ლევან ბერძენიშვილი - ... და მე [„წმინდა წყვდიადი]


ერთხელ, ბავშვობაში, დედამ ექსკურსიაზე წამიყვანა. დედა- ჩემი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, ოღონდ იმ სკოლაში არა, სადაც მე და ჩემი ძმები ვსწავლობდით. გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვითაც სადღაც რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, მოზდოკის მახლობლად ყოფილა ქართველებით დასახლებული სოფელი ნოვო-ივანოვკა. 

დედაჩემმა მოამზადა სამდღიანი ექსკურსია. უნდა ითქვას, რომ დედაჩემის მოსწავლეებს ექსკურსიებით შემოვლილი ჰქონდათ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული და ახლა სამშობლოს უნდა გასცდენოდნენ და თითქმის საზღვარგარეთს უნდა წვეოდნენ.

ავედი თუ არა ავტობუსში, ბევრმა მოინდომა, გვერდით მივმჯდომოდი და ეს სურვილი მხურვალედ გამოხატა. რა თქმა უნდა, არაფერ შუაში ვიყავი მე – ერთი პატარა და მსუქანი ბიჭი, რომელიც, უცხოების აზრით, ენას არ აჩერებდა და რომელსაც, ახლობლების აზრით, ენა უჭრიდა, რამაც საბოლოოდ მიიყვანა კიდეც პედაგოგიურ, ჟურნალისტურ და საპარლამენტო საქმიანობამდე; როგორც ჩანს, ყველას უნდოდა, საყვარელი მასწავლებლის შვილის გვერდით აღმოჩენილიყო. სწორედ ამიტომ ხმა არ ამომიღია, ავტობუსის ბოლოს გავედი და მარტო დავჯექი.

ავტობუსი დაიძრა და ცოტა ხანში ისევ გაჩერდა, რომ რამდენიმე მგზავრი დაემატებინა. ამოვიდა ძალიან ლამაზი ქალი პატარა გოგოსთან ერთად. დედაც ლამაზი ქალი იყო – შემდეგში, ამ ამბის მოყოლისას, თავად მეკამათებოდა, აჭარბებ, ასეთი ლამაზიც არ ვყოფილვარო, – მაგრამ გოგონა რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იყო, ამაზე კამათი არ შეიძლებოდა. დედა გამოგვეთხოვა, გოგონა კი ავტობუსის ბოლოში გამოვიდა და ჩემს გვერდით, ფანჯარასთან დაჯდა. საერთოდ, ჩემს ცოლს ფანჯარასთან ჯდომა უყვარს, ნებისმიერ ტრანსპორტში, თვითმფრინავისთვის ბილეთებს სულ ასე ვიღებთ, ის ფანჯარასთან, მე – მის გვერდით.

ამბობენ, შეუძლებელია სკოლის ასაკში, თითქმის ბავშვს, ვინმე სამუდამოდ შეუყვარდესო, მაგრამ...

ის სამი დღე ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი, რადგან ვიცოდი, რომ შეყვარებული ვიყავი და ასე დავრჩებოდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. როდესაც ექსკურსიიდან შინ ვბრუნდებოდით და ციხისძირის მწვერვალიდან შავ ზღვაში შეჭრილი ჩვენი მშობლიური ქალაქი დავინახე, გული გამიჩერდა, რადგან ვეღარ წარმომედგინა, როგორ უნდა დავშორებოდი თუნდაც ცოტა ხნით და როგორ უნდა მეცხოვრა უიმისოდ.

1978 წლის აგვისტოს ბოლოს დავქორწინდით და თბილისში წავედით, სადაც ვმუშაობდი ბერძნულ-ლათინურ ბიბლიოთეკაში – ორმოცდაშვიდი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი მქონდა ხელფასი. როგორც კი ვაკეში, მეექვსე სართულის ბინაში ფეხი შემოდგა, იმწუთას მიხვდა, რომ იატაკქვეშა პარტიის შტაბში აღმოჩნდა, რომელიც აღჭურვილი იყო საგამომცემლო შესაძლებლობებით. ცოლისთვის არასდროს არაფერი დამიმალავს. პირველივე შეხვედრიდან ვიცოდი, რომ არასოდეს მეტყოდა, მაპატიე, სხვა ვინმე ვიპოვეო. საიდან მოვიდა ეს მყარი ცოდნა, ვერ გავიგე.

პირველი საბეჭდი მანქანა „უკრაინა-2“ მეტრო „ლენინის მოედანთან“ ვიყიდე, ე.წ. „ახალ უნივერმაღში“, სადაც პასპორტი მომთხოვეს, ყველა ასო ამომაბეჭდვინეს (სუკს არც მაღაზიაში ეძინა), რეგისტრაციაში გამატარეს და მანქანა ჩემს სახელზე გამიფორმეს. „დანიშნულების“ გრაფაში ეწერა „სამეცნიერო მუშაობისთვის“. შემდეგ ეს უმძიმესი საბეჭდი მოწყობილობა (სულ ცოტა, ხუთი ნოუთბუქის წონის მაინც იქნებოდა) კოლმეურნეობის მოედანზე მივიტანე, სადაც ყრუ-მუნჯმა ოსტატებმა ქართულ შრიფტზე გადაიყვანეს. იქვე შევიძინე მეორე საბეჭდი მანქანა „რემინგტონი“ უკვე დაყენებული ქართული შრიფტით: ასე შეიქმნა ჩვენი ტექნიკური არსენალი არალეგალური ლიტერატურის, მათ შორის ჟურნალ „სამრეკლოს“, გამოსაცემად. ინგა იატაკქვეშა რესპუბლიკური პარტიის პირველი და კარგა ხნის განმავლობაში ერთადერთი ქალი წევრი იყო.

