ხორხე ლუის ბორხესი - ფრაგმენტები აპოკრიფული სახარებიდან

(წიგნიდან „წყვდიადის ქება“ - 1969 წ.) 

3. უბედურია სულით ღარიბი, რამეთუ მიწაში ჩავა ის, რაც დღეს მიწაზე ჰგიებს. 

4. უბედურნი არიან მომტირალნი, რამეთუ ტირილი ექცათ საცოდავ ჩვევად. 

5. ბედნიერნი არიან ისინი, რომელთაც იციან, რომ გვემა – ეს არ არის დიდების გვირგვინი. 

6. ცოტაა, იყო ბოლო, რომ ერთხელაც პირველი გახდე.

7. ბედნიერია ის, ვინც არ დაიჟინებს თავის სიმართლეს, რამეთუ ბოლოს და ბოლოს არავინ არის მართალი, ბოლოს და ბოლოს ყველა მართალია.

8. ბედნიერია სხვისი მიმტევებელი და ისიც, ვინც საკუთარ თავს მიუტევებს.

9. ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ ისინი არ თმობენ უთანხმოების ჟამს.

10. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ შია სიმართლე, რამეთუ მათ იციან, რომ ხვედრი ჩვენი – ბოროტი ან ბედნიერი – შემთხვევითობის საქმეა, რაც გონებით მიუწვდომელია.

11. ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ მათი სიხარული მოწყალების გაღებაშია და არა ჯილდოს მოლოდინში.

12. ნეტარ არიან სუფთანი გულით, რამეთუ ისინი ღმერთს იხილავენ.

13. ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რამეთუ სიმართლე მათთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კაცობრიობის ხვედრი.

14. არავინ არ ჭამს მიწის მარილს; მაგრამ მაინც, ცხოვრების რომელიღაც მონაკვეთში ყველა მიწის მარილად იქცევა.

15. როცა აენთება კანდელი, მას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავს; იხილავს მხოლოდ ღმერთი.

16. არ არსებობს დაურღვეველი აღთქმანი არც ჩემგან და არც წინასწარმეტყველებისგან.

17. თუკი ვინმე მოკლავს სიმართლეს ან იმის გამო, რომ რაღაცას სიმართლედ მიიჩნევს, ეს არ იქნება მისი დანაშაული.

18. ადამიანთა საქმენი არ ღირს არც ცეცხლად და არც ზეცად.

19. სუყველა, ვისაც ეზიზღება მტერი თვისი, ასე თუ ისე მის მონად იქცევა. შენი ზიზღი არასოდეს იქნება შენი სულის მშვიდობაზე უკეთესი.

20. თუკი შენი მარჯვენა ხელი შეურაცხგყოფს შენ, მიუტევე მას, შენ – ეს ხომ შენი სხეული და სულია, ამიტომ არის ძნელი ანდა თითქმის წარმოუდგენელი, მათ გამყოფ ზღვარზე მიუთითო...

24. ნუ შექმნი საკუთარი თავისგან სიმართლის მთქმელის კულტს. არ არსებობს ადამიანი, ვინც მთელი დღის განმავლობაში განზრახ არ იცრუებს, და თანაც – არაერთგზის.

25. არ დაიფიცო, რამეთუ ყოველგვარი ფიცი მაღალფარდოვნად ჟღერს.

26. შეეწინააღმდეგე ბოროტებას, მაგრამ სიმკაცრისა და მრისხანების გარეშე. თუკი ვინმე დაგარტყამს მარჯვენა ლოყაზე, შეგიძლია, მას მარცხენაც მიუშვირო, ოღონდ შენ ამის გამო არ უნდა შეგეშინდეს.

27. მე არ ვლაპარაკობ არც მისაგებელზე და არც პატიებაზე; დავიწყება – აი, ერთადერთი მისაგებელი და ერთადერთი პატიება.

28. მიაგო სიკეთე მტერს შენსას – ჭეშმარიტი საქმიანობაა და არა ძნელი; გადაიყვარო იგი – ანგელოზების საზრუნავია და არა ადამიანების.

29. მიაგო სიკეთე მტერს შენსას – კარგი საშუალებაა, აამო შენს მედიდურობას.

30. ნუ დააგროვებთ ოქროს თქვენთვის დედამიწაზე, რამეთუ ოქრო ჰბადებს მცონარობას, ხოლო მცონარობისგან წარმოიშობა სასოწარკვეთა და სიძულვილი.

31. იფიქრე, რომ სხვები სამართლიანები არიან ან გახდებიან სამართლიანები და, თუ ეს სხვაგვარად მოხდება, არა შენი ბრალეულობით.

32. ღმერთი ყოვლისშემძლეა ადამიანებისგან განსხვავებით და იგი მათ სხვა საზომით გაზომავს.

33. მიეცით ძვირფასეულობა ძაღლებს, დაუყარეთ მარგალიტი ღორებს;აუცილებელია , მისცეთ...

34. ეძებეთ, რათა ეძებოთ და არა იმისთვის, რომ იპოვოთ...

39. შემომსვლელს არჩევს კარები და არა ადამიანი.

40. ნუ განსჯით ხეს მისი ნაყოფით და ადამიანს მისი საქმიანობით; ისინი შესაძლებელია, უკეთესებიც და უარესებიც აღმოჩნდნენ.

41. არაფერი აშენებულა ქვაზე, ყველაფერი – ქვიშაზე; ოღონდ ჩვენ უნდა ვაშენოთ ისე, თითქოსდა ქვიშა ქვა იყოს...

47. ბედნიერია ის, ვინც ღარიბია უბედურების ანდა მდიდარია მედიდურობის გარეშე.

48. ბედნიერია გაბედული, ვისი სულიც თანაბრად ეგუება დამარცხებასაც და დიდებასაც.

49. ბედნიერია, ვინც მეხსიერებაში ინახავს ვირგილიუსის ან ქრისტეს სიტყვებს, რამეთუ ამ სიტყვების სინათლე გააბრწყინებს მათ წუთისოფელს.

50. ბედნიერია მიჯნური და სიყვარულის შემძლები და ისიც, ვისაც შეუძლია, სიყვარულის გარეშე იცხოვროს.

51. ბედნიერია ბედნიერი.