Header Ads

test

აკაკი წერეთელი - ტუსაღის იმერლის ნაამბობი

პოვრობა არ ვიცოდი, თვარა, ღმერთმა კაი მოგცესთ, კაი მზარეული მე ვიყავი: კლდიაშვილის ლობიოსაც კი ვაკეთებდი. ჩვენში ვაგლახათ ხელსაც ვერავინ წამამკრავდა, სანამდი სიყვარულმა გოცირიძის კვანტი არ გამამკრა: გამამიხტა ქაჯივით მეზობლის გოგო, მამიწონა-მოვიწონე; შევიყვარე-შემიყვარა, მარა ცოლობა კი მიატკაზა: პოვარი რომ იყო წაგყვებოდი და მზარეულის კი რა მოგახსენოო.

მეწყინა, მარა რაღას ვიზამდი. ვიფიქრე, იმერეთში აღარ დამედგომობა-თქო. დავჰკარი ფეხი და ფხეკა შევადინე თბილისში. იქ ერთი ჩემი ბიძაშვილი მეგულებოდა ვიღაც ღერენლის მლადში კასრულჩიკის სტარში პოპოშნიკათ - ასე იყო მისი ადლესი - და იმას მივაშურე. ეგება მეც რაცხაფერათ გზაზე დამაყენოს-თქო, მარა ტყვილა კი არ არის ნათქვამი: „უბედურ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო“. ის ჩემი ცოდვით სამსე აღარ დამიხვდა, სადღაც გადაკარგულიყო.

დავრჩი უპატრონოდ და დავიწყე აქედ-იქით ღოღიალი. ერთხელ, დღე-და-ღამე რო იყრებოდა, ასე, ჩემთვინ რო დავდიოდი ტყვილა-უბრალოდ, შემთხვდა ერთი ვიღაცა ლამაზი ქალი და გამიცინა. ვიფიქრე, რას ხედამს ნეტაი სასაცინოს-თქო და წინ დავიხედე. ყველაფერი რიგზე იყო... ამასობაში მომიახლოვდა კიდეც, მეორეთ გმაიცინა და „ზრასტოი“ მითხრა.

გამიკვირდა.

„ღმერთმა ნუ მოგაკლოს ნურც „ზრასტი“ და ნურც „მაიაპაჩტენია-თქო“, მარა ვინ ბრძანდები-თქო?“

- შენ ხილი ნახე, მებაღეს რათ კითხულოფო?! მსტაცა ხელი, გამამიყარა პოტრუკი და ხან იქით გამაქანა და ხან აქეთ... თორნის პურივით ამამეკრა გვერდში. შეკვრთი, მარა რა შეკვრთი... ვინ მე და ვინ ეს: „საიდან სადაო წმინდა საბაო!“ ან ეს არ არის ეს ვიღაცა არის და ან მე აღარა ვარ მე-მეთქი.

გვარიან ხანს ვიყავი გაბრუებული, მარა ბოლოს, რომ მივიხედ-მოვიხედე აქედ-იქით, ქე ჩავხვდი გონებაში: ვინც კი იყო იქ კაცთაგანი, ჩემისთანა არც ერთი არ ყოფილა: კოლოტივით დასივებულები, თითქო ეს ეს არის ახლა მოუკუპრავთო... რაღაც უცნაური ცხვირებით... ზედ არ შეეფურთხებოდათ. მაშინ კი ვთქვი: სად მე და სად ესენი-თქო! გაუთამაში, მოუჭირე ხელი ჩემ ქალს, დამავიწყდა საბედო. მომიჭირა იმანაც; მოიღერა ბატივით კისერი და სირინოზივით მითხრა: „გინდა დიდ-უბეს გიჩვენებო?“

- იმე, ბატონო! რას ბრძანებ... სად უნდა მიჩვენო-თქო!

- მუშტაიდშიო!.. იქ ზაოდსაც ნახამ... თქვენებურ კაცს უჭირავს... ლორთქიფანიძესო!.. ისემც კაი დაგემართოს-თქო! და გავყევი.

ჩამსვა საზაფხულო მარხილში, კონკას რომ ეძახიან, და თითო შაურათ თბილისი სიგძით გევისრიალეთ. მივედი ზაოდზე. ღმერთმა კაი მოქცესთ, კაი ის ყოფილა, ეს დუნაის ოდენა ადგილი ხალხით იყო სამსე!

უკეთესი თემობა სწორეთ აღარ მოხერხდება! სულ ბუზებივით ირეოდენ. სტოლებს ანგარიში აღარ ჰქონდათ; უსხდენ გარს ქალები და კაცები, ერთად არეულათ და ფლურჩამდენ სხვა და სხვა სასმელებს. ჩვენს განაპირას ცალკე ავირჩიეთ ერთი სტოლი და მოვითხოვეთ პივა. - შუა სმაში რომ ვიყავით და გულიც საიმედოთ მქონდა, გაჩდა ვიღაც არა-მკითხე სტუმარი და ამოგვიჯდა გვერდში...

გამოემუსაიფა ამ ჩემ ქალს კაი ნაცნობივით. და ბოლოს ხელის ფოთარიც დაუწყო. მე ზედაც აღარ მოხედა, თითქოს კაცი არა ვყოფილიყო. გულმა აღარ მომითმინა და „ჰმმმ!“-თქო, მივაძახე. „ზახრუმალო!“ მომაძახა იმანაც. რა არის ეგ „ზახრუმალა-თქო?“

- რა არის და იმერული ხიზილალაო! აგდებით მითხრა. ვე! ეს კი ვეღარ მოვითმინე. მეწყინა... მეუცხოვა და წამოვხტი ზეზე. ისიც წამოდგა ზოზმანით. შეუძახე. იმანაც გააღო პირი შესაგინებლათ, - შევატყვე და აღარ ვათქმევინე, აღარ დავაცალე, ვიფიქრე, სირცხვილი არ მაჭამოს, უწმინდურა არა მითხრა-რა-თქო და გაუქნიე წიხლი... ვბერტყე ფაშვზე და სულ ბარაბანი დავაკვრევინე... მომიქნია იმანაც და რომ განზე არ გავხტომოდი, ზიარებასაც ვეღარ მამასწრებდნენ.

- წახდა ჩემი ტარიელობა-თქო, ვიფიქრე, შევრცხვი ამ ქალთანა-თქო და ვიშიშვლე ხანჯალი. - ვაცხონე მისი გამჭედის მამის სული. ზურგს ქვემოთ რომ ვშვლიჭე, სუკის ძირთან გაადინა წკეპა. იმას გადავრჩი, მარა სხვებმა ატეხეს ალიაქოთი, შამოგვეხვიენ გარს. ეს ჩემი ქალი სადღაც გაქრა და მე კი მეორე დღეს სლედოვატელთან ამოვყავი თავი.

ასე გათავდა ჩემი პოვრობის ძებნა და ვინც მზარეულობას წუნობს, ღმერთმა უარესიც ნუ მოუშალოს.

გაზეთი „ივერია“, 1886 წ.