ბათუმის ოკუპაცია

ბათუმი ბრიტანელებს 1918 წლის შემოდგომიდან ჰქონდათ დაკავეუბლი, - მას შემდეგ, რაც ქალაქი თურქებმა დაცალეს.

[...]

ქართველები გაწბილებულნი დარჩნენ, როცა ბათუმიდან თურქების გასვლის შემდეგ ბრიტანელებმა მათ ქალაქის დაკავების საშუალება არ მისცეს. ოლივერ უორდროპთან, საქართველოში ბრიტანეთის წარმომადგენელთან, საუბრისას გეგეჭკორმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა:

„ჩვენ გვეგონა... რომ ამიერკავკასიაში მოკავშირეთა შემოსვლის სემდეგ ბათუმს ჩვენ გადმოგვცემდნენ. ძალზე სამწუხაროა, რომ მათ ეს არ გააკეთეს“.

გეგეჭკორი საყვედურს გამოთვამდა, რომ ბათუმს ჯერაც რუსული ბიუროკრატია მართავდა, რომლის მმართველობის წესი ქალაქში უკანონობასა და არეულობას ზრდიდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინე საბახტარაშვილმა, ბრიტანელებს ასეთი რამ შესთავაზა:

„...საქართველო მიიღებს ბათუმის ოლქს, სადაც ის ხალხის მასებზე დამყარებულ მმართველობას შემოიღბს. ქალაქის მთავრობა საარჩევნო წესით აირჩევა. პორტი, ისევე, როგორც სამხედრო ბაზა და შავი ზღვის ქვანახშირის სადგური, ინგლისელებს გადაეცემა“.

[...]

ძალიან მალე ბათუმი საქართველოს გადაეცა, თან ისე, რომ მის პორტში ბრიტანული საზღვაო ბაზის შექმნაზე არანაირი დათქმა არ ყოფილა.

[...]

1920 წლის 7 ივლისს ბრიტანულმა საჯარისო ნაწილებმა დროშებით მორთული ბათუმის ქუჩები გაიარეს და პორტისკენ მარშით გაემართნენ, იმ დროს, როცა ქალაქის მეორე ბოლოდან ბათუმში ქართული ჯარი შემოვიდა. ცერემონია მართლაც შთამბეჭდავი იყო. გენერალმა ქუქ-ქოლისმა მისალოცი სიტყვით მიმართა ქართული არმიის მეთაურს, გენერალ კვინიტაძეს.

როცა ცერემონია დასრულდა, გენერლის ყურადღება უფრო სერიოზულმა გარემოებამ მიიპყრო:

აჭარლები ქართველთა მმართველობას ისეთივე მღელვარებით შეხვედროდნენ, როგორითაც მანამდე ბრიტანელებისას ეგებებოდნენ. ამ არეულობისთვის ბოლო რომ მოეღო, გენერალმა კვინიტაძემ პროკლამაცია გამოაქვეყნა, რომელიც გაფრთხილებას შეიცავდა:

„ნებისმიერი, ვინც ჯარს წინააღმდეგობას გაუწევს... ისეთ მოპყრობას მიიღბს, როგორსაც მეამბოხე იმსახურებს. მას დახვრეტა ელის, მისი ქონება კი, ისევე როგორც მისი მამის, დედის და ძმების საკუთრება, კონფისკაციას დაექვემდებარება და ქვეყნის ხაზინას გადაეცემა, ხოლო ოჯახი გაძევებული იქნება ბათუმის ოლქიდან“.

რამდენად განსხვავდებოდა ეს მუქარა იმ სიტყვისაგან, რომელიც ჟორდანიამ ერთი წლით ადრე პარლამენტში წარმოთქვა! სიტყვისაგან, რომელშიც ამბობდა, მენშევიკებს იმის განზრახვა არა აქვთ, მუსლიმები, აფხაზები, სომხები და სხვა ხალხები ძალდატანებით აქციონ საქართველოს ნაწილადო! საქართველოსო, ამბობდა მაშინ ჟორდანია, ნებაყოფლობითი კავშირი სურს, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის უმცირესობათა ჯგუფების მიერ მის აღიარებაზე იქნება დაფუძნებულიო:

„ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ საზღვრისპირა რეგიონები ცენტრისაგან კულტურულად განსხვავდება. ისტორიამ ჩვენში სრულიად სხვადასხვაგვარი ურთიერთობა და წეს-ჩვეულებები ჩამოაყალიბა. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, მთავრობამ ახლახან გადაწყვიტა, ამ სასაზღვრო რეგიონებს შიდა პოლიტკური ავტონომია მიანიჭოს, ერთადერთი პირობით - საქართველოს ისტორიული და ეკონომიკური მთლიანობის შენარჩუნებით. ჩვენ მათგან ავტონომიასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის მიღება შეგვიძლია, რაოდენ მრავლისმომცველიც არ უნდა იყოს ისინი. მხოლოდ ერთ მოთხოვნას ვერ მივიღებთ - საქართველოს გამოყოფას“.

ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია

ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით. 

გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.