ფილიპო ტომაზო მარინეტი - ფუტურიზმის პირველი მანიფესტი

ფუტურიზმის პირველი მანიფესტი - გამოქვეყნებულია პარიზის გაზეთ „ფიგაროში“ 1909 წლის 20 თებერვალს
მთელი ღამე ელექტროშუქის ქვეშ გავატარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. თავისი სირთულითა და უცნაურობით მეჩეთის გუმბათის მსგავსი ნათურის სპილენძის თალფაქი ჩვენივე თავს გვაგონებდა, მაგრამ მასში ელექტრული გული ფეთქავდა. სიზარმაცე ჩვენზე წინ გაჩნდა, მაგრამ ჩვენ დაუღლელად ვისხედით მდიდრულ სპარსულ ხალიჩაზე, ათასგვარ სისულელეს ვროშავდით და ვჯღაბნიდით.

ჩვენივე თავით ვამაყობდით: რატომაც არა, მხოლოდ ჩვენ არ გვეძინა, შუქურებისა და მზვერავების მსგავსად. ჩვენ ერთი-ერთზე პირისპირ ვიდექით ვარსკვლავების მთელი ჯგროს წინაშე, ყველა ისინი ჩვენი მტრები იყვნენ, და მათ კარავი ცის სიღრმეში ჰქონდათ დაცემული. მარტონი, სრულიად მარტონი, ცეცხლფარეშთან ერთად, გიგანტური ხომალდის საცეცხლურის პირისპირ; მარტონი, შავი აჩრდილით, გაცოფებული ორთქლმავლის წითლად გავარვარებულ საშოსთან; მარტონი ლოთთან ერთად, როცა ის შინისკენ ისე მიფრინავს, თითქოს ფრთები ჰქონდეს გამოსხმული, მაგრამ საქმე ისაა, რომ მის ამ ფრთებს კედლები აფერხებენ!

ამ დროს, მოულოდნელად, გრუხუნი მოგვესმა. უზარმაზარი, ფერადჩირაღდნებიანი, ორსართულიანი ტრამვაის ვაგონები დგანდგარით დასრიალებდნენ. ისინი თითქოს რომელიღაც დღესასწაულის დროს მდინარეზე მობანავე ქალიშვილები იყვნენ, მაგრამ მდინარე ადიდდა, ქალიშვილები მოიტაცა და ჩანჩქერების და მორევების გავლით ზღვისკენ გააქანა.

შემდეგ ყველაფერი გაყუჩდა. მხოლოდ ძველი არხის საცოდავი კვნესა და ნახევრადდანგრეულ, ხავსმოდებულ სასახლეთა ძვლების ღრჭიალი გვესმოდა. და უცებ ჩვენი ფანჯრების ქვეშ, როგორც მშიერმა მხეცებმა, ავტომობილებმა დაიღრიალეს.

- აბა, მეგობრებო, - ვთქვი მე, - წინ! მითოლოგია, მისტიკა - ეს ყველაფერი უკვე უკანაა! ჩვენს თვალწინ ახალი კენტავრი იბადება - ადამიანი მოტოციკლზე, ხოლო პირველი ანგელოზები ცაში აეროპლანის ფრთებით აიჭრნენ! მოდით, კარგად შევანჯღრიოთ ცხოვრების ჭიშკარი: დაე, ყველა კაუჭი და ურდული დაცვივდეს!.. წინ! აი, უკვე მიწას ახალი ცისკარი დაჰყურებს!.. უპირველესად თავისი ალისფერი მახვილით იგი საუკუნო წყვდიადს განწვალავს, არაფერია ამ ცეცხლოვან ელვარებაზე უფრო მშვენიერი!

იქ სამი ავტომობილი იდგა და ფრუტუნებდა. ჩვენ მივედით და ჯიდაოზე ხელი ალერსით მოვუთათუნეთ. მე ავტოში საშინელ სივიწროვეს განვიცდი; წევხარ, როგორც კუბოში; მაგრამ ამ დროს საჭე მომებჯინა მკერდზე, ჯალათის ნაჯახივით მომხვდა, და უმალ გამოვცოცხლდი.

სიგიჟის გაცოფებული ქროლვით აგვაყირავა, ჩვენივე თავს მოგვწყვიტა და გადამშრალი მდინარის ღრმა კალაპოტის მსგავს, კუზიან ქუჩებში გაგვაქროლა. ფანჯრებში საცოდავად ბჟუტავდა მკრთალი სინათლე, რომელიც თითქოს ღაღადებდა: ნუ ენდობით საკუთარ თვალებს, ნივთების ზედმეტად ფხიზელ ჭვრეტას!

