როგორ აღმოჩნდა ედვარდ მუნკის მუზა კნუტ ჰამსუნის რომანში?!

ედვარდ მუნკი - მადონა
1899 და 1901 წელს, მადათოვისა და ხიდის ქუჩებზე, ერთმანეთის პირისპირ მდებარე ორ გამორჩეულ სასტუმროში, ორი ცნობილი ნორვეგიელი ცხოვრობდა. 

ერთი მხრივ ყოფილ სასტუმრო „ლონდონში“ გაჩერებული მომავალი ნობელიანტი მწერალი - კნუტ ჰამსუნი და მისი მეუღლე, რომლებიც, როგორც ამბობენ, მალულად მოგზაურობდნენ; მეორე მხრივ კი ასევე ნორვეგიელი მწერალი, ფატალური ქალი, ცნობილი ხელოვანის ედვარდ მუნკისა და შვედი დრამატურგის - ავგუსტ სტრინდბერგის მუზა, პოლონელი მწერლის - სტანისლავ ფშიბიშევსკის  მეუღლე - დაგნი იუელი, რომელიც საყვარელმა სასტუმრო „გრანდ-ოტელის“ ნომერში მოკლა...

დაგნი იუელი და კნუტ ჰამსუნი
უცნობია, იცნობდნენ თუ არა კნუტ ჰამსუნი და დაგნი იუელი ერთმანეთს. ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს კინორეჟისორი ლიანა ელიავა:

„ჰქონდათ თუ არა ერთმანეთთან რაიმე შეხების წერტილი საქართველოსთან ერთდროულად დაკავშირებულ ორ ცნობილ ნორვეგიელ ქალს და კაცს: დაგნი იუელსა და კნუტ ჰამსუნს ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში? ისინი ხომ საერთო ნაცნობებ-მეგობრების (მუნკი, სტრინდბერგი) წრეში ტრიალებდნენ?!

მათი მოგზაურობის მარშრუტის დამთხვევაც არ იყო იქნებ შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰამსუნის მსგავსად, მის გმირებსაც ესიზმრებოდათ ქვეყანა, სადაც მზეა და ქალებს ჰაეროვანი კაბები აცვიათ, ელანდებოდათ სურნელოვანი, ძვირფასი ხისგან გამოთლილი ნავი, აბრეშუმის აფრებით მიმქროლავი ამ ნანატრი ქვეყნისაკენ. ხომ შეიძლება მკითხველებსაც გადასდებოდათ ეს გატაცება?!

ავგუსტ სტრინდბერგი და ედვარდ მუნკი
არ არის გამორიცხული, კნუტ ჰამსუნს ედვარდ მუნკისა და დაგნი იუელის სასიყვარული ურთიერთობების შესახებაც სმენოდა რაღაც დაფარული. დაგნისთან დაკავშირებული მწერალ-მხატვარი მამაკაცები კი გაიცნო - სტრინდბერგი - 1894, მუნკი კი - 1896 წელს. 

*** 

ჰამსუნმა 1892 წელს გამოქვეყნებული, თავისი რომანის - „მისტერიების“ გმირ ქალს დაარქვა დაგნი, მუნკის საყვარელი მოდელის სახელი. 

„მისტერიების“ დაგნიც ერთი ნახვით შეუყვარდება მოხეტიალე მხატვარს - ნაგელს.

ვისაც დაგნის ფოტო უნახავს, არ გაუჭირდება მსგავსების პოვნა რომანის დაგნისთნ. მასაც ნათელი სახე, ღია ფერის სქელი თმები და ცისფერი თვალები აქვს.

„მისტერიებში“ დაგნი, რომელიც ასე თავდავიწყებით შეუყვარდა მხატვარ ნაგელს, მხოლოდ დანიშნულია, და თხოვდება ჰამსუნის შემდეგ ნაწარმოებში - „რედაქტორი ლუნგე“, რომელიც გამოქვეყნდა მომდევნო - 1893 წელს. სადღაც ამ დროს გათხოვდა რეალური დაგნიც...“