მანამდე, 1978 წლის 21 მაისს, ვახტანგ ძაბირაძემ, ვახტანგ შონიამ, ჩემმა ძმა დათომ და მე შევქმენით საქართველოში პირველი იატაკქვეშა პარტია და ვუწოდეთ მას „რესპუბლიკური“. სხვათა შორის, რაც უნდა დაგვერქმია პარტიისთვის, თვით მისი არსებობის ფაქტი იყო ანტისაბჭოთა, რადგან საბჭოთა კავშირი ერთპარტიული სისტემა იყო და ნებისმიერი არაკომუნისტური პარტია უკანონოდ მიიჩნეოდა. დიდხანს, დილის ოთხ საათამდე ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ იმაზე, თუ რა უნდა დაგვერქმია ახალშობილისთვის – „სახელი, ნახევარ პარტიას ვიძლევი სახელში!“ – გვინდოდა, რომ სახელს გამოეხატა ჩვენი საერთო ოცნება: ჩვენი სამშობლოს, საქართველოს რესპუბლიკის, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. დათო მაშინ ჯერაც ჩვიდმეტი წლის იყო და მისთვის რომ იმ პარტიის წევრობის უფლება მიგვენიჭებინა, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდა, სპეციალური ცვლილება შევიტანეთ ის-ის იყო დაწერილ წესდებაში და იგი გახდა პირველი წევრი, რომელიც პარტიაში მივიღეთ სათათბირო ხმით (სანამ სრულწლოვანებას მიაღწევდა ორიოდე თვეში).

ჟურნალ „სამრეკლოს“ პირველ ნომერში ექვსი სტატია იყო, ზოგიერთი მათგანი კოლექტიურად დაიწერა, როგორც, მაგალითად, “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიმართვა ქართველ ხალხს“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით:

„ძმებო, დებო, მამებო და შვილებო“; შემდეგ მოდიოდა ცალკეული წევრების დაწერილი მასალები (ოთხნი ვიყავით იმ მომენტისთვის). ჩემი ცოლის, ინგა შირავას სახით რესპუბლიკურმა პარტიამ შეიძინა რედაქტორი და სტილისტი, კორექტორი და მზრუნველი დედა.

ოთხი წლის შემდეგ, ზამთრის ერთ დილას სახლიდან გამოვედი, იღლიაში არისტოფანეზე დაწერილი დისერტაცია მქონდა ამოჩრილი, – მბეჭდავთან მიმქონდა, როდესაც ჩემს უკან მოულოდნელად გაჩერებული მანქანიდან ჩემი ძველი ნაცნობი, უშიშროების პოლკოვნიკი გერსამია გადმოვიდა და მკითხა:

– ხომ არ გეჩქარება?

– როგორ არ მეჩქარება, დისერტაცია მიმაქვს მბეჭდავთან! – ვუთხარი და გზის გაგრძელება ვცადე.

– არა, ლევან, შენ უკვე აღარსად გეჩქარება, – მითხრა მან და მანქანაში ჩაჯდომაში „დამეხმარა“.

ასე დამაპატიმრეს და ექვსი თვე სახლთან ახლოს, ასიოდ მეტრში გავატარე, თუმცა დანარჩენი ორწელიწად-ნახევარი – ძალიან შორს.

„სამართალში მიცემულებმა შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც უწოდეს „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“. მათვე მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ამ ე.წ. „პარტიის“ სახელით ანტისაბჭოთა მასალების პუბლიკაციის მიზნით დაეარსებინათ არალეგალური ჟურნალი და შეთანხმდნენ, რომ ამ ჟურნალს დაერქმეოდა „სამრეკლო“... საქ. სსრ სახელით საქართველოს სსრ უმაღლეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ...“

ბარაშევოდან, ЖХ 385/3-5-დან ინგას თვეში ერთხელ ვწერდი წერილს, მეტის უფლება არ მქონდა; ეს იყო უზარმაზარი, სიყვარულით სავსე წერილები. ის უფრო ხშირად მწერდა, ვკითხულობდი და ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას, დავამ თავრებდი წერილის კითხვას და ისევ თავიდან ვიწყებდი. ჩემი მშობლები, ძმები, ინგას მშობლები, ნათესავები, მეგობრები – ყველანი ჩემთან ერთად იყვნენ ბარაშევოს ზონაში, უდანაშაულო დამნაშავეები, რომელთაც ლოდინი ჰქონდათ მისჯილი და მათ შორის ყველაზე უდანაშაულო იყო ჩემი პატარა გოგონა, რომლის სახელის წარმოთქმა მაშინ უცრემლოდ არ შემეძლო, ჩემი თამუნა. მოვახერხე და მიღებული ეს წერილები ზონიდან გამოვიტანე, მათ ჩემს მოწერილ წერილებთან ერთად აკრძალული სიყვარულის დიდი ეპისტოლარული ეპოპეა შეადგინეს; მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს დაიღუპა და მე უკვე დიდი ხანია აღარ ვდარდობ ამაზე. დარჩა ნათელი ხსოვნა, როგორც ერთი მოკლე წერილი:

„მე შენ გიპოვე და ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები“.