Header Ads

test

ელენე დარიანი - „პირამიდები“, „მე და კატა“ და სხვა ლექსები...

პირამიდები

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით - რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
***

მე და კატა

ხშირია სიჩუმე ოთხის სტუმარი,
წვიმის დროს მოვა და დილამდის დარჩება,
ბუხართან კატაა ყოველთვის მდუმარი...
ცისფერი ოთახი წითლად იფარჩება.
მივდივარ ბუხართან; რა მინდა! რა ვიცი!
ელავენ, თბებიან ტიტველი ფეხები.
მე არ შემიძლია, მე მარტო დავიწვი,
და ფეხის გულებით კატის ზურგს ვეხები.
და ისევ ზმორება, ვნება უწინდელი,
კატასთან თამაში და თრთოლვით ხუმრობა.
ძვირფასმა მაჩუქა გამხდარი ცინდალი:
მე მიყვარს ზამთარში სიჩუმის სტუმრობა.
***

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი... 

მაგიჟებს სითბო! ვერ ვიგუე ფარჩის საბანი.
უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება - ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
დამეძინება... გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.

მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.

***

ყოველთვის მაისში

ავსწიე ფარდა, და მაისმა აკოცა მინას,
ვინც მე მიყვარდა ის ჩემთან არი და ჩემთან სძინავს,
ვაკოცებ ხელზე, როგორც წმინდანს მე დავკოცნი მას,
და სხვა სახელზე მე დავიწყებ მერე ოცნებას.
და მორიდებით, კოცნას ვმალავ მე იმის თმაში
და ძვირფას ქვებით მომინდება მერე თამაში.
ზურმუხტს და ლალებს, მოვიფანტავ ტანზე ძვირფასათ,
დავხუჭავ თვალებს: მეყვარება მაისის მზგავსათ.
კოცნით გამთბარი, სიხარულში გავიწმინდები;
იღვიძებს ქმარი, რომ ჩამაცვეს თეთრი წინდები.
ძვირფასი ქვები, ჩვენს საწოლში დაიფანტება...
მე ვკვდები, ვკვდები - მისი ხელი მკერდს ელანდება.
შიშით ვიცანი: - რომ მაისი გაგვითენდება
და ჩემი ტანი სიყვარულში დაითენთება.

***

უვერტიურა

ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა,
მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი,
მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა,
მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!..
გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია
და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს,
რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია,
ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს.
ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება, 
ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია,
ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება,
დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომრერალია.

***

ფერადი სონეტი

მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით.
წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის;
ყველას გიყვარდათ, - სიყვარული მეც დამანებეთ...
მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის.
და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის,
არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით;
მე გამეხარდა გაღიმება ბავშური ზანგის,
ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით.
მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი „არა“.
და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე...
მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე,
რომ ბედში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა...
თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე,
ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.


***
დარიანული

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე 
ჯაჭვის
ტარებით
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის 
ნეტარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელ პირის 
მოკარებით
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის 
მძიმე ჯაჭვის
ტარებით
ჩემ დამტანჯველს
ღმერთი
დასჯის
ქაჯათ
გადაგვარებით.

***

წერილი ანნა ახმატოვას

მე მინდა გითხრა სამძიმარი:
რომ ბლოკი მოკვდა!
ხან და ხან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან. მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს... და ვცდები.
თბილისის მადლი და შვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია
სხეულში ნისლი...
ჩემი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.
მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი: მეწვია ბედი.
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს.

***

ცისფერი ქოლგა

მე სოფლის ამბავს შენ მოგიყვები,
(შენ რომ ჰკოცნიდი ტუჩების კიდეს;)
ისე დაზდილან ჩვენი იხვები,
რომ პეპლაობა დაიწყეს კიდეც.
შემომეჩვიენ ჩუმი მტრედები.
თმას მიხილავენ ლურჯ ნისკარტებით.
ამ სიყვარულით ნაიმედები,
თავს ვიმშვიდებდი სოველ ვარდებით.
ვკითხულობ ვაჟას, ვიძულებ პოეს,
ვნატრობ სუსხიან მწარე ამიდებს;
ზურგს ვუფხან დღისით პატარა ხბოებს
და საღამოზე ვიფერავ თითებს.
ვწოვ ყურძენს, როგორც მკივანა ბზიკი,
ტყეში ვნახულობ მე წითელ სოკოს; 
ხან მღვრიე მაჭარს ვსვამ რგვალი ჭიქით,
ხან ვგავარ სოფლის მკერდ-სავსე გოგოს.
წვიმაში ვარჩევ სიმინდის ტაროს
და ლამაზ ტაროს ვაკოცებ უცებ,
მერე კი ვათევ ღამეს უმთვაროს,
და იჭვით სავსე გულს არ ვახუცებ.

„ცისფერი ყანწები“, „მეოცნებე ნიამორები“