- ალღო! - შევყვირე, - გარეულ მხეცს ალღოც ეყოფა!...

და, როგორც ახალგაზრდა ლომები, სიკვდილს დავედევნეთ. ჩვენს წინ, უსაზღვრო, იისფერ ცაში ოდნავ შესამჩნევი, მქრალჯვრებიანი შავი ტყავი გამოკრთოდა. ცა ლივლივებდა და თრთოდა, შეიძლებოდა ხელით შეხებოდა ადამიანი.

მაგრამ ჩვენ არც ღრუბელთა სიშორეებში ამაღლებული მშვენიერი ქალბატონი გვყავდა, არც - მრისხანე დედოფალი - მაშასადამე, შეუძლებელი იყო, დაღუპულნი და ბიზანტიური ბეჭდის მსგავსად დაგრეხილნი, მის ფეხებთან უსულოდ დავცემულიყავით!.. არაფრის გამო თავი არ გვქონდა მოსაკლავი, მხოლოდ ჩვენივე გაბედულების მძიმე ტვირთი თუ მოგვშორდებოდა!

თავქუდმოგლეჯილნი გავრბოდით. ჭიშკრებიდან ჯაჭვით დაბმული ძაღლები გამოხტებოდნენ ხოლმე, და ჩვენ მათ მაშინვე ვჭყლეტდით, - მდუღარე ბორბლების გადავლის მერე მათგან არაფერი რჩებოდა, სველი ადგილიც კი - არა, როგორც საყელოზე არ რჩება ნაკეცი დაუთოების მერე.

სიკვდილი საშინლად კმაყოფილი იყო. ყოველ მოსახვევში ის ან წინ გარბოდა და თავის ძვლის ხელებს ალერსიანად მიწვდიდა, ან გზაზე გაწოლილი და გუბეებიდან სანდომიანად მომზირალი, კბილების კრაჭუნით მიდარაჯებდა.

- მოდით, გავაღწიოთ საღი აზრის მთლად დამპალი ნიჟარიდან და სიამაყით გატყორცნილი კაკლებივით შევცვივდით ქარის დაღებულ ხახასა და ხორხში! დაე, შთანგვთქას გაურკვევლობამ! ჩვენ სინანულით კი არ ჩავდივართ ამას, არამედ იმიტომ, რომ უფრო გამრავლდეს უამისოდაც უსაზღვრო უაზრობა!

ასე ვთქვი და მაშინვე სწრაფად შემოვბრუნდი. სწორედ ასეა, როცა ქვეყანაზე ყველაფერი ავიწყდებათ და თავიანთ კუდს დასდევენ პუდელები; უცებ, სად იყო და სად არა, ორი ველოსიპედისტი გამოჩნდა. მათ ეს არ მოეწონათ და ჩემს წინ აწრიალდნენ: ზოგჯერ ასე ტრიალებს თავში ორი დასკვნა, და მიუხედავად ურთიერთგამომრიცხაობისა, ორივე დამაჯერებელია. აქვე, გზაზე, დაიწყეს კამათი - ვერც ფეხით გახვალ, ვერც მანქანით გაივლი... დასწყევლოს ეშმაკმა! ფუი!.. პირდაპირ გავქანდი, და რა გამოვიდა? - ჰოპ! გადავბრუნდი და პირდაპირ არხში მოვადინე ტყაპანი...

უჰ, დედაარხო, დიდება შენდა! უჰ, ქარხნები და მათი გამდინარე წყლები! სიამოვნებით განვერთხე ამ სითხეში და გამახსენდა ჩემი გამზრდელი ზანგი ქალის შავი ძუძუები!

სიამაყით წამოვიმართე, როგორც ჭუჭყიანი და სუნიანი შვაბრა, და სიხარულმა გახურებული დანასავით გამიარა გულში.

