გელა ჩარკვიანი - სტალინის მმართველობის ხანა საზარელია...

დღეისათვის უკვე აშკარაა, რომ სტალინის ფიგურა არ მოასვენებს კაცობრიობას და განსაკუთრებით მის ევრაზიულ ნაწილს. მუდმივად მოხდება მისი როლის ხელახალი შეფასება, გაჩნდება მისი პიროვნებით აღფრთოვანებული გავლენიანი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები. ხალხში სულ უფრო გაღვივდება სტალინისდროინდელი „კარგი“ ცხოვრების მითი, თანამდებობის პირთა და ახლად გამდიდრებულ საქმოსანთა ფუფუნებაში არსებობის შემხედვარე, მასები ნოსტალგიურად გაიხსენებენ ბაბუების მონაყოლს და მოითხოვენ სტალინისეული რკინის დისციპლინის დამყარებას. მის მიერ ჩადენილ დახვრეტებსაც გაამართლებენ და საჭიროდაც ჩათვლიან. ზოგან მის ძეგლსაც აღადგენენ ან ახალს დაუდგამენ. 

აგერ რომის იმპერატორ ნერონს, გიჟსა და მეგალომანიაკს, რომელმაც დახოცა უახლოესი ნათესავები, რომს ცეცხლი წაუკიდა და ათეულობით ქრისტიანი გარეულ მხეცებს შეაჭამა, დაბადებიდან ორი ათასი წლისთავზე, მშობლიურ ქალაქ ანციოში ძეგლი დაუდგეს. როცა 2000-იანებში ყირიმის სევასტოპოლში დაიწყეს საუბარი სტალინის ძეგლის დადგმაზე, ამ აზრს მთელმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა. საქართველოში კი ძეგლები წამდაუწუმ იდგმება და მერე ისევ იხსნება.

რუსი ხალხის განწყობის საუკეთესო ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ინტერნეტ-კენჭისყრა, რუსეთის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ფიგურის, ასე ვთქვათ, ერის სიმბოლოს გამოსავლენად. მთელი პროცესის მანძილზე ლიდერობდა სტალინი, ის ორჯერ უსწრებდა ლენინს და, წარმოიდგინეთ პუშკინს, ჩეხოვს და ვლადიმირ ვისოცკისაც კი. პროექტის საბოლოო შედეგზე არაფერს ვიტყვი, ის სარწმუნოდ არავინ მიიღო.

სტალინის პიროვნებისა და მისი მსოფლიო როლის თაობაზე ბევრი თქმულა. არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ იგი დიდი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, საოცრად უნარიანი, ლიდერისათვის ყველა აუცილებელი თვისების მქონე ადამიანი იყო. ვერც იმას უარყოფს ვინმე, რომ მან მსოფლიო პროცესებს სერიოზული კვალი დაატყო, დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის წარმატებით დასრულებაში, დე-ფაქტო რუსული საბჭოთა იმპერიის საზღვრები განუზომლად გაზარდა და აქცია იგი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზის ყველაზე ძლიერ, გავლენიან მოთამაშედ. ასე შეიქმნა ეგრეთ წოდებული ბიპოლარული სამყარო, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა მეოცე საუკუნის პოლიტიკურ რეალობას. სახელმწიფო, რომელსაც სტალინი მართავდა, იყო მსოფლიო ისტორიაში იქამდე არნახული სოციო-პოლიტიკური ექსპერიმენტის პროდუქტი.

ადრეულ ეტაპზე ის მუდმივ განახლებას და უმძიმესი რეფორმების გატარებას თხოულობდა. ერთ-ერთი ასეთი იყო კოლექტივიზაცია, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანა იმყოფებოდა გარე სამყაროსაგან იზოლირებულ მდგომარეობაში და, შედეგად, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი მასზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენდა. მეტიც, საბჭოთა ადამიანებს ადრეც და შემდეგაც თავს ახვევდნენ აზრს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთის სახელმწიფოები სსრკ-ს მოსისხლე მტრები არიან და დღენიადაგ მის გასანადგურებლად ემზადებიან. ანტაგონიზმი დ შიში დასავლეთში მართლაც არსებობდა. მნიშვნელოვანწილად ეს გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკური დოქტრინით, რომლის მიხედვით კომუნიზმი მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო.

