ბარათაშვილის გადმოსვენება და ჯიბგირი გიორგი გოლოვკოვი |

XIX საუკუნის ბოლოს, თბილისის მთელ პირქუშობას, მოწყენილობას და ყოფის სიმკაცრეს თუ გაანიავებდა ვინმე, მხოლოდ ახალგაზრდა თავადიშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი - მრავალშვილიანი, მტარვალი მამის მხიარული ვაჟი, რომელსაც ბედმა არგუნა დიდი რომანტიკოსი პოეტი გამხდარიყო.


ბავშვობაში მიღებული ფეხის ტრავმის გამო სამხედრო სამსახურში ვერშესული, უნივერსიტეტს უსახსრობის გამო აცდენილი, ის ჯერ წვრილ მოხელედ მსახურობდა კანცელარიაში, მერე კი - მაზრის უფროსის თანაშემწედ ნახიჩევანსა და განჯაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც მალარიით, 28 წლისა.

მისი ლექსები, მხოლოდ შინაურულ წრეში რომ გაისმოდა მის სიცოცხლეში, ისე მიეცა დავიწყებას, როგორც მათივე ავტორი. ლექსების მთელი რვეული მრავალი წლის შემდეგ სამეგრელოს გადამდგარ დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს კვლავაც ჰქონდა და ასე მოხვდა ის ილია ჭავჭავაძის ხელში.

ილიას შემწეობით ბარათაშვილი გამარჯვებული დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში - მისი ლექსები გამოიცა, მისი ნეშტი კი გარდაცვალებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის თავზე გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. დაბრუნებული პოეტის დაკრძალვა თბილისში ნამდვილ ეროვნულ მსვლელობად იქცა.

ამ მსვლელობაში, ისევე, როგორც თათრულ, ქართულ, სომხურ, ებრაულ დასაფლავებაში ხშირად გაერეოდა ხოლმე - გიორგი გოლოვკოვი, 90-იანი წლების ტფილისელი ჯიბგირი. 


„ჭირისუფალი“ გოლოვკოვი 1893 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ელისავეტპოლიდან გადმოსვენებისას დაიჭირეს. ამ ზღვა ხალხში გარეულმა, დაჭერამდე სამი პორტმანე მოიპარა. 


გამორჩეულთა დაკრძალვები და იმ დროის თბილისი ერთი ცალკე ისტორიაა.

კარგახანს, სანამ რუსეთის პირველი რევოლუციის გასროლები გაისმებოდა, ქართველი მოღვაწის დაკრძალვა თბილისში იყო ეროვნული გრძნობების მასობრივად გამოხატვის ლამის ერთადერთი კანონიერი საშუალება. ჟანდარმერია თავის „რაპორტებში“ დაწვრილებით აღწერდა დაკრძალვების ამბებს.

ბარათაშვილი მერე კიდევ ერთხელ გადაასვენეს, მეორე მსოფლიო ომამდე, კომუნისტურ დროებაში, ამჯერად - მთაწმინდის პანთეონში.

წყარო: აკა მორჩილაძე - თბილისი (ჩანახატები), ჟურნალი „ჩემი სამყარო“, #18, 2017 წ.
აბო იაშაღაშვილი - „ძველი ტფილისის დამნაშავენი“, გამომცელობა „ქოლგა“, 2016 წ.