მაშინ ყველა მეთევზე ანკესით ხელში და ბუნების რევმატული მეგობრები ჯერ აფორიაქდნენ, შემდეგ შეიყარნენ და არნახულს დააშტერდნენ, აუჩქარებლად, საქმის ცოდნით, ჩააგდეს თავიანთი უშველებელი რკინის ბადეები და ჩემი ავტო მოიხელთეს - ყლარტში ჩაფლული ეს ზვიგენი. როგორც გველმა კანიდან, ისე დაიწყო მან ნელ-ნელა არხიდან ამოსვლა, და აი, უკვე გამოჩნდა მისი უშველებელი ძარა და უზომო შემოსაკრავი. მეთევზეებს ეგონათ, რომ ჩემმა საცოდავმა ზვიგენმა სული დალია. მაგრამ საკმარისი იყო, ზურგზე სათუთად მოვფერებოდი, რომ ის ერთიანად აცახცახდა, აძაგძაგდა, ფარფლი გაისწორა და კისრისტეხით გაქანდა წინ.

ოფლიანია ჩვენი სახე, ქარხნის ჭუჭყითა და ერთმანეთში არეული ნაქლიბითა და ცად აწვდილი მილებიდან ამომავალი ჭვარტლითაა გასვრილი, ჩვენი დამტვრეული ხელები დოლბანდითაა შეხვეული. და აი, ასე, ცხოვრებით დაბრძენებულ, ანკესიან მეთევზეთა სლუკუნში და ბუნების საბოლოოდ იმედგადაწურულ მეგობრებს შორის, ჩვენ პირველად გამოვუცხადეთ დედამიწაზე ყველა მცხოვრებს ჩვენი ნება:


1. გაუმარჯოს რისკს, გაბედულებას და დაოუკებელ ენერგიას!

2. შეუპოვრობა, სიმამაცე და ჯანყი - აი, რას ვუმღერით ჩვენ ჩვენი ლექსებით.

3. ძველი ლიტერატურა ხოტბას ასხამდა აზრის სიზანტეს, აღტაცებას და უმოქმედობას. ჩვენ კი ვადიდებთ კადნიერ შეტევას, ხურვებიან ბოდვას, სამწყობრო ნაბიჯს, საშიშ ნახტომს, სილის გაწვნას და ცხვირ-პირის მტვრევას.

4. ჩვენ ვამბობთ: ჩვენი მშვენიერი სამყარო უფრო მშვენიერი გახდა - ახლა მასში სისწრაფეა. მსრბოლავი ავტომობილის საბარგულქვეშ გამოსაბოლქვი მილები გველებივით იკლაკნებიან და ცეცხლს ანთხევენ. მისი ბღავილი ტყვიამფრქვევის მიჯრით სროლას ჰგავს, და სილამაზით ვერავითარი ნიკე სამოთრაკიელი ვერ შეედრება.

5. ჩვენ ვუმღერით საჭესთან მჯდომ ადამიანს: თვალი მიწას ხვრეტს, და მანქანა წრიულ ორბიტაზე ქრის.

6. დაე, პოეტი თავგამეტებით ქროდეს, დაე, ქუხდეს მისი ხმა და პირველქმნილ სტიქიას აღვიძებდეს!

7. ბრძოლაზე უფრო მშვენიერი არაფერია. თავხედობის გარეშე შედევრი არ იქმნება. პოეზია დათრგუნავს და ადამიანს დაუმორჩილებს ბნელ ძალებს.

8. ჩვენ ასწლეულის ფლატეზე ვდგავართ!.. რა საჭიროა უკან მოხედვა? ჩვენ ხომ სულ მალე გავჭრით სარკმელს პირდაპირ შეუძლებლის იდუმალ სამყაროში!.. ახლა არც დროა და არც სივრცე. ჩვენ უკვე მარადისობაში ვცხოვრობთ, ჩვენს სამყაროში ხომ მხოლოდ სისწრაფე მეფობს.

9. გაუმარჯოს ომს - მხოლოდ მას შეუძლია გაწმინდოს მსოფლიო. გაუმარჯოს შეიარაღებას, სამშობლოს სიყვარულს, ანარქიზმის დამანგრეველ ძალას, ყველაფრის და ყველას მომსპობ მაღალ იდეალებს! შორს ჩვენგან ქალი!

10. ჩვენ ქვას ქვაზე არ დავტოვებთ არც ერთი მუზეუმისგან, ბიბლიოთეკისგან. ძირს მორალი, მშიშარა შემთანხმებლები და ვერაგი ობივატელები!