ხრუშჩოვისეული დესტალინიზაციის კამპანიის კვალდაკვალ ბევრს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ სტალინი ცინიკოსი იყო და მარქსისტულ იდეოლოგიას მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად იყენებდა. ამის თაობზე, მახსოვს, მამაჩემს შევეკითხე. კანდიდ ჩარკვიანი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ სტალინს გულწრფელად სწამდა მარქსისტული თეორიის უტყუარობის და ყველაფერს აკეთებდა მის დებულებათა პრაქტიკულად განხორციელებისათვის. კარგად ჰქონდა გააზრებული ისიც, რომ ისტორიამ მას კომუნისტური მოძრაობის ლიდერის ურთულესი მისია დააკისრა და ნიადაგ ფიქრობდა, თუ როგორ წაეწია წინ კომუნიზმის მთელ პლანეტაზე გავრცელების საქმე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილმა სოციალისტურმა ბანაკმა მას იმედი გაუმყარა, თუმცა ატომური იარაღის გაჩენამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მესამე მსოფლიო ომი ყველასათვის სრულიად მიუღებელი გახდა. ძალადობრივი საშუალებებით კომუნისტური წყობის გავრცელების პერსპექტივა აღარ არსებობდა.

თუ რეპრესიების თემას დროებით გვერდზე გადავდებთ და სტალინის, როგორც პოლიტიკური მოღვაწის საქმიანობის შედეგებს განვიხილავთ, პირველი, რაც თვალში გვეცემა, ისაა, რომ მან ვერ შექმნა სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო სისტემა, რომელიც მის შემდეგ, მის გარეშე გააგრძელებდა არსებობას და განვითარებას. ამერიკის დამფუძნებელი მამების – ჯეფერსონის, ფრანკლინის, უოშინგტონის და სხვათა მიერ შექმნილი შეერთებული შტატები დღესაც იგივე სახელმწიფოა, მეტიც, უკვე სუპერსახელმწიფო. ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში მის კონსტიტუციაში მხოლოდ 27 შესწორებაა შეტანილი, საბჭოთა კავშირი კი მსოფლიო რუკიდან მაშინ გაქრა, როცა სტალინის სიკვდილიდან სულ რაღაც 36 წელი იყო გასული.

შიშსა და ნეგატიურ სანქციებზე აგებული გაერთიანებები სუსტია და უდღეური. მათი არსებობის გაგრძელება მხოლოდ მუდმივი ტერორით არის შესაძლებელი. აზრი იმის თაობაზე, რომ სსრკ სტალინის შემდგომი ეპოქების ჭკუამოკლე ლიდერებმა დაღუპეს, ბავშვურად მიამიტურია. კიდევაც თუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი მართლაც გონებასუსტი პოლიტიკოსები იყვნენ, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა – როგორ უნდა შეფასდეს სისტემა, რომელიც აძლევს გონებასუსტ ადამიანებს ძალაუფლების მწვერვალზე ასვლის საშუალებას. საქმეც ისაა, რომ სტალინის მიერ შექმნილი წარმონაქმნი არ იყო სისტემა. მას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის, ძალაუფლების გადაცემის დაწესებული მექანიზმი/პროცედურა, ამიტომ ყველა მთავრობა უკანონო იყო და სახელმწიფო კი ჩამოსაშლელად განწირული.

თუკი თავაშვებულ სისხლიან რეპრესიებს დავუბრუნდებით, მათი მთავარი მიზეზი, ავტოკრატის პირად თვისებებთან ერთად, ქვეყნის ერთპარტიული, ტოტალიტარული პოლიტიკური წყობა იყო, რომელიც სტალინმა თავადვე შექმნა და, რომელიც აძლევდა მას მოქალაქეთა ცხოვრების ყველა ასპექტზე, მათ შორის მათ სიცოცხლეზე სრული კონტროლის და ხელისუფლების პირამიდის წვერზე უვადოდ ჯდომის საშუალებას. სტალინს რომ ადრეულ საუკუნეებში ეცხოვრა და ასევე ეფექტიანად ემოღვაწა რომელიმე სახელმწიფოს სასარგებლოდ, მას ალბათ გმირად შერაცხავდნენ, მის სისასტიკეებს კი თანდათან გაამართლებდნენ და მიივიწყებდნენ, მაგრამ მეოცე საუკუნეში და, ვიმედოვნოთ მომავალშიც ასე იქნება, ძველი ეპოქებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური მოღვაწეების შეფასებისას, უპირველესი კრიტერიუმი, შესრულებულ დიდ საქმეებთან ერთად, ისაა, თუ რამდენად ემსახურებოდნენ ისინი ჰუმანიზმის იდეის წინ წაწევას, ადამიანების დაცულობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას და მათი ხელშეუვალი ბუნებრივი უფლებების – სიცოცხლის, საკუთრებისა და ბედნიერების ძიების უფლების უზრუნველყოფას.

დამეთანხმებით, ამ თვალსაზრისით სტალინის მმართველობის ხანა, რბილად რომ ვთქვათ, ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. მეტიც, სინამდვილეში ის საზარელია. მეოცე საუკუნეში დადებითი გმირები ისინი არიან, ვინც, არა თუ უდანაშაულო ადამიანებს, არამედ დამნაშავე რეჟიმებსაც კი არაძალადობრივი საშუალებებით ებრძოდნენ. ესენია: მაჰატმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი და ნელსონ მანდელა.