შენი სახე. მხოლოდ ამის მერე დაგჭირდება მენატურე, რომ სხვადასხვა პოზა დაიმახსოვრო.

***

გენიალური მიქელანჯელო მასზე უფროსი და ესოდენ ცნობილი ხელოვანის - და ვინჩის ხიდის პროექტს მიუახლოვდა. ერთი წუთი აკვირდებოდა, შემდეგ კი, უძლიერესი დარტყმით, სადგამიდან ჩამოაგდო. ხის ნაგებობა ოთხ ფეხზე დაეცა და არ დაიმხსვრა.

მაშინ მოქანდაკემ მარჯვენა ფეხი დაადგა მოდელს და გაცოფებულმა დალეწა.

***

ლეონარდო და ვინჩის ნახაზი ნოვატორულობით გაგაოგნებთ. ლეონარდო და ვინჩის ნახაზი სრულიად უინტერესოა, რადგან არც სულთანს ითვალისწინებს, არც - ქალაქს, არც - ციხესიმაგრეს. მიქელანჯელო გუმანით გრძნობს, რომ თავად უფრო შორს წავა, წარმატებას მიაღწევს, რადგან ხვდება - მისგან თავბრუდამხვევ ხიდს კი არ ელიან, არამედ იმპერატორებისა და სულთნების ქალაქის საძირკველს - სამხედრო ხიდს, სავაჭრო ხიდს, რელიგიურ ხიდს. პოლიტიკურ ხიდს. ქალაქის დუღაბს.

***

არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი.

- მუჰამედი ის არის, ოსტატო, თქვენ მაომეტოს რომ ეძახით.

ეგ ისაა, დანტემ ჯოჯოხეთის მეხუთე წრეში რომ მიუჩინა ადგილიო, - გაიფიქრა მიქელანჯელომ და ტაძრის თვალიერება განაგრძო.

***

ადამიანები კეისრების წინაშე უხსოვარი დროიდან იმცირებდნენ თავს.

***

ბოსფორის წყნარ ტალღებში ცურვისას მიქელანჯელოს მესტრედან ვენეციაში ახალგაზრდობისდროინდელი მოგზაურობა ახსენდება. სულაც არ არის გასაკვირი, ეს ქალაქი ვენეციას რომ ჰგავსო, - გაიფიქრებს. ოღონდ ყველაფერი ასზეა გამრავლებული - ზღაპრული მასშტაბისაა; ეს რომის შვიდი ბორცვის მქონე, ძალაუფლებით აღჭურვილი ვენეციააო.

***

ძლიერნი ამა ქვეყნისანი ხელოვანებს ყველა ცის ქვეშ ამცირებენ.

***

ანატომია მიქელანჯელომ ფლორენციის მორგებში აყროლებული გვამების გაკვეთისას ისწავლა. კოცონზე სავონაროლას დაწვა ნახა. არც სისხლი აშინებს, არც ადამიანის სხეულის ჯიჯგნა.

რა ხანია, სავონაროლა აღარ დასიზმრებია. მქადაგებლის სიკვდილი დროდადრო აგონდება ხოლმე. თვალწინ უდგება სიცხისგან შეშუპებული მისი სახე, ყვირილისგან მორღვეული პირი, ადუღებული და აფეთქებული თვალები, გაფიჩხებული ხელები, კანიდან გამომზირალი ძვლები.

***

სიმართლე ისაა, რომ ტანჯვის გარდა ამქვეყნად არაფერი არსებობს. მის დავიწყებას კი იმ უცნობების მკლავებში ვცდილობთ, ვინც მალევე სამუდამოდ გაუჩინარდებიან.

***

კონსტანტინოპოლი ტკბილი ციხეა.

***

ღმერთის არყოფნაში ყველანი მას ვბაძავთ და ვმაიმუნობთ.

***

ჩვეულებისამებრ, სამუშაოს დასასრულს ბედნიერიცაა და სევდიანიც: ბედნიერი - იმიტომ, რომ საქმე დაამთავრა, სევდიანი კი - იმიტომ, რომ მისი ქმნილება ღვთაებრივი სრულყოფილებისგან შორსაა.

„ხელოვნების რამდენი ნიმუშია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნად სილამაზე სუფევდეს?“ - ფიქრობს მიქელანჯელო.

***

ხშირად ვილტვით გამეორებისკენ: გამსხლტარი წამის დაბრუნება, არასწორი ქმედების გამოსწორება ან წარმოუთქმელი სიტყვის წამოძახება გვინდება. ვცდილობთ, ყელში ბურთივით ჩაჩრილი ბგერები ამოვთქვათ, ალერსი გავბედოთ. გვსურს, სული აღარ შეგვეხუთოს.

***

ადამიანები ვერასოდეს გახდებიან ერთნი. თიხის ორ გუნდას გამთლიანება აღარ უწერია - ნაწილაკებად დაშლილნი, ვარსკვლავურ ილუზიებს აყოლილნი, წყვდიადში სამუდამოდ იხეტიალებენ.

***

გამბედაობის მოსაკრებად ჯარისკაცებსაც კი სჭირდებათ ბრძოლის ყიჟინა და ღრიანცელი.