11. ჩვენ მუშაობის ხმაურს ვუმღერებთ, ბრბოს მხიარულ გუგუნს და მეამბოხურ ხმაურს: რევოლუციური ქარიშხლის ჭრელ მრავალხმოვანებას ჩვენს დედაქალაქებში; ელექტრულ მთვარეთა დამაბრმავებელი სინათლის შუქზე, პორტებსა და გემთსაშენებში, ღამეულ დუდუნს. დაე, სადგურთა გაუმაძღარმა ხახამ დანთქას მხუთავი გველები. დაე, ქარხნები, მათი მილებიდან ამომავალი კვამლის ძაფებით, მტკიცედ იყვნენ მიმაგრებულნი ღრუბლებს. დაე, ხიდებმა ტანმოვარჯიშის ნახტომით გადაჭიმონ თავიანთი თავი მზისგულზე თვალისმომჭრელად მობრჭყვიალე მდინარეთა ტანზე. დაე, ჰორიზონტი იყნოსონ ფრთამალმა გემებმა. დაე, ფართომკერდიანმა ორთქლმავლებმა, მილებით აღკაზმულმა ამ რკინის ცხენებმა, მოუთმენლობისგან იცეკვონ და იხვნეშონ რელსებზე. დაე, აეროპლანებმა ზეცა გადასერონ, ხოლო ჭანჭიკთა ხრჭიალი შეენივთოს დროშების ფერხულს და აღფრთოვანებული ბრბოს ტაშისცემას.

არა სადმე სხვაგან, არამედ იტალიაში ვაცხადებთ ჩვენ ამ მანიფესტს. ის მთელს ქვეყანას დააქცევს და გადააბრუნებს. დღეს ჩვენ ამ მანიფესტით ფუტურიზმს ვუყრით საფუძველს. დროა გავწმინდოთ იტალია ყველა ამ სნეულისგან - ისტორიკოსებისგან, არქეოლოგებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისგან, ანტიკვარებისგან.

ძალიან დიდხანს იყო იტალია ყოველგვარი სიძველის სანაგვე. საჭიროა ურიცხვი სამუზეუმო ხარახურისგან მისი გასუფთავება - ეს ხარახურა ქვეყანას უზარმაზარ სასაფლაოდ აქცევს.

მუზეუმი და სასაფლაო! ერთმანეთისგან მათი გარჩევა შეუძლებელია - ყველასთვის უცნობ და გაურკვეველ გვამთა პირქუში გროვა. ეს ის საზოგადოებრივი თავშესაფრებია, სადაც ერთ მუშტად შეკრულან საზიზღარი და უჯიშო მხეცები. მხატვრები და მოქანდაკეები ერთმანეთისადმი მთელ თავიანთ სიძულვილს თვით მუზეუმის ხაზებსა და ფერებში აქსოვენ.

წელიწადში ერთხელ მუზეუმში შესვლა, როგორც ახლობელთა საფლავებს მოინახულებენ ხოლმე, - ეს კიდევ გასაგებია!.. ჯოკონდასადმი მირთმეული ყვავილების თაიგულიც კარგი ჟესტია!.. მაგრამ ყოველდღიურად იქ ხეტიალი ყველა ჩვენი სიმწარით, სისუსტით, სევდით - ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!.. რატომ მოვიწამლოთ სული? რატომ უნდა ჩამოგვტიროდეს სახე?

კარგს რას ნახავ ძველ სურათზე? ნახავ მხოლოდ მხატვრის საცოდავ გაჭაჭვას, იმ დაბრკოლებათა გადალახვის წარუმატებელ მცდელობებს, ჩანაფიქრის სრულად გამოხატვის საშუალებას რომ აძლევს. აღფრთოვანდე ძველი სურათით - ნიშნავს, ცოცხლად დაასამარო შენი საუკეთესო გრძნობები. უმჯობესია საქმეში მათი გამოყენება, სამუშაო, შემოქმედებითი დინებით მათი წარმართვა. რა საჭიროა ძალების უაზრო ფლანგვა წარსულზე არაფრისმომცემ ოხვრაში? ეს გვღლის, გვაუძლურებს, გვაცარიელებს.

რა საჭიროა ყოველდღე სიარული მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, აკადემიებში, სადაც დამარხულია განუხორციელებელი ჩანაფიქრები, მიწასთანაა გასწორებული საუკეთესო ოცნებები, აღნუსხულია დამსხვრეული იმედები?! მხატვრისთვის ეს იგივეა, რაც ჭკვიანი, ნიჭიერი და პატივმოყვრული მიზნებით აღსავსე ახალგაზრდებისთვის - ერთობ გაჭიანურებული აღზრდა-მეურვეობა.

