Monday, July 31, 2017

ნაირა გელაშვილი - ამბრნი, უმბრნი და არაბნი...

თუ გინდა, ქალი დაკარგო (ადრე თუ გვიან), უნდა ფიზიკურად დაუახლოვდე. სულერთია, ცოლია, თუ ისე... ცოლქმრობა ხომ ამის უტყუარი გარანტიაა.

***

ლეღვის ხე შემოდგომობით ისე ქალივით გაშიშვლდებოდა ხოლმე თავისი კრიალა, მოთეთრო ტოტებით, რომ იქით გახედვისა მრცხვენოდა.

***

ნეტავ ერთი ქალი მაინც თუ არსებობს ქვეყნად, თავისი ამბები არავის რომ არ ჩაუკენკოს.

***

თუმცა ცოლს მთელი ცხოვრება ვღალატობდი და ეს ბუნებრივად მიმაჩნდა, თვითონ კი თუნდაც ასეთ გარემოებაში რომ მენახა, ალბათ შემომაკვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა.

***

ხშირ-ხშირად ვიმეორებდი ერთი ჩემი ძმაკაცის სიტყვებს: „ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცოლიაო“.

სიყვარულს რომ აღარ ვგრძნობდი ჩემი ცოლის მიმართ და სურვილს, ეგ არ მაწუხებდა. ბუნებრივად მიმაჩნდა. მაგრამ უბედურება ის იყო, ზოგჯერ აუტანელი გაღიზიანება მეუფლებოდა; მაღიზიანებდა მისი მანერები, გამომეტყველება: როგორ მხვდებოდა შინ შესვლისას; ტელეფონით როგორ გააბამდა ხოლმე ლაპარაკს ყალბი ხმითა და მოჩვენებითი გულითადობით, რაღაცნაირად რომ წელავდა სიტყვებს. კიდევ კარგი, გარეთ უფრო ხშირად ვიყავი, ვიდრე შინ და ეს გაღიზიანებაც, როგორც იყო, გადამივლიდა ხოლმე.

***

როცა ქალები ასე მოგყვებიან, როცა იციან, რაც გინდა, რაღაცნაირი სახეები აქვთ ხოლმე: ან ოდნავ დაძაბული, ან უტიფარი, ან ყალბად მორცხვი, ან კმაყოფილი, ან უაზროდ მხიარული – გამოცდილებისა და დახვეწილობის მიხედვით.

***

წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად... ამქვეყნიდან გუდა-ნაბადს როცა აიკრავ.

***

ვარსკვლავები ისეთი ყოფით დაბდღვრიალებდნენ იქაურობას, ლამის გულები დასკდომოდათ.

***

მთვარე ერთი წამით ქალის შიშველ წვივებს შორის მოექცა.

***

თუ მარტო ის აკეთე, რაც შეიძლება, ხომ მოწყენილობით მოკვდები.

***

ქართველს ქართველის გარდა ვერვინ გაუგებს. ხევსურობა უფრო ძნელია. ვერც ხევსურს გაუგებს ვერავინ, ხევსურის მეტი.

***

ქალები ყველანი ტირიან... ამბობენ, ვინც ვერ ტირის, მალე ბერდებაო.

***

რად უნდა მაგას ასტროლოგია. საერთოდ არსებობს ერთმანეთისთვის დაბადებული წყვილი?

***

არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს?

***

ჰო, საერთოდ, მკვდარი ღმერთების აკლდამაა თითქოს შატილი...

***

„ვინ არიან ეს ამბრნი, უმბრნი და არაბნი“?

„არ იცი? – ქაჯები და ეშმაკები. ყამარის მამის ლაშქარი. ყამარს ღრუბლებში ჰქონდა კოშკი“.

***

დაღონებისაა, დედისავ ცხოვრება, საწუხრად მოვედით, გულს ნუ გაიტეხ, ღმერთია მოწყალე... გულს დიდ შეძლება აქვის, იკუთებს, ივალალებს, გაიწ-გამოიწევს და ისევ შეჰღიმებს სოფელ-ქვეყანას.

***

მთელი ჩემი ცხოვრება შიშმა შექმნა და შიში წარმართავდა მას. ყველაფერს გავექეცი, რაც კი რაიმეს ითხოვდა ჩემგან. ყველაფერს ვუღალატე და ხელიდან გამოვეცალე. თან თავი დავირწმუნე, რომ არავის არ ვჭირდებოდი. მარცხის შიშით ხელი არაფერს დავაკარე... ყველაფერი დიდი და ნამდვილი მაღიზიანებდა და არ მინდოდა... არ მსურდა, მოვალე ვყოფილიყავი და პასუხისმგებელი რაიმეს წინაშე... რისი გაგებაც ვერ შევძელი, იმის არსებობა საერთოდ უარვყავი. ისეთი ქალი შევირთე, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ რომელსაც (დარწმუნებული ვიყავი) ვუყვარდი, რადგან ასე უფრო ადვილი იყო. თავი დავირწმუნე, რომ უსურვილოდ ცხოვრება უსაფრთხოდ ცხოვრებას ნიშნავდა. დაუძაბავად მინდოდა ყოფნა. არაფერი არ მიტვირთავს თანშეზრდილი, ჩლუნგი შიშის გამო – რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა.

***

ზოგჯერ ისე ცხადი და გასაგები ხდებოდა რაღაც – რაღაც ჩემი და საერთოდ, მთელი ცხოვრების დაფარული აზრი და კანონი, – რომ ლამის ტვინი გადამწვოდა ამ მიგნების სიმკვეთრითა და სიმჭახით და მერე ისევ იბინდებოდა.

***

„ბედისწერას ყველა კი არ აინტერესებს, სადა აქვს ამდენი დრო, ყველას აღზრდაზე და გამოწვრთნაზე იზრუნოს. ზოგს ერთხელაც კი არ შეხედავს სიკვდილამდე“.

***

„ახლა, როცა მთელ ქვეყანას ზურგი შევაქციე და მხოლოდ მერცია მინდოდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოკვდა, აღარ იყო, შეუძლებელი და მიუწვდომელი გახდა. მაგრამ ცოცხალი რომ დარჩენილიყო და კარგად ვყოფილიყავით, ალბათ, ბოლოს მაინც მთელ ქვეყანას გავუწევდი ანგარიშს და ყველაზე ადვილად ისევ მერციას გავიმეტებდი, როგორც რაღაც უკანონოს, საშიშსა და ზედმეტს... მერცია რომ მოკვდა, ჩემი ცოლის მიმართ ყოვლად აუტანელმა გაღიზიანებამ და ბრაზმა შემიპყრო, მაგრამ ჩემი ცოლი რომ მომკვდარიყო... ასე არა, მაგრამ ალბათ, მაინც მერციას დავადანაშაულებდი და ახლა მის მიმართ გავღიზიანდებოდი... ან ეგებ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს?“

***

რა უბრალოდ ხდება ყველაფერი: ყველაფერს ხალისი სჭირდება და ყველაფრის ხალისი შეიძლება დაკარგოს კაცმა.

***

ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება, ელოდო ვინმეს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია.

***

ნუთუ არის სადღაც დიდი, დიდი ნათელი, რომელიც გვსჯის, გვწვავს და მაინც არ ვემეტებით, ოღონდ ამ არგამეტებას ჩვენ ვეღარა ვგრძნობთ?

***

„რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ღმერთო, ასეთი საშინელი რომ არ იყოს“.