Tuesday, July 11, 2017

ქრისტეს თავის ოთხი გამოსახულება თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სახლის ფასადზე... (10 ფოტო)

აკოფიანი შესახვევი #4
საფასადო ქანდაკებას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, მაგრამ ის თითქმის მთლიანად საეკლესიო ხუროთმოძღვრებასთანაა დაკავშირებული. 

გვიანი შუა საუკუნეების მცირე სკულპტურული გამოსახულებები თბილისის რამდენიმე ეკლესიამაც შემოგვინახა (სიონი, ბეთლემი, ნორაშენი). რაც შეეხება სასახლეებს და, მით უმეტეს რიგით საცხოვრებელ სახლებს, მათ არათუ ფიგურული ქანდაკების, როგორც წესი, ქვაში ნაკვეთი ჩუქურთმებითაც არ ამკობდნენ. 

XVII საუკუნიდან, სპარსული კულტურის გავლენის გაძლიერების კვალდაკვალ, მეფეთა და დიდებულთა სახლებსი მატულობს ინტერიერის მორთულობა, მაგრამ ფასადები სადა რჩება. თბილისში ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი როსტომ მეფის სასახლე იყო, რომელმაც ასე აღაფრთოვანა ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. ის აღწერს მოზაიკით, მხატვრობითა და ხალიჩებით მორთულ ბრწყინვალე დარბაზებს, მაგრამ არაფერს ამბობს შენობის გარე შემკულობაზე.

თბილისის სამოქალაქო არქიტექტურაში ქანდაკოვანი და ნაძერწი ელემენტების დამკვიდრება XIX საუკუნიდან იწყება.

XIX საუკუნის II ნახევრის თბილისური საფასადო ქანდაკებების იკონოგრაფია ძირითადად მითოლოგიური სამყაროთი იფარგლება. აქა-იქ გვხვდება ალეგორიული ფიგურებიც.

ქრისტიანული თემატიკა ძალიან იშვიათია. გამონაკლისია აკოფიანის შესახვევის #4-ში მდებარე სახლი და მისი კედელი, რომელზეც ქრისტეს თავის ოთხი ერთნაირი პატარა რელიეფია შემონახული...