სუსტებისთვის, ხეიბრებისთვის და პატიმრებისთვის ეს, შესაძლოა, ასატანია. შესაძლოა, მათთვის სასიამოვნო ძველი დროება ჭრილობებზე დადებული მალამოს მსგავსია: მომავალი ხომ მაინც ცნობილია... ჩვენ კი ეს ყველაფერი არაფერში გვარგია! ჩვენ ახალგაზრდები, ძლიერები ვართ; მთელი არსებით ვცხოვრობთ, ჩვენ, ფუტურისტები!

აბა, სად ხართ სახელოვანო ცეცხლის გამჩაღებლებო დამწვარი ხელებით? აბა, ერთი აქეთ მოდექით! აქეთ! ცეცხლი შეუნთეთ ბიბლიოთეკის თაროებს! არხის წყალი მუზეუმის აკლდამებისკენ მიმართეთ და დატბორეთ ინისი!.. დაე, დინებამ წაიღოს დიდებული ტილოები! ხელში ბარი და წერაქვი აიღეთ! დაანგრიეთ ძველი ქალაქები!


მრავალი ჩვენთაგანი ჯერ ოცდაათისაც არ არის. სამუშაოს კი, ჩვენ რომ ვიკისრეთ, ათი წელი ან ეყოფა და ან - არა. ორმოცს მივუკაკუნებთ თუ არა, ახალგაზრდებმა და ძლიერებმა, დაე, სანაგვეზე გადაგვიძახონ, როგორც უსარგებლო ძველმანი!.. ისინი ქვეყნიერების ყველა მხრიდან, ყველაზე შორეული კუნჭულებიდან მოირბენენ, თავიანთივე პირველ ლექსთა მსუბუქ რიტმებს აყოლილნი. ისინი ჰაერს დაკაწრავენ თავიანთი მობრჭყალული თითებით და აკადემიის კარებს დაყნოსავენ. ისინი შეისუნთქავენ იმ ჩვენი დამპალი იდეების შმორს, რომელთა ადგილი ბიბლიოთეკათა კატაკომბებშია.

მაგრამ თავად ჩვენ უკვე იქ არ ვიქნებით. ბოლოს და ბოლოს, ზამთრის ღამეში, ისინი მოგვაგნებენ ტრიალ ველზე, პირქუშ ანგართან. ნაღვლიან წვიმაში ჩვენ შევქუჩდებით ჩვენს მოცახცახე აეროპლანებთან და ხელებს გავითბობთ უძლურ კოცონზე. ახალი ცეცხლი მხიარული გაელვება-გაელვებით შთანთქავს ჩვენს წიგნებს, ხოლო ამ წიგნთა სახეები ნაპერწკლებად ავა ცაში.

ისინი ჩვენს გარშემო მოგროვდებიან. ბოღმისგან და ჯავრისგან სუნთქვა შეეკვრებათ.

ჩვენი სიამაყე და უსაზღვრო შეუპოვრობა მათ გააცოფებს. და ისინი მოგვაწყდებიან. და რაც

უფრო ძლიერი იქნება ჩვენდამი მათი სიყვარული და ჩვენით მათი აღფრთოვანება, მით მეტი სიძულვილით დაგვანაკუწებენ. უსამართლობის ჯანმრთელი და ძლიერი ცეცხლი მხიარულად გაბრწყინდება მათ თვალებში. ხელოვნება ხომ სწორედაც ძალადობა, სისასტიკე და უსამართლობაა.

მრავალი ჩვენგანი ჯერ ოცდაათისაც არ არის, ჩვენ კი უკვე გავფლანგეთ მთელი ჩვენი სიმდიდრე - ძალა, სიყვარული, გაბედულება, სიჯიუტე. ჩვენ ვჩქარობდით, ხურვებაშეყრილივით ვაწყდებოდით აქეთ-იქით, ანგარიშმიუცემლად და ქანცგაწყვეტამდე.

მაგრამ გვიყურეთ! ჩვენ ჯერაც არ ამოვმწყდარვართ! ჩვენი გულები თანაბრად ფეთქავენ! რატომღაც რომ არ იფეთქონ თანაბრად, ჩვენს მკერდში ხომ ცეცხლია, სიძულვილია, სისწრაფეა!.. რა, გიკვირთ? თქვენ ხომ მთელი ცხოვრებიდან გასახსენებელიც კი არაფერი დაგრჩენიათ.

და, კვლავ, უმაღლესი მწვერვალიდან ვარსკვლავებს ვთავაზობთ გამოწვევას!

1909 წელი

ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები, 
თარგმნა და ავტორთა შესახებ ცნობები დაურთო დათო ბარბაქაძემ