Monday, July 31, 2017

ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული

გამოთხოვება

მე თუ მოვკვდები - 

აივანი დატოვეთ ღია - 

ლამაზ ბიჭუნას ფორთოხალი უმშვენებს ხელებს,

(მას აივნიდან ვუყურებ ახლა), 

ცელავს მთიბავი თავჩაქინდრულ

პურის თაველებს,

(მას აივნიდან ყურს ვუგდებ ახლა), 

მე თუ მოვკვდები -

აივანი დატოვეთ ღია.

***

პატარა მადრიგალი

შენს ბაღში ხარობს- 

ბროწეულის ოთხი ხე, ნაზო...

(მსურს გითავაზო ჩემი ყრმა გული).

კვლავ გაიზრდება -

შენს ბაღში ოთხი კიპარისი,

(წაიღე ჩემი ბებერი გული). 

მზე, მთვარე, 

მერე - 

აღარ იქნება, 

აღარც ბაღი და აღარც გული...

***

ნოქტიურნი

შუაღამისას ფანჯარაში გავყავი თავი, 

ქარი მეძგერა, ჩემთვის თავის მოკვეთა სურდა, 

მე ვისარგებლე გააფთრებულ ქარის სიავით

და ყველა ჩემი ბრმა სურვილი ვესროლე გუნდად.

მაშინ უეცრად, სურნელებამ ნაზმა ლიმონის

აღავსო წამი, უსასრულოდ აღავსო დილა

და იქცა ქარი განთიადის უჭკნობ ყვავილად.

***

მოჭრეს სამი ხე

სამი ხე იდგა-

(დღემ მოიტანა ცულის ხმაური).

ორიღა დარჩა, 

(ფრთამოტეხილი ორი ფრინველი).

ერთიღა იდგა, 

მერე არც ერთი - 

და ნაკადული დარჩა შიშველი.

***

მერე...

ამაოება ამ ცხოვრების

დაიფერფლება.

(არ დაილევა
მხოლოდ უდაბნო).

მხურვალე გული -

სურვილის ბუდე - 

დაიფერფლება.

(არ დაილევა
მხოლოდ უდაბნო).

ოცნება მზეზე 

და კოცონებზე

დაიფერფლება.

მხოლოდ უდაბნო 

არ დაილევა.

დასერილია მრუდე ხაზებად

მთელი უდაბნო.

ლექსები მარტოობაზე

ხმელია მიწა,

ყრუა მიწა,

უსაზღვრო

ღამეთა.

(ქარი მთის კალთებზე,
ქარი ზეთისხილებს არწევს).

***

MEMENTO

როცა მოვკვდები,

გიტარით ხელში 

მდინარის ქვიშას მე მიმაბარეთ.

როცა მოვკვდები... 

ფორთოხლებს შორის, 

ყოველ ყვავილში ვპოვებ სამარეს.

როცა მოვკვდები, 

გრიგალთან ერთად

სახურავებზე ვივლი სამუმად.

როცა მოვკვდები - 

ჩუმად!

***

ციფერბლატი

დავჯექი, უნდა დავისვენო

დროის ბორბალზე. 

რა სიწყნარეა! 

თეთრ წრეში

თეთრი მდუმარება, 

მიჰქრიან მზენი

და მიცურავენ შავი ციფრები

თორმეტივენი.

***

რომანსი მთვარეზე

მთვარე მოსილი თეთრი სამოსით

დღეს სამჭედლოში ბოშებს ეწვია.

უყურებს ბიჭი - მთვარე შემოდის,

უყურებს ბიჭი და უკვე ტყვეა.

და არხევს მთვარე 

მკლავებს

და იშლებიან, თრთიან ნისლები.

როგორი მკვრივი მკერდი აქვს მთვარეს

სუნთქავს უმანკო და ცივი ვნებით. 

- მთვარეო, მთვარე, წადი, იჩქარე!

დაბრუნდებიან ბოშები ხელად,

შენი გულისგან ჩამოასხამენ,

ფერად თილისმებს და ბეჭდებს ფერადს.

- ბიჭუნა, მოდი, ვიცეკვოთ ახლავ! 

დაბრუნდებიან ბოშები მალე,

შენ დაიძინებ და ძილში ნახავ

უსაზღვროდ კარგ და მშვენიერ მხარეს.

- მთვარეო, მთვარე, წადი, იჩქარე!

უკვე ცხენები არიან ახლოს!

- ბიჭო, გაჩუმდი! სითეთრეს ჩემსას

ხელი არ ახლო, ხელი არ ახლო!

და დაფდაფებმა აავსეს ველი,

სულ ახლოს ნალი ქვაზე წკრიალებს.

ბიჭი წევს უხმოდ, არავის ელის

და უზარმაზარს არ ახელს თვალებს.

ზეთისხილების ჭალიდან მოდის 

ოცნებისა და ბრინჯაოს ფერი

ბოშათა მწკრივი და ზეცას მაღალს

გამოუთქმელი ტანჯვით შესცქერის

რა გულსაკლავად ჭოტმა გაჰყვირა,

როგორ გაჰყვირა ჭოტმა მწუხარედ! 

მთვარის ბილიკზე, ღრუბლების პირას,

ბიჭუნა მიჰყავს ხელიხელ მთვარეს.

სამჭედლოში კი გოდებენ მწარედ, 

ჰკივიან გაბმით, კრულვით, ქვითინით.

წაშლა ქარმა ავი სისინით 

მთვარის კვალი და ბიჭუნას კვალი.


ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული
ესპანურიდან თარგმნა ნანა ხატისკაცმა