მამას (მ. ჯავახიშვილი) შემდეგ დედა ოთხ კედელს შორის ჩაიკეტა | ქეთევან ჯავახიშვილი

ნაწყვეტი ქეთევან ჯავახიშვილის წიგნიდან - „მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება“

„დედამ (ლუბა ჯაჭვაძე) რთული და მძიმე ცხოვრების გზა გაიარა და 90 წლის ასაკში, 1981 წელს, თებერვლის თვეში გარდაიცვალა. 

ცხოვრება მას მკაცრად მოეპყრო. მამას (მიხეილ ჯავახიშვილის) სიცოცხლეში ბევრი ბედნიერი, ნათელი და სიხარულით აღსავსე დღეები ახსოვდა. სამაგიეროდ, მრავალი გაჭირვება, შიში და ციხის კარზე გატარებული დღეებიც დაამახსოვრდა.


მამას შემდეგ, 1937 წლიდან, სიკვდილის დღემდე, მან თავისი თავი თვითონვე აწამა. ჩვენდა საბედნიეროდ, რაც გაკვირვებას იწვევდა, ის დაპატიმრებას და გადასახლებას გადაურჩა, სამაგიეროდ, ნებაყოფლობით ოთხ კედელს შორის ჩაიკეტა და გარეთ აღარ გამოდიოდა. თავისი ცხოვრება ციხეში გატარებულ დღეებს დაამსგავსა. ის წამებული ქალი იყო. ქმრის დაკარგვამ და ოჯახის დანგრევამ, მის სულს წარუშლელი დაღი დაასვა. მართალია, მამას რეაბილიტაციამ რამდენადმე შვება მოჰგვარა, მორალურად, შინაგანად განამტკიცა, მაგრამ ცხოვრების წესი არც ამის შემდეგ შეუცვლია.

კვლავ კარჩაკეტილი იყო. საზოგადოებას გაემიჯნა, ზურგი უბრუნა, გული ჰქონდა ნატკენი ბოროტი ადამიანებისაგან და არავის ნახვა არ უნდოდა. ჩვენმა ოჯახმა ძალზე დიდი ხარკი გაიღო და შეუძლებელი გახდა უმტკივნეულოდ და ადვილად კვლავ ყველაფრის დავიწყება და თავიდან აღდგენა.

ამის გაკეთება ჩვენ ძალზე გაგვიჭირდა.

დეა ვერ მოესწრო მამას დაბადების 100 წლისთავის იუბილეს, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. სამაგიეროდ, 80 წლის იუბილეს დაესწრო და გაიხარა კიდეც. გულით კი უნდოდა იმ დღემდე ეცოცხლა, მამას დაბადების 100 წლისთავი ზეიმით რომ აღინიშნებოდა.

კარგად ითქვა დედაზე გარდაცვალების შემდეგ: „ცხოვრობდა ამქვეყნად როგორც ხალხის მტრის ცოლი, ამ სოფლიდან კი წავიდა, როგორც დიდი ერისკაცის და მწერლის მეუღლე“.


***
დღიდან მამის წაყვანისა, დედა ყოველდღე ელოდა, რომ იმასაც წაიყვანდნენ. იმ დროს ქმრებთან ერთად ცოლებსაც აპატიმრებდნენ და ამიტომ იმედი არა გვქონდა, რომ დედას დატოვებდნენ.

ლენინგრადიდან, ბავშვებისთვის ჩამოტანილი თბილი ნაჭრებით, რომლებიც აღწერის დროს უკრაინელი შინსახკომელების წყალობით გადავარჩინეთ, დედამ თავისთვის თბილი საცვლები და კაბები შეიკერა, ჩემოდანში ჩაალაგა, ყველაფერი მოამზადა და კუთხეში მიაწყო.

ჩვენ თვეების მანძილზე ყოველ წუთს ველოდით, რომ მის წასაყვანად მოვიდოდნენ.

მე და დედას ფხიზლად გვეძინა...

ღამე, სადარბაზოში რომ ნაგვიანევი მგზავრის ფეხის ხმას გავიგებდით, ან ვინმე ჩაახველებდა, საწყალი დედა მაშინვე საწოლზე წამოჯდებოდა და მეტყოდა:

„ქეთო, ადექი, უკვე მოდიან ჩემს წასაყვანად.“

ყურს მივუგდებდით, ჩვენს კარებთან სიჩუმე იყო. შვებით ამოვისუნთქავდით; დედა კვლავ წვებოდა და ამბობდა:

„ალბათ დღეს გადავრჩი, დღეს აღარ მოვლენ.“

მრავალი ასეთი ღამე გავატარეთ მე და დედამ.