Tuesday, June 13, 2017

ხორხე ლუის ბორხესი - ღამე მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია...

დაისი ყოველთვის გაძრწუნებს უგემოვნობითა და სიღარიბით და უფრო მეტად უკანასკნელი განწირული ელვარებით.

***

ქრებიან სიზმრებიც, როცა ვგრძნობთ, რომ გვძინავს.

***

მარმარილო არ ილაპარაკებს იმაზე, რატომ დადუმდნენ ადამიანები.

***

შენც სარკე და გამეორება ხარ მათი, ვინც მანამდე გარდაიცვალა, სანამ შენ გაჩნდებოდი ამქვეყნად.

***

ღამე მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია.

***

ჩვენს განკარგულებაში არაა მეგობრობა და სიხარული, არის არქაიზმებისა და გამოთქმების ჰერბარიუმი.

***

ესპანეთი ინკვიზიტორების, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ, გამხდარიყვნენ ჯალათები, თუმცა შეიძლება ყოფილიყვნენ მსხვერპლნიც.

***

მე მინდა, მადლობა ვუთხრა მიზეზებისა და შენთხვევების ღვთიურ ლაბირინთს შემოქმედების მრავალფეროვნებისთვის, რაც შესისხლხორცებულია ამ ერთადერთ სამყაროსთან, გონებისთვის, რაც არ დატოვებს საკუთარ ოცნებებს ლაბირინთის გეგმაზე.

***

მადლობა წუთებისთვის, წინ რომ უძღვის სიზმარს.

***

მხოლოდ ღმერთებს შეუძლიათ დაპირება, რადგან ისინი უკვდავნი არიან. ადამიანებსაც შეუძლიათ დაპირება, რადგან დაპირებაშიც არის რაღაც უკვდავი.

***

ქუჩებში არ ჩანან ადამიანები, თუმცა არ არის კვირადღე. ეს არ არის ორშაბათი – მოჩვენებითი წამოწყებების დღე.

ეს არ არის სამშაბათი – წითელი პლანეტის დღე.

ეს არ არის ოთხშაბათი – დღე ლაბირინთების რომელიღაც ღმერთის, ჩრდილოეთში ოდინს რომ ეძახდნენ.

ეს არ არის ხუთშაბათი – თავდახრილი დღე კვირის ზღურბლთან.

ეს არ არის პარასკევი, ველურ ტყეთა წიაღში ერთმანეთს ჩახვეულ შეყვარებულთა ღვთაების დღე.

ეს არ არის შაბათი.

ეს დღე არ დგას სხვა დღეების რიგში...

***

დაამყარო წესრიგი ბიბლიოთეკებში – ეს ნიშნავს, თავმდაბლობითა და უსიტყვოდ ემსახურო ლიტერატურულ კრიტიკას.

***

ჩემი ცხოვრება ყოველთვის სავსე იყო ათასი რამით; დემოკრიტემ აბდერიდან თავი დაიბრმავა, რომ ეაზროვნა; დრო გახდა ჩემი დემოკრიტე. ეს ბინდები აუჩქარებელი და უდარდელია. ისინი ერწყმიან დამრეც ფერდობს და გვანან მარადისობას. ჩემი მეგობრები მოკლებულნი არიან სახეებს, ქალები, მრავალი წელია, ისევ იგივენი არიან, კუთხის კაფეები, ალბათ, უფრო სხვანაირები გახდნენ, წიგნების გვერდებზე არ არის ასოები. ყოველივე ამას უნდა დავეფრთხე მე, თუმცაღა ტკბილ მოგონებებში დამაბრუნა. უთვალავი ტექსტებიდან, რაც დაგროვდა დედამიწაზე, მე წავიკითხავ სულ ცოტაოდენს, რის წაკითხვასაც გავაგრძელებ საკუთარ მეხსიერებაში – გადაკითხვასა და გადასხვაფერებას.

***

მე მადლობელი ვარ ბაბილონის გოდოლის, რომელმაც გვაჩუქა ენების მრავალფეროვნება.

***

მე მადლობელი ვარ ერთი ძველი მკვლელის, რომელმაც მიტოვებულ სახლში კაბრერას ქუჩაზე, მომცა ფორთოხალი და მითხრა: „მე არ მომწონს, როცა ადამიანები ტოვებენ ჩემს სახლს ხელცარიელნი...“ იქნებოდა სადღაც საღამოს თორმეტი საათი და ჩვენ შემდგომ აღარასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს.

***

მე მადლობელი ვარ ზღვის, ოდისევსი რომ დაგვითმო.

***

მე მადლობელი ვარ ქალების, რომლებმაც მიმატოვეს და მათიც, რომლებიც მე თვითონ მივატოვე, რაც, საქმიდან გამომდინარე, ერთი და იგივეა.

***

ქება – დიდება მას, ვინც დამასაჩუქრა განდევნილობით, შესაძლოა, არგენტინის ბედის მთავარი ფორმით...