უმბერტო ეკო - როგორ არ ვილაპარაკოთ ფეხბურთზე

ფეხბურთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სტადიონზე იგივე მიზეზით არ დავდივარ, რის გამოც მილანის რკინიგზის სადგურის მიწისქვეშა გვირაბში არ გავათევ ღამეს (ან „ცენტრალ პარკში“ სეირნობას მოვერიდები საღამოობით), მაგრამ კარგ მატჩს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ტელევიზორში, რადგან ამ კეთილშობილი თამაშის ყველა ღირსებას ვაღიარებ და ვაფასებ. ფეხბურთი კი არ მძულს, ფეხბურთზე შერყეულებს ვერ ვიტან. 

სწორად გამიგეთ. დაახლოებით იგივე გრძნობა მაქვს ფანების მიმართ, რაც „ლომბარდიის ლიგის“ წევრებს - იმიგრანტებისადმი: „რასისტი არ ვარ, მაგრამ საკუთარ სახლში დაეტიონ.“ „სახლში“ იმ ადგილებს ვგულისხმობ, სადაც იკრიბებიან ხოლმე (ბარები, ბინები, კლუბები) ან სტადიონებს, სადაც, სულ არ მაინტერესებს, რა ხდება. სიმართლე გითხრათ, თუ საქმეში ლივერპულის ფანები გაერევიან, მიხარია კიდეც: მეორე დილით კრიმინალურ ქრონიკას ვეწაფები: თუ გლადიატორთა შერკინებაა, სისხლი მაინც დაიღვაროს, მამაძაღლი! 

ფანები იმიტომ არ მეხატებიან გულზე, რომ ერთი უცნაურობა სჭირთ: ვერ ხვდებიან, რომ შენც ფანი არა ხარ.  არ გეშვებიან, ისე გექცევიან, როგორც მათნაირს. უკეთ რომ მიგახვედროთ, მაგალითს მოგიყვანთ. მე ფლეიტაზე ვუკრავ (საშინლად, როგორც ლუჩიანო ბერიომ განაცხადა ერთხელ საჯაროდ. როგორი პატივია, როცა დიდი მაესტრო ესოდენი ყურადღებით ადევნებს თვალყურს შენს შესრულებას!). ჰოდა, წარმოიდგინეთ, მატარებელში ვზივარ და ჩემ წინ მჯდომ მგზავრს ვეკითხები (ისე, უბრალოდ, დროის გასაყვანად):

- ფრანს ბრუგენის ბოლო დისკი მოისმინეთ?

- რა ბრძანეთ?

- Pavane Lachryme. მგონი, დასაწყისში მეტისმეტად ანელებს.

- უკაცრავად... არ ვიცი, რას გულისხმობთ.

- როგორ, ვან ეიკზე გეუბნებით. (დავუმარცვლავ) ბლოკ-ფლე-ი-ტა.

- იცით მე... ეგ რა არის, სიმებიანი საკრავია?

- აჰ, გასაგებია, თქვენ არ...

- დიახ, მე არ. 

- რა უცნაურია. ის თუ იცით, რომ „კოოლზმას“ ხელნაკეთი ფლეიტის შოვნა თუ გინდათ, სამ წელზე მეტი მოგიწევთ ლოდინი? ისე, ებანოზის ხის „მოეკი“ ჯობია. ახლა რაც იყიდება, მათგან საუკეთესოა. გაძელონიმაც ასე მითხრა.  Derdre Doen Daphne D’Over-ის მეხუთე ვარიაციამდე მიდიხართ?

- მართალი გითხრათ, პარმაში მივდივარ...

- აჰა, გასაგებია. ფა-ში უკრავთ და არა სი-ში. უფრო სასიამოვნოა, არ შეგედავებით... ლოიეს ერთი სონატა აღმოვაჩინე...

- ლოი... ვისი?

- მაგრამ ტელემანის ფანტაზიებზე მაინტერესებს... რას იზამდით? შეძლებდით? გერმანულ მანერაზე ხომ არ დაუკრავდით?

- ჰო... გერმანელებს რაც შეეხება... BMW მართლა მაგარი მანქანაა, პატივს ვცემ მაგ ხალხს, მაგრამ...

- გასაგებია. ბაროკოს ამჯობინებთ. სწორია! იცით, ტრაფალგარის მოედანზე, სენ-მარტინის ეკლესიაში...

არ ვიცი, მიხვდით თუ არა. ალბათ არ გაამტყუნებდით ჩემს საბრალო თანამგზავრს, ავარიულად რომ გაეჩერებინა ის მატარებელი. იგივეა ფანებთან. ვითარება განსაკუთრებით მძიმდება, თუ ტაქსისტ ფანს გადაეყარეთ.

- ნახეთ ვიალი?

- არა, ალბათ გამასწრო.

- დღეს ხომ უყურებთ თამაშს?

- არა, „მეტაფიზიკას“ უნდა ჩავუჯდე. იცით ალბათ, სტაგირელის წიგნი...

- ძალიან კარგი! უყურეთ და მერე მითხარით, თუ ვცდები. ჩემი აზრით, ვან ბასტენი 90-ის მარადონა გახდება. ჰა, რას იტყვით? ისე, ჰაგისაც არა უშავს...

და ასე შემდეგ. გინდა, კედელთან გილაპარაკია. განა ფეხებზე ჰკიდია, მაინტერესებს თუ არა მისი ლაპარაკი. უბრალოდ ვერ ხვდება, ვერც წარმოუდგენია, რომ ვინმეს შეიძლება ფეხბურთი არ ადარდებდეს. სამი თვალი რომ მქონდეს, ქერცლით დაფარული კინკრიხო და ზედ - მწვანე ანტენა, ამას მაინც არ დაიჯერებდა. წარმოდგენა არ აქვს სამყაროს მრავალფეროვნებაზე, არც მასში არსებულ განსხვავებათა და შეუთავსებლობათა შესახებ სმენია რამე. 

ტაქსისტის მაგალითი არ ნიშნავს, რომ რამე შეიცვლებოდა, ჩემი თანამოსაუბრე ჩემსავე სოციალურ კლასს რომ ეკუთვნოდეს. ფეხბურთის ფანობა წყლულივითაა, ღარიბსაც ემართება და მდიდარსაც. საინტერესო ისაა, რომ ეს არსებები, რომლებსაც ასე მტკიცედ სწამთ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია, მზად არიან, თავი გაუხეთქონ მეზობელი ქალაქიდან ჩამოსულ გულშემატკივარს. რაღა დაგიმალოთ და ეს ეკუმენისტური შოვინიზმი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. იგივეა, ლომბარდიის ლეგის ტიპები აფრიკელების იტალიაში შემოშვებას ითხოვდნენ, რომ კარგად დაალეწონ თავ-ყბა. 

1990 წელი