***

შალის ოთხი პერანგი, ამათგან ერთი დაგლეჯილი და სისხლით მოთხვრილი, ფლანელის ორი კამზოლი, ფლანელისავე მოსაცმელი, სამი კალამი, ამდენივე სამელნე, გატეხილი სარკე, ნახატებიანი ოთხი ფურცელი, ნაწერებიანი ორი ფურცელი, სამი წყვილი ფეხსაცმელი, ფარგალი, სანგინებიანი ტყვიის კოლოფი, ვერცხლის ყუთი მარილებისთვის, ვერცხლისავე თასი - აი, მიქელანჯელოს გამგზავრების შემდეგ მის ოთახში ნაპოვნი ნივთების ზუსტი ჩამონათვალი. ოსმალო გადამწერებმა ეს ნივთები საგულდაგულოდ აღნუსხეს. ხელოვანმა კონსტანტინოპოლი მალულად დატოვა.

***

პაპის სამსახურში ხელახლა ჩადგომის მოლოდინით შეძრწუნებული, მიქელანჯელო ისევე გარბის, როგოც რომიდან გამოიქცა სამი თვის წინ - გულმოკლული, განადგურებული, დალეწილი. სტამბოლიდან ჯიბეგაფხეკილი მიდის.

***

1509 წლის 14 სექტემბერს - სწორედ მაშინ, როდესაც მიქელანჯელო სიქსტეს კაპელის მოხატვას იწყებდა - სტამბოლში საზარელი მიწისძვრა მოხდა. მემატიანეებმა გულდასმით აღწერეს შემზარავი შედეგი: ას ცხრა მეჩეთი და ათას სამოცდაათი სახლი მიწასთან გასწორდა, ნანგრევებში ათასობით კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა.

მიქელანჯელოს ხიდი კი დაივიწყეს წმინდანებმა. მისი ბურჯები და პირველი თაღები უკვე დასრულებული იყო, მიწისძვრამ რომ შეარყია და ჩამოაქცია. ნანგრევები მიწისძვრით აბობოქრებულმა ბოსფორის წყალმა შთანთქა. ისინი აღარავის გახსენებია.

***

უფულოდ და უმფარველოდ დარჩენილი პოეტი მესიჰი პრიშტინელი (შაჰრენგიზი) მანამ აღესრულა, სანამ დასრულდებოდა იმ ცნობილი კამარის მოხატვა, რომელზეც ღმერთი სიცოცხლეს შთაბერავს ადამს, ასე ძალიან რომ ჰგავს თურქ პოეტს. გაწვდილი თითები ერთმანეთს არ ეხება. 

***

სტამბოლში ლეონარდო და ვინჩისა თუ მიქელანჯელო ბუონაროტის აგებულ ხიდზე მეოცნებე სულთანი ბაიაზიდ II  საწამლავმა იმსხვერპლა. სოფელ აიასთან, ადრიანოპოლის გზაზე, თავის წითელ-ოქროსფერ კარავში ამოხდა სული, ერთი პატარა ხიდის ბურჯთან.

***

1564 წლის თებერვალში მიქელანჯელოს გარდაცვალების დროც დადგა.

მარმარილოს ჩვიდმეტი დიდი ქანდაკება, ფრესკები - ასობით კვადრატულ მეტრზე, სამრეკლო, ეკლესია, ბიბლიოთეკა, კათოლიკური სამყაროს ყველაზე ცნობილი ტაძრის გუმბათი, რამდენიმე სასახლე, მოედანი რომში, ფორტიფიკაციები ფლორენციაში, სამასი ლექსი, სონეტი და მადრიგალი, ამდენივე ნახატი და ჩანახატი, ხელოვნებასთან, მშვენიერებასა და გენიასთან სამარადჟამოდ დაკავშირებული სახელი - აი, ის, რაც მიქელანჯელომ ოთხმოცდამეცხრე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე და კონსტანტინოპოლში მოგზაურობიდან სამოცი წლის შემდეგ დატოვა. ოცნება აიხდინა - მდიდარი მოკვდა, ოჯახს გარდასული დიდება და ქონება დაუბრუნა. უფლის ნახვის იმედი ჰქონდა და რაკი სწამდა, ნახავდა კიდეც. სამოცი წელი დიდი დროა.

***

ცნობილი ფრანგი მწერლის, გონკურის პრემიის ლაურეატის, მატიას ენარის (1972) რომანი „ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე“ ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა. წიგნში მოტანილი მიქელანჯელოს წერილებიც ავთენტურია.

„სულთან ბაიაზიდ II-ის მოწვევის შესახებ ასკანიო კონდივი (მიქელანჯელოს ბიოგრაფი და მეგობარი) გვიამბობს. მას ჯორჯო ვაზარიც ახსენებს. ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული ოქროს რქის ხიდის ჩანახატი ნამდვილად არსებობს და მილანის საბუნებისმეტყველო მუზეუმშია დაცული.

მიქელანჯელოს წერილები მისი ძმის, ბუონაროტოსა თუ სანგალოსადმი ავთენტურია. ისინი მისი „Carteggio“- დან გადმოვთარგმნე. მიქელანჯელოს მიერ სანგალოსათვის გაგზავნილი წმინდა სოფიას ტაძრის გეგმა ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში, ბარბერინის კოლექციაში ინახება.

ოსმალურ არქივებში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ოქროს რქის ხიდის ესკიზი, რომელსაც მიქელანჯელოს აკუთვნებენ; ასევე - მის ოთახში დარჩენილი ნივთების ჩამონათვალი.“


ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
გარეკანზე ჯულიანო ბუჯარდინის „მიქელანჯელო ჩალმით“
წიგნი გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში