Header Ads

test

სანდრო შანშიაშვილი - დალი | ქართული ღმერთების პანთეონი

I. ტყის მეფე ბობღია

უღრან ტყის მეფეს ბობღიას, სახე მოღუშულს ავდრიანს
გადმოუწყვია თათებით, ჭრელად ოქროსფერ ფაფრიანს; 
გაბმით ხარხარებს, შესძახის მუხნარ-ნაძვნარებს აფრიანს.
ქორწილს აპირებს ქალისას, ფურკამეჩს დაჰკლავს ზაქიანს.

II. დალი - ტყის დედოფალი

სახელად ჰქვიან პატარძალს დალი ლამაზის სახისას;
გულს სიყვარულით უდაგავს ძე ხორციელსა ნახვისას.
მაჭაკალია აგუნა, ლოთი თხის-წვერებ-ნაცარა.
ჰყავს დამქაშები დამკვრელად ჩხიტა, ბუცო და ცანცარა.
სხვა თუ ბევრს დაალევინებს, იცოდეთ, საქმე დაცადარა!

III. დალის ქორწილის მოლოდინში

რაკი გაიგეს ამბავი ქორწილიაო დალისა,
ეშურებიან მოვიდნენ, ღვინო დალიონ ლალისა.
ტყეში რომ მგლებმა გამოხარეს, ის რაშიც გაცოცხლებულა.
კუდიანები შემსხდარან, ბერიკაც მათთან ხლებულა.
რქიანი-დევი ბუტბუტებს, იქ სადაც დიდი ხევია.
როკაპს ჯაგებზე ხტომისგან კაბა მთლად შემოჰხევია.
საფლავებიდან მგელკაცი ღამით მკვდრებს აღარ ალაგებს.
ბუ გაბერილი ჩხალებსა აძრობს გულმკერდში ჩანაგებს.
წყლით გადმომსხდარან გველკუვნი, ჯოჯოს თან ახლავს ამქარი:
ძაღლების ღმერთიც მობრძანდა ფრთიანი ალაშკანტარი.

IV. ცა-ღრუბლის და ტაროსის ღმერთი

მარტო ვობია ცის ღრუბლებს თავის ნებაზე განაგებს
გულში სწყინს დალი თხოვდება, სხვა როგორ უამხანაგებს?
ბოლოს იმედობს: მას დარჩეს, საქმე მოიგებს წანაგებს.
არ მივა იმათ ქორწილში, დაჰშლის კი ლხინის ბანაკებს.

V. 

ბობღია ზის და იცინის, მეფიონს მოელოდება,
რა იცის, მეფეს მოჰკლავენ და გული აუგლოვდება?!
იმისი ქალი სხვას ჰსურს, სხვაზედვე გაუთხოვდება.
მაშ რისთვის დარბის როკაპი, კაბა რათ შემოჰხევია
ლამაზ ქალისთვის ჯერ სისხლი ხომ არვის დაუნთხევია?

VI. დალის წუხილი

დალი ლეჩაქის სამოსით, ნაწნავებ შემოხვეული
გადმოსულიყო ტყის პირად, სად მუდამ იყო ჩვეული,
წყალს ჩასტიროდა წკრიალით, ეძახდა თავის დობილებს;
მდინარის ასულს ლივლიას, კიდევ სხვა ქალებს ცნობილებს.

VII. წყლის ლანდალები

შეიტყეს მისი წუხილი, მოცურდნენ ლამაზ-ლამაზნი;
ცელქნი და მოკისკისენი, როგორც ქურციკნი, გავაზნი.
ჰკითხეს: „რა გაგჭირვებია? გვიამბე გარდასავალი!
აქ ვერაფერი გიშველოთ, იქ ჩვენთან მოგცეთ სავანი!“
- დებო! არ იცით, მნიშნავენ! ცოლი ვიქნები მეფისა!
ვიღაცა ქაჯთა უფროსზე, თვალიმც კი გამოეფისა!
წადით, უთხარით ვობიას, მოვიდეს ჩემთან იაროს!
ან წამიყვანოს თავისთან, ან მომკლას, დამაიაროს!
ინყუზას როგორ გავყვები, სული ვერ მიეთვისება.
ის არის ჩემი რაინდი, გრძნობა სიამით ივსება!

VIII. 

წავიდნენ, ნახეს ვობია. წარმოსადგენი ვაჟია!
ღრუბლის სარეკი ეჭირა, სახენათალი კაჟია!
უთხრეს: „შენ რომ ხარ ღრუბლებში უდარდელ-განახარები,
ტყის დედოფალი დალაი იქ ნახე განამწარები! 
ნიშანი მოგვცა მოგნახოთ: „მოვიდეს ჩემთან იაროს,
ან წამიყვანოს თავისთან, ან მომკლას დამაიაროს!“

IX. 

ვობიას დიდათ ეამა ჯერად ამბავი დალისა,
მერე სტუმრობა რძლებისა და ზღვათა დედოფალისა!
დასხა და გაუმასპინძლდა, სუფრა მიართვა მრავლისა?
უთხრა: ჩემს გულში განა თუ ბოღმა არ იდგა ალისა?
უყურადღებოთ დავსტოვე ჩემი ღრუბლების გუნდები.
სოფლის ტაროსი იცვალა, ვხედავ და ამას ვრწმუნდები.
წვიმა ვერავის მივარგე, მიჯნურის სევდა მერია;
მის ოცნებაში გართულსა სხვები მზრახავდნენ: შტერია!
რაკი დასტური მივიღე, მე ვიცი მოსაგვარები;
ჯერ ერთმა შევძლო ინყუზას დავლეწო მკვიდრი ფარები.
არა და სხვასაც მოვიხმობ, შეებნენ ჩვენი ჯარები.

X. ღმერთების მოპატიჟება

გამოეთხოვნენ სტუმრები ქანდაკებრ გამოსახულნი.
თვით გამობრუნდა, მოიხმო თვისი ერთგული მსახურნი.
ერთს უთხრა, ნისლას-სახელად თეთრპერანგ შესამოსიანს:
- წადი, მომგვარე კურატი მწყემს რო დაუდის ქოსიანს:
ჯანღოს კი უთხარ შავშუბლას, ლაშებდაშვებულს მებორგეს,
- ფრთები შეისხი, ისწრაფე, შეატყობინე მეგობრებს!
ანთრსა, - მინდვრის მეველეს, საქონლის მფარველს! ჯოგისას.
ამრას და აბზას - მეომრებს, თვით შენც იაზრებ ზოგისას.
ხახმატს, ლომისას, კოპალეს მრავალ ომშიგან ნაცადებს;
სტიქიონთ მეფეს აფიას, შენ იცი კოშკი სადაც ძევს,
ღვინის ღვთაება აგუნას თავის დასტით და სწორებით. 
უმისოდ ლხინი არ ვარგა, გუდა სავსე აქვს ჭორებით!
ყველას უთხარი მოვიდნენ, განამზადა - თქო ზვარაკი
ომის ღმერთს გუდანს მავედრონ, ეს არ ეგონოთ არაკი.

XI. მსხვერპლშეწირვა

ვერ დაეჭირათ ზვარაკი მწყემსებს თავგამოდებულებს
ზოგს ხელი ეღრძო, ზოგს ფეხი იმის დევნაში ქებულებს
ხარია ლაღად ნამყოფი ტყავშიაც ვეღარ ტეულა.
საცრის ოდენა თვალები რისხვად და ცეცხლად ფრქვეულა
წინა ფეხს მიწას დაარტყავს, დამფრთხალი კისერს იღერებს
თითქოს იგრძნოო სიკვდილი ღმუის და ყველას იგერებს.
მოაგდეს, სადაც სამსხვერპლო მზად იყო შეშებწყობილი,
შორს ხეივანი ვაზისა ფერად მტევნებით მკობილი.
იქვე ხავსიან ლოდებზე ისხდნენ სტუმრები, ხარობდნენ,
ზოგნი ვობიას საქმისთვის გულით ხმამაღალ ცხარობდნენ
„რა გახდა ქაჯი ინყუზა!“ ამრა და აზბა კმარობდნენ.
წამოდგა თვითონ ვობია ზვარაკის შესაპყრობელად.
ერთხელ ესროლა, გაუცდა. შერცხვა და გაბრაზიანდა
მეორედ გაჰკრა, წამოსდო. რქები ხარს დაუზიანდა,
შებღავლა: რა გსურს პატრონო! გასწია, გაძალიანდა.
ვობია ჩასვა კოჭამდის, ყველა მნახველი ჰკვირობდა.
„ფანდსა გაგვიწყვეტს, წაგვივა“ ვიღაც ხმამაღლა ყვიროდა. 
მსახურმა შუბი ატაკა, სისხლი დაიქცა, იღვარა.
იქ მარტო მწყემსი სტიროდა, სახე ცრემლებით იღარა.
შვიდს გაუჭირდა აწევა და მისი ცეცხლზე დადება!
კოჭლმა უშველათ ბოლო დროს, სხვა როგორ დაუვარდება!

XII. ღმერთების ქეიფი

კიდევ მოვიდნენ სტუმრები დაღლილნი სიარულითა:
დასხდნენ და სუფრას შეექცნენ ლხინით წრე-გადასულითა
„მასპინძელ კარგად მასპინძლობს გულითა მხიარულითა!“
აიღო ყანწი ვობიამ, ყველანი მოისხენია;
ომის ღვთაება ადიდა, სთქვა: თუ ჩემს გულში სენია!
გუდანის მსხვერპლი შევწირე, მისდა მაქვს სავედრებელი.
სად გამიჭირდეს, მიშველოს, მყოს შურის მაძიებელი.
ყველანი ერთად წამოდგნენ, ერთხმად წარმოსთქვეს გალობით:
- „გუდან! ვობია ამარჯვე, მას გადმოხედე წყალობით!“
კვლავ დასხდნენ, ქეიფს შეექცნენ, ღვინომ შიგდაშიგ ადუნა.
მოვიდა თავის დასტითა, სიმთვრალის ღმერთი აგუნა.
ყურძნის მტევნები ეკიდა. ხონჩა მოჰქონდათ ხილითა,
უკან მოსდევდნენ ქალები, შვენოდნენ თითა შლილითა.
მიონკა ვინკა და ირონ ვნებათა ღელვიანები, 
ცეკვავდნენ ჟინის ამძვრელად, მღეროდნენ: მოგეზმანები! 
ჩხიტამ, ბუცომ და ცანცარამ აგუნას კილო უმართეს,
როს შუაღამე შეიქმნა ჟინაშლილობას უმატეს!
ცეცხლი თანდათან ჩანელდა, მთვარემ ივახშმა გვიანა!
ქალთა კისკასმა ბუჩქებში მიდამო დაახმიანა. 
ვინ ვის კალთაში ხარობდა, ამის გარჩევა არ იყო.
ღმერთი ასულის დევნაში ღრმა ხევში გადამხტარიყო.

XIII. ომერ-ქალი

ზეცა აინთო ალისფრად, სხივით დაიჭრა ქედები;
ყვავილის ეტლი გამოჩნდა, შიგ ებნენ თეთრი გედები.
ხელში ეჭირა ლამაზ ქალს ოქროს სირმისა ღვედები.
ვობიამ იცნო ასული, სტქვა: იგი ომერ ქალია.
გუდანის ტურფა მიჯნური, მაღალ ღმერთების რძალია!
მფარველი სიყვარულისა, თვით სიყვარულის ძალია.
სალამი მისცა მდაბალი, თუმცა ნახევრად მთვრალია! 
ომერმა უთხრა: ჭაბუკო! ვარ მოგზავნილი მთხრობელი!
ომის ღვთაებამ გისმინა, შენი მტრისაა მგმობელი.
აჰა, ეს ხმალი გადმოგცა სიცოცხლის ჩამაქრობელი!
უნდა შეება ინყუზას ხვალე სიმამრთან მიმავალს.
სხვა დროს ვერ ავნებ ციხეში თუ იგი თავსა მიმალავს.

XVI. ბრძოლა ინყუზასთან

მეორე დილა გათენდა საომრად ემადებიან;
ამრა და აბზა აჩქარდნენ, ერთს ადგილს ვეღარ სდგებიან;
კოპალეს კეტი უჭირავს განა თუ მცირე ჩილიკი?
აგუნა მთვრალი იძახის: მოდით, მე ვიცი ბილიკი!
თან ტიკჭორასაც დაათრევს, ბუცოს გადასცა ჩირი-კი.
აფიას მხარსა უმშვენებს მინდვრის მეველე ანთარი;
ლომისამ რაზმი დააწყო, ქაჯეთს შეებას, მზათ არი!

XV. 

ჩასაფრდნენ უღრან ადგილას, ინყუზას ელოდებიან;
შორს მაყრიონის ხმა ისმის, მახარობლებიც ჩნდებიან.
უკან მოსდევენ ქაჯები, ტანად სხვადასხვა გვარები;
ვობია ნეფეს გადუდგა: საქმე მაქვს მოსაგვარები.
დალის შენ როგორ გაგატან, თუ ცოცხლად დავიარები?
გინდა შემები მკლავდამკლავ, გინდ მოვიხმაროთ ფარები.
ინყუზა ბრაზით აივსო ლახტი ესროლა გრეხილი:
- გიჩვენებ ჩემსა ურჩობას, გარბოდე კისერ-ტეხილი.
ზათქით ეკვეთნენ ერთმანეთს, იძროდა ქვა და ხეხილი!
კოპალე მისდგა მაყრიონს, ეშველეობდა ანთარი.
აგუნა იჭაჭებოდა: ღვინოს არ სვამენ, დაჰკარი!
ინყუზამ ხმალი გადმოჰკრა და მიაშველა მას ფარი,
ვობიამ შემოუქნია, მიახტა როგორ აფთარა!
თავმოკვეთილი ინყუზა შეხტა და ისევ დაეცა.
დაიხრიალა საბრალოდ, რაღა პასუხი გაეცა.
თავი გრძელ შუბზე ააგეს, გუდანს მადლობა უხადეს.
დალსა, ვობიას ქორწილი ზეიმით გადაუხადეს.

1922 წ. ქიზიყი, ჯუგაანი
გაზეთი „ბახტრიონი“, #25, 1923 წ.